გასულ კვირას ტექნოლოგიურ სამყაროში არაერთი საინტერესო და ერთობ დამაიმედებელი ძვრა მოხდა: Pfizer-მა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აბი წარმოადგინა, Alphabet-მა მედიკამენტების მოლეკულების კვლევის შესახებ განაცხადა, ხოლო Boeing-მა სატელიტური ინტერნეტის გაშვების ნებართვა მიიღო. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
Google-ის მშობელი Alphabet-ი, მედიკამენტების მოლეკულების შესაქმნელად ტექნოლოგიურ კომპანიას აფუძნებს
Google-ის, YouTube-ისა და სხვა კომპანიების მფლობელი Alphabet-ი ბიოტექნოლოგიურ კომპანიას, Isomorphic Labs-ს აფუძნებს, რომლის მთავარი მიზანი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მედიკამენტების ახალი ფორმულების აღმოჩენა და, ზოგადად, სიცოცხლის ფუნდამენტურ მექანიზმებში გარკვევა იქნება, – ამის შესახებ კომპანიამ გასულ კვირას განაცხადა.
Isomorphic Labs-ი Alphabet-ის კიდევ ერთი კომპანიის, DeepMind-ის ბაზაზე დაფუძნდა, რომელიც ცილების სტრუქტურის განსაზღვრის კუთხით არაერთი რევოლუციური აღმოჩენის ავტორია. თუმცა საინტერესოა, რომ ზემოხსენებული კომპანიები დამოუკიდებლად იარსებებენ და საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლებენ.
„ფუნდამენტურ დონეზე, ბიოლოგია – ინფორმაციის გადამუშავების ძალიან რთული და დინამიკური სისტემაა. საკითხის ამ გადმოსახედიდან დანახვა გვაფიქრებს, რომ ბიოლოგიასა და ინფორმაციულ მეცნიერებას საერთო საფუძველს, შესაძლოა იზომორფული დაგეგმარება წარმოადგენდეს – კომპანიის სახელწოდებაც ამაზე მიუთითებს. ბიოლოგია ზედმეტად რთული და არეულ-დარეულია იმისთვის, რომ ის რამდენიმე კოხტა მათემატიკურ განტოლებამდე დაიყვანო. თუმცა, როგორც მათემატიკა აღმოჩნდა ფიზიკის მეტყველების ენა, ასევე შეიძლება ბიოლოგია ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საუკეთესო მედიუმად იქცეს“, – წერს Isomorphic Labs-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, დემის ჰასაბისი.
საინტერესოა Alphabet-ის ახლად დაფუძნებული კომპანიის შესაძლო ბიზნესმოდელი: როგორც The Verge-თან საუბრისას Isomorphic Labs-ის წარმომადგენელმა განაცხადა, შესაძლოა კომპანიამ მედიკამენტების წარმოების ნაცვლად, საკუთარი მოლეკულები ფარმაცევტულ კომპანიებს მიჰყიდოს. ცნობისთვის, მედიკამენტების მოლეკულების აღმოჩენისათვის და ცილების ერთმანეთთან ურთიერთქმედების დასადგენად, ხელოვნურ ინტელექტს რახანია აქტიურად იყენებენ – გასული ორი წლის განმავლობაში ამ ინდუსტრიაში ასობით მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
Boeing-მა სატელიტური ინტერნეტის განთავსების ნებართვა მიიღო
გასულ კვირას აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ კოსმოსიდან სატელიტური ინტერნეტის მაუწყებლობისათვის საჭირო ნებართვა გასცა, რაც ამერიკულ კომპანია Boeing-ს საშუალებას მისცემს, აწ უკვე ოფიციალურად დაიწყოს ის პროექტი, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ 2017 წელს ჩაუყარა და ამით SpaceX-ს გაუწიოს კონკურენცია.
Boeing-ს დედამიწის ორბიტაზე 132 სატელიტის განთავსება სურს – დედამიწის ზედაპირიდან 1056 კილომეტრის მანძილზე. გარდა ამისა, ორი სატელიტი ე.წ. „არაგეოსტაციურ ორბიტაზე“ გაეშვება, რომლებიც დედამიწას 44 ათასი კილომეტრით მოშორდება. ცნობისთვის, საწყის ეტაპზე, Boeing-ის სატელიტური ინტერნეტი აშშ-ში, პუერტო-რიკოსა და ვირჯინიის კუნძულებზე იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ მოგვიანებით გლობალურადაც გაეშვება.
აღსანიშნავია, რომ სატელიტების ნახევრის გაშვება Boeing-მა ექვს წელიწადში უნდა მოასწროს, ხოლო სისტემის სრულად გასაშვებად მათ ცხრა წელი აქვთ – ასე გადაწყვიტა აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ. ამგვარი მოთხოვნები Boeing-ს არ მოსწონს – პირველი ექვსი წლის განმავლობაში ისინი ხუთი სატელიტის გაშვებას ფიქრობენ, ხოლო სრული სისტემის ასამუშავებლად – თორმეტი წელი ითხოვეს, რაზეც კომისიისგან უარი მიიღეს.
ამ ბაზარზე, Boeing-ის მთავარი კონკურენტი ილონ მასკის SpaceX-ი იქნება, რომელიც Boeing-ის გამოჩენით ნამდვილად უკმაყოფილოა. SpaceX-ის წერილში, რომელიც მათ კომუნიკაციების ფედერალურ კომისიას ჯერ კიდევ 2019 წელს მისწერეს, ვკითხულობთ, რომ Boeing-ის ქსელის გამოჩენით, ისედაც დატვირთული ორბიტალური სივრცე კიდევ უფრო გადაიტვირთება. ცნობისთვის, SpaceX-ის სატელიტები დედამიწის ზედაპირიდან 550 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, სწორედ იქ, სადაც OneWeb-ის სატელიტები არის განთავსებული და, სადაც მათი გაშვების შემდეგ, Amazon-ის სატელიტებიც გამოჩნდება.
ცნობისთვის, SpaceX-ის სატელიტურ ინტერნეტზე წვდომის წინასწარი ნებართვის მიღება საქართველოდანაც არის შესაძლებელი, – ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ. ცნობისთვის, სატელიტური ინტერნეტით სარგებლობას საქართველოში 2022 წლიდან შევძლებთ, ხოლო მისი ღირებულება $99 იქნება.
Facebook-ი სახის ამომცნობ სისტემას აუქმებს – საუბარია მილიარდზე მეტი მოქალაქის მონაცემებზე
მას მერე, რაც ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელ Facebook-ის მფლობელმა კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა, სოციალური ქსელის პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა – პირველად. საქმე ისაა, რომ Meta აუქმებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სახის ამოცნობის სისტემას, რომელიც 2010 წლიდან, Facebook-ის მომხმარებლებს მათ მიერ ატვირთულ სურათებსა და ვიდეოებზე გამოსახული ადამიანების ავტომატურად მონიშვნას უმარტივებს.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკის ცვლილების ფარგლებში, Facebook-ი გამორთავს როგორც სახის ამომცნობ ალგორითმებს, ასევე წაშლის ინდივიდუალური მომხმარებლების სახის პარამეტრებით დატვირთულ მატრიცებს, რომლებსაც ეს ტექნოლოგია ქმნის და იყენებს. საბოლოო ჯამში, საუბარია მილიარდზე მეტი ადამიანის პირად მონაცემებზე.
„ვიყურებით რა წინ, ვფიქრობთ, რომ სახის ამომცნობი ტექნოლოგია მძლავრი ხელსაწყოა, რომელიც ადამიანების იდენტობის დასამტკიცებლად, თაღლითობის პრეცენციისა და იდენტობის მითვისების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგვეხმარება. გვჯერა, სახის ამომცნობ სისტემასთან ერთად მნიშვნელოვანია როგორც პირადი მონაცემების დაცვა, ასევე გამჭვირვალობა და კონტროლი – თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როდის და როგორ გამოიყენებთ თქვენს სახეს. ამ ტექნოლოგიაზე მუშაობას და მოწვეულ ექსპერტებთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ.
