FTX-ი „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლივერპულის“ სპონსორობით იყო დაინტერესებული

FTX-ი „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლივერპულის“ სპონსორობით იყო დაინტერესებული

მიმდინარე წლის დასაწყისში, სემ ბენკმენ-ფრიდის კრიპტოვალუტის ბირჟა FTX-მა ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბების „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლივერპულის“ სპონსორობაზე მოლაპარაკებები გამართა. ინფორმაციას Bloomberg-ი საკითხთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. კომპანიის გლობალური მიღწევების გაფართოებისთვის წარმართული დისკუსიები FTX-ის ამბიციებსა და მზადყოფნას უსვამს ხაზს.

ანონიმური წყაროების ინფორმაციით, პოტენციური მრავალწლიანი გარიგების ღირებულება $100 მილიონიდან იწყებოდა. აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ კონტრაქტის ღირებულება „ლივერპულის“ თანხას აღემატებოდა. საბოლოოდ, FTX-მა კლუბების სპონსორობა გადაიფიქრა და თებერვალში სემ ბენკმენ-ფრიდმა Slack-ზე თავადაც განაცხადა, რომ კომპანიისთვის სარგებლის მოტანის თვალსაზრისით, მსგავსი ტიპის სპონსორობასთან დაკავშირებით კვლავ ორაზროვანი დამოკიდებულება ჰქონდა.

Slack-ზე გაკეთებული განცხადების თანახმად, საფეხბურთო კლუბის სპონსორობის შესახებ შიდა უთანხმოებაც არსებობდა. ბენკმენ-ფრიდის აზრით, მისი კოლეგები „საკითხის მიმართ ალბათ ზედმეტად ემოციურები გახდნენ“ და არსებობდა სკეპტიციზმიც ამ ტიპის ტრანზაქციის ინვესტიციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

„ლივერპულთან“ შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, FTX-ი 2023 წლიდან კლუბის მთავარი პარტნიორი გახდებოდა. გარიგება მოიცავდა მაისურების ბრენდირებას, FTX-ის ლოგოებს ინტერვიუს ფონზე, მოედანზე ლოგოს მონიშვნასა და სოციალურ მედიაში რეკლამირებას. სანაცვლოდ, FTX-ის ცნობადობა ძირითად გლობალურ ბაზარზე გაიზრდებოდა, რაც Bloomberg-ის ნანახ დოკუმენტებზე დაყრდნობით, FTX-ის მომხმარებელთა ზრდასა და შენარჩუნებას გამოიწვევდა.

აღსანიშნავია, რომ გაკოტრებამდე კრიპტობირჟამ სპორტულ სპონსორობებში ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მათ შორის იყო ბეისბოლის მთავარი ლიგა, ფორმულა 1 და esport-ის გუნდი TSM-ი.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტობირჟა FTX-ი ლიკვიდობის კრიზისის წინაშე აღმოჩნდა და ოფიციალურად გაკოტრდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *