Merck-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო აბი სიკვდილიანობას 50%-ით ამცირებს

Merck-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო აბი სიკვდილიანობას 50%-ით ამცირებს

Merck & Co.-ს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატი, სახელწოდებით მოლნუპირავირი ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის შემთხვევებს 50%-ით ამცირებს, – ეს პრეპარატის ბოლოს სტადიის შუალედური კვლევის შედეგებით ირკვევა. Merck-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, რობ დევისი აღნიშნავს, რომ პრეპარატის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციისთვის, კომპანია აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) და სხვა ქვეყნების მარეგულირებლებს უმოკლეს ვადაში მიმართავს.

„შედეგებით საოცრად კმაყოფილნი ვართ“, – აღნიშნა დევისმა Bloomerg-თან ინტერვიუში. „ამ პრეპარატის მისაღებად არც საავადმყოფოში მოგიწევთ წასვლა და არც სპეციალურ ცენტრში. ეს პრეპარატი – აბია, რომლის მიღება სახლშიც შეიძლება“. აღსანიშნავია, რომ მოლნუპირავირი განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც სახლში მკურნალობენ და სიმპტომები ხუთზე ნაკლები დღის განმავლობაში აღენიშნებათ ან იმათთვის, ვინც სხვადასხვა რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

ახალი პრეპარატის კვლევაში მონაწილეობა ჯამში 775 ადამიანმა მიიღო. კვლევის იმ მონაწილეებიდან, რომელთაც მოლნუპირავირი მიიღეს, საავადმყოფოში მხოლოდ 7% მოხვდა – პლაცებოს შემთხვევაში ეს შედეგი 14%-ია. აღსანიშნავია, რომ მოლნუპირავირის მიმღებებს შორის არავინ გარდაცვლილა – პლაცებოს კატეგორიაში კი კორონავირუსმა რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

Merck-ის განცხადებით, ამა წლის ბოლომდე ისინი ათი მილიონი სამკურნალო კურსისთვის საკმარის მედიკამენტებს გამოუშვებენ. ახალი ამბის გაჟღერებისას, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Merck-ის ერთი აქციის ფასმა 4.9%-ით იმატა.

დატოვე კომენტარი

1 კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.