თუმცა სახის ამომცნობი ტექნოლოგიის უპირატესობა ამ ტექნოლოგიის შესახებ არსებულ მზარდ საფრთხეებს უნდა შევადაროთ. საზოგადოებრივ ცხოვრებაში სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით არაერთი წუხილი არსებობს, ხოლო მისი გამოყენების შესახებ ნათლად ჩამოყალიბებული წესები კანონმდებლებს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენიათ. ამგვარი გაურკვევლობის ფონზე მიგვაჩნია, რომ სახის ამომცნობი ტექნოლოგია მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში უნდა გამოვიყენოთ“, – წერს Meta-ს ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი ჯერომ პესენტი.
ისე კი, ამ ტექნოლოგიის გაუქმება მხოლოდ Meta-ს კეთილ ნებას როდი უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ თებერვალში Facebook-ს $650 მილიონის გადახდა მოუწია, რათა დაეკმაყოფილებინა სამართლებრივი სარჩელი, რომლის თანახმად, სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენებით, Facebook-ი შტატ ილინოისის ბიომეტრიული მონაცემების დაცვის შესახებ კანონს არღვევს. ცნობისთვის, ჯერ კიდევ 2019 წელს, სახის ამოცნობის ფუნქციონალი – ნებაყოფლობითი გახდა.
გარდა ამისა, არ შეიძლება არ გავიხსენოთ კონტექსტი, რომელშიც Meta-ს ეს ცვლილება იჩენს თავს: იმის ფონზე, რომ ცოტა ხნის წინ მარკ ცუკერბერგმა ტექნოლოგიის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპის – მეტავერსის შექმნის შესახებ განაცხადა, Meta-ს მომხმარებლებისა და კანონმდებლების ნდობის გამყარება სჭირდება – Meta-მ ყველა უნდა დაარწმუნოს, რომ მილიარდობით ადამიანის მონაცემების უსაფრთხოდ გამოყენება შეუძლია.
ამიერიდან, Mymarket-ზე პროდუქტების ყიდვა კრიპტოვალუტებითაც შეიძლება
საქართველოს ბაზარზე ციფრული კომერციის ერთ-ერთი პიონერის, Mymarket-ის ვებგვერდზე პროდუქტის შეძენისას, თანხის გადახდას ამიერიდან კრიპტოვალუტებითაც შეძლებთ. ჯამში, ხელმისაწვდომია თერთმეტი კრიპტოვალუტა, მათ შორის Bitcoin-ი, Etherium-ი, Litecoin-ი და Dogecoin-ი. როგორც განცხადებიდან ირკვევა, პროდუქტის შესაძენად მომხმარებელმა სასურველი პროდუქტი უნდა აირჩიოს და ის MyCoins-ის კრიპტოსაფულის გამოყენებით შეიძინოს.
ცნობისთვის, „თიბისი ბანკის ჯგუფის“ შვილობილმა კომპანიამ, „თიბისი ეკოსისტემ კომპანიმ“, საქართველოს ციფრული კომერციის ერთ-ერთი პირველი პლატფორმა My.ge-ის 100%-იანი წილი ჯერ კიდევ სექტემბერში შეიძინა. საქმე ისაა, რომ „თიბისი ბანკის ჯგუფმა“ My Group-ის, იგივე My.ge-ის საკონტროლო პაკეტი – 65% 19 მლნ ლარად ჯერ კიდევ 2019 წელს შეიძინა. „თიბისი ბანკის ჯგუფის“ მიერ იმ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, My Group-ი 29.93 მლნ ლარად იყო შეფასებული და ხელშეკრულების მიხედვით, თიბისის, გარკვეული პირობებით დარჩენილი 35%-ის გამოსყიდვის უფლებაც ჰქონდა.
ელექტროსკუტერების გაქირავების სერვისი Lime-ი IPO-სთვის ემზადება
გასულ კვირას ელექტროსკუტერების გაქირავების გლობალურმა სერვისმა, Lime-მა განაცხადა, რომ $523 მილიონის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რაც ინვესტორების მხრიდან ელექტროსკუტერების ინდუსტრიის მიმართ ნდობაზე მიუთითებს, რომელიც ახალი კორონავირუსის პანდემიამ ერთგვარად შეარყია. Lime-ის ახალ ინვესტორებს შორის დიდი მოთამაშეებიც აღმოჩნდნენ, მათ შორის Abu Dhabi Growth Fund-ი, Fidelity Management & Research-ი და Uber-ი. ცნობისთვის, გასულ წელს, გაგანია პანდემიისას, Lime-მა Uber-ის ელექტროსკუტერების გაქირავების სერვისი Jump-ი შეიძინა.
გასული წელი ძალიან რთული აღმოჩნდა როგორც Lime-ითვის, ისევე ზოგადად ელექტროსკუტერების გაქირავების ინდუსტრიისთვის – პანდემიის შედეგად, Lime-ის სერვისებით 95%-ით ნაკლებმა ადამიანმა ისარგებლა. თუმცა ამ ინდუსტრიას პრობლემები არც პანდემიამდე აკლდა: საქმე ისაა, რომ კომპანიებს ერთეული ელექტროსკუტერებისგან მოგების მიღება უჭირთ – ისინი მანამ ფუჭდება, სანამ კომპანიას ფინანსურ მოგებას მოუტანენ. თუმცა, როგორც ჩანს, დროის გასვლასთან ერთად, კომპანიები უფრო გამძლე სკუტერებს იყენებენ – სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ Xiaomi-სა და Segway NineBot-ის ინდივიდუალური მოხმარებისათვის განკუთვნილ სკუტერებს გაქირავების სერვისების ავტოპარკში სულ უფრო და უფრო იშვიათად ვხედავთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2022 წელს Lime-ი საჯარო კომპანიად გადაქცევას აპირებს, რაც, მოკლევადიან ჭრილში, მათთვის ფინანსურად მოგებიანი იქნება, თუმცა მომავალში რა მოხდება – უცნობია. საქმე ისაა, რომ ამა წლის მაისში საფონდო ბირჟაზე Lime-ის მთავარი კონკურენტის, Bird-ის აქციებიც განთავსდა, რომელთა ფასმაც, განთავსებიდან მალევე, ძლიერ იკლო.
Pfizer-ის კოვიდ-19-ის სამკურნალო აბი ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობას 89%-ით ამცირებს
Pfizer-მა კოვიდ-19-ის სამკურნალო აბი, პაქსლოვიდი შექმნა, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფის წევრებში ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობას 89%-ით ამცირებს, – ამის შესახებ კომპანიამ 5 ნოემბერს განაცხადა. ფარმაკოლოგიური კომპანია დამატებითი კლინიკური კვლევების ჩატარებას აღარ აპირებს, რადგან შედეგები პრეპარატის ძალიან მაღალ ეფექტიანობაზე მიუთითებს – სულ მალე, აბის გამოყენების ნებართვის მისაღებად Pfizer-ი აშშ-ის მარეგულირებელს მიმართავს.
პაქსლოვიდის მიღება სახლში შეიძლება, კოვიდ-19-ის პირველივე სიმპტომების გამოჩენისას. კლინიკურ კვლევაში მონაწილეობა 1219-მა არავაქცინირებულმა პირმა მიიღო. ცნობისთვის, კლინიკურ კვლევაში მონაწილეთა მხოლოდ 0.8% მოხვდა საავადმყოფოში და არავინ გარდაცვლილა – პლაცებოს შემთხვევაში, ჰოსპიტალიზებულთა და გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელმა 7% შეადგინა. მსგავსი შედეგები დაფიქსირდა იმ პაციენტებშიც, რომლებმაც აბი სიმპტომების გამოჩენიდან ხუთი დღის განმავლობაში მიიღეს.
მედიკამენტი პაქსლოვიდი ფერმენტ პროტეაზას ებმის და ვირუსის გამრავლებას ხელს უშლის. ცნობისთვის, მსგავსი პრინციპით მოქმედებს აივ-ის ზოგიერთი წამალიც. ცნობისთვის, პაქსლოვიდის ეფექტიანობას Pfizer-ი საშუალო რისკის ჯგუფის პაციენტებშიც იკვლევს, ხოლო მომავალში, ამ მედიკამენტის პროფილაქტიკური გამოყენების შესწავლისათვის, კლინიკური ცდების ჩატარებას აპირებს.
