როგორ დააახლოვა რუსეთის საომარმა ქმედებებმა ფინეთი და შვედეთი ნატოსთან

როგორ დააახლოვა რუსეთის საომარმა ქმედებებმა ფინეთი და შვედეთი ნატოსთან

ვლადიმირ პუტინის მიერ ომის დაწყების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს ნატოს გაფართოების შეჩერება წარმოადგენდა. თუმცა, უკრაინაში საომარი ქმედებებისა და როგორც თავად უწოდებს, „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყების მიუხედავად, რუსეთის საზღვრებთან ნატოს გაფართოების შანსები კიდევ უფრო გაიზარდა.

ფინეთისა და შვედეთის სამხედრო ბლოკში გაწევრიანების სურვილი ომის დაწყებიდან დღემდე საგრძნობლად გაიზარდა. თუკი ქვეყნები აქამდე ერთგვარი ნეიტრალიტეტის პირობებში ცხოვრობდნენ და ნატოში გაწევრიანებაც დღის წესრიგში ნამდვილად არ იდგა, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე თვის შემდეგ ეს პროცესი შესაძლოა გარდაუვალ მოვლენად იქცეს. ამის მოტივაცია კი, როგორც ჩანს, სიფრთხილესა და საშიშროებას უკავშირდება, რასაც ქვეყნები რუსეთის მხრიდან მოელიან.

Statista-ს მიერ გავრცელებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ სურვილს არა მხოლოდ მთავრობების პოლიტიკა, არამედ საზოგადოებრივი აზრის ცვლილებაც აძლიერებს. უკრაინაში ომის დაწყებამდე ჩატარებული კვლევის თანახმად, ფინელების მხოლოდ 24% და შვედების მხოლოდ 37% უჭედა მხარს ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას. 2022 წლის მაისში ჩატარებული კვლევის თანახმად კი, ნატოში გაწევრიანების სურვილი უკვე მოსახლეობის უმრავლესობას აქვს.

Statista.com

აღსანიშნავია, რომ ფინეთში ნატოში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა რამდენიმე თვეში 24-დან 76%-მდე გაიზარდა. მოსახლეობის უმრავლესობის განწყობა კი ფინეთის მთავრობის პოლიტიკის ცვლილებაში გადაითარგმნა და ბრიტანული მედიაგამოცემა BBC-ის ინფორმაციით, ქვეყანა უკვე ამ კვირიდანვე დაიწყებს ნატოში გაწევრიანების პროცედურას. აშკარაა, რომ მოსახლეობის განწყობა ომმა შვედეთშიც შეცვალა. 2022 წლის მაისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, შვედების ნატოში გაწევრიანების სურვილი 37-დან 48%-მდე გაიზარდა. სფეროს მკვლევრები კი ნატოსაკენ ნაბიჯის გადადგმას შვედეთის მთავრობისგანაც უახლოეს პერიოდში მოელიან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *