გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში მესამოცე ადგილზეა

გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში მესამოცე ადგილზეა

საქართველოს ელ-მმართველობის მაჩვენებელი 0.69 ქულაა, რითიც ქვეყანა 193 ქვეყანას შორის მე-60 ადგილი უკავია. ორი წლის წინ, 0.61 ქულით, საქართველო 61-ე პოზიციას იკავებდა, შესაბამისად 2018 წელს საქართველომ სარეიტინგო ქულა 0.08 ერთეულით, ხოლო რეიტინგის პოზიცია ერთი ადგილით გაიუმჯობესა.

ელ-ჩართულობის მხრივ ქვეყანამ შეფასება 0.06 ერთეულით გაიუმჯობესა, თუმცა რეიტინგში მისი ადგილი 11 პოზიციით გაუარესდა. კერძოდ, 2016 წელს საქართველოს 0.56 ქულა და 76-ე ადგილი ჰქონდა, წლევანდელი მონაცემებით, მაჩვენებელი 0.62-მდეა გაზრდილი, ხოლო გლობალურ რეიტინგში ქვეყნის პოზიცია 76-დან 87 ადგილამდე ჩამოქვეითდა. IDFI-ის მონაცემებით, აღნიშნული სხვა ქვეყნების მიერ ამ მიმართულებით საქართველოსთან შედარებით უფრო სწრაფი განვითარების ტემპით შეიძლება აიხსნას.

ელ-მმართველობის მხრივ ლიდერობენ: დანია (0.9 ქულა – 1-დან), ავსტრალია (0.9), კორეის რესპუბლიკა (0.9), დიდი ბრიტანეთი (0.9), შვედეთი (0.89), ფინეთი (0.88), სინგაპური (0.88), ახალი ზელანდია (0.88), საფრანგეთი (0.88) და იაპონია (0.88). ელ-ჩართულობის ინდექსის პირველი ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება: კორეის რესპუბლიკა (1), დანია (1), ფინეთი (1), ნიდერლანდები (0.99), იაპონია (0.99), ახალი ზელანდია (0.99), ავსტრალია (0.99), ესპანეთი (0.99), დიდი ბრიტანეთი (0.99) და აშშ (0.99).

საქართველოს შედეგები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის ქვეყნების საშუალო ქულას, რაც ელ-მმართველობის ინდექსის შემთხვევაში 0.77-ს, ხოლო ელ-ჩართულობის ინდექსისთვის 0.81-ს უდრის.

პოსტსაბჭოთა 15 ქვეყანას შორის ელ-მმართველობის მხრივ საქართველოს მე-7, ხოლო ელ-ჩართულობის მხრივ მე-12 ადგილები უკავია. შედარებისთვის, 2014 წელს საქართველოს ორივე რეიტინგში მე-7 ადგილი ეკავა.

გაეროს კვლევის მიზანია შეაფასოს ელექტრონული მმართველობის განვითარების გლობალური ტენდენციები და არსებული გამოწვევები.

ელ-მართველობის განვითარების ინდექსის შემუშავებისას მკვლევარები ქვეყნებს სამი მიმართულებით აფასებენ:

  1. ონლაინ სერვისები – ფასდება ქვეყანაში არსებული სხვადასხვა სამთავრობო ვებგვერდები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეროვნული პორტალების, ელ-სერვისებისა და ჩართულობის ელ-პლატფორმების არსებობას.
  2. სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება – ეს კომპონენტი, თავის მხრივ, შემდეგ ქვეკომპონენტების მოიცავს: ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა, მობილური ტელეფონის მომხმარებელთა რიცხვი, უსადენო ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი და ა.შ. საქართველოს ყველაზე დაბალი შედეგი ამ კომპონენტში აქვს და მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის საშუალო მაჩვენებელს
  3. ადამიანური კაპიტალი – რა პოტენციალი აქვს მოსახლეობას იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენოს ახალი ტექნოლოგიები.

ელ-ჩართულობის ინდექსი ასახავს ხელისუფლების მზაობას ახალი ტექნოლოგიების დახმარებით ხელი შეუწყოს მმართველობის პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობას. ამ კომპონენტის შეფასებისას, ექსპერტები ითვალისწინებენ შემდეგ სამ გარემოებას:

ელ-ინფორმაცია: მოქალაქეებისთვის რამდენად ხელმისაწვდომია საჯარო ინფორმაცია, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე;

ელ-კონსულტაცია: რამდენად აქვთ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჩაერთონ საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში;

ელ-გადაწყვეტილების მიღება: რამდენად უწყობს ხელს ხელისუფლება მოქალაქეებს იმაში, რომ ისინი გახდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესის თანამონაწილეები და რა დონეზე არის განვითარებული ამ ტიპის ონლაინ სერვისები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *