Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასულ კვირას, მსოფლიოს ტექნოლოგიურ ბაზარზე არაერთი ჭკვიანი მოწყობილობა გამოჩნდა: Nreal-მა გაფართოებული რეალობის განახლებული მზის სათვალე წარმოადგინა, ხოლო Toyota-მ ახალი ელექტროსკუტერი დაანონსა. ამავდროულად, ტექნოლოგიურად, არც საქართველოში მოვიწყინეთ: ძმებმა არველაძეებმა სპორტულ თემატიკაზე პირველი NFT გამოუშვეს, ხოლო GITA-მ 100,000-ლარიანი გრანტით ოცი სტარტაპი დააფინანსა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

Nreal-მა გაფართოებული რეალობის ბიუჯეტური მზის სათვალე წარმოადგინა

ამერიკულმა Nreal-მა გაფართოებული რეალობის ბიუჯეტური მზის სათვალე, Nreal Air-ი წარმოადგინა. კომპანიის წინა მოდელთან შედარებით ახალი სათვალე უფრო კომპაქტურია და iOS-ის მხარდაჭერაც აქვს. Nreal-ის უახლესი სათვალე იაპონიაში, ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში მიმდინარე წლის დეკემბერში გამოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ფასს არ ასაჯაროებს, მათი თქმით, სათვალის ეს მოდელი წინა მოდელის ფასზე ბევრად მცირე იქნება – ცნობისთვის, Nreal Light-ი $586 ღირს.

ფოტო: Nreal

აღსანიშნავია, რომ წინა მოდელის მსგავსად, Nreal Air-იც დიზაინით ჩვეულებრივ მზის სათვალეს წააგავს. სათვალე ორი Micro OLED დისპლეით არის აღჭურვილი, რომლებიც ტელეფონს კაბელით უკავშირდება. თუმცა, წინა მოდელისაგან განსხვავებით, Nreal Air-ს თქვენ მიღმა არსებული სამყაროს შეცნობა არ შეუძლია – ის შექმნილია იმისთვის, რომ სათვალის შუშაზე ვიდეო და სატელეფონო პროგრამები გამოსახოს. გარდა ამისა, Nreal-ის სათვალეს განსაკუთრებული ფუნქცია აქვს: იმ შემთხვევაში, თუ ამ სათვალის მქონე რამდენიმე ადამიანი ერთად შეიკრიბება, ისინი წვეულების რეჟიმის გააქტიურებას შეძლებენ, რა დროსაც მათ ეკრანებზე ერთი და იგივე დეტალები გამოისახება. ცნობისთვის, Nreal-ის სამიზნე აუდიტორიას ინდივიდუალური მომხმარებლები წარმოადგენენ და არა ბიზნესები, მკვლევრები თუ სამხედროები.

ვიზუალურად, Nreal-ის უახლესი სათვალე განსაკუთრებით დახვეწილია და Facebook-ისა და Ray-Ban-ის კოლაბორაციით შექმნილ უახლეს ჭკვიან სათვალეს, Ray-Ban Stories-ს წააგავს. მეტიც, განახლებული სათვალის ლინზების სამი კუთხით დატრიალება შეიძლება, რაც გაფართოებული რეალობით დატანილი გამოსახულების გარჩევადობას უზრუნველყოფს. iPhone-ებისა და iPad-ების გარდა, Nreal Air-ი ანდროიდის ოპერაციული სიტემის თითქმის ყველა მოწყობილობას დაუკავშირდება. ცნობისთვის, Nreal Air-ი სულ რაღაც 77 გრამს იწონის.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს, ჭკვიანი სათვალე ორმა გიგანტმა კომპანიამ წარმოადგინა: ასეთი იყო Facebook-ისა და Ray-Ban-ის კოლაბორაციით შექმნილი Stories და Xiaomi-ს მიერ წარმოდგენილი კონცეპტუალური სათვალე. ახლა, ამ სიას Nreal-იც შეემატა.

Toyota- სამთვლიანი ელექტროსკუტერი წარმოადგინა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა, Toyota-მ სამთვლიანი ელექტროსკუტერი, C+walk წარმოადგინა, რომლის სამიზნე აუდიტორიას, ამ ეტაპზე, მობილობის სირთულეების მქონე ასაკოვანი ადამიანები წარმოადგენენ. თავდაპირველად, სკუტერები საწყობებში, ქარხნებში, სავაჭრო მოლებსა და აეროპორტებში შეგვხვდება, მაგრამ სამომავლოდ Toyota ამ პროდუქტის იაპონიის საავტომობილო გზებზე გატანასაც ფიქრობს.

