ამერიკული Forbes-ი ქართულ ღვინოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სათაურით: “რატომ არის ქართული ღვინო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური”.
ავტორი წერს, რომ 8 000-წლიანი ისტორიით, ქართული ღვინო მსოფლიოში უძველესადაა აღიარებული. სტატიაში მოყვანილია ელის ფეირინგის წიგნის ციტატები, რომელიც 2016 წელს გამოიცა და ღვინის მსოფლიოში ცნობილი მკვლევარის საქართველოში მოგზაურობას აღწერს. სტატიაში საუბარია ჯონ ვურდემენზეც, ამერიკელ მეღვინეზე, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს და მეღვინეობის დარგში მოღვაწეობს.
სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველოში ღვინის კეთება დაკავშირებულია მრავალსაუკუნოვან ისტორიასთან, მითოლოგიასთან და რელიგიასთან.
“როდესაც ღვინის კულტურაზე ვსაუბრობთ პირველი საფრანგეთი და იტალია გვახსენდება, თუმცა საქართველოში ღვინოს სულ სხვა დატვირთვა აქვს, – უფრო მეტად ღრმა, ვიდრე წარმოგვიდგენია”, – ამბობს ტეილორ პარსონსი, ამერიკელი სომელიე, რომელიც საქართველოში სამჯერაა ნამყოფი.
“ქართული ღვინო არის ფანჯარა იმ კულტურასთან, რომელიც ჩვენ დასავლეთში არ გვაქვს”, – ასე ახასიათებს ქართულ ღვინოს საიმონ ვულფი, ავტორი წიგნისა “როგორ შეისწავლა მსოფლიომ ღვინო”, სადაც საკმაოდ დიდი ნაწილი ეთმობა საქართველოს.
ამასთან, სტატიაში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად უძველესი ისტორიისა, ქართული ღვინო მსოფლიო ასპარეზზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ერთ-ერთ მიზეზად ავტორი გეოპოლიტიკურ სიტუაციას ასახელებს. კერძოდ, სტატიაში ნათქვამია, რომ 2003 წლამდე საქართველო კვლავ იყო საბჭოთა წესების გავლენის ქვეშ, ისტორიული ვენახები კი იაფფასიან ღვინის საწარმოებად იყო გადაქცეული. ამასთან, სამოქალაქო ომმა, შემდგომ კი ქართულ ღვინოზე დაწესებულმა რუსულმა ემბარგომ, რომელიც 2006-2013 წლებში მოქმედებდა, დამატებითი დარტყმა მიაყენა ინდუსტრიას.
ბოლოს ავტორი მკითხველს 5 ქართული ღვინის დაგემოვნებასაც ურჩევს: ქისი, მწვანე, რქაწითელი, საფერავი და წინანდალი.