Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში მასკმა ფრანგ ბერნარ არნოს გადაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა

Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში მასკმა ფრანგ ბერნარ არნოს გადაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა

Tesla-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ელონ მასკმა ქონების მოცულობით ფრანგ მილიარდერ ბერნარ არნოს გადაუსწრო და მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანის ადგილი ამჯერად Forbes-ის რეიტინგშიც დაიკავა. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით კი, მან მეორე ადგილზე დაახლოებით ორი კვირის წინ გადაინაცვლა.

მასკის ქონების ზრდა Tesla-ს აქციების ზრდამ განაპირობა. კერძოდ, ელექტრომობილების მწარმოებლის აქციები სამშაბათის მონაცემებით 1.3%-ით გაიზარდა, რამაც მასკის ქონების $1.6 მილიარდიანი ზრდა განაპირობა. შედეგად, მასკი ახლა უკვე ამერიკული Forbes-ის მიხედვით, $144.7 მილიარდს ფლობს, რაც ფრანგი არნოს ქონებაზე ($144.3 მლრდ) მეტია.

პირველ ადგილს კი ტრადიციულად Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იკავებს $185.5 მილიარდის ოდენობის ქონებით.

ცნობისთვის, მასკის ქონება მიმდინარე წლის მარტში $24.6 მილიარდს შეადგენდა, შემდეგ კი Tesla-ს აქციების რეკორდული – 650%-იანი ზრდის შედეგად, მასკმა თავის ქონებას მხოლოდ ერთ წელიწადში $120 მილიარდი შემატა. ამგვარად, მან მილიარდერების რეიტინგში გადაუსწრო მარკ ცუკერბერგს და ბილ გეითსაც. ამჟამად ცუკერბერგის ქონება $104.1 მილიარდს შეადგენს, ხოლო გეითსის ქონება $118.8 მილიარდია.

მასკი Tesla-ში აქციების დაახლოებით 21%-ს ფლობს. მას წილი აქვს ასევე მის მიერ შექმნილ კომპანია SpaceX-შიც, ფლობს ასევე კალიფორნიაში ორ სახლს, თუმცა, აცხადებს, რომ საცხოვრებლად კალიფორნიიდან ტეხასში გადადის.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ Tesla-ს საბაზრო ღირებულება ამჟამად $611 მილიარდს შეადგენს, რის გამოც ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ავტომწარმოებლად ითვლება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.