ფოტო: Toyota

მიუხედავად იმისა, რომ Toyota-ს ეს სკუტერი სხვა ელექტროსკუტერებსაც ჰგავს, მათ შორის Bird Three-სა და Segway PT-ს, ის აშკარად Concept-i Walk-ის დახვეწილი ვარიანტია, რომელიც იაპონელმა გიგანტმა ჯერ კიდევ 2017 წელს წარმოადგინა. C+walk-ი ცვალებადი ლითიუმ-იონური ბატარეითაა აღჭურვილი, რომლის სრული დამუხტვით სკუტერი დაახლოებით 13 კილომეტრს გადის – მას შემდეგ, მის ხელმეორედ დასამუხტად ორი საათი დაგჭირდებათ. Toyota-ს ეს სკუტერი საკმაოდ ნელია – მისი მაქსიმალური სიჩქარე 10 კმ/სთ-ია. თუმცა, მისი დანიშნულებიდან გამომდინარე, C+walk-ი საკმაოდ დახვეწილია – მას წინაღობების არიდების სისტემა აქვს, რომელიც მძღოლს ატყობინებს, როცა მას გზაზე გარკვეული წინაღობა ელოდება ან სულაც აჩერებს სკუტერს, თუკი შეჯახება გარდაუვალია.

Toyota-ს უახლესი სკუტერების გაყიდვას იაპონიაში თვის ბოლოს დაიწყებენ, ხოლო მისი საწყისი ფასი $3100 იქნება.

Merck-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო აბი სიკვდილიანობას 50%-ით ამცირებს

Merck & Co.-ს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატი, სახელწოდებით მოლნუპირავირი ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის შემთხვევებს 50%-ით ამცირებს, – ეს პრეპარატის ბოლოს სტადიის შუალედური კვლევის შედეგებით ირკვევა. Merck-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, რობ დევისი აღნიშნავს, რომ პრეპარატის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციისთვის, კომპანია აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) და სხვა ქვეყნების მარეგულირებლებს უმოკლეს ვადაში მიმართავს.

ფოტო: Merck

„შედეგებით საოცრად კმაყოფილნი ვართ“, – აღნიშნა დევისმა Bloomerg-თან ინტერვიუში. „ამ პრეპარატის მისაღებად არც საავადმყოფოში მოგიწევთ წასვლა და არც სპეციალურ ცენტრში. ეს პრეპარატი – აბია, რომლის მიღება სახლშიც შეიძლება“. აღსანიშნავია, რომ მოლნუპირავირი განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც სახლში მკურნალობენ და სიმპტომები ხუთზე ნაკლები დღის განმავლობაში აღენიშნებათ ან იმათთვის, ვინც სხვადასხვა რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

ახალი პრეპარატის კვლევაში მონაწილეობა ჯამში 775 ადამიანმა მიიღო. კვლევის იმ მონაწილეებიდან, რომელთაც მოლნუპირავირი მიიღეს, საავადმყოფოში მხოლოდ 7% მოხვდა – პლაცებოს შემთხვევაში ეს შედეგი 14%-ია. აღსანიშნავია, რომ მოლნუპირავირის მიმღებებს შორის არავინ გარდაცვლილა – პლაცებოს კატეგორიაში კი კორონავირუსმა რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

Merck-ის განცხადებით, ამა წლის ბოლომდე ისინი ათი მილიონი სამკურნალო კურსისთვის საკმარის მედიკამენტებს გამოუშვებენ. ახალი ამბის გაჟღერებისას, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Merck-ის ერთი აქციის ფასმა 4.9%-ით იმატა.

GITA- 100,000-ლარიანი გრანტი ოცმა სტარტაპმა მიიღო

მსოფლიო ბანკის პროექტის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის“ (GENIE) ფარგლებში, GITA-მ რიგით მეშვიდე თანადაფინანსების გრანტების პროგრამა ჩაატარა – 100,000-ლარიანი გრანტით ოცი სტარტაპი დაფინანსდა. გამარჯვებულები წამყვანი ვენჩურული ინვესტორებით დაკომპლექტებულმა საინვესტიციო კომიტეტმა დაასახელა. თანადაფინანსების მისაღებად განაცხადი ჯამში 246-მა სტარტაპმა წარადგინა.

GITA- გამარჯვებული სტარტაპები არიან:

  • Temi Cloud – პროფესიულ ჯგუფებს და კომპანიებს ერთმანეთთან დაკავშირებაში ეხმარება.
  • Ganage – დაზღვევის დემოკრატიზაცია.
  • Plamood – სპორტული სოციალური მედიის ქსელი ვებსაიტსა და მობილურზე. აპლიკაცია სპორტსმენისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტს გვთავაზობს.
  • Brains – Academic Olympiads 2.0 – უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეებს აკადემიური ოლიმპიადებით, სადაც, ცოდნის შეფასებასთან ერთად, მოსწავლეები მიიღებენ მონაცემებზე დაფუძნებულ უკუკავშირსა და რეკომენდაციებს განსავითარებლად.
  • Online rehabilitation centre “dayone” – ლუდომანიის (თამაშდამოკიდებულება) პრევენცია/რეაბილიტაცია.
  • Vetapp – შინაური ცხოველების ვეტერინარული პასპორტის სმარტფონში ინტეგრირება.
  • Crosscreators – პროექტის მიზანია აუგმენტური რეალობის კრეატორებისა და ბრენდების დამაკავშირებელი „მარკეტფლეისის“ შექმნა.
  • Pro Major – პროექტის მიზანია სასმელისა და ფხვნილის სახით, მაღალი ცილის შემცველი ახალი თაობის უნიკალური პროტეინ-დანამატის შექმნა (მსოფლიო ანალოგი არ არსებობს).
  • Areal Guide – მუზეუმებისთვის ციფრული გიდის პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმის შექმნა.
  • Rentech – ხელმისაწვდომი სამომხმარებლო ტექნიკა.
  • Wrapstocks – ინოვაციური ფინტექ-სტარტაპი. საცალო ინვესტორებს, დაბალი ტრანზაქციის საკომისიოს გადახდით ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების საშუალებით, აქციების შეძენის საშუალებას აძლევს.
  • Goodleads – „ჭკვიანი“ CRM ასისტენტით უძრავი ქონების კომპანიების გაყიდვების გაზრდა.
  • Ensofy – Voice-AI-ის ტექნოლოგიის გამოყენებით, დეპრესიის სკრინინგისა და მონიტორინგის ინსტრუმენტის შექმნა.
  • Sumply Shop – ინსტაგრამის მომხმარებლებისთვის გამარტივებული ონლაინმაღაზია.
  • Ambry – სტარტაპის სლოგანი: „გავხადოთ კრიპტოსამყარო სანდო და უსაფრთხო“.
  • Theneo – პროექტის მიზანია, დეველოპერებმა და მცირე/საშუალო კომპანიებმა სწრაფად და მინიმალური ხარჯებით შეძლონ ტექნოლოგიური გიგანტების მსგავსი API დოკუმენტაციების გენერირება.
  • Kroudi – სრულად მომხმარებელზე ორიენტირებული ონლაინ ჯგუფურად შეძენის აპლიკაცია. გამყიდველების მიერ დაწესებული შეკვეთის მინიმალური რაოდენობის მიღწევისა და ლოგისტიკური ხარჯების დაზოგვის მიზნით, მომხმარებელთა ჯგუფი თავად იღებს გადაწყვეტილებას, რის შეძენა სურს.
  • GE – კომპანიებისთვის ადამიანური რესურსების მართვის პროცესების გამარტივება მათი გაციფრულების გზით.
  • Role playing video game “The way of Wrath” – პირველი ქართული ფართომასშტაბიანი კომპიუტერული როლური თამაშის შექმნა და გლობალურ ბაზარზე გატანა.
  • Thermonorth – ტრიბოლოგიაში გარღვევის გამოყენებით, გამონაბოლქვისა და წიაღისეული საწვავის ტრანსპორტსა და ენერგიის გამომუშავებაში მოხმარების 5%-მდე შემცირება.

შეგახსენებთ, რომ GITA-ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ექვსი ეტაპის განმავლობაში უკვე დაფინანსებულია 115 სტარტაპი. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროექტების შემუშავება, კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. საგრანტო კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი 2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

ძმებმა არველაძეებმა სპორტულ თემატიკაზე პირველი ქართული NFT გამოუშვეს

ძმები არველაძეების ერთობლივ NFT-ზე (Non-Fungible Token) ის საფეხბურთო მაისურები არის გამოსახული, რომლებიც ტყუპებმა ერთმანეთს 1997 წელს, „ბრედასა“ და „აიაქსის“ მატჩის შემდეგ გაუცვალეს, – ამის შესახებ შოთა არველაძე Facebook-ზე წერს. აღსანიშნავია, რომ იმ მატჩში ძმებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს – აჩი „ბრედაში“ თამაშობდა, შოთა კი – „აიაქსში“.

ფოტო: შოთა არველაძე via Rarible

„მე და აჩიმ გადავწყვიტეთ, ჩვენს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი და 1997 წელს, „ბრედასა“ და „აიაქსის“ მატჩის შემდეგ გაცვლილი მაისურები გავაციფრულოთ და ჩვენი ქომაგებისთვის (და არამარტო) NFT აქტივად ვაქციოთ, ციფრული ვერსია კი ხელმისაწვდომი გავხადოთ. ეს იქნება პირველი და ერთადერთი NFT, რომელსაც მე და აჩი ამ თემაზე გავაკეთებთ და შესაბამისად მყიდველს ექნება უნიკალური შანსი, რომ ამ მომენტის ციფრული ვერსიის მფლობელი გახდეს. ეს NFT-ი Ethereum-ის ბლოკჩეინზე დავიტანეთ და გაყიდვა აუქციონის წესით შემდეგი 30 დღის განმავლობაში მოხდება“, – წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, NFT-ის გამოშვებაში ძმებ არველაძეებს Amazon-ის რევერსული ლოგისტიკის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ბიზნესჯგუფის ხელმძღვანელი, პავლე მგელაძე დაეხმარა, რომელმაც მანამდე ლადო გუდიაშვილის ერთ-ერთი გრაფიკული ნამუშევარიც გააციფრულა.

აღსანიშნავია, რომ სპორტულ თემატიკაზე გამოშვებული პირველი ქართული NFT-ის აუქციონის გვერდზე, რომელიც პორტალ Rarible-ზე უკვე იყიდება, შოთა არველაძე ამ მაისურების სიმბოლურ დატვირთვაზე წერს: „მნიშვნელობით, ეს თამაშიც და მაისურიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასია ჩემს კარიერაში. ის ემოციები, რომლებიც აჩისთან შეხვედრის და მის წინააღმდეგ თამაშის დროს მქონდა, დღემდე ცოცხალია. ყოველ ჯერზე, ამ მაისურის დანახვა ჩემში ყველაფერს ერთად აღვიძებს, რაც მე და აჩის გვაკავშირებდა, მოედანზეც და მის მიღმაც“.

ცნობისთვის, NFT, ანუ Non-Fungible Token ეთერიუმის ბლოქჩეინზე აღბეჭდილი ინფორმაციის ერთი უნიკალური კოდია, რომლითაც, როგორც წესი, ხელოვნების ნიმუშებს ან მსგავსს, მაგრამ აუცილებლად უნიკალურ ნიმუშებს გამოხატავენ. შეიძლება ითქვას, რომ ციფრული სამყაროსთვის NFT ნიმუშები იგივეა, რაც ხელოვნების ნიმუშები ჩვენი სამყაროსთვის – ისინი უნიკალურია და მათი კოპირება შეუძლებელია, რის გამოც, ხშირად, NFT-ები კოლოსალურ თანხებად იყიდება. პირველი ბუმი NFT-ების ბაზარმა 2021 წლის მარტში განიცადა, მას მერე, რაც ხელოვან Beeple-ის ნამუშევარი „The First 5000 Days“ $69 მილიონად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ NFT-ები განსაკუთრებულად პოპულარულია სპორტსმენებში – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი NFT პლატფორმა, სახელწოდებით Autograph, ამერიკული ფეხბურთის ლეგენდას, ტომ ბრეიდის ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ სხვათა ღირსსახსოვარ ნივთებთან ერთად, Autograph-ზე ჩოგბურთელ ნაომი ოსაკას, ჰოკეისტ უეინ გრეცკის და სკეიტბორდინგის ლეგენდის, ტონი ჰოუკის ნივთები იყიდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *