Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

რაკიღა დეკემბრის შუა რიცხვები კარს მოგვადგა, კომპანიებს სამომავლო გეგმების დალაგების და მომავალი წლების ბიუჯეტების შედგენის დედლაინები ეწიათ: ასე რომ, უცნაური სულაც არ უნდა იყოს, რომ გასულ კვირას, სამომავლო IPO-ს შესახებ ორმა კომპანიამ, Reddit-მა და LiveWire-მა განაცხადეს. თუმცა  გასულ კვირას თავი არც მეტავერსმა დაგვავიწყა: Meta-ს ჭკვიანი სათვალე, Ray-Ban Stories-ი განახლდა და ამიერიდან, Messenger-ში შეტყობინებების გაგზავნის საშუალებას მოგცემთ. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

Intel-ი მალაიზიაში მიკროჩიპების $7-მილიარდიან ქარხანას ააშენებს

მიკროჩიპების გლობალური დეფიციტისა და ჩამოშლილი მიწოდების ჯაჭვების ფონზე, Intel-ი მალაიზიაში მიკროჩიპების $7-მილიარდიან ქარხანას ააშენებს, რითაც აღმოსავლეთ აზიის ამ კუნძულოვან სახელმწიფოს წარმოების ერთ-ერთ გლობალურ ჰაბად აქცევს, – ამის შესახებ გასულ კვირას, კუალა-ლუმპურის აეროპორტში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელსაც Intel-ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელის, პოლ გელსინგერის გარდა, მალაიზიის მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ.

ფოტო: Mustafa Ciftci/ Anadolu Agency

აღსანიშნავია, რომ ამ ქარხნის გახსნა, პოლ გელსინგერის CEO-დ დანიშვნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლდათ: ჯერ კიდევ თებერვალში, როცა ამერიკელი ამ თანამდებობაზე დაინიშნა, კომპანიის მესვეურებმა განუცხადეს, რომ Intel-ს აზიური გიგანტები უნდა ჩამოეშორებინა და  წარმოების გლობალურ სადავეებთან უნდა დაბრუნებულიყო. ცნობისთვის, მალაიზიური ქარხნის გარდა, Intel-ს ქარხანა ჩინეთშიც, დალიანში აქვს.

საინტერესოა ისიც, რომ პოლ გელსინგერის ეს მალაიზიური ტური დაემთხვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის პირველ ტურნეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ცხადია, რომ Intel-ის მიერ მალაიზიაში ქარხნის გახსნა – პოლიტიკური ნაბიჯიც არის. გელსინგერის თქმით (და ამ პოზიციას ის ღიად ლობირებს აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან),  TSMC-ისა და Samsung-ის მსგავსი კომპანიები, რომელთაც მიკროჩიპების ქარხნები ამერიკაშიც აქვთ, მაგრამ ამ პროდუქტს საზღვარგარეთ აწარმოებენ, ახალი საკანონმდებლო პროექტით, ე.წ. „ჩიპების აქტით“ არ უნდა დაფინანსდნენ. გარდა ამისა, პოლ გელსინგერი მიიჩნევს, რომ აზიასა და ტაივანში მაღალი კლასის წარმოების კონცენტრირება  სტრატეგიულად სახიფათოც არის.

MGM-ის პოტენციური თანამშრომლები სამსახურს ვირტუალურ რეალობაში გამოცდიან

სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გიგანტი, MGM Resorts-ი საკუთარ პოტენციურ თანამშრომლებს მომავალი სამსახურის ვირტუალურ რეალობაში გამოცდის საშუალებას მისცემს, რითაც კომპანია, ბაზარზე ისედაც რაოდენობრივად შემცირებულ თანამშრომლებს ღონის გამოლევას თავიდან აარიდებს. ამ პროგრამისთვის MGM-ი Strivr-ის ვირტუალური რეალობის სათვალეს გამოიყენებს, რომელიც, როგორც წესი, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ინდუსტრიებში დასაქმებული ადამიანების ტრენინგებისთვის გამოიყენება.

