კახა შენგელია, კავკასიის უნივერსიტეტის გუნდთან ერთად, ახალი კამპუსებით, უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამებითა და საერთაშორისო პარტნიორების ფართო ქსელით, გლობალური ექსპანსიისთვის ემზადება.
207-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი 61 ქვეყნიდან — ეს კახა შენგელიას 25-წლიანი მუშაობის ერთ-ერთი შედეგია, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზნის, ინტერნაციონალიზაციის მყარი საფუძველია.
ეს რიცხვები 2024 წლის სურათს ასახავს. ამბავი კი ბევრად ადრე და საერთოდ სხვა რიცხვებით იწყება — 2000 წელს კავკასიის ბიზნესის სკოლაში (CSB) მხოლოდ ერთი სასწავლო პროგრამა იყო, რომელზეც ათი სტუდენტი ჰყავდათ. სწორედ ამ დროს ჩაიბარა ბიზნესის სკოლა დეკანის რანგში კახა შენგელიამ.
CSB ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დაფინანსებითა და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩამოყალიბდა. სწორედ ეს იყო ის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლითაც კავკასიის უნივერსიტეტმა დასავლური ცოდნის, სასწავლო პროცესისადმი მიდგომებისა და სტანდარტების საქართველოში დამკვიდრება დაიწყო და დღემდე ამ ხაზს მიჰყვება.
დღეს კავკასიის უნივერსიტეტი 11 სკოლასა და 10,000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს აერთიანებს. ხოლო მმართველი გუნდი კახა შენგელიასთან ერთად საგანმანათლებლო საქმიანობის გლობალური ექსპანსიისთვის ემზადება.
სტრატეგიულ ნაბიჯებზე სასაუბროდ კავკასიის უნივერსიტეტის თბილისის კამპუსში, სვანეთის უბანში, სააკაძის ქუჩაზე შევიკრიბეთ. მკითხველისთვის შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს ისტორიულ შენობაში განთავსებული სასწავლო შენობის ამგვარად მოხსენიება, თუმცა კავკასიის უნივერსიტეტს მალე როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებსა და მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქალაქში რამდენიმე ახალი კამპუსი დაემატება. ეს სწორედ იმ გლობალური სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის კავკასიის უნივერსიტეტის განვითარების ტრაექტორიას.
კახა შენგელია გვიხსნის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ორ ათწლეულზე მეტი მუშაობის ლოგიკური გაგრძელებაა. 200-ზე მეტი პარტნიორი უნივერსიტეტისა და ათეულობით საერთაშორისო ასოციაციისა და ორგანიზაციის წევრობა კახა შენგელიამ IAUP-ის (უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაცია) პრეზიდენტის რანგში შეაჯამა. დღეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ამავე ასოციაციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.
„ჩემთვის ეს იყო და არის ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება და დაფასება ჩემს ცხოვრებაში. ხსენებული პოზიციები აქამდე არასდროს დაუკავებია აღმოსავლეთევროპელს“, — აღნიშნავს კახა შენგელია და ამატებს, რომ 900 უნივერსიტეტის რექტორების გაერთიანების ხელმძღვანელობა, გამოწვევებთან ერთად, მრავალ შესაძლებლობასაც გულისხმობდა.
ამ თემაზე საუბრისას, კვლავ უნივერსიტეტის განვითარების ადრეულ წლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს ვუბრუნდებით. თავდაპირველი ნაბიჯები მიმართული იყო საერთაშორისო პარტნიორთა ქსელის სწრაფ განვითარებაზე. ამ მიზნით CSB ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ასოციაციის წევრი გახდა. იმ დროისთვის კავკასიის ბიზნესის სკოლის მთავარმა კონკურენტმა განვითარების სხვა გზა აირჩია და ნაცვლად საერთაშორისო ფოკუსისა, ადგილობრივ ბაზარზე კონცენტრირდა.
სწორედ ამით ხსნის კახა შენგელია დღეს კავკასიის უნივერსიტეტის კონკურენტულ უპირატესობას და გვეუბნება, რომ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში კავკასიის უნივერსიტეტი გამორჩეული ცნობადობით სარგებლობს.
„თავიდანვე გააზრებული გვქონდა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და უნივერსიტეტის განვითარებისთვის ლოკალურ ბაზარზე ორიენტაცია საკმარისი არ იყო“, — ასე ხსნის კახა შენგელია წლების წინ დასახულ მიზანს, აუცილებლად გამხდარიყო დიდი საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი. ასეც მოხდა.
კავკასიის უნივერსიტეტი რომ საერთაშორისო პრაქტიკას ეფექტიანად ნერგავს, ამაზე ქართული საგანმანათლებლო ბაზრისთვის შეთავაზებული უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამებიც მიანიშნებს.
თუკი წლების წინ გრენობლის ბიზნესის მენეჯმენტის სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ორმაგი ხარისხის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა ერთ-ერთი პირველი პროგრამა იყო ქვეყანაში, დღესაც კავკასიის უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველია, რომელიც მსურველებს ერთობლივ, ორმაგი ხარისხის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს და, ამავდროულად, ყველაზე ფართო არჩევანსაც სთავაზობს.
„ხშირად ამბობენ, რატომ უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს საქართველოში, როდესაც შეგვიძლია ვასწავლოთ სხვა ქვეყანაში. დამერწმუნეთ, დღეს ჩვენი უმაღლესი განათლება არავისაზე ნაკლები არ არის.“
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ჩვენთან საუბრისას განსაკუთრებულ ყურადღებას იმ სამწლიან საბაკალავრო პროგრამებზე ამახვილებს, რომლებზეც ორი უნივერსიტეტის დიპლომი გაიცემა. ფრანგული რენის ბიზნესის სკოლასთან პარტნიორობით კავკასიის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს ბიზნესის ადმინისტრირების პირველ სამწლიან საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს. ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლის პირველ ორ წელიწადს სტუდენტები საქართველოში ატარებენ, ხოლო ბოლო, მესამე წელს – საფრანგეთში, რენის ბიზნესის სკოლაში.
იმავე ფორმატშია შეთავაზებული კიბერუსაფრთხოების სამწლიანი პროგრამა ამერიკულ ნიუ-ჯერსის სითი უნივერსიტეტთან ერთად. უცხოელი და ქართველი მაღალკვალიფიციური ლექტორების ჩართულობით შემუშავებული პროგრამის პირველი ხუთი სემესტრი სტუდენტმა საქართველოში უნდა ისწავლოს, ხოლო ბოლო, მეექვსე სემესტრი აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში უნდა გაატაროს.
„ძალიან საამაყოა, რომ ჩვენი პარტნიორი კიბერუსაფრთხოების პროგრამაში ისეთი ამერიკული უნივერსიტეტია, რომელსაც დაზვერვასა და კიბერუსაფრთხოებაში ფედერალური უფლებები აქვს“, — გვიზიარებს კახა შენგელია და დასძენს, რომ ნიუ-ჯერსის სითი უნივერსიტეტი შტატის ყველაზე ფართოპროფილიანი უნივერსიტეტია.
ტექნოლოგიების მიმართულებით კიდევ ერთი გამორჩეული სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა კავკასიის უნივერსიტეტისა და ამერიკული ფერლი დიკინსონის (FDU) უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული კომპიუტერული მეცნიერებებია. პირველ ორ წელიწადს სტუდენტები საქართველოში, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსებში ისწავლიან, ხოლო დარჩენილ ერთ წელიწადს – ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-ჯერსიში. საყოველთაოდ აღიარებული ABET-ის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე FDU აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ცენტრია.
ამავე, გამორჩეული სამწლიანი საბაკალავრო პროგრამების სიას მიაკუთვნებს კახა შენგელია AASBC-ისა და TedQualის საერთაშორისო აკრედიტაციების მქონე მასპინძლობის მენეჯმენტის ერთობლივ საბაკალავრო პროგრამას, რომელიც FDU-სთან პარტნიორობით შემუშავდა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობის შესწავლა ამ ეტაპზე მხოლოდ კავკასიის უნივერსიტეტშია შესაძლებელი. ხოლო საგანმანათლებლო პროგრამის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სწავლებაში ქართველი და უცხოელი პროფესორები აქტიურად არიან ჩართულები.
„თამამად ვიტყვი, რომ ყველაზე აქტიურად ჩვენ გამოვიყენეთ ეს საკანონმდებლო სიახლე და ვიყავით პირველი ინსტიტუცია, რომელმაც სამწლიანი საბაკალავრო პროგრამები განავითარა“, — გვიყვება კახა შენგელია და ამ ტიპის საგანმანათლებლო პროგრამების უპირატესობებსაც გვიზიარებს.
მისი თქმით, უმაღლესი ხარისხისა და საერთაშორისოდ აღიარებული ორი დიპლომის მიღებას სტუდენტები სამ წელიწადში ნაკლები ფინანსური დანახარჯით შეძლებენ. ამავდროულად, სწავლება მეტად არის კონცენტრირებული კონკრეტულ პროფესიაზე და სავალდებულოდ მოიცავს ერთი ან ორი სემესტრის გატარებას საზღვარგარეთ, ევროპის ან აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში.
გარდა ერთობლივი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისა, კავკასიის უნივერსიტეტი წლებია, ავითარებს ინგლისურენოვან საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობით უნივერსიტეტი ერთ-ერთი მოწინავეა ქვეყანაში.
უნივერსიტეტის პრეზიდენტი გვიყვება, რომ, გარდა სტუდენტების მხრიდან მზარდი მოთხოვნისა, პროგრამების ხარისხზე მიუთითებს ის საერთაშორისო, საყოველთაოდ აღიარებული აკრედიტაციებიც, რომელთაც კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამები და მისი პარტნიორი უნივერსიტეტები ფლობენ.
2007 წელს კავკასიის ბიზნესის სკოლა AACSB-ის წევრი გახდა, 2018 წელს კი აკრედიტაციის პროცესის დაწყების უფლება მოიპოვა. ამჟამად CSB საერთაშორისო აკრედიტაციის ბოლო ეტაპზეა და კახა შენგელია გვპირდება, რომ AACSB-ის აკრედიტაცია სრულად შეცვლის ბიზნესგანათლების სტანდარტს ქვეყანასა და რეგიონში.
„ჩვენ გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო სერტიფიკატი TedQual-ი მოვიპოვეთ ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე“, — გვიყვება კახა შენგელია 2020 წელს მიღებული აღიარების შესახებ და აქვე გვიზიარებს სხვა შედეგებსაც. იქნება ეს უნივერსიტეტისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის მიერ (CEEMAN) მინიჭებული საერთაშორისო ხარისხის აკრედიტაცია თუ ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტის (RIBA) მიერ არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამისთვის მინიჭებული უპირობო აკრედიტაცია: „ჩვენი არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა პირველი და ერთადერთია საქართველოში, რომელსაც ასეთი აღიარება ხვდა წილად“.
საგანმანათლებლო შეთავაზებების გაფართოებაზე საუბარმა ბუნებრივად მიგვიყვანა ქვეყნის შიგნით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხთან.
აქტიური ტემპით მიმდინარეობს კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ულტრათანამედროვე კამპუსის მშენებლობა. შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საუნივერსიტეტო კამპუსი და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა „კავკასიის აკადემია“ მიმდინარე წლის ბოლოს გაიხსნება.
„ბათუმის კამპუსის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება ჩემთვის. მიმაჩნია, რომ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში უმაღლესი განათლება კონკურენტული უნდა იყოს“, — გვეუბნება კახა შენგელია და დასავლეთ საქართველოს რეგიონული განვითარების მნიშვნელობაზე მიანიშნებს. უკვე არსებულ საგანმანათლებლო შეთავაზებასთან ერთად, ბათუმის კავკასიის უნივერსიტეტი მსურველებს მეზღვაურის პროფესიასაც აზიარებს.
ასევე სწრაფი ტემპით შენდება გურჯაანის გასტრონომიული აკადემია, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით აშენებს. 17 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება და სტუდენტების პირველ ნაკადს მალევე მიიღებს.
