Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირა განსაკუთრებულად დატვირთული აღმოჩნდა სხვადასხვა ტექნოლოგიური ღონისძიებით: Apple-მა ახალი პროდუქტები წარმოადგინა, ხოლო Samsung-მა აწ უკვე ნაცნობი პროდუქტების განახლებული ვიზუალები შემოგვთავაზა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

Galaxy Unpacked Part 2: მოკლედ Samsung-ის სიახლეების შესახებ

წლის მთავარი ტექნოლოგიური ღონისძიება Samsung-მა ჯერ კიდევ აგვისტოში გამართა, რომელზეც ახალი სმარტფონები, ჭკვიანი საათები და ყურსასმენები წარმოადგინა. აქედან გამომდინარე, ოქტომბერში ჩანიშნულ ღონისძიებაზე, რომლის სახელწოდებაც დაწყებულის გაგრძელებაზე უფრო მიანიშნებდა, ვიდრე ახლის შექმნაზე, მოულოდნელი არაფერი მომხდარა.

მოსალოდნელი იყო, რომ ამ ღონისძიების ღერძი ჩვენთვის კარგად ნაცნობი პროდუქტების განახლებულ დიზაინერულ გადაწყვეტებზე გავიდოდა. მსგავსი პათოსის შეტყობინება ეწერა მოსაწვევებზე, რომლებიც Samsung-მა წამყვან გამოცემებს გაუგზავნა: „ჩვენი მომხმარებლები მრავალმხრივები არიან და ცხოვრებას ფერადად, განსხვავებულად და უნიკალურად ატარებენ. აქედან გამომდინარე, ტექნოლოგიამ, რომელსაც ისინი ყოველდღიურად იყენებენ, მათ ინდივიდუალურობას ხაზი უნდა გაუსვას“.

Galaxy Bespoke Studio

ოქტომბრის ღონისძიებაზე, Samsung-მა საინტერესო სიახლე წარმოადგინა: ამიერიდან კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე. მომხმარებლებს Galaxy Z Flip 3-ის, Galaxy Watch 4-ისა და Galaxy Watch 4 Classic-ის ინდივიდუალური დიზაინის შერჩევა შეეძლებათ – საუბარია როგორც სმარტფონის წინა და უკანა პანელებზე, ასევე საათების ჩარჩოსა და სამაჯურზე. სმარტფონის წინა და უკანა პანელები ხუთი ფერისაა, მათ შორის ცისფერი, ვარდისფერი, ყვითელი, თეთრი და შავი, ხოლო ჩარჩო ორი ფერისაა – შავი და ვერცხლისფერი. რაც შეეხება საათებს, ჩვეულებრივი Watch4-ისთვის ექვსი ფერი შეირჩა, ხოლო კლასიკური მოდელისთვის – ოთხი.

ფოტო: Samsung

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, განახლებული ვიზუალის მქონე Galaxy Z Flip 3 სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, საფრანგეთში, კანადასა და ავსტრალიაში უკვე იყიდება – სმარტფონის ფასი $1099.99-ია. ცნობისთვის, სმარტფონს ერთწლიანი Samsung Care+ დაზღვევა მოყვება.

საერთო ჯამში, Bespoke Studio მომხმარებელს საინტერესო გამოცდილებას ჰპირდება, რადგან ფერების შერჩევის გარდა, მათ სმარტფონისა და საათების 360-გრადუსიანი მოდელის ხილვაც შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალურად შეკვეთილ სმარტფონს მომხმარებელი განსაკუთრებულ შეფუთვაში მიიღებს.

ფოტო: Samsung

Samsung-ის თქმით, მათ ფერებთან დაკავშირებული ამჟამინდელი და მომავალი ტრენდები შეისწავლეს და სოციალურ-კულტურული კვლევები ჩაატარეს, რათა მომხმარებელთა გემოვნება და საჭიროებები საფუძვლიანად გამოეკვლიათ.

Samsung Watch 4-ის განახლებული ფუნქციონალი

აღსანიშნავია, რომ განახლებული დიზაინის გარდა, Samsung-ის ჭკვიან საათებს გარკვეული ფუნქციონალიც დაემატა: ამიერიდან, მომხმარებლებს საათის ოთხი დამატებითი ციფერბლატის არჩევა შეეძლებათ.

ფოტო: Samsung

თუმცა ეს ყველაფერი როდია. Samsung-ის ჭკვიანი საათი ხელის მოძრაობისადმი კიდევ უფრო მგრძნობიარე გახდა: ტელეფონზე შემოსული ზარის ასაღებად ხელი ზემოთ-ქვემოთ ორჯერ უნდა გააქნიოთ, ხოლო ზარზე უარის თქმისა და მაღვიძარის გამოსართველად, მაჯა ორჯერ უნდა გადაატრიალოთ.

ილონ მასკის The Boring Company-მ ლას-ვეგასის ქვეშ გვირაბების გაყვანის ნებართვა მიიღო

გასული კვირის ტექნოლოგიური სიახლეების მიმოხილვას საინტერესო ამბით ვიწყებთ: ილონ მასკის The Boring Company-მ ლას-ვეგასის ქვეშ საგვირაბო სისტემის მოწყობისათვის, კლარკის ოლქის ხელმძღვანელებისაგან ნებართვა მიიღო. ცნობისთვის, Boring Company-ს ლას-ვეგასისური პროექტი ფრიად მასშტაბურია: ჯამში, თითქმის ორმოცდაშვიდი კილომეტრის სიგრძის გვირაბები გაითხრება, რომლებშიც ორმოცდათერთმეტი გაჩერება მოეწყობა. კლარკის ოლქის დათვლებით, Vegas Loop-ს, საათში 57 ათასი მგზავრი გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ ეს გვირაბები ლას-ვეგასის ზოლში მდებარე სასტუმრო-სამორინეებს, ქალაქის ახალ საფეხბურთო სტადიონს, ახლად გახსნილ სხდომათა დარბაზსა და მაქკარანის საერთაშორისო აეროპორტს ერთმანეთს დაუკავშირებენ.

აღსანიშნავია, რომ გვირაბთა სრულფასოვანი სისტემის მოწყობისათვის ნებართვის მისაღებად, The Boring Company-მ ლას-ვეგასის სხდომათა დარბაზის ქვეშ, ამა წლის დასაწყისში, ორი ერთკილომეტრიანი გვირაბი გაიყვანა. თუმცა, საქმე ისაა, რომ ამ გვირაბებში Tesla-ს მარკის ავტომობილებს ადამიანები მართავენ, რადგან თვითმართვადი სისტემების პროგრამული უზრუნველყოფა ჯერჯერობით არასაკმარისად არის დახვეწილი. ამ სისტემის გაფართოება ილონ მასკმა ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დააანონსა და, როგორც ჩანს, ის, რასაც კლარკის ოლქის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა, სწორედ მასკის ხედვის გამოვლინებაა.

მოდი, განვიხილოთ ის ორი მიზეზი, რომელთა გამო, კლარკის ოლქის ხელისუფლებამ ილონ მასკის ამ პროექტს მწვანე შუქი აუნთო. როგორც უკვე აღინიშნა, გვირაბების ეს სისტემა საათში – 57 ათასს, ხოლო დღეში 1.3 მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურება, რაც, თავისთავად, საკმაოდ მოსახერხებელია. თუმცა მთავარი მიზეზი მაინც სხვაა: გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროექტს კერძო კომპანია ახორციელებს, მის დაფინანსებაზე გადასახადების გადამხდელთა ფული არ დაიხარჯება.

ისე კი, ყველაფერი ასე მარტივად არ მომხდარა: საქმე ისაა, რომ თავდაპირველად, ლას-ვეგასის მთავარი ნაგებობებისა და ღირსშესანიშნაობების ირგვლივ ტრანსპორტირების სერვისების განხორციელების ექსკლუზიური ნებართვა Las Vegas Monorail-ს ჰქონდა მოპოვებული. მაგრამ  ეს კომპანია 2020 წელს გაკოტრდა, ხოლო მონორელსიანი გზა ლას-ვეგასის ვიზიტორთა ცენტრმა შეიძინა და არსებული შეთანხმება  გააუქმა.