ფოტო: MGM Resort Osaka

რეალურად, MGM-ის ინოვაციური იდეა საკმაოდ მარტივია – ის პოტენციური დამსაქმებლების თვალში სწორი მოლოდინების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რადგან ამგვარად მათ ზუსტად ეცოდინებათ, თუ რა სახის სამუშაოს შესრულება მოუწევთ. „ზოგჯერ შესასრულებელი სამუშაოების აღწერა ვერბალურად ან მათი ვიდეოს ჩვენება – საკმაოდ რთულია“, – აღნიშნავს MGM Resorts-ის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლორა ლი. ამგვარად, ვირტუალური რეალობის სათვალით, პოტენციური დამსაქმებლები უკეთესად გაიგებენ, თუ რა სახის სამუშაოს შესრულება მოუწევთ.

ახალი მიდგომის დატესტვას, MGM-ი იაპონიის ქალაქ ოსაკაში გეგმავს, სადაც კომპანია $9.1 მილიარდის ღირებულების სასტუმროსა და კაზინოს ხსნის, რომელიც იაპონიაში პირველი ოფიციალური კაზინო იქნება. ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვა სწორედ ამ სიახლემ განაპირობა – გამომდინარე იქიდან, რომ იაპონელთა უმრავლესობას კაზინოსთან შეხება არასდროს ჰქონია, ისინი არც ინდუსტრიას იცნობენ – გათვითცნობიერებაში მათ ვირტუალური რეალობის სათვალე დაეხმარებათ.

Reddit-ი IPO-სთვის ემზადება

პოპულარული სოციალური ვებგვერდი Reddit-ი საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების პირველადი განთავსებისთვის ემზადება – ამ გადაწყვეტილების შესახებ კომპანიამ უკვე აცნობა აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის პრესრელიზი საკმაოდ მოკლე და არაინფორმაციულია, კომპანიის IPO-ს მარეგულირებლისაგან დასტურის მიღების შემდეგ უნდა ველოდოთ – სავარაუდოდ, გასაყიდ აქციათა რაოდენობა და სავარაუდო ფასი სწორედ მაშინ გახდება ცნობილი. მიუხედავად ამისა, ცნობილია კომპანიის დაახლოებითი საბაზრო ღირებულება – ჯერ კიდევ აგვისტოში Reddit-მა $700 მილიონი მოიზიდა, ხოლო კომპანია $10 მილიარდად შეფასდა.

მოგეხსენებათ, რომ საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი განთავსება საკმაოდ კომპლექსური და გრძელვადიანი პროცესია, რომლისთვისაც Reddit-ი უკვე დიდი ხანია, ემზადება: ჯერ კიდევ სექტემბერში კომპანიამ საინვესტიციო ბანკირები და იურისტები დაიქირავა, ხოლო მარტში ფინანსურ დირექტორად დრიუ ვოლერო დანიშნა, რომელიც Snap-ის IPO-ს  ჯერ კიდევ 2017 წელს ხელმძღვანელობდა.

Reddit-ი სოციალური ქსელების პირველი ტალღის ნაშიერია – ის 2005 წელს დაარსდა და დღემდე საკმაოდ პოპულარულია როგორც ახალი ამბების აგრეგატორი, რომელსაც ზურგს საკმაოდ ძლიერი კომუნა უმაგრებს. სოციალურ ქსელში ყოველდღიურად  50 მილიონი აქტიური მომხმარებელი სტუმრობს – ისინი 100 ათასზე მეტ ჯგუფში ერთიანდებიან. ამა წლის მეორე კვარტალში კომპანიამ $100 მილიონის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც 192%-ით მეტია, ვიდრე გასულ წელს. დროთა განმავლობაში სოციალური ქსელი ვიდეო- და აუდიოფორმატების ინტეგრაციას გეგმავს, რაც პლატფორმის პოპულარობასა და შემოსავალს კიდევ უფრო გაზრდის.

Harley-Davidson-ის ელექტრობრენდი LiveWire-ი IPO-სთვის ემზადება

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ამერიკული Harley-Davidson-ის შვილობილი კომპანიის, ელექტრომოტოციკლების მწარმოებელი LiveWire-ის აქციები საფონდო ბირჟაზე დაილისტება – ამ გარიგების შედეგად, რომელიც SPAC-კომპანიასთან შერწყმით განხორციელდება, კომპანია $545 მილიონის მოზიდვას აპირებს, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო ღირებულება $1.77 მილიარდს გაუტოლდება.

ფოტო: LiveWire

საფონდო ბირჟაზე LiveWire-ი, SPAC-კომპანია AEA-Bridges Impact Corp.-თან შერწყმის შედეგად მოხვდება. ცნობისთვის, ზემოხსენებული კომპანიის დამაარსებლები კერძო კაპიტალის ინდუსტრიის წარმომადგენლები, ჯონ გარსია და მიკელე გიდენსი არიან, რომლებიც ჯერ კიდევ შარშან გაერთიანდნენ,  რათა ისეთ კომპანიას შერწყმოდნენ, რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებით ფუნქციონირებდა. საინტერესოა Harley-Davidson-ის მესამე, ამჯერად სტრატეგიული პარტნიორიც – LiveWire-ის მოტოციკლებს ელექტროსკუტერების ტაივანური კომპანია, Kymco ააწყობს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ LiveWire-ს დამოუკიდებლობის არცთუ ისე დიდი ისტორია აქვს: მშობელ კომპანიას ის ამ წლის დასაწყისში გამოეყო, რადგან Harley-Davidson-ს ელექტრომოტოციკლების წარმოება ცალკე სურდა. კომპანიის პირველი პროდუქტი, მოტოციკლი სახელწოდებით LiveWire One-ი გახლავთ, რომელიც ბატარეის ერთი დამუხტვით 230 კილომეტრს გადის და $21,999 ღირს.

ცნობისთვის, LiveWire-ი 118-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიის ერთადერთი ელექტროწამოწყება არ გახლავთ: კომპანია ელექტროველოსიპედების ბრენდ Serial 1-საც ფლობს. ისე კი, ორივე შემთხვევაში, Harley-Davidson-ი ერთსა და იმავე სტრატეგიას მიმართავს – კომპანიას სურს, რომ ამ ორმა ელექტროწამოწყებამ დამოუკიდებლად იარსებოს, მაგრამ თან მშობელი კომპანიის სახელი გამოიყენოს.

„LiveWire-ს მოტოციკლების წარმოების ინდუსტრიის თავდაყირა დაყენება სურს, რისთვისაც ფოკუსს  მის იქით არსებულ ურბანულ ბაზრებზე შეაჩერებს. LiveWire-ი, როგორც ძლიერი, მოთხოვნადი და გლობალურად უფრო და უფრო ცნობილი ბრენდი, მომავლის ტექნოლოგიის განვითარებისათვის და მოტოციკლების ინდუსტრიაში რევოლუციის მოსახდენად ინვესტიციას არ დაიშურებს. LiveWire-ის დნმ-ი ელექტრომოტოციკლების ინდუსტრიაში ათწლეულის განმავლობაში დაგროვილ ცოდნასა და მოტოციკლების ყველაზე სასურველი ბრენდის, Harley-Davidson-ის მემკვიდრეობას დაეფუძნება“, – ვკითხულობთ კომპანიის პრესრელიზში.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის კონტექსტი, რომელშიც Harley-Davison-ის ეს გადაწყვეტილება გავრცელდა – ბოლო დროს, SPAC-კომპანიასთან შერწყმით, საფონდო ბირჟაზე არაერთი ელექტრომწარმოებელი გავიდა. ყველაზე კარგი შედეგი Lucid Motors-მა დადო – კომპანია $20 მილიარდად შეფასდა, მაგრამ იყო იმედგაცრუებებიც: Lordstown-ი, Canoo, Nikola და Lucid-იც კი, რომლის საქმიანობას ახლა აშშ-ის მარეგულირებელი ორგანო სწავლობს.

ამიერიდან, Ray-Ban Stories-ით მესიჯების გაგზავნას შეძლებთ

მას მერე, რაც სექტემბრის დასაწყისში მარკ ცუკერბერგმა Meta-ს (მაშინ კი, Facebook-ის) და Luxottica-ს კოლაბორაციით შექმნილი ჭკვიანი სათვალე, Ray-Ban Stories-ი წარმოადგინა, მის შესახებ სიახლე თითქოს არ გავრცელებულა. თუმცა, ეს მას მერე შეიცვალა, რაც ცუკერბერგმა Facebook-ში ჭკვიანი სათვალის პირველი მასშტაბური განახლების შესახებ დაწერა, რომელთა დახმარებით, მომხმარებლებს, Messenger-ის გამოყენებით, მესიჯების გაგზავნა და მოსმენა, დარეკვა, ხმის აწევა-დაწევა, მუსიკის დაპაუზება და ჩართვა შეეძლებათ.

თავის დროზე, Ray-Ban Stories-ს ორი კამერა გამოარჩევდა, რომელთა დახმარებით მოკლე ვიდეოების გადაღება და გაზიარება იყო შესაძლებელი, მაგრამ უკანასკნელი განახლების დახმარებით, ის უფრო სასარგებლო მოწყობილობად იქცა – შეიძლება ითქვას, რომ ახლა ეს სათვალე ნამდვილად ჭკვიანი გახდა. საინტერესო კი ის არის, რომ 2022 წლისთვის მარკ ცუკერბერგი კიდევ უფრო მეტ განახლებას გვპირდება.

IBM-ისა და Samsung-ის ახალი ჩიპით, სმარტფონის ელემენტი ერთ კვირას გასტანს

IBM-მა და Samsung-მა ისეთი მიკროჩიპი შექმნეს, რომლის დახმარებით სმარტფონის ბატარეა, ერთი სრული დამუხტვით, ერთ კვირას გასტანს. მიკროჩიპის „ნოუ-ჰაუ“ იმაში მდგომარეობს, რომ მასში შემავალი ტრანზისტორები ერთმანეთს ვერტიკალურად უკავშირდება და არა ჰორიზონტალურად, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

ახალი ტექნოლოგია, რომელსაც ვერტიკალურად ტრანსპორტირებადი უნიპოლარული ტრანზისტორი (VTFET) ეწოდება, ჩაანაცვლებს FinFET-ტექნოლოგიას, რომელსაც დღეს ყველაზე მძლავრ ჩიპებში იყენებენ – შედეგად კი უფრო მძლავრ მიკროჩიპებს მივიღებთ. ტრანზისტორების ამგვარი ხერხით დალაგება ლოგიკურიც არის, რადგან მეცნიერები უკვე დიდი ხანია, მიკროჩიპების სამგანზომილებიან განვითარებაზე ფიქრობენ – მათ სხვა გზა არც აქვთ, რადგან ორგანზომილებიან სიბრტყეზე ტრანზისტორები უბრალოდ აღარ ეტევა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოიყენებენ ტექნოლოგიური კომპანიები ახალ ტექნოლოგიას თავიანთ პროდუქტებში, IBM-ი და Samsung-ი თამამად აცხადებენ, რომ FinFET-თან შედარებით, ამ ტექნოლოგიას მიკროჩიპის წარმადობის გაორმაგება ან ელექტროენერგიის მოხმარების 85%-ით შემცირება შეუძლია. ამ შედეგების უკეთ საჩვენებლად, კომპანიების წარმომადგენლებს კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავთ: მათი თქმით, ახალ ტექნოლოგიაზე ბაზირებული უფრო მძლავრი მიკროჩიპები ისეთ სმარტფონებს დაუდებენ სათავეს, რომელთა დამუხტვა კვირაში ერთხელ იქნება შესაძლებელი. თუმცა, ეს ყველაფერი როდია: კრიპტოვალუტების მაინინგსა და მონაცემების დაშიფვრას VTFET-ტექნოლოგია გაცილებით უფრო ენერგოეფექტიანს გახდის.

Nike-მა ციფრული ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია, RTFKT შეიძინა

Nike-მა NFT-ტექნოლოგიაზე ბაზირებული ციფრული ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია, RTFKT შეიძინა, – ამის შესახებ ტანსაცმლის მსოფლიო გიგანტმა ორშაბათს განაცხადა. Nike-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ RTFKT-ი საკუთარი ინდუსტრიის წამყვანი ბრენდია, რომელიც, ინოვაციის გზით, ისეთ საკოლექციო ნივთებს აწარმოებს, კულტურისა და გეიმინგის სამყაროებს რომ აერთიანებენ.

ფოტო: Frikigamers

„Nike-ის ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე, ეს შენაძენი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, სპორტსმენებსა და კრეატორებს სპორტის, შემოქმედებითობის, გეიმინგისა და კულტურის გადაკვეთაზე მოვემსახუროთ“, – აღნიშნა Nike-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა და პრეზიდენტმა, ჯონ დონაჰოუმ.

აღსანიშნავია, რომ სახელი RTFKT-მ ამა წლის თებერვალში გაითქვა, როცა ტინეიჯერ არტისტთან, FEWOCiOUS-თან კოლაბორაციით შექმნილი რეალური კედები ვირტუალურ კედებთან ერთად გაყიდა – განთავსებიდან ექვს წუთში 600 წყვილი ფეხსაცმელი გაიყიდა, რამაც კომპანიას $3.1  მილიონი მოუტანა.

„ძალიან ნიჭიერი კრეატორების გუნდი შევიძინეთ, რომელთაც ავთენტური და დაკავშირებული ბრენდი შექმნეს. ჩვენი გეგმაა, RTFKT-ის ბრენდში თანხები  დავაბანდოთ,  წარმოება გავზარდოთ და მოვემსახუროთ მათ ინოვაციურ და კრეატიულ კომუნას, რითაც Nike-ის ციფრულ ნაკვალევსა და შესაძლებლობებს კიდევ უფრო გავზრდით“, – წერს ჯონ დონაჰოუ.

ფოტო: Nike

აღსანიშნავია, რომ ბრენდის შეძენის შემდეგ Nike-მა RTFKT-ის ლოგო სხვა ცნობილი ბრენდების ლოგოების გვერდზე განათავსა – Nike-ის, Jordan-ისა და Converse-ის ლოგოებს, ამიერიდან, RTFKT-ის ლოგოც შეემატა. საინტერესო კი ის არის, რომ თითოეულ ამ ბრენდს მრავალწლიანი ისტორია აქვს, ხოლო უკანასკნელი 2020 წელს შეიქმნა. როგორც ჩანს, Nike-ი ხვდება მეტავერსის მნიშვნელობას და მზად არის, მასში ერთ-ერთი პირველი იყოს. „Nike-ი მსოფლიოში ერთადერთი ბრენდია, რომელსაც ინოვაციის, კრეატიულობისა და კომუნის მიმართ ასეთ ღრმა ინტერესი აქვს – გვსურს, სრულად მეტავერსში შექმნილი ბრენდი კიდევ უფრო გავზარდოთ“, – აღნიშნა RTFKT-ის თანადამფუძნებელმა, ბენუა პაგოტომ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *