ამერიკულმა Forbes-მა იმ პროფესიების ათეული გამოაქვეყნა, რომლებიც გამოცემის შეფასებით, 2024 წელს დასაქმებულთათვის ექვსნიშნა ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას იძლევა. ცნობისთვის, რეიტინგი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრის მაგალითზეა შედგენილი და აერთიანებს სხვადასხვა სექტორს, მათ შორის ტექნოლოგიებს, ჯანდაცვას, სამართალს, ფინანსებს და ა.შ.
გამოცემის თანახმად, ჩამოთვლილი ინდუსტრიები დასაქმებულთათვის არა მხოლოდ მაღალ ხელფასებს, არამედ უწყვეტ კარიერულ განვითარებასა და გრძელვადიან პერსპექტივებსაც უზრუნველყოფს. ეს კი რეიტინგში წარმოდგენილ პროფესიებს სამუშაოს მაძიებელთათვის ბევრად უფრო მიმზიდველად აქცევს.
აქვე გეტყვით, რომ რეიტინგი მხოლოდ საშუალო საბაზისო ხელფასს წარმოადგენს, რადგან ბონუსი, კაპიტალი და სარგებელი შესაძლებელია კომპანიების მიხედვით განსხვავებული იყოს, რაც მნიშვნელოვნად იმოქმედებს დასაქმებულის მთლიან კომპენსაციაზე. ჩამონათვალში გამოყენებულია სამუშაოს ძიების პლატფორმა Indeed-ის მონაცემები.
10. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი
საშუალო საბაზისო ხელფასი: $105,331
მოთხოვნები: პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებს, როგორ წესი, აქვთ ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში ან სხვა მომიჯნავე სფეროში. პროგრამირების მიმართულებით კარიერული განვითარებისთვის დასაქმებულები ძირითადად რამდენიმე პროგრამულ ენას ფლობენ, მათ შორის ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად ენებს შორის ვხვდებით Java-ს, Python-ს, C++-ისა და Scala-ს.
9. ფინანსური მენეჯერი
საშუალო საბაზისო ხელფასი: $110,643
მოთხოვნები: ძირითად შემთხვევებში, ფინანსურ მენეჯერებს აქვთ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის მიმართულებით. დამწყები ფინანსური მენეჯერებისთვის პოპულარული სპეციალობები მოიცავს ფინანსებს, ბიზნესს, ეკონომიკასა და ბუღალტერიას. ფინანსური მენეჯერი არის პროფესიონალი, რომელიც ზედამხედველობს ორგანიზაციის ფინანსურ ოპერაციებს, მათ შორის აწარმოებს სტრატეგიულ დაგეგმვის პროცესს, ბიუჯეტირებას, რისკების მართვას, ფინანსურ ანგარიშგებას, ფულადი სახსრების მართვას და ა.შ. Forbes-ის შეფასებითვე, ფინანსურ მენეჯერებს ბუღალტერიის, აუდიტისა და სხვა მომიჯნავე პროფესიების მიმართულებით ძირითად შემთხვევაში მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება მოეთხოვებათ.
8. ავიაკომპანიის პილოტი
საშუალო საბაზისო ხელფასი: $110,816
მოთხოვნები: ავიაკომპანიის პილოტებს, როგორც წესი, სჭირდებათ ბაკალავრის ხარისხი, ასევე კომერციულ ან სამხედრო პილოტად მუშაობის გამოცდილება. ამასთან ერთად კი უნდა აკმაყოფილებდნენ „ფედერაციული საავიაციო ადმინისტრაციის“ (FAA) მოთხოვნებს, მათ შორის FAA-სთან უნდა ჩააბარონ თვითმფრინავის მართვის შემოწმების ტესტირება.
7. მონაცემთა ანალიტიკოსი
საშუალო საბაზისო ხელფასი: $123,039
მოთხოვნები: მონაცემთა ანალიტიკოსებს ძირითად შემთხვევებში მოეთხოვებათ ბაკალავრის ხარისხი მათემატიკის, სტატისტიკის, კომპიუტერული მეცნიერების, მონაცემთა ანალიზისა და სხვა მომიჯნავე დარგებში. მონაცემთა ანალიტიკოსები ფართოდ გვხვდებიან სხვადასხვა სფეროში, მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტი ან მონაცემთა ბაზის მენეჯმენტი. გავრცელებული პროგრამირების ენები მოიცავს Python-ს, R-ს, SQL-სა და SAS-ს.