ამავდროულად, საერთაშორისო სტუდენტების მხრიდან მოთხოვნის ზრდასთან ერთად, გაჩნდა საჭიროება, კავკასიის უნივერსიტეტმა დედაქალაქში კიდევ ერთი სასწავლო კამპუსი განავითაროს. მომდევნო აკადემიური წლიდან უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო პროცესში ახალ მისამართზე, რიგით მეორე კამპუსში ჩაერთვებიან. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა საუნივერსიტეტო ჰოსპიტლისა და სტუდენტური საერთო საცხოვრებლის პროექტებზეც.
ქვეყნის შიგნით საგანმანათლებლო ქსელისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, კავკასიის უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს გლობალური ექსპანსიის სტრატეგიაზე.
უნივერსიტეტმა უკვე მოიპოვა ლიცენზია და გაზაფხულის ბოლოდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქ. დუბაიში კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ-ცენტრი ოფიციალურად დაიწყებს საგანმანათლებლო სერვისის მიწოდებას. კახა შენგელიას თქმით, ეს დიდი ნაბიჯია დუბაიში უნივერსიტეტის სრულყოფილი კამპუსის გახსნისკენ.
რესპონდენტი გვიყვება იმასაც, რომ კავკასიის უნივერსიტეტი ასრულებს მუშაობას ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (ე.წ. Feasibility Study) დოკუმენტზე, რათა გადაწყდეს, თუ რა ფორმით დაფუძნდება კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლობა ტაშკენტში, უზბეკეთის დედაქალაქში.
გლობალური ექსპანსიის სტრატეგიის კვალდაკვალ, კახა შენგელიას ამბიციური ამოცანაა, ქვეყანაში შეინარჩუნოს მაღალი ხარისხის განათლების მიღების სურვილის მქონე ახალგაზრდები: „ხშირად ამბობენ, რატომ უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს საქართველოში, როდესაც შეგვიძლია ვასწავლოთ სხვა ქვეყანაში. დამერწმუნეთ, დღეს ჩვენი უმაღლესი განათლება არავისაზე ნაკლები არ არის“.
უმაღლესი განათლების სისტემაზე საუბრისას, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი აზუსტებს, რომ ქართული უმაღლესი განათლება არც ხარისხით და არც ცოდნის მიწოდებით აღარ ჩამორჩება წამყვანი ევროპული, ამერიკული თუ აზიური ქვეყნების სისტემებს. ხოლო საერთაშორისო გამოცდილების მიღების აუცილებლობაზე საუბრისას გვპასუხობს, რომ ქვეყანაში ამისთვის მრავალი ისეთი შესაძლებლობა არსებობს, როგორიცაა გაცვლითი პროექტები, ერთობლივი ორმაგი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამები და სხვა, რაც საშუალებას იძლევა, სტუდენტებმა ერთი ან რამდენიმე სემესტრი საზღვარგარეთ გაატარონ.
კითხვა, ამ მიზნების მიღწევის შემდეგ ექნება თუ არა კმაყოფილების შეგრძნება, კახა შენგელიასთვის მიუღებელი აღმოჩნდა. პირდაპირია და გვეუბნება, რომ კმაყოფილება არ არის ის შეგრძნება, რასაც ეძებს: „როგორც კი კმაყოფილი ხდები, იქ განვითარება სრულდება. მე ყოველდღიურად ვვითარდები, ვსწავლობ. თუკი ოდესმე ჩავთვლი, რომ ვეღარ ვვითარდები, უნდა წავიდე“.
მიუხედავად ამ პასუხისა, კიდევ ერთხელ ვთხოვთ გაგვიზიაროს, რა არის მისი გრძელვადიანი ამოცანა კავკასიის უნივერსიტეტთან მიმართებით, ამჯერად კმაყოფილების კომპონენტს განზე ვტოვებთ.
პასუხი ამბიციურია, თუმცა, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, რეალისტური: „კავკასიის უნივერსიტეტი უნდა იყოს პირველი აღმოსავლეთ ევროპაში – იქნება ეს საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, რუსეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი თუ რეგიონის სხვა ქვეყნები“.