ლეგენდარული მომღერლისა და ბრიტანული როკ-ჯგუფ Queen-ის სოლისტის, ფრედი მერკურის ქონება, მათ შორის ტანსაცმელი, მხატვრული ნამუშევრები, ავეჯი და ცნობილი გვირგვინი სექტემბერში Sotheby’s-ის აუქციონზე გამოჩნდება. როგორც ირკვევა, აუქციონზე მთლიანობაში დაახლოებით 1,500 ნივთს გაიტანენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აუქციონი ექვს ნაწილად გაიმართება. მოსალოდნელია, რომ ნივთების გაყიდვით საერთო ჯამში 6 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი თანხა შეგროვდეს. თუმცა, ვინაიდან საბოლოო შეფასებები გაკეთებული არ არის, შესაძლოა ეს მაჩვენებელი შეიცვალოს.
როგორც ცნობილია, აუქციონზე ყველა ნივთს წაიღებენ ფრედი მერკურის ლონდონის სახლიდან, Garden Lodge-იდან, რომელიც მან, 1991 წელს შიდსთან დაკავშირებული გართულებების შედეგად გარდაცვალებამდე, თავის მეგობარს, მერი ოსტინს უანდერძა.
მერკურის გვირგვინი და მოსასხამი, რომელიც მას God Save the Queen-ის სახელწოდებით ცნობილი ბოლო ტურნეს დროს ეცვა, 60,000-დან 80,000 გირვანქა სტერლინგამდეა შეფასებული. აუქციონზე ასევე გაიტანენ “სამხედრო სტილის” პიჯაკს, რომელიც მას 39-ე დაბადების დღის წვეულებაზე მიუნხენში ეცვა. ეს უკანასკნელი 10,000-დან 15,000 გირვანქა სტერლინგამდეა შეფასებული. მერკურის თაყვანისმცემლებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, შეიძინონ მისი ჟილეტი 1991 წელს გადაღებული უკანასკნელი ვიდეოდან “These Are the Days of Our Lives”. ჟილეტი 5000-დან 7000 გირვანქა სტერლინგამდეა შეფასებული.