ამერიკის შეერთებული შტატების უმდიდრესი ადამიანების სრული უმეტესობისთვის უნივერსიტეტი და უმაღლესი განათლება საკმაოდ ნაცნობი რამაა – მათ უმრავლესობას უმაღლეს სასწავლებელში, სულ მცირე, რამდენიმე დღე მაინც აქვთ გატარებული. თუმცა უმდიდრესი ამერიკელების სიაში ვხვდებით ისეთ ადამიანებსაც, რომელთაც უნივერსიტეტში არასდროს უსწავლიათ, მაგრამ დიდძალი ქონების, ანუ სულ მცირე ერთი მილიარდი დოლარის მოხვეჭა მაინც მოახერხეს.
ერთ-ერთი ასეთი მილიარდერი, ორმოცდათვრამეტი წლის ჯიმი ჯონ ლიეტოა, რომელმაც ბიზნესის სამყაროში პირველად 1983 წლის იანვარში, სკოლის დამთავრების შემდეგ შეაბიჯა. იმ დროს, სკოლიდან ახლად გამოსული ჯიმი ჯონი მამამისმა დიდი დილემის წინაშე დააყენა – ახალგაზრდა ბიჭი ან ჯარში უნდა წასულიყო, ან საკუთარი ბიზნესი დაეწყო. ახალგაზრდა ჯიმი ჯონმა მეორე ვარიანტი აირჩია და სენდვიჩების რესტორანი – Jimmy John’s-ი გახსნა.
ბევრი სხვა მილიარდერის მსგავსად, ლიეტოსაც დისლექსია, ანუ წერის, კითხვისა და ანგარიშის უნარის დარღვევა ჰქონდა, რომლის გამოც ის სკოლაში არაერთ სირთულეს წააწყდა. როგორც თვითონ ამბობს, ქალაქ ქერის ქუჩებში გაიზარდა, შტატ ილინოისში, რამაც ბევრი რამ ასწავლა იერარქიის, ღირსებისა და „თანამიმდევრულობის ეფექტიანობის“ შესახებ.
„ქუჩაში თანამიმდევრული უნდა იყო“, – ამბობს ლიეტო, რომლის თქმით, ეს ის თვისებაა, წარმატებულ ბიზნესმენებს რომ ახასიათებთ. „თუ იტყვი, რომ სამ საათზე მოხვალ – სამ საათზე უნდა მოხვიდე. თუ ამბობ, რომ რაღაცას გააკეთებ – აუცილებლად უნდა გააკეთო“.
საბოლოო ჯამში, ჯიმი ჯონის ბიზნესმა ფეხი აიდგა და ამერიკელების ერთ-ერთ უსაყვარლეს ბრენდად იქცა. რამდენიმე წლის წინ, 2016 წელს, ლიეტომ საკუთარი კომპანიის 65% კერძო კაპიტალის კომპანიას, Roark Capital-ს მიჰყიდა – იმ დროს კომპანია $3 მილიარდად შეფასდა. დარჩენილი წილი ამერიკელმა მეწარმემ სამი წლის შემდეგ, 2019 წელს გაყიდა – ამ შემთხვევაშიც, მყიდველი Roark Capital-თან აფილირებული Inspire Brands-ი იყო, მაგრამ გარიგების მოცულობა არ გასაჯაროვდა. დღეს, მსოფლიოს წამყვანი ბიზნესგამოცემის, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ჯიმი ჯონ ლიეტოს ქონება $1.7 მილიარდს შეადგენს.
თუმცა, რაც ყველაზე საინტერესოა, ლიეტო ერთადერთი ამერიკელი მილიარდერი არ გახლავთ, რომელსაც უნივერსიტეტში არასდროს უსწავლია – მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, რომელსაც შვიდასამდე მილიარდერი ჰყავს, მხოლოდ სკოლის ატესტატის მქონე ოცდაოთხი ადამიანია. აი, სწორედ ამ ადამიანებით დაინტერესდა Forbes-ი, რომელმაც იმ ამერიკელი მილიარდერების რეიტინგი შეადგინა, რომელთაც უნივერსიტეტში არასდროს უსწავლიათ. ცხადია, ამ თემაზე საუბრისას, გვახსენდება მარკ ცუკერბერგისა და ბილ გეიტსის მსგავსი შუალედური პერსონაჟებიც, რომელთაც უნივერსიტეტში სწავლა დაიწყეს, მაგრამ ადრე თუ გვიან მიატოვეს.
ჯიმი ჯონ ლიეტოს მსგავსად, უნივერსიტეტში არასდროს უსწავლია ამერიკის შეერთებული შტატების უმდიდრეს თვითშემდგარ მილიარდერ ქალს, დაიენ ჰენდრიქსს, რომელმაც სკოლა ჩვიდმეტი წლის ასაკში, ორსულობის გამო მიატოვა, მაგრამ მოგვიანებით ზოგადი განათლების განვითარების პროგრამა (GED) წარმატებით დაასრულა და სკოლის ატესტატის ეკვივალენტური დიპლომი მიიღო. დაიენ ჰენდრიქსი საკუთარი შვილის მამაზე დაქორწინდა, მაგრამ სამი წლის შემდეგ წყვილი გაიყარა. მარტოხელა დედად დარჩენილი ჰენდრიქსი Playboy Club-ში, მიმტანად დასაქმდა, მოგვიანებით კი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სექტორში აღმოჩნდა. ბიზნესში ჰენდრიქსმა 1982 წელს შეაბიჯა, როცა სამშენებლო მასალების სადისტრიბუციო კომპანია – ABC Supplies-ი დააფუძნა.
როგორც თვითონ ამბობს, უნივერსიტეტში არჩაბარებით, ანტრეპრენიორული თვისებები უფრო დახვეწა. „ჩემით ვვითარდებოდი, მისაბაძ მაგალითებს ვპოულობდი და საქმის კეთებითა და შეცდომებით ვსწავლობდი“, – განაცხადა ჰენდრიქსმა Forbes-თან საუბრისას. „კარიერული წინსვლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დიპლომისკენ სწრაფვა“.
საინტერესოა, რომ დაიან ჰენდრიქსის შვიდი შვილიდან ორმა, დედის მსგავსად, უნივერსიტეტში ჩაბარება არ მოისურვა. „ჩემმა ორთავე ვაჟმა პირდაპირ მუშაობა დაიწყო, – აღნიშნავს ჰენდრიქსი. – ოჯახში გვჯერა, რომ ყველანაირი შრომა და ყველანაირი საქმიანობა ღირსეულია, მიუხედავად იმისა, მოითხოვს თუ არა ის უნივერსიტეტის დიპლომს“.
უდიპლომო მილიარდერების სიაში კიდევ არაერთი ამერიკელი მოხვდა – მათ შორისაა Mailchimp-ის დამფუძნებელი დენ კარზიუსი, რომელიც კარიერის განმავლობაში დი-ჯეიდაც მუშაობდა, უძრავ ქონებას ყიდდა და პროფესიული სკეიტბორდისტიც იყო. მოგვიანებით კარზიუსმა ბენ ჩესტნატი გაიცნო, რომელთან ერთადაც Mailchimp-ი დააფუძნა, თანაც ისე, რომ ინვესტორებისგან ფული არასდროს მიუღია. 2021 წლის სექტემბერში Mailchimp-ი $12 მილიარდად გაიყიდა – ის ფინანსური პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა Intuit-მა შეიძინა.
ამერიკის შეერთებული შტატების უმდიდრესი ადამიანი, რომელსაც უნივერსიტეტში არასდროს უსწავლია, ნავთობისა და გაზის მაგნატი ჰაროლდ ჰემია. ჰაროლდი, რომელსაც თორმეტი დედმამიშვილი ჰყავს, ოკლაჰომაში მდებარე ფერმაზე გაიზარდა – ბავშვობაში ბამბას კრეფდა, ტინეიჯერობაში კი – ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა. როგორც ჩანს, ნავთობით ჰაროლდ ჰემი სწორედ მაშინ დაინტერესდა – მოგვიანებით ის სატვირთო გადაზიდვების ბიზნესში ჩაერთო და ოცდახუთი წლისამ პირველი ჭაბურღილის გასაბურღად სესხი აიღო. დღეს ის Continental Resources-ის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს.
უმდიდრესი უდიპლომო ამერიკელების რეიტინგს, რომელიც ამერიკულმა Forbes-მა მიმდინარე წლის 11 ოქტომბრის მონაცემებით მოამზადა, ჟურნალის ქართულენოვანი რედაქცია უცვლელად გთავაზობთ.
