გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტი ერთ წელზე მეტია რაც ხორციელდება და ამ ეტაპზე 21 პარტნიორ უნივერსიტეტს და 160-ზე მეტ სტიპენდიატს ითვლის. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებისთვის განათლება რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი გახადოს. ამიტომ, სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

პროექტის დაწყების დღიდან პარტნიორი უნივერსიტეტების რაოდენობა მუდმივად იზრდება, მათ შორის ერთ-ერთი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტია.

თეატრალური უნივერსიტეტის საუკუნოვანი ისტორია

 თეატრალურმა უნივერსიტეტმა მრავალჯერ იცვალა ფორმა და ჩამოყალიბების პროცესში ბევრი სირთულეც გამოიარა. საწყის ეტაპზე ინსტიტუტში მოღვაწეობდნენ კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, ივანე ჯავახიშვილი, დიმიტრი უზნაძე და იმ პერიოდის მრავალი წარმატებული პროფესორი თუ არტისტი. 1927 წელს ინსტიტუტმა დროებით შეწყვიტა ფუნქციონირება, თუმცა 1939 წელს აკაკი ხორავას ინიციატივით, რომელიც თავადვე იყო თეატრალურის კურსდამთავრებული, ისევ განახლდა სწავლა.

2002 წლიდან თეატრალურ ინსტიტუტს უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა.

ფაკულტეტები და მრავალფეროვნება

მეოცე საუკუნის 40-იან წლებში თეატრალურ უნივერსიტეტში ძირითადად  ხელოვნებათმცოდნეობის, მსახიობის ოსტატობის, რეჟისურისა და ლიტერატურის მიმართულებებს ასწავლიდნენ, მოგვიანებით კი მუსიკალური განყოფილება, ბალეტისა და ტელე-სარეჟისორო ფაკულტეტებიც დაემატა.

დღეისთვის, უნივერსიტეტი ხელოვნების მრავალ დარგს აერთიანებს, მათ შორის სამსახიობო ხელოვნებას, მხატვრულ და დოკუმენტურ კინო რეჟისურას, ოპერატურას, ანიმაციას, ქორეოგრაფიას და ა.შ. ასევე, მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტებს, სადაც თეატრმცოდნეობა, კინომცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, სახვითი ხელოვნება და არქიტექტურა ისწავლება.

შესაძლებლობები

თეატრალურ უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის შექმნილია სასწავლო თეატრი, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები. ამასთან, სტუდენტებს, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ შესაძლებლობა აქვთ, თეატრალურ უნივერსიტეტში გაიარონ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხური, თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად კი, უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გადაიღონ საკურსო ფილმები.

 გაინტერესებთ, როგორ მოვიპოვოთ საქართველოს ბანკის სტიპენდია?

 საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს პირველი კურსიდან შეუძლიათ.

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტი რამდენიმე ზოგად მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება და სარგებლობდეს სტუდენტის აქტიური სტატუსით.

გამარჯვებულის გამოსავლენად უნივერსიტეტები კრიტერიუმებს ინდივიდუალურად ადგენენ და მათ საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებენ.

თეატრალურ უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის სტიპენდიის  შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ უნივერსიტეტის ვებგვერდს.

საქართველოს ბანკის მიერ ახალგაზრდების განვითარებისთვის შექმნილი და მხარდაჭერილი საგანმანათლებლო პროექტების პორტფოლიო 40-ზე მეტ ინიციატივას ითვლის, აღნიშნული პროექტების ბენეფიციართა ჯამური რაოდენობა კი 120 000-ს აჭარბებს. საქართველოს ბანკის CSR პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge