პარასკევს ლონდონში გამართულ შეხვედრაზე G7-ის ვაჭრობის მინისტრებმა შეთანხმებას მიაღწიეს. G7-ის ქვეყნები შეთანხმდნენ პრინციპებზე, რომლებიც მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გამოყენებასა და ციფრული ვაჭრობის მართვას არეგულირებს. ეს არის გარღვევა, რომელსაც ასობით მილიარდი დოლარის საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალიზაცია შეუძლია.
შეთანხმება ევროპის ქვეყნებში მოქმედ დაცვის მაღალ რეგულაციებსა და შეერთებულ შტატებში მოქმედ უფრო ღია მიდგომას შორის შუალედურ პოზიციას წარმოადგენს.
„ჩვენ ციფრულ პროტექციონიზმსა და ავტორიტარიზმს ვეწინააღმდეგებით. დღეს ჩვენ G7–ის ციფრული ვაჭრობის პრინციპები მივიღეთ, რაც წევრი ქვეყნების ციფრული ვაჭრობის მიმართ მიდგომას განსაზღვრავს“, – აღნიშნულია ბრიტანეთის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ციფრული ვაჭრობა საკმაოდ ფართო ცნებაა და მოიცავს საქონლითა და სერვისებით ვაჭრობას, რომელიც ჩართულია ან მიწოდებულია ციფრულად. ციფრული ვაჭრობა მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა ფილმებისა და ტელევიზიების გავრცელება და სხვა.
მთავრობის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ბრიტანეთში დისტანციურად მიწოდებული ვაჭრობა 2019 წელს $450 მილიარდს შეადგენდა, რაც ბრიტანეთის მთლიანი ვაჭრობის მეოთხედია.
მომხმარებელთა მონაცემების გამოყენების განსხვავებული წესები ვაჭრობის დროს ბარიერებს ქმნიდა, რაც განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს აზარალებდა. პარასკევს დადებული გარიგება ამ ბარიერების მოხსნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია და შესაძლოა მომავალში საერთო ციფრული ვაჭრობის წესებად იქცეს.
პრინციპები მოიცავს ღია ციფრულ ბაზრებს; მონაცემთა ტრანსსასაზღვრო ნაკადებს; მუშების, მომხმარებლებისა და ბიზნესის გარანტიებს; ციფრულ სავაჭრო სისტემებსა და სამართლიან და ინკლუზიურ გლობალურ მმართველობას.
„გაუმართლებელი დაბრკოლებები მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გამოყენებისას უნდა შევამსუბუქოთ, ამასთან ერთად გავაძლიეროთ კონფიდენციალურობის, მონაცემთა დაცვისა და ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების წესები“, – აღნიშნულია დოკუმენტის დანართში.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენგანი ყოველდღიურად ციფრულ ვაჭრობას იყენებს, წლების განმავლობაში თამაშის გლობალური წესები ,,ველური დასავლეთის“ თამაშის წესებს მოგვაგონებდა, რამაც გაართულა ბიზნესებისთვის შეთავაზებული უზარმაზარი შესაძლებლობების გამოყენება.
G7-ის შემადგენლობაში შედის ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა.
ფოტო: REUTERS/Henry Nicholls