Samsung-ის რიგით მეორე ტექნოლოგიური ღონისძიება 20 ოქტომბერს, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, თბილისის დროით საღამოს ექვს საათზე დაიწყება. ღონისძიებას „Galaxy Unpacked Part 2“ ჰქვია, რაც, სავარაუდოდ, უკვე არსებული მოწყობილობების განახლებულ მოდელებზე მიუთითებს, ვიდრე ახალი მოდელების წარდგენაზე. თან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წლის მთავარი ღონისძიება Samsung-მა ჯერ კიდევ აგვისტოში გამართა, რომელზეც დასაკეცი სმარტფონების, ჭკვიანი საათებისა და ყურსასმენების ახალი თაობის მოდელები წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მოსაწვევებს, რომლებიც Samsung-მა მსოფლიოს წამყვან გამოცემებს გაუგზავნა, სურათთან ერთად მცირე მოცულობის ტექსტიც ახლდა: „ჩვენი მომხმარებლები მრავალმხრივები არიან და ცხოვრებას ფერადად, განსხვავებულად და უნიკალურად ატარებენ. აქედან გამომდინარე, ტექნოლოგიამ, რომელსაც ისინი ყოველდღიურად იყენებენ, მათ ინდივიდუალურობას ხაზი უნდა გაუსვას. 20 ოქტომბერს Samsung-ის Galaxy Unpacked 2-ს დაესწარით, რათა ნახოთ, თუ როგორ ქმნის Samsung-ი თვითგამოხატვის ახლებურ საშუალებებს ტექნოლოგიის გამოყენებით“.
Samsung-ის ეს განცხადება იმდენად ზოგადია, რომ შეიძლება ნებისმიერ რამეზე მიანიშნებდეს, თუმცა, როგორც The Verge-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, საუბარია Samsung-ის პროდუქტების ფერთა გამის პერსონალიზაციაზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ Samsung-ის ჭკვიანი მოწყობილობების ეკოსისტემის, Smart Things-ის ლოგო, რომელიც ღონისძიების მოსაწვევზე არის გამოსახული, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ მიმართულებით ტექნოლოგიური გიგანტისგან განსაკუთრებულ სიახლეებს უნდა ველოდოთ.
ცნობისთვის, შემდეგი კვირა ტექნოლოგიური სიახლეებით საკმაოდ დატვირთული იქნება: 18 ოქტომბერს Apple-ისაგან განახლებულ MacBook Pro-სა და AirPods-ებს და ახალ MacBook mini-ს უნდა ველოდოთ, ხოლო 19 ოქტომბერს, Google-ის ღონისძიებაზე, ტექნოლოგიური გიგანტი ახალ სმარტფონებს, Pixel 6-სა და Pixel 6 Pro-ს წარადგენს.