ფოტო: The Boring Company

როგორც The Boring Company-ის ადრეული განცხადებებიდან ირკვევა, გვირაბების გაყვანის ხარჯებს კომპანია დაფარავს, მაგრამ გაჩერებების მოწყობის ხარჯების დაფარვა იმ სასტუმრო-სამორინეებსა და სხვა ბიზნესებს მოუწევთ, რომლებსაც სურთ, რომ Vegas Loop-ი მათ კლიენტებსაც მოემსახუროს. აღსანიშნავია, რომ თითოეული ასეთი გაჩერების ნებართვა შესაბამისმა ორგანოებმა ცალ-ცალკე უნდა გასცენ.

The Boring Company-ის პრეზიდენტმა, სტივ დევისმა განაცხადა, რომ სატრანსპორტო სისტემა ეტაპობრივად აშენდება: პროექტის დაწყებიდან პირველ ექვს თვეში ხუთიდან ათ სადგურამდე, ხოლო მომავალ წლებში თხუთმეტიდან ოც სადგურამდე აშენდება. აღსანიშნავია, რომ მას მერე, რაც თითოეული გაჩერება აშენდება, მისი გამოყენება უმალ დაიწყება. კომპანიის მიზანია, პროექტი სამ წელიწადში დაასრულოს.

აღსანიშნავია, რომ გვირაბების გათხრის გზით The Boring Company საცობების პრობლემის მოგვარებას გეგმავს. „დამქანცველი საცობების პრობლემის მოსაგვარებლად, გზები სამგანზომილებიანი უნდა გახდეს. სამგანზომილებიანი მოდელების მსგავსი ნაგებობები, მათ შორის ესტაკადები და რთული გზაჯვარედინები, ზედაპირზე არსებულ გზებზეც გამოიყენება, თუმცა მათი აშენება რთული და ძვირია. საგვირაბო ქსელიც სამგანზომილებიანი ნაგებობაა, რომელიც მაღალი წარმადობითა და ეკონომიურობით გამოირჩევა. ამგვარად, უძრაობა და საცობები  წარსულს ჩაჰბარდება“, – ვკითხულობთ The Boring Company-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

რაც შეეხება უშუალოდ Loop-ს, რომელიც ტრანსპორტის განვითარებაში სრულად ახალი სიტყვაა, ის „სრულად ელექტრო, ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე და ძალიან სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაა, რომლითაც მგზავრები მათ სასურველ ადგილამდე არასასურველი გაჩერებების გარეშე მივლენ“, – აღნიშნავს The Boring Company.

თუკი Vegas Loop-მა გაამართლა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ The Boring Company-ის ამ პროექტს ამერიკის სხვა შტატებში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ვიხილავთ. ამას დრო გვიჩვენებს.

Facebook-ი კომპანიის სახელწოდებას შეიცვლის, მიზეზი – მეტავერსია

გასული კვირის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი, მაგრამ ძალიან საინტერესო სიახლე კვლავ Facebook-ისგან წამოვიდა, რომელიც, ბოლო დროს, სხვადასხვა მიზეზის გამო, მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. საქმე ისაა, რომ Facebook-ი კომპანიის სახელწოდების შეცვლას გეგმავს, რათა ახალმა სახელწოდებამ კომპანიის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის მეტავერსის შექმნის ამბიციური გეგმა უკეთესად ასახოს, – ამის შესახებ გამოცემა The Verge წერს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია არა უშუალოდ სოციალურ ქსელ Facebook-ზე, არამედ იმ მშობელ კომპანიაზე, რომელიც Facebook-ის გარდა სხვა სერვისებსაც ფლობს.

მოსალოდნელია, რომ კომპანიის სახელწოდების ცვლილებაზე ცუკერბერგი 28 ოქტომბერს, Facebook-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე ისაუბრებს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ კომპანიის რებრენდინგის შესახებ უფრო ადრე გავიგოთ. ასეა თუ ისე, დიდ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ: როგორც ჩანს, სოციალური ქსელი Facebook-ი კომპანიის მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ კომპანიად, ან პროდუქტად გადაკეთდება და Instagram-ის, Whatsapp-ის, Oculus-ისა და სხვათა შორის მოხვდება.

რაკიღა საუბარი მეტავერსზეა, უპრიანი იქნებოდა მოკლედ აგვეხსნა, რას გულისხმობს ეს ცნება და რატომ სურს მისი შექმნა მარკ ცუკერბერგს. მეტავერსი ერთგვარი ხიდია ციფრულ და რეალურ სამყაროებს შორის, რომელშიც ვირტუალური რეალობა, გაფართოებული რეალობა და ჩვენი ოთხგანზომილებიანი სამყარო ერთმანეთში ისე არის აღრეული, რომ საბოლოო ჯამში, ერთგვარ პარალელურ სამყაროს ვიღებთ, რომელშიც ადამიანები ისევე არსებობენ, როგორც ახლა – ფიზიკურ სამყაროში. მარკ ცუკერბერგისთვის, მეტავერსი მობილური ინტერნეტის განვითარების შემდეგი ეტაპია, რომელსაც ამერიკელი „ხორცშესხმულ ინტერნეტს“ უწოდებს.

აღსანიშნავია, რომ ვირტუალური და გაფართოებული რეალობის სათვალეების და  მეტავერსისათვის საჭირო სხვა აპარატურის შექმნაზე Facebook-ში ათი ათასი ადამიანი უკვე მუშაობს, ხოლო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კომპანია კიდევ ათი ათასი ადამიანის დამატებას გეგმავს. ამას გარდა, ცუკერბერგმა ჯერ კიდევ ივლისში თქვა, რომ სურს, მომხმარებლებმა Facebook-ი მეტავერსად აღიქვან და არა – სოციალურ მედიად.

The Verge-ის ინფორმაციით, კომპანიის ახალი სახელწოდება საიდუმლოა და ის კომპანიის ბევრმა აღმასრულებელმა წევრმაც კი არ იცის. გამოცემაში ვარაუდობენ, რომ სახელწოდება დაკავშირებული იქნება Facebook-ის ექსპერიმენტებთან ვირტუალური რეალობის სფეროში და ის Horizon-ის მსგავსი იქნება.

ცნობისთვის, Facebook-ი არ იქნება პირველი გიგანტური კომპანია, რომელიც სახელწოდებას შეიცვლის. 2015 წელს Google-ი და მისი სხვა პროდუქტები მშობელი კომპანიის, Alphabet-ის ქვეშ მოექცა, რათა დაემტკიცებინათ, რომ Google-ი საძიებო სისტემაზე ბევრად მეტი იყო. მსგავსი ცვლილება განიცადა Snapchat-მაც, რომელიც 2016 წლის შემდეგ კამერაზე ფოკუსირებული კომპანია გახდა და სახელიც შესაბამისი დაირქვა – Snap Inc.

აღსანიშნავია, რომ სანამ Facebook-ის სახელწოდების შეცვლის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდებოდა, Facebook-ის დამაარსებელმა და კომპანიის ვირტუალური და გაფართოებული რეალობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ენდრიუ ბოზუორთმა, რომელიც მალე Facebook-ის ტექნიკური დირექტორი გახდება, ახალი სათვალეების პროტოტიპები წარმოადგინეს.

სათვალე, რომელიც ცუკერბერგს უკეთია, ძალიან ჰგავს Oculus-ის სათვალეს, რომელსაც ასევე Facebook-ი აწარმოებს. „მთელი დღე რედმონდში, Facebook-ის რეალობის ლაბორატორიაში, მკლევართა გუნდთან ერთად დავყავი, რათა შემდეგი თაობის ვირტუალური რეალობის, აუგმენტური რეალობისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები გამომეცადა. ეს მოდელი თვალის ბადურის მსგავსი გარჩევადობის მქონე სათვალის ადრეული პროტოტიპია. საოცარი მომავალი გველოდება“, – აღნიშნა ცუკერბერგმა სურათის აღწერაში.

ცნობისთვის, თვალის ბადურის მსგავსი გარჩევადობის (ინგლ. Retina Resolution) მქონე დისპლეი პიქსელების იმდენად მაღალი სიმჭიდროვით გამოირჩევა, რომ ნორმალურ საოპერაციო მანძილზე, ცალკეული წერტილების გარჩევა შეუძლებელი ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, retina-გარჩევადობა იმდენად მაღალია, რომ ხარისხით ბუნებრივი თვალის მზერის თითქმის იდენტურია.

ენდრიუ ბოზუორთმა ორი პროტოტიპული სათვალის სურათები გამოაქვეყნა, რომელთა დიზაინი განსაკუთრებით საინტერესოა. პირველი სათვალე ვიზუალურად ძალიან ჰგავს იმას, რომელიც ცუკერბერგმა მოირგო, მაგრამ მეორე  განსხვავებულია – როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ამ სათვალის შუშები გამჭვირვალეა, რაც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ის აუგმენტური რეალობის სათვალეა. ცნობისთვის, ის ძალიან ჰგავს Apple-ის ვირტუალური რეალობის სათვალეს, რომლის კონცეპტუალური ნახაზები მედიაში ჯერ კიდევ თებერვალში გამოჩნდა.

ამ ეტაპზე უცნობია, მოხვდება თუ არა ეს სამი სათვალე ბაზარზე – შეიძლება, ისინი მხოლოდ შუალედური პროტოტიპები იყოს.

Unleashed: მოკლედ Apple-ის სიახლეების შესახებ

გასულ კვირას, Apple-მა წლის რიგით მეორე ღონისძიება გამართა, რომელზეც, როგორც მოსალოდნელი იყო, მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ განახლებებთან ერთად, ახალი თაობის MacBook Pro-ები და AirPods-ები წარმოადგინა.

ახალი თაობის MacBook Pro

თავისთავად ცხადია, რომ Apple-ის ოქტომბრის ღონისძიების განხილვა განახლებულ MacBook Pro-ებზე საუბრით უნდა დავიწყოთ, რადგან, როგორც ცნობილი იყო, ეს ღონისძიება სწორედაც რომ ახალი ლეპტოპების წარსადგენად დაიგეგმა. განახლებული MacBook Pro ორი ზომისაა – Apple-მა 14-დუიმიანი და 16-დუიმიანი მოდელები წარმოადგინა.

ფოტო: Apple

Apple-ის MacBook Pro-ს 14-დუიმიანი და 16-დუიმიანი   მოდელების შეძენა ორი განსხვავებული პროცესორით შეიძლება. Apple-მა საკუთარი წარმოების სილიკონის ათბირთვიანი CPU-ს მქონე ორი პროცესორი წარმოადგინა: M1 Pro (14-ბირთვიანი და 16-ბირთვიანი GPU) და M1 Max-ი (24-ბირთვიანი და 32-ბირთვიანი GPU), რომლებიც წინა თაობის MacBook Pro-ებში გამოყენებული Intel-ის წარმოების პროცესორებზე, სულ მცირე, ორჯერ უფრო სწრაფია.

გასულ წელს Apple-მა Intel-ის წარმოების პროცესორებზე უარი თქვა და საკუთარი წარმოების სილიკონის პროცესორი M1 წარმოადგინა, რომელიც ამ დრომდე Apple-ის წამყვან პროცესორად ითვლებოდა. როგორც ახალი პროცესორების წარდგენისას გაირკვა, M1 პროცესორთან შედარებით, M1 Pro 70%-ით უფრო მძლავრი და გრაფიკულად ორჯერ უფრო გამართულია. საბოლოო ჯამში, ის 33.7 მილიარდი ტრანზისტორისგან შედგება, რაც M1-ში გამოყენებულ ტრანზისტორთა რიცხვს თითქმის ორჯერ აღემატება. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რადგან Apple-ი აქ არ შეჩერდა და კიდევ უფრო მძლავრი პროცესორი შექმნა – M1 Max-ი, რომელიც 57 მილიარდ ტრანზისტორს იყენებს, რაც საშუალებას მოგცემთ, ერთ ლეპტოპს ოთხი დამატებითი დისპლეი დაუკავშიროთ.

ფოტო: Apple

ახალი თაობის MacBook Pro-ებს 14.2-დუიმიანი და 16.2-დუიმიანი, 120-ჰერციანი ProMotion Mini LED დისპლეი აქვთ, რომელთაც Apple-ი Liquid Retina Pro XDR-ს უწოდებს და აღნიშნავს, ასეთი მძლავრი დისპლეი ისტორიას არ ახსოვს. ეს დისპლეი, რომელიც ათი ათასი mini-LED-სგან შედგება, 1000-ნიტიანი მუდმივი და 1600-ნიტიანი პიკური სიკაშკაშით და მილიარდი ფერის გამოსხივების უნარით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ განახლებული MacBook Pro-ების ეკრანზე არსებული კანტი 3.5 მილიმეტრით (ანუ, 24%-ით) შემცირდა, ხოლო ეკრანის ზემოთ, კამერის ადგილას, მცირე ზომის შავი კუნძული გამოჩნდა. გაძლიერდა კუნძულის შიგნით არსებული კამერაც – ამიერიდან, MacBook Pro უფრო ფართო გადაღების 1080-პიქსელიანი ტექნოლოგიურად დახვეწილი წინა კამერა ექნება. თუმცა ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გამართლდა – Apple-ს Face ID-ის ფუნქცია არ დაუმატებია.

Apple-ის ახალ ლეპტოპებს სტუდიური დონის სამი მიკროფონი და ექვსდინამიკიანი ხმის სისტემა აქვთ. ეს მიკროფონები 60%-ით უფრო ჩუმად მუშაობენ, რაც თითქოს შეუმჩნეველი ხმების ჩაწერის საშუალებასაც მოგცემთ. მეტიც, მიკროფონების ეს სისტემა მიმართულებით ბგერათფორმირების ტექნოლოგიას იყენებს – შესაბამისად, თქვენი ხმა მუდმივად სუფთა იქნება. გარდა ზემოხსენებულისა, ახალი MacBook Pro-ებს სივრცითი აუდიოს ტექნოლოგი აქვთ, რაც ჭკვიან ალგორითმებთან და Liquid Retina XDR დისპლეისთან ერთად, კონცერტზე ყოფნის სამგანზომილებიან გამოცდილებას ქმნის.

ფოტო: Apple

აღსანიშნავია, რომ ახალი თაობის MacBook Pro-ს ძველ ლეპტოპებში გამოყენებული პორტები დაუბრუნდა: SDXC წამკითხველთან ერთად, ახალ MacBook-ებს USB-C ტიპის სამი პორტი, ყურსასმენის 3.5-მილიმეტრიანი ჯეკი, HDMI-პორტი და MagSafe 3-ტიპის დამტენის პორტი ექნებათ. რაც შეეხება ლეპტოპის ვიზუალურ მხარეს, პირველი განსხვავება, რომელიც არ შეიძლება, თვალში არ მოგვხვდეს, Touch Bar-ის არარსებობაა – ცნობისთვის, ეს ფუნქციონალი Apple-მა ჯერ კიდევ 2016 წელს წარმოადგინა. ასევე განახლდა კლავიატურის ღილაკები – ამიერიდან ისინი მექანიკური იქნება.

ახალი თაობის MacBook-ების საწყისი ფასები, ასეთია: 14-დუიმიანი მოდელი $1999 ეღირება, ხოლო 16-დუიმიანი მოდელი – $2499. წინასწარი გაყიდვები Apple-ის ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს, 25 ოქტომბერს იწყება.

მესამე თაობის AirPods

განახლებული MacBook Pro-ს გარდა, Apple-ის ოქტომბრის ღონისძიების სცენა ტექნოლოგიური გიგანტის კიდევ ერთ უაღრესად პოპულარულ პროდუქტს, მესამე თაობის AirPods-ს დაეთმო. ვიზუალურად, Apple-ის უახლესი ყურსასმენი მისი წინამორბედი თაობების მოწყობილობებს წააგავს: ის AirPods Pro-სავით მცირეა, მაგრამ ფორმით თავდაპირველ AirPods-ებს უფრო ჰგავს, რადგან რეზინის ცვალებადი თავები, რომლებიც წინა თაობის Airpods-ებს ჰქონდათ, განახლებულ ყურსასმენებს  აღარ აქვს. რეალურად, განახლებული ყურსასმენები ზომით ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე წინა თაობის მოდელები.

ფოტო: Apple

აღსანიშნავია, რომ ვიზუალური მხარის გარდა, მესამე თაობის AirPods-ები, მათ წინამორბედებთან შედარებით, ტექნოლოგიურადაც უფრო საინტერესოა. ამიერიდან AirPods-ები წყალგამძლე და ოფლგამძლეა, მათი შიდა ელემენტი კი ექვს საათს ძლებს, ხოლო ჩასადებთან ერთად, საერთო ჯამში, ყურსასმენები ოცდაათ საათს  გემსახურებათ. დამუხტვის დროს კი MagSafe-ის სისტემის გამოყენებას შეძლებთ.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია Apple-ის მიდგომა ბგერის მიმართ, რომელმაც გამოვლინება  პოვა როგორც ახალი თაობის MacBook Pro-ებში, ასევე ახალი თაობის AirPods-ებში, რომლებიც აღჭურვილია სივრცითი აუდიოს და Dolby Atmos-ის ფუნქციონალით. გარდა ამისა, გაძლიერდა AirPods-ების მიკროფონიც – ამიერიდან, კიდევ უფრო მძლავრი კოდეკის გამოყენებით, ხმის ჩაწერა კიდევ უფრო მაღალ ხარისხში შეიძლება.

მესამე თაობის AirPods-ების წინასწარი გაყიდვა Apple-ის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე დაიწყო – ახალი ყურსასმენები $179 ღირს.

Apple-ის პროდუქტების საწმენდი ტილო

ერთ-ერთი ყველაზე უცნაური, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც Apple-მა ოქტომბრის ღონისძიებაზე წარმოადგინა – ბრენდირებული საპრიალებელი ტილოა, რომლითაც, ამიერიდან, მომხმარებლები საკუთარ პროდუქტებს უკეთესად მოუვლიან. აღსანიშნავია, რომ ეს ტილო, რომელზეც Apple-ის ლოგო არის გამოსახული, ცალკე გაიყიდება, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, განსხვავდება თუ არა ის ბაზარზე არსებული მიკრობოჭკოვანი სტრუქტურის მქონე ტილოებისგან.

ფოტო: Apple

ცნობისთვის, Apple-ის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულია ერთგვარი პროტოკოლი, რომელიც კომპანიის მომხმარებლებმა მათი პროდუქტების წმენდისას უნდა დაიცვან და, როგორც ჩანს, Apple-ის უახლესი ტილო ამ სტანდარტს აკმაყოფილებს. „რბილი, არააბრაზიული მასალისგან შექმნილ ტილოს Apple-ის ნებისმიერი დისპლეის, მათ შორის ნანოტექსტურით შექმნილი შუშის, გაწმენდა უსაფრთხოდ და ეფექტიანად შეუძლია“, – ვკითხულობთ განცხადებაში. Apple-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ის უკვე იყიდება და  $19 ღირს.

საბოლოო ჯამში, Apple-ის წლის რიგით მეორე ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა. სხვა ყველაფერთან ერთად, ერთ წელს ორი ღონისძიების ჩატარებით Apple-მა ერთგვარი პრეცედენტი შექმნა, რომელიც მიგვანიშნებს, რომ სამომავლოდ  ტექნოლოგიური გიგანტი კიდევ უფრო მეტ განახლებულ და სრულიად ახალ პროდუქტს გვპირდება, რომელთა მოქცევა ერთ ღონისძიებაში – უბრალოდ შეუძლებელი იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.