გამოცდებზე თაღლითობა | სარფიანი საქმე

გამოცდებზე თაღლითობა | სარფიანი საქმე

სტუდენტები ყოველთვის თაღლითობდნენ. მას შემდეგ, რაც Covid-19-ის გამო სწავლის პროცესი დისტანციურ ფორმატში გადავიდა, ეს ქრონიკული პრობლემა ეპიდემიად იქცა. გაიცანით მთავარი გამავრცელებელი Chegg-ი, ამერიკის ყველაზე პოპულარული საგანმანათლებლო ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს გამოცდის ჩასაბარებლად საჭირო პასუხებით უზრუნველყოფს.

„ჩეგინგი“ – ყველა სტუდენტმა იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა. „როცა დროში ვიწვები, რთული საშინაო დავალება მაქვს, ან ონლაინტესტი, – გვიყვება მეტი, 19 წლის მეორეკურსელი სტუდენტი არიზონის შტატიდან, – ყოველთვის შემიძლია, უბრალოდ „დავჩეგო“.

ის გულისხმობს, რომ თვეში $14.95-ის სანაცვლოდ, ყოველთვის შეუძლია, გამოიყენოს Chegg Study-ის მომსახურება, რომელსაც Chegg-ის ვებგვერდზე ყიდულობს. Chegg-ი ტექნოლოგიური კომპანიაა და მისი აქციების ღირებულება პანდემიის დროს, სულ მცირე, გასამმაგდა. მეტს რამდენიმე წამი სჭირდება იმისთვის, რომ Chegg-ის ბაზაში, რომელიც 46 მილიონ სახელმძღვანელოსა და საგამოცდო საკითხს მოიცავს, საჭირო პასუხი იპოვოს და საკუთარ პასუხად გაასაღოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ითაღლითოს (მეტმა გვთხოვა, მისი ნამდვილი სახელი არ გავამჟღავნოთ, რადგან აცნობიერებს, რომ სასწავლო დაწესებულებაში მიღებულ კეთილსინდისიერების კოდექსს არღვევს).

Chegg-ის სათავო ოფისი სანტა-კლარაში (კალიფორნია) მდებარეობს, მაგრამ მთავარი მამოძრავებელი ძალა ინდოეთშია, სადაც კომპანიას 70,000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს – ექსპერტები უმაღლესი მათემატიკის, მეცნიერების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მეცნიერების დარგებში. ფრილანს-ექსპერტები ხაზზე არიან 24 საათის განმავლობაში შაბათ-კვირის ჩათვლით. როგორც კი ვებგვერდის მომხმარებლისგან შეკითხვა შემოდის, რამდენიმე წუთში სრულყოფილი პასუხი მზადაა (ზოგჯერ პასუხის გაცემას 15 წუთიც არ სჭირდება). Chegg-ი სტუდენტებს სხვა ტიპის ხელსაყრელ ინსტრუმენტებსაც სთავაზობს, თუნდაც ბიბლიოგრაფიის შესადგენად, მათემატიკური ამოცანების ამოსახსნელად ან წერის უნარის გასაუმჯობესებლად. მაგრამ მთავარი შემოსავლის წყარო – ის, რაშიც სტუდენტები ფულს არ იშურებენ, – სწორედ Chegg Study-ია.

„როცა მეცადინეობა არ მინდა, პასუხების დასაწერად Chegg-ს ვიყენებ”, – ამბობს University of Florida-ს მეორეკურსელი სტუდენტი, რომელიც ფინანსების განხრით სწავლობს. „Chegg-ის დახმარებით თვალის დაუხამხამებლად ვთაღლითობ”, – გამოტყდა University of Portland-ის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

Forbes-ი Chegg Study-ს 52 მომხმარებელს ესაუბრა. თავად Chegg-მა ინტერვიუს ჩასაწერად ექვს სტუდენტთან დაგვაკავშირა და მათგან ოთხმა აღიარა, რომ ვებგვერდს თაღლითობისთვის იყენებს. ვესაუბრეთ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს 19 სხვადასხვა სიდიდის უმაღლესი სასწავლებლიდან, მათ შორის ისეთი პრესტიჟული უნივერსიტეტებიდან, როგორიცაა Columbia, Brown-ი, Duke-ი და NYU Abu Dhabi.

როცა მთელ მსოფლიოში თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებელი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, Chegg-ის მომხმარებელთა რაოდენობამ პიკს მიაღწია. მესამე კვარტალში, გასულ წელთან შედარებით, 69%-იანი ზრდა ჰქონდათ – ვებგვერდზე 3,7 მილიონი მომხმარებელი დარეგისტრირდა. ცხრა თვეში შემოსავალი 54%-ით გაიზარდა და სექტემბრისთვის $400 მილიონს გაუტოლდა, პროგნოზის თანახმად კი წლიური შემოსავალი $630 მილიონს მიაღწევს (სტატიის მომზადების პერიოდში Chegg-ს არ ჰქონდა წარდგენილი 2020-ის საბოლოო ანგარიში). 18 მარტის შემდეგ, როცა ამერიკაში სრული კარანტინი გამოცხადდა, Chegg-ის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის გაოთხმაგდა. კომპანიის საბაზრო ფასი დღეს $12 მილიარდს
აჭარბებს.

Chegg-ის აღმასრულებელი დირექტორის, დენ როზენსვაიგის, მოგება საკმაოდ შთამბეჭდავია. მისი აქტივები და აქციების გაყიდვიდან დარჩენილი თანხები (გადასახადების გამოკლების შემდეგ) $300 მილიონს უტოლდება. როზენსვაიგმა Forbes-თან ინტერვიუზე უარი თქვა, თუმცა მისი პოზიცია Chegg Study-სთან დაკავშირებით ცნობილია: Chegg Study თაღლითობისთვის არ შექმნილა. ამ მომსახურებას იგი ასინქრონულ სწავლებას ადარებს, როცა მასწავლებელი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს სტუდენტს ამა თუ იმ ამოცანის ზედმიწევნით ამოხსნაში. 2019 წლის ინტერვიუში როზენსვაიგი ამბობს, რომ უმაღლესი განათლების ინსტიტუტები მოთხოვნაზე დამყარებულ ეკონომიკას უნდა მოერგონ, ისევე როგორც ეს Uber-მა და Amazon-მა შეძლეს. „თუ შეგვიძლია, სერიალებს ზედიზედ, მიყოლებით ვუყუროთ, რატომ არ შეიძლება იგივე მიდგომა გვქონდეს განათლებასთან? – კითხულობს ის. – ჩემი აზრით, განათლება ჩვენი კომპიუტერული ხელსაწყოების საშუალებით უნდა მივიღოთ“.

დენ როზენსვაიგი Chegg-ის აღმასრულებელი დირექტორი 2010 წლის დასაწყისში გახდა, მაგრამ პროცესები პანდემიის შემდეგ აჩქარდა. „კომპანიის ზრდა დაუჯერებელ ნიშნულზეა“, – აღნიშნა მან ოქტომბრის ბოლოს.  ფოტო: GUERIN BLASK/THE NEW YORK TIMES/REDUX

Chegg-ის ვიცე-პრეზიდენტები არნონ ავიცური და ერიკ მანუევო, Chegg-ის მისიის შესახებ როზენსვაიგის პოზიციას იზიარებენ. „სტუდენტებს ინდივიდუალურ მომსახურებას ვთავაზობთ, რათა დავეხმაროთ მათ, როცა უჭირთ“, – ამბობს ავიცური.

Chegg-ის პრეზიდენტ ნეითან შულცის წერილობით განცხადებაში ვკითხულობთ: „მიამიტები არ ვართ და ვიცით, რომ თაღლითობა პრობლემაა. დისტანციურ სწავლებაზე მასობრივმა გადასვლამ ეს კიდევ უფრო გაამწვავა. ჩვენ 100%-ით მხარს ვუჭერთ პრობლემის აღმოფხვრას და საკმაოდ დიდ რესურსს ვხარჯავთ ამ მიმართულებით. დამოუკიდებლად ვერაფერს გავხდებით, ამიტომ ვთანამშრომლობთ სასწავლო დაწესებულებებთან და ინსტიტუტებთან; მუშაობას გავაგრძელებთ და კვლავაც ვიზრუნებთ სტუდენტების განათლებაზე“.

დახარჯული რესურსების შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. Texas A&M-ის ბაკალავრებმა ფინანსების კურსზე არაერთი ონლაინგამოცდა Chegg-ის დახმარებით ჩააბარეს. ტიმოთი პაუერსი უნივერსიტეტში კეთილსინდისიერების სისტემის ოფისს ხელმძღვანელობს, მისი თქმით, გამოცდაზე ასობით სტუდენტმა Chegg-იდან გადმოწერილი პასუხები დაწერა და თანაც იმდენად სწრაფად, რომ ასეთ მოკლე დროში შეკითხვის წაკითხვასაც ვერ მოასწრებდნენ.

„შეიარაღების რბოლას ჰგავს, – ამბობს პაუერსი. – ჩვენ ვცდილობთ, აღმოვფხვრათ აკადემიური არამართლზომიერება, ხოლო სტუდენტებს სჯერათ, რომ ყველა სტუდენტი თაღლითობს“.

პანდემიის დროს სასწავლებლებმა დისტანციურ მეთვალყურეობაში მილიონები დახარჯეს, იგულისხმება სადავო პრაქტიკა, როცა უნივერსიტეტი კერძო კომპანიას ქირაობს, მაგალითად, Honorlock-ს ან Examity-ის, და ამ გზით აწარმოებს დაკვირვებას დისტანციურ გამოცდაზე. ეს სამეთვალყურეო მოწყობილობა სტუდენტის საძიებო სისტემას ბლოკავს და აკვირდება მას ლეპტოპის კამერის საშუალებით. კრიტიკოსები ამბობენ, რომ სტუდენტის პირად სივრცეში შეჭრა გაუმართლებელია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოცდის დროს სტუდენტები პირდაპირ სამუშაო მაგიდასთან შარდავენ, რადგან კამერა ტუალეტში გასვლას დააფიქსირებს და თაღლითობაში ჩაუთვლის.

Forbes-თან საუბრისას თითქმის ყველა სტუდენტი ამბობს, რომ დისტანციური მეთვალყურეობისას თაღლითობას ვერ რისკავენ, თუმცა ზოგიერთი აღიარებს, რომ მეთვალყურეობის დროსაც სარგებლობენ Chegg-ით. „თუ სასწავლებლის Wi-Fi-ის არ იყენებ, ვერავინ გამოგიჭერს“, – ამბობს ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორეკურსელი სტუდენტი.

სტუდენტები ყოველთვის თაღლითობდნენ. მე-12 საუკუნეში ჩინელმა სტუდენტებმა ასანთის კოლოფისხელა კონფუცის წიგნები მიიკერეს ტანსაცმელზე და ასე გავიდნენ გამოცდაზე. 1940 წელს ჰენრი ფორდ II Yale-იდან გარიცხეს, რადგან ვიღაცას ფული გადაუხადა და სამაგისტრო თემის დაწერაზე გაურიგდა.

ლინდა ტრევინო, 2012 წელს გამოცემული წიგნის „თაღლითობა უმაღლეს სასწავლებელში“ თანაავტორი, ამბობს, რომ პრობლემის სიმძიმე რთული შესაფასებელია. პირველ რიგში, არ არსებობს შეთანხმებული განმარტება ამ სიტყვისთვის. რას ვგულისხმობთ თაღლითობაში? საშინაო დავალების დაწერაში მეგობრისთვის დახმარების თხოვნას, გამოცდის დროს სხვისი პასუხების გადაწერას, ფულის გადახდას ვინმესთვის, რომ შენ მაგივრად დაწეროს ტესტი, Chegg-ის დახმარებით საჭირო პასუხების პოვნას? არც სარწმუნო სტატისტიკის მოპოვებაა ადვილი საქმე. „იმის იმედად ვართ, რომ ის ადამიანები, რომლებიც გამოცდებზე იტყუებიან, საკუთარი ქცევის შესახებ ტყუილს არ გვეტყვიან“, – ამბობს ტრევინო. მისი წიგნის მიხედვით, კოლეჯის თაღლით სტუდენტთა წილი დაახლოებით ორ მესამედს უნდა შეადგენდეს.

