სინგულარი მსოფლიოს უდიდესი ონლაინ გეიმინგ ბრენდის ნაწილი ხდება

სინგულარი მსოფლიოს უდიდესი ონლაინ გეიმინგ ბრენდის ნაწილი ხდება

სულ ცოტა ხნის წინ Flutter Entertainment-მა სინგულარის 100% შეისყიდა, ამ სტრატეგიული გადაწყვეტილების მთავარი განმაპირობებელი კი, კომპანიის ტექნოლოგიები აღმოჩნდა. საერთაშორისო ჯგუფის ერთ-ერთი ბრენდის სტატუსი სინგულარისთვის უამრავ  შესაძლებლობასა და ახალ ბაზრებზე განვითარებას ნიშნავს.

Flutter ჯგუფი (flutter.com) საჯაროდ აღიარებული, მსოფლიოს უდიდესი ონლაინ გეიმინგ კომპანიაა, რომელიც 100-ზე მეტ გლობალურ ბაზარზე მოღვაწეობს. ჯგუფი განსაკუთრებით ცნობილია ისეთი მოწინავე ბრენდებით, როგორიცაა PokerStars-ი და ინდუსტრიაში ცნობილი სახელები: PaddyPower-ი, FanDuel-ი, Betfair -ი, და უამრავი სხვა.

სინგულარი Flutter-ის საერთაშორისო დანაყოფის ნაწილი ხდება. ბოლო წლების მანძილზე Flutter-ი ბევრჯერ გახდა სინგულარის მუშაობის სტილისა და პროდუქტის შექმნის პროცესში გუნდის მოქნილობის თვითმხილველი. აქედან გამომდინარე, სინგულარის შესყიდვა, შეიძლება თამამად ჩაითვალოს მისი ტექნოლოგიური შესაძლებლობების, კომპანიის კულტურისა და გუნდის ინოვაციური პოტენციალის აღიარებად.

“მოხარულნი ვართ, რომ ისეთი ძლიერი ტექნოლოგიური ბრენდი, როგორიც სინგულარია ფლატერის დიდი ოჯახის წევრი გახდა. სინგულარის მოქნილი, ინკლუზიური და თანამშრომლობითი კულტურა ძალიან ახლოს დგას Flutter International-ის კულტურასთან, რაც მაძლევს მყარ რწმენას, რომ ერთად კიდევ უფრო გავძლიერდებით. მოუთმენლად ველი უახლოესი წლების მანძილზე ჩვენი ამბიციური გეგმების შესრულებას”. – პოლ მაკკორმიკი, Flutter International-ის CTO.

Flutter-ის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი “შესყიდვა და ახალ ზრდად ბაზრებზე შესვლა”-ა. ამ პროცესში Flutter-ისთვის სინგულარი ძირითად საყრდენს წარმოადგენს, ვინაიდან სწორედ ის უზრუნველყოფს ჯგუფს ინდუსტრიისთვის უნიკალური, მოდულური და მულტი-ვერტიკალური არქიტექტურის მქონე პროგრამული გადაწყვეტილებებით; რაც, როგორც აღმოჩნდა, ახალ რეგულირებად ბაზრებზე შესვლისას წარმატების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.

სინგულარის თანადამფუძნებელი და მმართველი დირექტორი, გიორგი შამუგია აღნიშნავს: “მოუთმენლად ველით სინგულარის საქმიანობაში ახალი თავის დაწყებას, ამჯერად უკვე მსოფლის მასშტაბით უდიდესი ონლაინ გეიმინგის კომპანიის – Flutter-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრენდის სტატუსით. ეს ჩვენი გუნდის მიერ ინოვაციებისადმი ერთგულებისა და ამისთვის გაწეული უზარმაზარი შრომის მნიშვნელოვანი აღიარებაა. თითოეულმა თანამშრომელმა ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნაში, Flutter- თან შეთანხმება კი, ჩვენს მიერ არჩეული გზის მართებულობის დასტურად შეიძლება ჩაითვალოს.”

Flutter-ის საერთაშორისო დანაყოფის წევრობა სინგულარს ახალ ბაზრებთან მჭიდრო კონტაქტის უამრავ შესაძლებლობას აძლევს და ბრენდებს, გუნდებსა და თანამშრომლებს შორის იდეების გაცვლისა და ცოდნის გაზიარებისთვის ხელსაყრელ გარემოს უქმნის. Flutter Entertainment-ი, როგორც გლობალური პლატფორმა, სინგულარის თანამშრომლებს აძლევს წვდომას პროექტების ფართო სპექტრთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამასთან ერთად, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

ამ მასშტაბის მოვლენის ფონზე, აღსანიშნავია, რომ კომპანიის გაყიდვა გავლენას არ მოახდენს მის ოპერაციულ საქმიანობასა და სინგულარის დაქვემდებარების სტრუქტურაზე. Flutter ჯგუფი ინკლუზიური კულტურით გამოირჩევა, რომელიც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საკუთარი ბრენდების ზრდაზე, მაქსიმალურად მხარს უჭერს და ამავდროულად აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნონ იდენტობა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *