დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში ათი ათასამდე კრიპტოვალუტა არსებობს, რომელთა სრული უმეტესობის შესახებ არასდროს გაგიგიათ და შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ არც არასდროს გაიგებთ. თუმცა, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ათი ათასი კრიპტოვალუტიდან ერთი, სახელად ბიტკოინი, კრიპტოტექნოლოგიებით დაინტერესებულმა თითოეულმა ადამიანმა იცის.
ხშირად, სწორედ ბიტკოინია ის პირველი კრიპტოვალუტა, რომელსაც კრიპტოაქტივებში ინვესტირებით დაინტერესებული ახალბედა ადამიანი ყიდულობს. ბიტკოინის დომინანტურობაზე მიუთითებს ისიც, რომ გლობალური კრიპტობაზრის $1-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის თითქმის 40%, ანუ დაახლოებით $400 მილიარდი, სწორედ მასზე მოდის. ამ ყველაფრის ფონზე, ბიტკოინი საზოგადოებაშიც საკმაოდ გავრცელებულია – ამერიკაში, მაგალითად, ბიტკოინს 46 მილიონი ზრდასრული მოქალაქე ფლობს და თან, მუდმივად იზრდება ამ აქტივით დაინტერესებული ინსტიტუციური ინვესტორებისა და კომპანიების რიცხვი.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი ფინანსური აქტივის ასეთ პოპულარობას, როგორც წესი, გარკვეული რისკები მუდმივად თან ახლავს. გამონაკლისი არც ბიტკოინია, რომლის შემთხვევაში, კრიტიკის ორი მთავარი ვექტორი არსებობს – კრიპტოვალუტის ფასის ხელოვნური გაბერვა, ანუ ე.წ. „უოშ-ტრეიდინგი“ და მწირი ან საერთოდ არარსებული ზედამხედველობა. ამ ორთაგან, პირველი განსაკუთრებით საყურადღებოა და უპრიანი იქნება, მას მეტ დროს თუ დავუთმობთ.
თავისი არსით, კრიპტოაქტივის ფასის ხელოვნური გაბერვა, რასაც ხშირად „უოშ-ტრეიდინგსაც“ უწოდებენ, იმ მდგომარეობას გულისხმობს, როცა ტრეიდერებს ესა თუ ის კრიპტოვალუტა ერთი ანგარიშიდან მეორეზე ისე გადააქვთ, რომ საკუთარ თავზე არც საბაზრო რისკს იღებენ და არც საინვესტიციო პოზიციას ცვლიან. ამ მოცემულობაში, ტრეიდერის მთავარ მოტივაციას კონკრეტული კრიპტოაქტივით ვაჭრობის იმიტირება წარმოადგენს.
ტრეიდერების ამგვარი ქმედება აღნიშნული კრიპტოვალუტის სავაჭრო ბრუნვას ზრდის, რაც ხშირ შემთხვევაში, ბაზარს აქტივის პოპულარობის ზრდის შესახებ ანიშნებს. აღნიშნული სიგნალის მიღების შემდეგ, სხვადასხვა პერსონალური მოტივაციისა და მიზეზების გამო, ბაზარზე ახალი ინვესტორები ჩნდებიან, რითაც საინვესტიციო ციკლი იკვრება და ხშირ შემთხვევაში, კრიპტოვალუტის ფასი იზრდება.
საინტერესოა, რომ „უოშ-ტრეიდინგში“ ერთვებიან არამხოლოდ ადამიანები, რომლებიც კრიპტოვალუტას სხვადასხვა ანგარიშებს შორის ატრიალებენ, არამედ კომპიუტერული ბოტებიც, რომლებიც ასეთი ტიპის ტრანზაქციებს ავტომატურად ახორციელებენ. თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს ინსაიდერთა კატეგორია, ანუ ის ადამიანები (ხშირად, ისინი „ინფლუენსერებად“ იწოდებიან), რომლებიც ფართო მასებისთვის უცნობ შიდა ინფორმაციას ან განსაკუთრებულ ძალაუფლებას ფლობენ, რომლითაც ბაზარზე ზემოქმედებენ.
