Forbes: რესტორნები, რომელთაც 2023 წელს უნდა ესტუმროთ

Forbes: რესტორნები, რომელთაც 2023 წელს უნდა ესტუმროთ

არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ერთ-ერთი ინდუსტრია, რომელიც პანდემიით და მის გამო დაწესებული შეზღუდვებით ყველაზე მეტად დაზარალდა – გლობალური სარესტორნო ბიზნესი იყო. თუმცა საქმე მხოლოდ შეზღუდვებში არ არის, რადგან პანდემიისას ჩაკეტილმა რესტორნებმა ბევრი თანამშრომელი დაკარგა და დღეს კვალიფიციური კადრების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდნენ. ისე კი, არცთუ ისე სახარბიელო წლის მიუხედავად, გლობალური სარესტორნო ბიზნესი ზრდას მაინც განაგრძობს – მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე არაერთი ახალი რესტორანი გაჩნდა.

ამ ერთობ პარადოქსული წლის ფონზე, მსოფლიოს წამყვანმა ბიზნესგამოცემამ, ამერიკულმა Forbes-მა რესტორნების ათეული შეადგინა, რომელთაც, მისი რჩევით, 2023 წელს აუცილებლად უნდა ესტუმროთ. თუმცა, როგორც სტატიის ავტორი განმარტავს, ეს სია Michelin-ის გიდის, La Liste-სა თუ World’s 50 Best-ის მიერ შექმნილი რეიტინგების მსგავსი არ არის, რადგან ისინი Forbes-ის მიერ მოწვეული ექსპერტების პირად გემოვნებას ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში ერთი ქართული რესტორანიც მოხვდა, რაც მოულოდნელი არ არის, რადგან ბოლო დროს ქართული რესტორნებით Forbes-ი განსაკუთრებით დაინტერესდა.

რაკიღა სარესტორნო ბიზნესი საქართველოს ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რესტორნების ჩამონათვალს, რომელზეც ამერიკულმა Forbes-მა იმუშავა, გამოცემის ქართულენოვანი რედაქცია უცვლელად გთავაზობთ.

AlpiNN – მარებე, იტალია
ფოტო: urdesignmag.com

იტალიის დოლომიტის ალპებში მდებარე ეს ინოვაციური რესტორანი მსოფლიოში სახელგანთქმული შეფ-მზარეულის, ნორბერტ ნიდერკოფლერის მთის ფილოსოფიას ეყრდნობა. „შინაურული ინტერიერით გამორჩეულ ამ რესტორანში, რომელიც ველებსა და თოვლით დაფარულ მწვერვალებს შორის მდებარეობს, სტუმრებს მთით შთაგონებული და ადგილობრივი მწვანე ინგრედიენტებით შექმნილი სეზონური კერძების დაგემოვნება შეუძლიათ“, – ვკითხულობთ სტატიაში.

Bagá – ხაენი, ესპანეთი
ფოტო: @sanchez_jaen

ესპანეთის სამხრეთში, ანდალუსიის მხარის ქალაქ ხაენში მდებარე რესტორანს, სახელწოდებით „Bagá“, შეფ-მზარეული პედრო სანჩესი ხელმძღვანელობს. მშობლიურ ქალაქში ამ მცირე ზომის, შვიდადგილიანი რესტორნის გახსნამდე, სანჩესი ჯერ საფრანგეთში მუშაობდა, მერე კი საქვეყნოდ განთქმულ შეფ-მზარეულთან, მარტინ ბერასატეგისთან. „კერძები, რომელთაც ის ამზადებს, ტექნიკურად იდეალური და გემრიელია და თან უაღრესად კრეატიული – პედროს ნიჭის დანახვა მარტივად შეიძლება. 180-დღიანი საქონლის ხორცის ვანილის სოუსით ან თაფლის ფიჭით და მოხალული ნივრის პრალინეთი შეკაზმვას ვინ იფიქრებდა? აი, მის ხელში ეს კომბინაცია საუცხოოდ გარდაიქმნება“, – წერს ამერიკული Forbes-ის ერთ-ერთი მოწვეული კონტრიბუტორი.

Haoma – ბანგკოკი, ტაილანდი
ფოტო: lifestyleasia.com

ტაილანდის დედაქალაქში მდებარე ეს რესტორანი, რომელიც მომხმარებელს ძალიან საინტერესო გასტრონომიულ გამოცდილებას სთავაზობს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი კვების დაწესებულებაა. ბიზნესი, რომელიც შეფ-მზარეულის ურბანულ ბაღში დაიწყო, დროთა განმავლობაში გაფართოვდა და დღეს თევზს, რომელსაც კერძებში იყენებენ, იქვე ამრავლებენ. „ეს რესტორანი ძალიან საინტერესო კულინარიული პროექტია, რომლის ფარგლებში, მისმა მესვეურებმა ბანგკოკში მცხოვრები უსახლკაროებისთვის ნახევარ მილიონზე მეტი კერძი მოამზადეს. სიკეთე არსებობს“, – ვკითხულობთ სტატიაში, რომლის გამოქვეყნების მერე, Haoma-მ პირველი „მიშლენის ვარსკვლავი“ მიიღო.

Ikoyi – ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ფოტო: chefdanbell.com

გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში მდებარე ეს ნიგერიული რესტორანი შეფ-მზარეულმა ჯერემი ჩანმა მის მეგობართან, ირე ჰასან-ოდუკალესთან ერთად 2017 წელს დააფუძნა – ხუთი წლის შემდეგ რესტორანმა ორი „მიშლენის ვარსკვლავი“ მიიღო. აღნიშნული წარმატება უცნაური არ არის, რადგან ჯერემი ჩანი მისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო ევროპელ შეფ-მზარეულად მიიჩნევა.

Jean-Georges – ფილადელფია, აშშ
ფოტო: christian horan photography

ამერიკული Forbes-ის შეფასებით, შტატ პენსილვანიის უდიდესი ქალაქის, ფილადელფიის ყველაზე მაღალი შენობის მესამოცე სართულზე მდებარე „Jean-Georges“-ი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი რესტორანია. ამ დაწესებულებას სახელგანთქმული შეფ-მზარეული, კორნელია ზიური უძღვება და თანამშრომლების უმეტესობაც – ქალია.

Lafleur – ფრანკფურტი, გერმანია
ფოტო: lesgrandestablesdumonde.com

ევროპის ერთ-ერთი ფინანსური ცენტრისთვის, გერმანული ფრანკფურტისთვის დამახასიათებელი ცათამბჯენების ფონზე, ვეგანური რესტორანი „Lafleur“-ი, რომელსაც შეფ-მზარეული ანდრეას კროლიკი 2014 წლიდან უძღვება, პალმების ბაღში მდებარეობს. „კროლიკის კერძები მეტად ინტენსიური, ღრმა და კომპლექსურია, რაც ხორცისა და ზღვის პროდუქტების არქონის დარდს გავიწყებს. სინამდვილეში, „Lafleur“-ში ორი მენიუ აქვთ: ზღვის პროდუქტების, ხიზილალის, ხორცისა და ფუა-გრას საოცარ კლასიკურ მენიუსთან ერთად, რესტორანში ვეგანურ მენიუს ვხვდებით – ის ნამდვილი სასწაულია“, – წერს Forbes-ის კონტრიბუტორი.

La Villa Madie – კასისი, საფრანგეთი
ფოტო: lavillamadie.com

მარსელის აღმოსავლეთით, ქალაქ კასისში მდებარე რესტორანი „La Villa Madie“, რომელსაც ნორმანდიის მკვიდრი შეფ-მზარეული დიმიტრი დრუანო უძღვება – სამ „მიშლენის ვარსკვლავს“ ფლობს. რესტორნის ხელმძღვანელობაში დრუანო თხუთმეტი წლის წინ, მის მეუღლესთან, მარიელთან ერთად ჩაერთო – მანამდე შეფ-მზარეული პარიზის საუკეთესო რესტორნებში მუშაობდა. „მის სამზარეულოში სამხრეთის მიმართ სიყვარული იგრძნობა – კერძები აღვსილია მზითა და ფერებით, ხოლო გემოები ოსტატურადაა დაბალანსებული“, – წერენ Forbes-ის კონტრიბუტორები.

Mélisse – სანტა-მონიკა, აშშ
ფოტო: foodandwinegazette.com

ამ ლოსანჯელესურ რესტორანს, რომელსაც შეფ-მზარეული  ჯოსაია სიტრინი ხელმძღვანელობს, ღია სამზარეულო აქვს, რომელიც კომფორტულ სივრცეში მდებარე ხუთ მაგიდაზე განთავსებულ თოთხმეტ სტუმარს ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ამ გასტრონომიულ გამოცდილებას ფონად ლეგენდარული მუსიკოსების, მათ შორის The Rolling Stones-ის, Oasis-ის, Queen-ისა და არეტა ფრანკლინის გენიალური მუსიკა მიჰყვება.

Silver Lakes Farm – ალაზნის ველი, საქართველო
ფოტო: Silver Lakes Farm

როგორც უკვე გითხარით, Forbes-ის რჩეული რესტორნების რეიტინგში, თეკუნა გაჩეჩილაძის „ვერცხლის ტბებიც“ მოხვდა, რომელიც კახეთში, კავკასიონის მთების სიახლოვეს მდებარეობს. „ქართული გასტრონომიის დედოფლის, თეკუნა გაჩეჩილაძის უახლესი პროექტი ფერმის ტიპის რესტორანია, რომელიც მოკირწყლული გზებისა და ცივილიზაციისგან შორს მდებარეობს. თბილისიდან რესტორანში მისასვლელად ორსაათიანი მთაგორიანი გზის გავლა მოგიწევთ, მაგრამ ბოლოს წარმოუდგენლად მომხიბვლელ საზაფხულო ვილაში აღმოჩნდებით“, – ვკითხულობთ Forbes-ის მიერ მომზადებულ მასალაში. „თეკუნას ეხერხება როგორც კერძების მომზადება, ასევე სტუმრების გართობა და ვახშმის ორგანიზება“.

Tsurutokame – ტოკიო, იაპონია
ფოტო: wbpstars.com

იაპონიის დედაქალაქში მდებარე „Tsurutokame“ უნიკალურია, რადგან ის ერთადერთი რესტორანია მთელ ქვეყანაში, რომელშიც ყველა შეფ-მზარეული – ქალია. ამ რესტორანში არცთუ ისე ბევრი ადგილია – ხის ტრადიციული დახლის გარშემო თოთხმეტი სტუმარი ეტევა, რომლებიც კერძების მომზადების პროცესს თავიდან ბოლომდე აკვირდებიან. „ამ კოლექტივისთვის, რომლის წევრები დროს სამზარეულოს გარეთაც ერთად  ატარებენ, რათა უცხო ენების, კალიგრაფიის, კერამიკისა და ხელოვნების სხვა ფორმებს დაეუფლონ,  შეუძლებელი არაფერია“, – ვკითხულობთ Forbes-ში.

შენიშვნა: აღნიშნულ სტატიაში გამოყენებული აღწერები ინგლისურენოვანი მასალის მოკლე შინაარსს წარმოადგენს.