სტუდენტები სხვადასხვა მიზეზით თაღლითობენ. მაგალითად, იმისათვის, რომ კარგი ნიშნები მიიღონ და პრესტიჟულ იურიდიულ ან სამედიცინო სასწავლებელში მოხვდნენ. ხანაც იმისათვის, რომ რომელიმე სავალდებულო საგანი ჩააბარონ, რომელიც არ აინტერესებთ (საუბარია იმ შემთხვევებზე, როცა ინჟინერიის სტუდენტს შექსპირის სწავლას სთხოვენ ან პირიქით). თაღლითობენ დროის მოგების მიზნითაც – ზოგს სწავლის ნაცვლად საუნივერსიტეტო სპორტულ გუნდში ფეხბურთის თამაში ურჩევნია, ზოგიც იძულებულია, იმუშაოს, რათა სწავლის საფასური გადაიხადოს ან ახლობლებს დაეხმაროს. არიან ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ იმიტომ თაღლითობენ, რომ ტენდენციას არ ჩამორჩნენ.

გამოჭერის შიში საერთოდ არა აქვთ. კიდევ უფრო შემაშფოთებელი მათი მიდგომაა: ფიქრობენ, რომ არაფერს აშავებენ, ან უბრალოდ არ ადარდებთ წესები.

2020 წლის კურსდამთავრებული George Washington University-დან, რომელიც ამჟამად სამაგისტრო პროგრამაზე ჩასაბარებლად ემზადება, Forbes-სთან საუბრისას ამბობს, რომ თავდაპირველად შეეცადა, Chegg-ი ისე გამოეყენებინა, როგორც კომპანიის აღმასრულებლები უწევენ მას რეკომენდაციას – „დამხმარე იარაღად”, მაგრამ მისი კურსი მექანიკურ ფიზიკაში მეტისმეტად რთული აღმოჩნდა. „როგორც ჩრჩილს იზიდავს სინათლის შუქი, ისე მიზიდავდა ეს პლატფორმა”, – მისი სიტყვებით, ბოლო წუთში ცდუნებას ვერ უძლებდა და საშინაო დავალების პასუხს მაინც „ჩეგავდა”. – როცა შუაღამე ახლოვდება, ყველაზე მარტივი გამოსავალია, პასუხები „დაჩეგო” და დავალების წერა დაასრულო”.

Cheg Study-ის ისტორია სტარტაპ Cramster-ის დაფუძნებით იწყება. სამხრეთკალიფორნიული Cramster-ი 2002 წელს UCLA-ის საინჟინრო ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, 24 წლის ერონ ჰოკიმ დააარსა. ჰოკის თავად სურდა ისეთი პლატფორმის აღმოჩენა, სადაც რთული ამოცანების პასუხებს იპოვიდა. შესაბამისად, გაუჩნდა იდეა, თავად შეექმნა ვებგვერდი, რომელიც თავს მოუყრიდა მათემატიკური, მეცნიერული და საინჟინრო ამოცანების ამოხსნას.

„თუ შეგვიძლია, სერიალებს ზედიზედ,მიყოლებით ვუყუროთ, რატომ არ შეიძლება იგივე მიდგომა გვქონდეს განათლებასთან? – ამბობს Chegg-ის აღმასრულებელი დირექტორი დენ როზენსვაიგი. – ჩემი აზრით, განათლება ჩვენი კომპიუტერული ხელსაწყოების საშუალებით უნდა მივიღოთ“.

ჰოკი და მისი პარტნიორი რობერტ ანგარიტა, 23 წლის ბაკალავრიატის სტუდენტი University of South California-დან, ფიქრობდნენ, რომ ვებგვერდისთვის ბევრი ხარისხიანი მასალის მოძიება დასჭირდებოდათ. ანგარიტას ერთ-ერთმა  ლექტორმა ისინი თავის ბიძაშვილთან დააკავშირა, რომელიც ინდოეთში ცხოვრობდა. მანვე შესთავაზა ანგარიტას სწორედ ინდოეთში მოეძიათ პროფესიონალი ფრილანსერები, რომლებიც სტუდენტების მიერ ატვირთულ შეკითხვებს გასცემდნენ პასუხს. „მხოლოდ ორი საკითხი რჩებოდა მოსაგვარებელი: მომსახურების ღირებულება და მასალის რაოდენობა”, – ამბობს ჰოკი.

2010 წლის მიწურულს Chegg-მა Cramster-ი შეისყიდა (Cramster-ის მაშინდელი ღირებულება უცნობია). ეს გადაწყვეტილება წარუმატებელი კომპანიისთვის იღბლიანი სვლა აღმოჩნდა. Chegg-ი Cramster-მდე ორი წლით ადრე, 2000 წელს, დაარსდა. მაშინ CheggPost-ის სახელით იყო ცნობილი და საუნივერსიტეტო კამპუსის ონლაინბაზრობის ფუნქციას ასრულებდა. მისმა დამფუძნებელმა, University of Iowa-ს მეორეკურსელმა სტუდენტმა ჯოშ კარლსონმა, კომპანიის სახელი ორი სიტყვის – „chicken“ („ქათამი“) და „egg“ („კვერცხი) – შეერთებით მოიფიქრა. 2005 წელს კომპანიას ამბიციური ინდოელი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი აიოვის შტატიდან, აიუშ ფუმბრა შეუერთდა, ხოლო კარლსონმა კომპანია დატოვა. ფუმბრამ და მისმა ახალმა პარტნიორმა ოსმან რაშიდმა კომპანიის სახელი შეამოკლეს, Chegg-ი უწოდეს და სტრატეგია შეცვალეს: მხოლოდ სახელმძღვანელოების გაქირავებას მიჰყვეს ხელი.

$250-იანი სახელმძღვანელოს $30-ად ქირაობა სტუდენტებისთვის სარფიანი გარიგება აღმოჩნდა. მაგრამ წიგნების შესყიდვის, დასაწყობებისა და დისტრიბუციის ხარჯებს კომპანია ვერ აუდიოდა. მიუხედავად ამისა, ინვესტორებმა $280 მილიონი დააბანდეს და 2010 წელს მთავარმა ინვესტორმა ტედ შლაინმა, Silicon Valley-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საინვესტიციო კომპანიის, Kleiner Perkins-ის პარტნიორმა, Chegg-ის ხელმძღვანელად დენ როზენსვაიგი დანიშნა.

ამჟამად 59 წლის როზენსვაიგს 2010 წელს უკვე წარმატებული მმართველის სახელი ჰქონდა; ჯერ კიდევ გვიანი 1990-იანი წლებიდან ნიუ-იორკის მედიაკომპანია Ziff Davis-ში მუშაობდა, სადაც Ziff-ის ახალ პროექტს, ტექნოლოგიური სიახლეების ვებგვერდ ZD-Net-ს ხელმძღვანელობდა. Ziff-ის მფლობელი, იაპონელი მილიარდერი მასაიოში სონი, იმ დროის წამყვანი ინტერნეტპორტალის, Yahoo-ს ინვესტორი იყო. სწორედ მან გაუწია რეკომენდაცია როზენსვაიგს, როგორც რიგით მეორე კანდიდატს. 2002-2007 წლებში როზენსვაიგი Yahoo-ში ოპერაციების დირექტორად მუშაობდა, შემდეგ, მცირე ხნით, კერძო სააქციო კაპიტალის სფეროში გადავიდა და მოგვიანებით Guitar Hero-ს აღმასრულებელი დირექტორი იყო (Guitar Hero პოპულარული ვიდეოთამაშია, რომლითაც მომხმარებლები პლასტმასის მინიატურულ გიტარებზე როკმელოდიებს ასრულებენ).

Chegg-ში მოსვლამდე როზენსვაიგის გამოცდილება არც განათლებას უკავშირდებოდა, არც სახელმძღვანელოებს, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, Chegg-ით იმთავითვე დაინტერესდა; მისი დედა მასწავლებელი ყოფილა – როცა სკარსდეილში (ნიუ-იორკი) იზრდებოდა, დედა საჯარო სკოლაში მუშაობდა. გარდა ამისა, მისი ორივე ქალიშვილი ზუსტად იმ პერიოდში ემზადებოდა უმაღლესში ჩასაბარებლად. როგორც კი Chegg-ში მუშაობა დაიწყო, 2010-ის დასაწყისში, იმეილ-ხელმოწერის ქვეშ ასეთი ფრაზა დაამატა: „ჩვენი მთავარი პრიორიტეტი სტუდენტია”. „ჩემი აზრით, ეს ფრაზა ცოტა ყალბი იყო, – ამბობს ჩი-ჰუა ჩიენი, Kleiner Perkins-ის მაშინდელი პარტნიორი, – მაგრამ დენს თავისი ხედვა ჰქონდა და სჯეროდა, რომ Chegg-ს სრულყოფილ საგანმანათლებლო პლატფორმად აქცევდა”.

პირველ რიგში, როზენსვაიგმა კაპიტალის გაზრდა დაისახა მიზნად. 2013 წლის ნოემბერში კომპანიის საბუღალტრო ბალანსი მინუსებში იყო და ამას ემატებოდა კონკურენცია Amazon-ისგან (2012-ში Amazon-მა სახელმძღვანელოების გაქირავება დაიწყო). როზენსვაიგმა კომპანიის საჯარო ბაზარ­ზე გატანა გადაწყვიტა. 2016-ის დასაწყისში აქციების ფასი საწყისი $12.50-დან $4-მდე ჩამოქვეითდა. როზენსვაიგისთვის მძიმე პერიოდი იყო. 2017 წლის ინტერვიუში, როცა აქციების ფასმა $11-ს მიაღწია, იგი კარიერულ იმედგაცრუებაზე საუბრობდა: „Silicon Valley-ში ცხოვრება რთულია, როცა შენ გარდა ყველა მილიარდერია, აქციებს ყველა ყიდის და გარკვეული დროის შემდეგ ყველას უმართლებს, შენ კი – არა“. მისი თქმით, თავს იმდენად ცუდად გრძნობდა, რომ „ერთხანს ლოგინში ვიწექი და ცერა თითს ვწოვდი“.

2015 წლის დასაწყისში როზენსვაიგმა სახელმძღვანელოების ბიზნესის მიმართულებით Chegg-ის ხარჯების შემცირება მოახერხა. წიგნების გამავრცელებელ კომპანია Ingram-თან წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ, Ingram-ი სახელმძღვანელოებს მისგან ყიდულობდა და დისტრიბუციას უზრუნველყოფდა, ხოლო Chegg-მა მარკეტინგის მიმართულებით განაგრძო მუშაობა (2019-ში სადისტრიბუციო კომპანია FedEx-ით ჩანაცვლდა). როზენსვაიგი იმედებს იმაზე ამყარებდა, რომ კომპანია სტუდენტებს შორის კარგი რეპუტაციით სარგებლობდა და ამ გათვლით, სულ მცირე, თორმეტი ახალი კომპანია შეისყიდა; იმედი ჰქონდა, რომ დასახულ მიზანს მიაღწევდა და სტუდენტებს მათზე მორგებულ სერვისებს შესთავაზებდა. კომპანიებს შორის იყო Internships.com-ი და Study Blue (ეს ვებგვერდი სტუდენტებს ელექტრონული ფლეშქარდების შექმნაში ეხმარება). მაგრამ ასეთი კომპანიების უმეტესობას დიდი შემოსავალი არ მოჰქონდა და ზოგიერთი მათგანი წარუმატებელი აღმოჩნდა, მათ შორის, Campus Special-ი, დღიური შეთავაზებების სტუდენტური ვებგვერდი, რომელიც Chegg-მა 2014 წლის აპრილში $17 მილიონად იყიდა და იმავე წელს დახურა.

როზენსვაიგის ბედად, Chegg Study სტაბილურად იზრდებოდა, არც კონკურენცია აბრკოლებდა. Chegg Study-ს ერთადერთ სერიოზული კონკურენტად Course Hero ითვლება – კერძო კომპანია გაცილებით პატარა საოპერაციო კაპიტალით, რომლის საბაზრო ღირებულება $1.1 მილიარდად არის შეფასებული. ეს პლატფორმა პასუხებს თავად სტუდენტებისგან აგენერირებს.

იანვრის შუა რიცხვებში Chegg-მა პრესრელიზი გამოაქვეყნა ახალი პროგრამის შესახებ, რომელსაც Honor Shield-ი ეწოდება. პროგრამის საშუალებით პროფესორებსა და ლექტორებს შეუძლიათ, Chegg-ის ვებგვერდზე წინასწარ განათავსონ საგამოცდო საკითხები და ტესტები, რის შემდეგაც გამოცდის პერიოდში სტუდენტები ვერ შეძლებენ ამ კონკრეტული საკითხებისთვის Chegg-ის პლატფორმის გამოყენებას. პრესრელიზის თანახმად, პანდემიის დაწყებიდან თერთმეტი თვე გავიდა და Chegg-ის პრეზიდენტის, შულცის თქმით, სწორედ პანდემიის „გაუთვალისწინებელი შედეგია ის, რომ სტუდენტების მცირე ნაწილი პლატფორმას მისი დანიშნულებისამებრ არ იყენებს“.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ Honor Shield-ი შეამცირებს „ჩეგინგს“ სტუდენტებში. უამრავ პროფესორსა და ლექტორს უკვე ხელი აქვს ჩაქნეული. UCLA-ს ფიზიკის ლექტორის, ჯოშუა სამანის თანახმად, „შემაშფოთებლად დიდია იმ სტუდენტების პროცენტული მაჩვენებელი”, რომელთაც Chegg-ი გამოცდებსა და ტესტებზე თაღლითობისთვის გამოუყენებიათ. მაგრამ პროფესორი მათ გამოჭერას არ ცდილობს. „Chegg-თან ბრძოლას აზრი არა აქვს, დროს დაკარგავ და წაგებული დარჩები“, – ამბობს სამანი.

2020 წლის საგაზაფხულო სემესტრის ბოლოს North Carolina State University-ს ლექტორმა ტაილერ ჯონსონმა 200 სტუდენტი გამოიჭირა: სტატისტიკის კურსის დამამთავრებელი გამოცდა ყველა მათგანმა Chegg-ის დახმარებით ჩააბარა. Chegg Study-ს შესახებ ჯონსონი ამბობს: „ეს უბრალოდ არაკეთილსინდისიერებაა. Chegg-ს მშვენივრად ესმის პრობლემის არსი“.

არაგონივრული საქციელი იქნება, სტუდენტური თაღლითობა მხოლოდ Chegg Study-ს დავაბრალოთ. ადამიანის ბუნება უნაკლო არაა; გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახლიდან სწავლის დროს გამოჭერის შანსები მცირდება; სოციალურ მედიაში გამუდმებით ვაწყდებით უსინდისო პოლიტიკურ ლიდერებს, საკუთარ თავს ღირსეულ ადამიანებად რომ ასაღებენ – არც ეს შველის საქმეს. მაგრამ Chegg-მა ცდუნება იარაღად აქცია და სტუდენტების არაკეთილსინდისიერების წყალობით მდიდრდება. იმის მაგივრად, რომ ახალი ციფრული იარაღების მთელი არსენალი და გლობალიზაციის უპირატესობები განათლების უკეთესობისკენ გარდაქმნაში გამოვიყენოთ, Chegg-ი ინდოეთის დახმარებით თაღლითურ გარიგებას გვთავაზობს. ეს ნამდვილი ტრაგედიაა.