6. პრაქტიკოსი მედდა
საშუალო საბაზისო ხელფასი: $126,451
მოთხოვნები: პრაქტიკოს მედდას საწყის ეტაპზე სჭირდება, რომ მოპოვებული ჰქონდეს რეგისტრირებული მედდის სტატუსი. ამასთან ერთად, სამაგისტრო პროგრამების გასავლელად ბაკალავრის ხარისხთან ერთად, თითოეული სტუდენტისთვის აუცილებელ მოთხოვნებში შედის პრაქტიკული გამოცდილების ქონაც. სახელმწიფო ლიცენზიის მისაღებად ექთნებს დამატებით ეროვნული სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებაც უწევთ.
5. ბაზრის კვლევის ანალიტიკოსი
საშუალო საბაზისო ხელფასი: $154,328
მოთხოვნები: აუცილებელია ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ეკონომიკაში ან მასთან მომიჯნავე სფეროში. გარდა ამისა, აშშ-ში ბაზრის კვლევის ანალიტიკოსები ფინანსური ინდუსტრიის მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაწესებულ Securities Industry Essentials-ის (SIE) გამოცდას აბარებენ.
4. მთავარი იურიდიული ოფიცერი
საშუალო ხელფასი: $158,564
მოთხოვნები: მთავარი იურიდიული ოფიცრები არიან ადვოკატები, რომლებიც ორგანიზაციის იურიდიულ საკითხებს მართავენ. მოთხოვნებს შორისაა ბაკალავრის ხარისხი სამართალში, ბიზნესში ან ეკონომიკაში, რასაც მოჰყვება სამართლის დოქტორის (JD) ხარისხი. ადვოკატთა გამოცდის ჩაბარების შემდეგ აუცილებელია რამდენიმეწლიანი იურიდიული გამოცდილება, მათ შორის მუშაობა იურიდიულ ფირმებში ან კორპორაციულ იურიდიულ განყოფილებებში.
3. ექიმი
საშუალო ხელფასი: $194,306
მოთხოვნები: ამერიკის შეერთებულ შტატებში ექიმები ბაკალავრის ხარისხის დასრულების შემდეგ ვალდებულნი არიან, სამედიცინო კოლეჯის მისაღები ტესტი (MCAT) ჩააბარონ და გაიარონ რეზიდენტურა. USMLE გამოცდების ჩაბარების შემდეგ, როგორც წესი, ექიმები შტატში სამუშაოდ ლიცენზიას იღებენ.
2. ქირურგი
საშუალო საბაზისო ხელფასი – $285,665
მოთხოვნები: ქირურგები ექიმების მსგავს საგანმანათლებლო გზას მიჰყვებიან, მათ შორის აუცილებელია ბაკალავრის ხარისხი, სამედიცინო სკოლა და რეზიდენტურა. დამატებითი გამოცდილების მისაღებად ხშირად ქირურგები სასტიპენდიო პროგრამებს იყენებენ, რომლებიც უზრუნველყოფს შემდგომ ტრენინგს და ხშირად საჭიროა საბჭოს სერტიფიკატის მისაღებად.
1. ანესთეზიოლოგი
საშუალო ხელფასი: $354,537
მოთხოვნები: ანესთეზიოლოგებს სჭირდებათ ბაკალავრის ხარისხი, სამედიცინო სკოლის განათლება და ანესთეზიოლოგიაში რეზიდენტურის კურსის დასრულება. ამ სფეროში დასაქმებულთა ნაწილი, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, დამატებით გადის სხვადასხვა ტიპის სასტიპენდიო პროგრამებსა და სპეციალიზებულ ტრენინგებს. პრაქტიკებისთვის აუცილებელია ამერიკის ანესთეზიოლოგიის საბჭოსგან ნებართვის მიღება.