ისე კი, „უოშ-ტრეიდინგი“ ის პრაქტიკაა, რომელიც, ერთი შეხედვით, კრიპტობირჟებსაც აწყობთ, რადგან ასე მათ პლატფორმაზე განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა იზრდება, რაც, თეორიულად მაინც, ინვესტორების თვალში ბირჟის ლეგიტიმურობას ზრდის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში, „უოშ-ტრეიდინგი“ ბირჟებისთვის ფინანსურად მომგებიანიცაა, რადგან მათი შემოსავლის დიდი ნაწილი, როგორც წესი, სწორედ საკომისიოებზე მოდის.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტების ყოველდღიური სავაჭრო ბრუნვის დათვლა არც ისე მარტივია, რადგან ამ პარამეტრის განსაზღვრისთვის საჭირო უნივერსალური ფორმულა, უბრალოდ არ არსებობს. დღევანდელი მონაცემებით, ბიტკოინის 24-საათიანი სავაჭრო ბრუნვა სხვადასხვა კვლევით პლატფორმაზე შემდეგნაირად გამოიყურება: CoinMarketCap– $26.8 მილიარდი, CoinGecko – $24.3 მილიარდი, Nomics – $38.9 მილიარდი და Messari – $5 მილიარდი.
თუმცა უნდა ვხვდებოდეთ იმასაც, რომ ფინანსური აღრიცხვის უნივერსალური მოდელის არარსებობის გარდა, მნიშვნელოვანია კრიპტობირჟების გადახდისუნარიანობის საკითხი, რომელიც Voyager-ისა და Celsius-ის კოლაფსის შემდეგ, ლამის ყოველდღიურ ამბად იქცა. თუმცა, როგორც FTX-ის დამფუძნებელი სემ ბენკმენ-ფრიდი ფიქრობს, კრიპტობირჟების გაკოტრების საკითხი ჯერ ბოლომდე ამოწურული არ არის.
ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მსოფლიოს წამყვანი ბიზნესგამოცემის, ამერიკული Forbes-ის დაკვირვება, რომელიც მოგვიანებით, კრიპტობირჟების სრულმასშტაბიან კვლევაში გადაიზარდა. კვლევის ფოკუსად Forbes-მა პიონერი კრიპტოვალუტა, ბიტკოინი აირჩია და გადაწყვიტა გაერკვია, თუ სად და როგორ ივაჭრება ბიტკოინი და რა არის მისი ყოველდღიური სავაჭრო ბრუნვა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ Forbes-ის აღნიშნული კვლევა, რომლისთვისაც გამოცემამ 157 კრიპტობირჟა შეისწავლა, ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი კვლევაა, რომელიც ამ მიმართულებით ოდესმე ჩატარებულა.
საქართველო კრიპტოტექნოლოგიებით ერთ-ერთი ყველაზე დაინტერესებული ქვეყანაა მსოფლიოში, რამაც გადაგვაწყვეტინა, რომ ამერიკული Forbes-ის კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები ქართულენოვანი მკითხველისთვისაც გაგვესაჯაროებინა.
დასკვნა #1: ბიტკოინის სავაჭრო ტრანზაქციების ნახევარზე მეტი ყალბია
ამერიკული Forbes-ის დათვლებით, მონაცემთა აღრიცხვის დღეს, ანუ 2022 წლის 14 ივნისს, ბიტკოინის გლობალურმა სავაჭრო ბრუნვამ $128 მილიარდი შეადგინა, რაც 51%-ით ნაკლებია ვიდრე $262-მილიარდიანი რიცხვი, რომელიც სხვადასხვა წყაროებისგან მოპოვებული ინფორმაციის დაჯამებით მიიღება. ამგვარად, გამოცემის თქმით, ბიტკოინის სავაჭრო ტრანზაქციების ნახევარზე მეტი არაეკონომიკური ბუნების ან სულაც – ყალბია.
დასკვნა #2: ტეთერი დომინანტურობას არ კარგავს
კრიპტოვალუტებით ვაჭრობის სექტორში დომინანტურ პოზიციას კვლავაც მსოფლიოს უდიდესი სტეიბლკოინი, ტეთერი იკავებს. აღნიშნული კრიპტოვალუტა განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება ბიტკოინში ტრანზაქციების განხორციელების დროს. საინტერესოა, რომ ტეთერის საბაზრო კაპიტალიზაცია $67.5 მილიარდს შეადგენს – მიუხედავად იმისა, რომ მის რეზერვებთან დაკავშირებით გარკვეული მწვავე შეკითხვები არსებობს.
დასკვნა #3: Binance-ი მსოფლიოს წამყვანი კრიპტობირჟაა, მეორე ადგილს კი FTX-ი იკავებს
როგორც ამერიკული Forbes-ის კვლევიდან ვიგებთ, მსოფლიოში ოცდაერთი კრიპტობირჟაა, რომელთა დღიური სავაჭრო ბრუნვის საშუალო მაჩვენებელი $1 მილიარდს სცდება – ამასთანავე, გლობალურად ოცდაცამეტი ისეთი ბირჟაცაა, რომელთაც ყოველდღიურად საშუალოდ $200 მილიონიდან $999 მილიონამდე მოცულობის ბრუნვა აქვთ. საერთო ჯამში, კრიპტობირჟებს შორის ერთპიროვნული ლიდერია ჩინური Binance-ი, ხოლო მეორე ადგილს სემ ბენკმენ-ფრიდის FTX-ი იკავებს. მსგავსი მდგომარეობაა ბიტკოინის სპოტ-პოზიციებით ვაჭრობის შემთხვევაში, მაგრამ ბიტკოინის ფიუჩერსებით ვაჭრობის კუთხით ჩიკაგოში დაფუძნებული CME Group-ი ლიდერობს.
დასკვნა #4: ყალბი ბრუნვის დიდი ნაწილი მწირად დარეგულირებულ ან სულაც დაურეგულირებელ ბირჟებზე მოდის
როგორც ამერიკულმა Forbes-მა გაარკვია, ყალბი ბრუნვის კუთხით ყველაზე დიდ პრობლემას ის კომპანიები წარმოადგენენ, რომლებიც კრიპტოვალუტების დიდი მოცულობით ვაჭრობენ, მაგრამ რეგულირებას ნაწილობრივ ან საერთოდ არ ექვემდებარებიან – ასეთ კომპანიებს შორის გამოცემა Binance-ს, MEXC Global-სა და Bybit-ს ასახელებს. საბოლოო ჯამში, ნაკლებად რეგულირებული კრიპტობირჟების მიერ ნაჩვენები რეალური ბრუნვა $89 მილიარდს შეადგენს, როცა მათ მიერ გავრცელებული მონაცემებით, ეს მაჩვენებელი $217 მილიარდს უდრის.
დასკვნა #5: ახალი აქტივების გამოჩენა მარეგულირებლებს ბაზრის რეგულირებაში ხელს უშლის
როგორც ირკვევა, ახალი სავაჭრო აქტივების, მათ შორის სტეიბლკოინებისა და უვადო ფიუჩერსების შექმნა ეროვნულ მარეგულირებლებს ბაზრის რეგულირებაში ხელს უშლის. საინტერესოა, რომ წამყვანი ამერიკული კრიპტობირჟები ასეთ ინსტრუმენტებს არც თუ ისე ხშირად იყენებენ, მაგრამ ოფშორებში რეგისტრირებულ ბირჟებზე ისინი განსაკუთრებით პოპულარულია. საქმე ისაა, რომ ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენებით ეს ბირჟები ამერიკული დოლარის ლიკვიდურობას იქმნიან.
დასკვნა #6: ბიტკოინით ვაჭრობის დიდი ნაწილი იაპონურ იენში და სამხრეთ კორეულ ვონში ხორციელდება
თამამად შეიძლება ითქვას, რომ დასავლურ სამყაროში ბიტკოინს, როგორც წესი, ამერიკული დოლარით, ევროთი და დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგით ყიდულობენ, მაგრამ რეალურად, მსოფლიოს უდიდეს ბირჟებზე, ბიტკოინით ვაჭრობის დიდი ნაწილი იაპონურ იენზე, სამხრეთკორეულ ვონზე და დიდ სტეიბლკოინებზე, BUSD-სა და USDC-ზე მოდის.
დასკვნა #7: კრიპტობირჟების ვებგვერდებს, ყოველთვიურად, 573 მილიონი ადამიანი სტუმრობს
საკუთარ კვლევაში, ამერიკული Forbes-ი იყენებს როგორც რაოდენობრივ, ასევე ხარისხობრივ ანალიზს და თითოეული კომპანიის სანდოობის შესამოწმებლად სულ მცირე ხუთ მონაცემთა ბაზას, მათ შორის CoinMarketCap-ს, CoinGecko-ს, Nomics-სა და Messari-ის ეყრდნობა. ამასთანავე, Forbes-ი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კრიპტობირჟების რეგულირების საკითხს, რადგან ის პირდაპირ აისახება კომპანიების მიერ გავრცელებული მონაცემების სისწორეზე და გამოცემის მიერ ამ მონაცემებისთვის მინიჭებულ შემცირების კოეფიციენტზე.