მსოფლიოს მოსახლეობის 2/3 განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს, რომლებიც კორონავირუსის კრიზისის გამო უპრეცედენტო ეკონომიკურ ზარალს განიცდიან. ამიტომაც გაერო მოუწოდებს მსოფლიოს $2,5 ტრილიონიანი პაკეტის უზრუნველყოფისკენ სწორედ განვითარებადი ქვეყნებისთვის. როგორც გაეროს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების უწყების – UNCTAD-ის 30 მარტის ანგარიშის მიხედვით, პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური შოკის სისწრაფე დრამატულია, 2008 წლის გლობალურ ფინანსურ კრიზისთან შედარებითაც კი.
„ეკონომიკური დაღმასვლა, რაც შოკმა გამოიწვია გრძელდება და პროგნოზირება თანდათან უფრო რთული ხდება. თუმცა, არსებობს მკაფიო მინიშნებები იმისა, რომ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნებში, მანამ ვიდრე ის გაუმჯობესებას დაიწყებს“, – განაცხადა UNCTAD-ის გენერალურმა მდივანმა მუხისა კიტუიმ.
ეკონომიკური ზარალი
ანგარიშის მიხედვით, ვირუსის ჩინეთის გარეთ გავრცელებიდან ორ თვეში, განვითარებად ქვეყნებს უდიდესი ზიანი მიადგათ კაპიტალის დინების, ობლიგაციების, ვალუტების გაუფასურების, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების შემოსავლების შემცირების, საქონელზე ფასების შემცირებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შემცირების კუთხით.
ამ ყველაფერმა კი იმაზე მეტი ეკონომიკური გავლენა იქონია, ვიდრე ეს 2008 წელს იყო. ქვეყნებს შიდა ეკონომიკური აქტივობის კლების გამო, UNCTAD ვერ არის ოპტიმისტურად განწყობილი.
განვითარებადი ქვეყნების ვალუტები დოლართან მიმართებით 5-დან 25%-მდე შემცირდა წლის დასაწყისიდან დღემდე. ეს იმაზე სწრაფი გაუფასურებაა, ვიდრე 2008 წელს იყო.
სასაქონლო ფასებიც შემცირდა, რაზეც ბევრი განვითარებადი ქვეყანაა დამოკიდებული. კერძოდ, წელს 37%-იანი კლება დაფიქსირდა ამ კუთხით.
ბოლო დღეეებში განვითარებული ეკონომიკები და ჩინეთი მასობრივ სამთავრობო პაკეტების უზრუნველყოფაზე აცხადებენ, „დიდი ოცეულის“ ქვეყნების საერთო პაკეტების ჯამური რაოდენობა $5 ტრილიონს აჭარბებს.
ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ უპრეცედენტო კრიზისში, ქვეყნებმა უპრეცედენტო გადაწყვეტილებები მიიღეს, რათა შეამსუბუქონ ფსიქიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური შოკების ზეწოლა.
მიუხედავად ამისა, მსოფლიო ეკონომიკა წელს რეცესიის საფრთხის წინაშეა, წინასწარი პროგნოზებით გლობალური დანაკარგი იქნება ტრილიონობით დოლარი. ეს კი განსაკუთრებით სერიოზულ ზიანს აყენებს განვითრებად ქვეყნებს, ჩინეთის და სავარაუდოდ ინდოეთის გამოკლებით.
UNCTAD-ის პროგნოზით, 2-დან 3 ტრილიონ დოლარამდე ფინანსურ გარღვევას უნდა ელოდონ განვითარებადი ეკონომიკები მომდევნო ორი წლის მანძილზე.
მონეტარული, ფისკალური და ადმინისტრაციული შესაძლებლობების ნაკლების გამო კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში, პანდემიისა და გლობალური რეცესიის შედეგები იქნება კატასტროფული ცალკეული ქვეყნებისთვის, რაც მათ ხელს შეუშლის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.
„განვითარებული ეკონომიკები გვპირდებიან, რომ გააკეთებენ ყველაფერს მათი კომპანიების და ოჯახების შემოსავლების დიდი რაოდენობით დანაკარგების შესაჩერებლად“, – განაცხადა UNCTAD-ის ხელმძღვანელმა გლობალიზაციის და განვითრების სტრატეგიების საკითხებში.
თუმცა, მისივე თქმით, „დიდი ოცეულის“ ლიდერებმა თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ სოლიდარობის კუთხით და გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც „დიდი ოცეულის“ ქვეყნების მიღმა მცხოვრებ 6 მილიარდ ადამიანსაც დაეხმარება.
ოთხმიმართულებიანი სტრატეგია
მიმდინარე წელს, მოსალოდნელი „ფინანსური ცუნამის“ პირობებში UNCTAD ოთხმიმართულებიან სტრატეგიაზე საუბრობს, რაც კონკრეტულ ქმედებებს მოიცავს:
- $1 ტრილიონიანი ლიკვიდურობის უზრუნველყოფა. ანუ ფული უნდა მიეწოდოთ იმათ, ვინც დარჩენილები არიან ამის გარეშე;
- მეორე, ძალიან დაზარალებული ეკონომიკების სასესხო პროგრამა. ანუ სესხების გადახდის შეჩერება. ამ კუთხით დაახლოებით $1 ტრილიონის ოდენობის სესხი უნდა შეჩერდეს ამ წელს;
- მესამე – მარშალის გეგმა ჯანდაცვის სისტემის აღდგენაში;
- და ბოლოს, კაპიტალის კონტროლი უნდა მოხდეს ლეგიტიმურად ნეისმიერი პოლიტიკური რეჟიმის პირობებში, რათა კაპიტალის დინება შენელდეს, შემცირდეს არალიკვიდურობა და შეჩერდეს ვალუტების და აქტივების ფასების კლება.