Galaxy Unpacked: Samsung-მა ახალი თაობის მოდელები წარადგინა

Galaxy Unpacked: Samsung-მა ახალი თაობის მოდელები წარადგინა

Samsung-მა მიმდინარე წელს Galaxy Unpacked-ის რიგით მეორე ღონისძიებას უმასპინძლა. სამხრეთკორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა ახალი თაობის მოდელები წარადგინა როგორც კომპანიის დასაკეცი სმარტფონების, ასევე Galaxy-ის ჭკვიანი საათებისა და პლანშეტების სერიიდან.

რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, Samsung-მა საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებით, Galaxy Z Flip 5-ზე მუშაობა დაასრულა. ახალი მოდელის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი უფრო დიდი 3.4-ინჩიანი გარე ეკრანია, რომელიც მოწყობილობის ზედა ნაწილზე, ორმაგ კამერამდეა განთავსებული და მომხმარებელს ყველა აპლიკაციასთან წვდომის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, წინა თაობისგან განსხვავებით, Galaxy Z Flip 5 განახლებული Snapdragon 8 Gen 2-ის ჩიპსეტითაა მხარდაჭერილი. შიდა ეკრანი უცვლელია, 6.7-ინჩიანი OLED. აღსანიშნავია, რომ Samsung-ს ახალი სმარტფონის ფასი არ შეუცვლია და ის Z Flip 4-ის მსგავსად, $999 ეღირება.

Z Flip 5-თან ერთად, სამხრეთკორეულმა კომპანიამ ახალი Galaxy Z Fold 5-იც წარადგინა – თუმცა ნაკლები ცვლილებებით, ვიდრე Z Flip-ის მოდელის შემთხვევაში. Galaxy Z Fold 5-შიც Snapdragon 8 Gen 2-ის ჩიპსეტია წარმოდგენილი, კორპუსის განახლებული ანჯამის საშუალებით კი მოდელი წინამორბედთან შედარებით ბევრად თხელი, 13.4 მილიმეტრის სისქისაა. Samsung-მა 7.6-ინჩიანი შიდა ეკრანის განათებაც გააუმჯობესა, მოდელის ღირებულება კი კვლავ $1,799-ია.

გავრცელებული ხმები გამართლდა Galaxy-ის ჭკვიანი საათების სერიის შემთხვევაში. Samsung-მა უჟანგავი ფოლადის კორპუსის Galaxy Watch 6 Classic-ში საათების ფიზიკური მბრუნავი ჩარჩო ოფიციალურად დააბრუნა. Watch 6 Classic-ის გარდა, კომპანიამ ალუმინის კორპუსის მქონე სტანდარტული Galaxy Watch 6 წარადგინა. ორივე საათი საფირონის დისპლეით და, წინამორბედებთან შედარებით, უფრო დიდი ეკრანითაა აღჭურვილი. უახლესი Wear OS 4 და One UI 5 განახლებებს უზრუნველყოფენ ისეთი ფუნქციებისთვის, როგორიცაა ძილის რეჟიმისა და გულისცემის კონტროლი, გადაუდებელი SOS-ზარების განხორციელება და ა.შ. Watch 6 Classic-ი – $399.99, ხოლო ჩვეულებრივი Watch 6 $299.99 ეღირება.

დაბოლოს, Galaxy Unpacked-ის ღონისძიებაზე Samsung-მა პლანშეტების ახალი სერიაც წარადგინა: Galaxy Tab S9, Tab S9 Plus-ი და Tab S9 Ultra. პირველად სამივე პლანშეტს OLED-ეკრანი ექნება, IP68 კი მტვრისა და წყლისგან უკეთეს დაცვას უზრუნველყოფს. თუმცა, პლანშეტების შემთხვევაში, Snapdragon 8 Gen 2-ის ჩიპის გარდა, ძირითადი მახასიათებლები უცვლელია.

იგივე რჩება პლანშეტების ტრიოს ზომები, S9-ის მოდელი – 11-ინჩიანი, S9 Plus – 12.4-ინჩიანი, ხოლო Tab S9 Ultra – 12.4-ინჩიანი ეკრანითაა წარმოდგენილი. რაც შეეხება ახალი მოდელების ღირებულებას: S9-ის ფასი $799.99-დან იწყება, Tab S9 Plus-ი – $999.99, ხოლო Ultra $1,199.99 ეღირება.