ქვეყნები, რომლებიც წარმატებულები არიან კორონავირუსის მრუდის გასწორებაში, – ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს Foreign Policy და წარმატებულ მაგალითებს შორის საქართველოც მოჰყავს.
სტატიაში მიმოხილულია ასევე ტაივანის, კანადის, სამხრეთ კორეის და ისლანდიის მაგალითებიც. გამოცემის ცნობით, აღნიშნული ქვეყნების მაგალითები ცხადყოფენ, რომ კორონავირუსის შეჩერება შესაძლებელია. როგორც გამოცემა წერს, ზოგიერთი ქვეყნის წარმატება მოულოდნელი აღმოჩნდა.
“თავის პოდკასტში Foreign Policy-ის ჟურნალისტმა ემი მაკკინონმა ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს რეაგირება გამოყო. მიუხედავად მცირე ზომისა და რთულ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკისა, საქართველომ სერიოზული ზომების გატარება დაიწყო თებერვლის ბოლოს, მათ შორის დაიხურა სკოლები და დიაგნოსტიკური ტესტები ჩატარდა. აქამდე საქართველოში არცერთი გარდაცვლილი არ არის“, – წერს ამერიკული გამოცემა Foreign Policy-ი.
ამასთან გამოცემას ჟურნალისტმა ნატალია ანთელავამ განუცხადა: “ვფიქრობ ის ფაქტი, რომ მთავრობა სერიოზულად მიუდგა დასაწყისიდანვე, ძალიან დაეხმარა სიტუაციას. ეს არის ქვეყანა, სადაც კრიზისი ხშირია, ეს არის ქვეყანა, რომელმაც სამოქალაქო ომები და 2008 წელს რუსეთის შეჭრა გამოიარა. ასევე ძალიან ბნელი 90-იანები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ტაივანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 21 იანვარს დაფიქსირდა. თუმცა, ამ ქვეყანამ 1 აპრილის მონაცემებით, 329-მდე შეინარჩუნა საერთო დაინფიცირებულთა რაოდენობა, დაღუპულთა რაოდენობა კი ხუთია. ტაივანმა, რომელიც მხოლოდ 100 მილში მდებარეობს ტერიტორიული ჩინეთიდან, მოგზაურების შემოწმება ჯერ კიდევ 31 დეკემბერს დაიწყო. შექმნა სისტემა, რათა საჭიროების შემთხვევაში ადამიანები თვითიზოლაციაში გაეგზავნა და დააჩქარა სამედიცინო ინვენტარის წარმოება იანვარში.
სამხრეთ კორეამ კი, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ჩინეთის შემდეგ ვირუსი გავრცელდა, კარანტინი არ გამოაცხადა. ქვეყანაში აცხადებდნენ, რომ ქვეყნის სამაგალითო მოდელი ეპიდემიასთან ბრძოლის კუთხით იყო მასობრივი დიაგნოსტიკა და ტესტირება მოსახლეობის. სამხრეთ კორეაში, რომლის მოსახლეობაც 51 მილიონია, დღეში 20 000-ზე მეტი ადამიანის ტესტირება ხდებოდა.
რაც შეეხება კანადას, ამ ქვეყანამაც გამოიყენა ექსპანსიური ტესტირების მოდელი, განსხვავებით თავისი მეზობელი აშშ-სგან. საწყის ეტაპზევე ეპიდემიაზე რეაგირების გამოცდილება კანადას 2003 წლის SARS-ის ვირუსის დროს ჰქონდა მიღებული. კანადამ დაიწყო ტესტირების ინფრასტრუქტურის შექმნა თავიდანვე.
მთელი ევროპის მასშტაბით კი ბევრი ქვეყანა კარანტინშია, თუმცა არა შვედეთი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დაინფიცირების 5000-მდე შემთხვევაა, მთავრობა მაინც აცხადებს, რომ იმდენად მაღალია ნდობა მოსახლეობის მიმართ, რომ სჯერათ, რომ ისინი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან შექმნილ ვითარებას.
სამაგიეროდ, მოსახლეობას არ აქვს ნდობა მთავრობის მიმართ რუსეთში. ეს ქვეყანა მარტის შუა რიცხვებამდე ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა, შემდეგ კი მთავრობამ სწრაფად დაიწყო საზღვრების ჩაკეტვა. ორი კვირის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ კორონავირუსი სერიოზული პოლიტიკური გამოწვევა ხდება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის.
გამოცემა ასევე წერს ირანზეც, სადაც სერიოზული ეჭვი აქვთ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიმართ. 1 აპრილის მონაცემებით, ოფიციალურად ირანში 47,593 დაინფიცირების და 3,036 გარდაცვალების შემთხვევაა. თუმცა, ეჭვობენ, რომ რეალური ციფრები გაცილებით მეტი იქნება. კორონავირუსით ამ ქვეყააში არაერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი დაიღუპა.
საერთო ჯამში, როგორც გამოცემა წერს, ყველა წარმატებულ ქვეყანას კორონავრიუსთან ბრძოლაში ვირუსის გავრცელების შესამცირებლად დროულად მიღებული საპასუხო ზომები აერთიანებთ, როგორიც არის პაციენტების დროული ტესტირება, მასობრივი შეკრებების აკრძალვა და სოციალური დისტანცირება.