სასიხარულო სიახლის გამოცხადებიდან ერთ დღეში, Pfizer-ის აქციათა ფასმა 11%-ით იმატა. ამავდროულად, Pfizer-ის კონკურენტების საბაზრო ღირებულება შემცირდა: Merck-ისა 10%-ით, ხოლო Moderna-სი – 20%-ით.
აღსანიშნავია, რომ Pfizer-ი პირველი კომპანია არ გახლავთ, რომელმაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატი წარმოადგინა: ამერიკულმა ფარმაკოლოგიურმა გიგანტმა, Merck-მა ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილი ანტივირუსული პრეპარატი, სახელწოდებით მოლნუპირავირი – სიკვდილიანობას 50%-ით ამცირებს. ცნობისთვის, გასულ კვირას, დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ქვეყანაში მოლნუპირავირის გამოყენების ნებართვა გასცა.
ცნობისთვის, გასულ კვირას, კოვიდ-19-ით გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობამ ხუთ მილიონს გადააჭარბა, რაც ახალი კორონავირუსის პანდემიას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უხვდანაკარგიან პანდემიად აქცევს.
ქართული Singular-ი უდიდესმა გეიმინგის კომპანიამ, Flutter-მა შეიძინა
ქართული ტექნოლოგიური კომპანია Singular-ი გეიმინგის მსოფლიო გიგანტმა, Flutter-მა შეისყიდა. ცნობისთვის, კომპანიები წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ, რა დროსაც Flutter-ი ქართული კომპანიის გუნდის მოქნილობით, კორპორაციული კულტურითა და ტექნოლოგიური პოტენციალით მოიხიბლა და მისი 100%-იანი წილის შეძენა გადაწყვიტა.
“მოხარულნი ვართ, რომ ისეთი ძლიერი ტექნოლოგიური ბრენდი, როგორიც Singular-ია, Flutter-ის დიდი ოჯახის წევრი გახდა. Singular-ის მოქნილი, ინკლუზიური და თანამშრომლობითი კულტურა ძალიან ახლოს დგას Flutter International-ის კულტურასთან, რაც მიმყარებს რწმენას, რომ ერთად კიდევ უფრო გავძლიერდებით. მოუთმენლად ველი უახლოესი წლების მანძილზე ჩვენი ამბიციური გეგმების შესრულებას”, – აღნიშნავს Flutter International-ის ტექნიკური დირექტორი, პოლ მაქკორმიკი.
“მოუთმენლად ველით Singular-ის საქმიანობაში ახალი თავის დაწყებას, ამჯერად უკვე მსოფლიო მასშტაბით, უდიდესი ონლაინგეიმინგის კომპანიის – Flutter-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრენდის სტატუსით. ეს ჩვენი გუნდის მიერ ინოვაციებისადმი ერთგულებისა და ამისთვის გაწეული უზარმაზარი შრომის მნიშვნელოვანი აღიარებაა. თითოეულმა თანამშრომელმა ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნაში, Flutter-თან შეთანხმება კი ჩვენ მიერ არჩეული გზის მართებულობის დასტურად შეიძლება ჩაითვალოს“, – აღნიშნავს Singular-ის თანადამფუძნებელი და მმართველი დირექტორი გიორგი შამუგია.
აღსანიშნავია, რომ Flutter ჯგუფი საჯაროდ აღიარებული, მსოფლიოს უდიდესი ონლაინგეიმინგის კომპანიაა, რომელიც 100-ზე მეტ გლობალურ ბაზარზე გვხვდება. ჯგუფი განსაკუთრებით ცნობილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა PokerStars-ი, PaddyPower-ი, FanDuel-ი და Betfair-ი. ცნობისთვის, 2020 წელს, Flutter-მა 4.4 მილიარდი გირვანქა სტერლინგის შემოსავალი მიიღო.