ჰაროლდ ჰემი
ქონება: $21.1 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ნავთობი და გაზი
საცხოვრებელი: ოკლაჰომა-სიტი, ოკლაჰომა
დევიდ გრინი
ქონება: $13.2 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Hobby Lobby-ის ბრენდის მაღაზიათა ქსელი
საცხოვრებელი: ოკლაჰომა-სიტი, ოკლაჰომა
დაიენ ჰენდრიქსი
ქონება: $11.5 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: სამშენებლო მასალები
საცხოვრებელი: ეფტონი, ვისკონსინი
ქრისტი უოლტონი
ქონება: $9.7 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Walmart
საცხოვრებელი: ჯექსონი, ვაიომინგი
დონ ვულტაჯიო
ქონება: $6.6 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Arizona Beverages
საცხოვრებელი: პორტ-ვაშინგტონი, ნიუ-იორკი
დენის ვაშინგტონი
ქონება: $6.3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: მშენებლობა, სამთო მოპოვება
საცხოვრებელი: მისულა, მონტანა
არჩი ალდის ემერსონი
ქონება: $5.5 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Timberland, ხე-ტყის სახერხი ქარხნები
საცხოვრებელი: რედინგი, კალიფორნია
გეილ ბენსონი
ქონება: $4.7 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: New Orleans Saints
საცხოვრებელი: ახალი ორლეანი, ლუიზიანა
რონალდ ვანეკი
ქონება: $4.5 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ავეჯი
საცხოვრებელი: სენტ-პეტერბურგი, ფლორიდა
მერიამ ილიჩი
ქონება: $4.3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Little Caesars Pizza
საცხოვრებელი: ბინგემს-ფარმზი, მიჩიგანი
დენ კარზიუსი
ქონება: $4 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: eMail-მარკეტინგი
საცხოვრებელი: ატლანტა, ჯორჯია
აიზეკ პერლმატერი
ქონება: $4 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Marvel-ის კომიქსები
საცხოვრებელი: პალმ-ბიჩი, ფლორიდა
რიჩარდ შულცი
ქონება: $3.4 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Best Buy
საცხოვრებელი: ბონიტა-სპრინგსი, ფლორიდა
ბილ ოსტინი
ქონება: $3.1 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: სასმენი აპარატები
საცხოვრებელი: ბრაუნსვილი, ტეხასი
რონ ბერკლი
ქონება: $3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: სუპერმარკეტები, ინვესტიციები
საცხოვრებელი: ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ტოდ კრისტოფერი
ქონება: $3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: თმის მოვლის საშუალებები
საცხოვრებელი: ქლიარუოტერი, ფლორიდა
ჯონ პოლ დიჯორია
ქონება: $2.9 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: თმის მოვლის საშუალებები, ტეკილა
საცხოვრებელი: ოსტინი, ტეხასი
ჰაიმ საბანი
ქონება: $2.9 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: მედია, ინვესტიციები
საცხოვრებელი: ბევერლი-ჰილზი, კალიფორნია
შონ პარკერი
ქონება: $2.8 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Facebook
საცხოვრებელი: ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
სიმ დენიელ აბრაჰამი
ქონება: $2.5 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Slim-Fast
საცხოვრებელი: პალმ-ბიჩი, ფლორიდა
დევიდ მერდოკი
ქონება: $2.2 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Dole, უძრავი ქონება
საცხოვრებელი: ვენტურა, კალიფორნია
ჯეიმს ლეპრინო
ქონება: $1.9 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ყველი
საცხოვრებელი: ინდიან-ჰილზი, კონექტიკუტი
ჯიმი ჯონ ლიეტო
ქონება: $1.7 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: სენდვიჩების ქსელი
საცხოვრებელი: ქი-ლარგო, ფლორიდა
ალან ჯერი
ქონება: $1.5 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: საკაბელო ტელევიზია
საცხოვრებელი: ლიბერთი, ნიუ-იორკი
დარვინ დისონი
ქონება: $1.4 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: პროგრამული უზრუნველყოფა
საცხოვრებელი: დალასი, ტეხასი
ფერის უილქსი
ქონება: $1.3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ბუნებრივი აირი
საცხოვრებელი: კიკო, ტეხასი
დენ ვილკინსი
ქონება: $1.3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ბუნებრივი აირი
საცხოვრებელი: კიკო, ტეხასი