განმუხურის ხელახლა გახურება

განმუხურის ხელახლა გახურება

“კაზანტიპის რესპუბლიკა” დაემხო. მის ადგილს სამარგალოს ახალი მარგალიტი, GEM Fest-ი დაიკავებს, რომელსაც EDM-ის თანამედროვე კლასიკოსები ეწვევიან. აგვისტოს დასაწყისში გამოჩნდება, რამდენად შეუძლია საქართველოს, $6.2-მილიარდიანი ინდუსტრიის თუნდაც უმცირესი ნაწილი მიითვისოს. ფსონი მაღალია: ერთი წარუმატებლობა პრეცედენტია, ორი კი უკვე კანონზომიერება.

Gem Fest-ის ოფისი თუხთუხებს. თანამშრომლები, რომელთა გარეგნული იერიც “ოფისურ” ანტურაჟთან საგრძნობ კონტრასტშია, სართულებს შორის დარბიან. დარბის ფესტივალის დამფუძნებელი, გიორგი სიგუაც, მაგრამ მისი მიმოსვლის არეალი ოფისით არ შემოიფარგლება. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი, შემპირდა, აეროპორტიდან ახალმოსულ რესპონდენტს ორი საათით “დავაბამო”, ფოტოგადაღებასა და ინტერვიუს ჩაწერის შუალედში გიორგი სიგუა სადღაც მაინც გასხლტა: “ცხრა კაცი მელოდება გარეთ”, – ზურგსუკან მომაძახა მან, რამაც არ ვიცი, უფრო გამაოცა თუ გამაბრაზა. ერთადერთი რესპონდენტი, რომელიც მასთან ექსკლუზიური ინტერვიუსთვის მისულს ასე გამქცევია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია. მომდევნო ოც წუთში აღმოვაჩინე, რომ პირველი არ ვარ, ვინც მათი საუბრისა და მოძრაობის მანერებს შორის მსგავსება დაიჭირა.

ამ ასოციაციის შემდეგ რთულია, უფრო არ შეტოპო პარალელებში, მით უმეტეს, როცა ცდილობ, ლოდინის დროს თავი გაირთო: ორივეს კარიერა ქართული პოლიტიკის შემდეგ უკრაინულ რევოლუციურ რესპუბლიკებში განვითარდა – პირველს პრეზიდენტმა პოროშენკომ შესთავაზა თანამდებობა საპორტო ქალაქ ოდესაში, მეორეს “კაზანტიპის რესპუბლიკის” პრეზიდენტმა მარშუნოკმა – პირველის მიერ საპორტო ქალაქად ჩაფიქრებულ ანაკლიაში. თუმცა აქ მათი გზები იყრება – ოდესა კვლავ ადგილზეა, “კაზანტიპი” კი აღარ არსებობს და გიორგი სიგუა ახლა, მის ადგილას ანაკლიაში GEM Fest-ს აფუძნებს “კაზანტიპის” გუნდის ყოფილ წევრებთან, ქართველ პრომოუტერებთან, სერბეთის ყველაზე ხმაურიანი მუსიკალური ფესტივალის, Exit-ის პერსონალსა და სხვა საერთაშორისო თანამშრომლებთან ერთად.

მარშუნოკს ჩვენ ისევ დავუბრუნდებით, როცა სიგუა დაგვიბრუნდება, ახლა კი ჟანრი მოითხოვს, GEM Fest-ზე მოგითხროთ, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი მეპარება, პირველი ვიყო, ვისგანაც ამ ღონისძიების შესახებ მოისმენთ. ჟურნალი ივლისის დასაწყისში გამოდის, ქართული სოციალური მედია კი ჯერ კიდევ ივნისის მეორე ნახევარში აფეთქდა, როდესაც საქართველოში “ტრანსის მამის”, არმინ ვან ბუურენის ჩამოსვლა დაანონსდა. მისი რეგალიების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ მხოლოდ მთავრით შემოვიფარგლოთ: Grammy Award-ის ნომინანტი საუკეთესო სინგლისთვის, Billboard-ის საცეკვაო/ ელექტრონული ალბომების სიაში უპოპულარულესის ავტორი, DJ Magazine-ის მიერ მსოფლიოს პირველ დი-ჯეიდ დასახელებული, ჰოლანდიურ მუსიკალურ ისტორიაში პირველი, ვინც საცეკვაო მუსიკის ალბომით (Imagine) ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა… მის ყველაზე პოპულარულ კომპოზიციას – In and Out of Love 155 მილიონზე მეტი ნახვა აქვს Youtube-ზე, ხოლო გამოსვლებს ათიათასობით ადამიანი ესწრება მთელი მსოფლიოდან. ვან ბუურენის მიერ განმუხურის გახურების ამბავმა გადაფარა აგრეთვე ისეთი სოლიდური ჰედლაინერების ჩამოსვლა, როგორებიცაა DubFire-ი, Booka Shade-ი, WhoMadeWho, Radioslave-ი და სხვები, ჯამში 70-მდე არტისტი, რომელთაგან სხვა “დიდი” სახელები ჯერ არც ხმაურდება.

თუმცა მუსიკა ერთადერთი არაა, რაც ანაკლიაში ჩასულ რეივერებს დახვდებათ 18 ჰექტარზე გადაჭიმულ ტერიტორიასა და 4 სცენაზე, რომელთაგან ერთი ნაწილობრივ ზღვაში, ერთიც კი აკვაპარკში იქნება: “GEM Fest-ი ჩაფიქრებულია როგორც მულტიფორმატული, ინტერნაციონალური ფესტივალი, რომელიც მოიცავს ყოველივე იმას, რაც ყველაზე მეტად ბრწყინვალე, გამორჩეული და ღირებულია დღესდღეობით ახალგაზრდულ კულტურაში, საცეკვაო მუსიკასა თუ სცენურ ტექნოლოგიებში. სუპერნოვები და მსოფლიო ელექტრონული ესტრადის ახალგაზრდა კაშკაშა ვარსკვლავები, თანამედროვე ხელოვნების თვალსაჩინო აქტივისტები და სულისჩამდგმელები, ქორეოგრაფები, მხატვრები, დიზაინერები, ფოტოგრაფები, კინემატოგრაფისტები, დი-ჯეები, ვიდეო-მხატვრები და სპორტსმენებიც კი — ჩვენ გვაინტერესებს ყველა და ყველაფერი, რაც გარშემომყოფთა აღტაცებასა და შეძახილს: ‘ბრწყინვალეა!’ დაიმსახურებს”, – ნათქვამია ფესტივალის ოფიციალურ საიტზე (Gemfest.ge).

თბილისურ ოფისში ვხედავდი, როგორ ძვრებიან ხალვათად ჩაცმული თანამშრომლები საკუთარი ტყავიდან, რათა 30 ივლისიდან 7 აგვისტომდე, 9 დღის განმავლობაში, ელექტრონულ- საცეკვაო მუსიკის საერთაშორისო პუბლიკას სამეგრელოში მარგალიტი აღმოაჩენინონ – სწორედ “ძვირფას ქვად” ითარგმნება GEM-ი, რომელიც “სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტის” ამბიციასთან ერთად Georgian Electronic Music Festival-ის აბრევიატურასაც მალავს. შესაძლოა, ათასი (განგებ) გონებაგათიშული ახალგაზრდის თავმომყრელი ფესტივალის მისამართით თქმული “სახელმწიფო მნიშვნელობა” მართლაც ბრჭყალებში მოსაქცევად ჟღერდეს, მაგრამ ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ინდუსტრიის მაჩვენებლების ხილვისას, გამორჩეულ სკეპტიკოსებსაც კი მინიმუმ შეაფიქრიანებს ქვეყანაში ამ მიმართულების განვითარების ეკონომიკური პოტენციალი.

Forbes-ის წინა ნომერში გამოქვეყნებულ უმდიდრეს რეპერთა რეიტინგში გამოჩნდა, რომ ემსიები დღეს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსები არიან, თუმცა სანამ დოქტორ დრი და ჯეი- ზი ბრჭყვიალაძეწკვებიანი ვიდეოების გადაღებით და ყურსასმენებისა თუ გამაგრილებელი სასმელების ბიზნესით იყვნენ გართული, მუსიკალური ინდუსტრიის გონგის ხმაზე კიდევ ერთი ფისკალური მძიმეწონოსანი აცეკვდა. გაიცანით ე.წ. EDM-ი (Electronic Dance Music).

მსოფლიოში ელექტრონული მუსიკის უამრავი ფესტივალი ტარდება, დი-ჯეები ჩარტებშიც და სტრიმინგის სერვისებზეც ახალგაზრდა ჯაგერის პოპულარობას იძენენ, Deadmaus-ი საკუთარ Ferrari-ის ჯერ ცისფრად ღებავს და უკანალიდან ცისარტყელის კვალის დამატოვარ იისფერ კატას ახატავს, შემდეგ კი Craigslist-ზე გასაყიდად ათავსებს. ნათელია, EDM-ი ახალი კულტურული და ეკონომიკური სიმძიმის ცენტრია – ახალგაზრდა, ახალგაზრდული ინდუსტრია, რომელიც საერთაშორისო მუსიკის სამიტის მეტისმეტად ხელმომჭირნე გათვლებით უკვე $6.2 მილიარდადაა შეფასებული. აქედან $1.3 მილიარდს ფესტივალებიდან, $2.4 მილიარდს სპეციალიზებული კლუბური საღამოებიდან, $600 მილიონს ვიდეო- და სტრიმინგსერვისებიდან, $140 მილიონს Soundcloud-დან, $360 მილიონს კი დი-ჯეების აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს.

Forbes-ის 2013 წლის ელექტრონული მუსიკის არტისტების რეიტინგში 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი დი-ჯეის ჯამურმა შემოსავალმა $225 მილიონი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე 2010 წლის შედეგი, მომდევნო წლებში კი მაჩვენებელი კიდევ რამდენჯერმე გაიზარდა. შედარებისთვის, იმავე 2013 წელს ათმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მუსიკოსმა $216.5-მილიონიანი შემოსავალი მიიღო, რაც თითქმის $10 მილიონით ჩამოუვარდება EDM-ის ტოპ- ათეულისას. ეს იმას ნიშნავს, რომ მადონა და როჯერ ვოტერსი ნაკლებს შოულობენ, ვიდრე Zedd-ი, დევიდ გეტა და მსგავსნი მისნი.

საქმიდან დაბრუნებული გიორგი სიგუა, ჩვეული სიფიცხით, ზეპირად მისახელებს ციფრებს: “მაგალითისთვის გეტყვით, რომ EDM-ინდუსტრია ჰოლანდიის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.5 %-ს შეადგენს. ეს არის ფესტივალები, ივენთები, მუსიკოსების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი, ამ ბიზნესში ჩართული ფირმებიდან მიღებული გადასახადი და ა.შ. მთავრობაში მთელი მიმართულება არსებობს ამ ინდუსტრიის გასავითარებლად”, – მომითხრობს იგი (აუცილებელია აღინიშნოს, რომ შეფასება გადაჭარბებულია, რადგან ჰოლანდიის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ- ნახევარი პროცენტი $11 მილიარდს აღემატება). ამასთანავე, სიგუა იხსენებს ბელგიური Tomorrowland-ის ქეისს – დაახლოებით 10 წლის წინ დაარსებულ ფესტივალს, რომელიც 10-ათასიანი აუდიტორიით დაიწყო და წელს უკვე 330,000 ბილეთი აქვს გაყიდული. ამ ფონზე, GEM Fest-ის გუნდის გეგმა გრძელვადიანი და ნათელია: საფუძველი ჩაეყაროს რეგიონის მთავარ, EDM-ღონისძიებას, რომელიც დროთა განმავლობაში მოგებიან ფრანშიზად იქცევა და რეგიონული მასშტაბით განვითარდება: “პირველი წელი კომერციულად აუცილებლად წაგებიანი იქნება. მეორე წელი, სავარაუდოდ, უკვე დიდი აფეთქება უნდა იყოს, რადგან ახლა ცოტა ძნელია ადამიანები დაარწმუნო, რომ, აი, ძალიან მაგარ რამეს ვაკეთებთ”, – ამბობს იგი.

წაგებიანი პირველი წელი იაფი არ ჯდება. პროექტში $1-მილიონიანი კერძო ინვესტიცია ჩაიდო (ინვესტორის ვინაობა არ მჟღავნდება) და გაყიდული სასპონსორო პაკეტებით, ექსკლუზივებით, ობიექტებისა თუ მიწის იჯარით ამ ეტაპისთვის, სიგუას თქმით, 9-მილიონლარიანი ბიუჯეტია შეკრული. აქედან 6 მილიონს დისტრიბუცია, იჯარები და საიმიჯო პაკეტები იძლევა. გამოდის, დაინტერესებული სპონსორებისა და დამფინანსებლების მხრიდან ეს არის ინვესტიცია მომავალში იმ იმედით, რომ დასავლეთ ევროპაში, ამერიკაში და ბოლოს უკვე აღმოსავლეთ ევროპაში აზიდული მუსიკალური ტალღა ანაკლიის სანაპირომდე მოაღწევს და საქართველოს მდებარეობაც თავის როლს ითამაშებს: რუსეთს ელექტრონულ ბითზე მეტად ქვემეხების ბაგაბუგი ხიბლავს, ხოლო დანარჩენი მეზობელი სახელმწიფოები რეივკულტურის მიმართ გამორჩეულ შემწყნარებლობას არ ამჟღავნებენ. “ჩვენს რეგიონში, ახლომახლო ასეთი რამ მხოლოდ კაზანტიპი იყო, ყირიმში”, – ამბობს სიგუა.

“კაზანტიპი” გიორგი სიგუასთვის, წესით, არცთუ სასიამოვნო თემა უნდა იყოს გასახსენებლად – ბოლო- ბოლო 2014 წელს ანაკლიაში ჩატარებულ ამ ფესტივალს საქართველოს მთავრობაში მისი თანამდებობა, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა შეეწირა. ტურისტული ნაკადის ხარჯზე შემოსავლის მიღების იმედით, ადგილობრივები შესამჩნევად კეთილგანწყობილები იყვნენ ახალგაზრდული “ახირებების” მიმართ, თუმცა ერის “ობლიკო მორალეს” სადარაჯოზე მდგარი სასულიერო იერარქები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რათა რამდენიმედღიან მუსიკალურ ღონისძიებასა და ჯოჯოხეთს შორის აშკარა კავშირი გამოევლინათ. იყვნენ ადამიანები, ვისაც ანაკლიაში ჩატარებული “კაზანტიპის” ექო რამდენიმე დღის წინ მომხდარი წყალდიდობის ფონზეც შემოესმა. საერო ხელისუფლებამ სასულიერო ხელისუფლების წნეხს ვერ, ან არ გაუძლო. იმავე ზაფხულს გიორგი სიგუა თანამდებობიდან მოხსნეს.

რთულია, დარწმუნებით ითქვას, ანტისაცეკვაო აგიტაციამ უფრო განაპირობა 50,000 ადამიანისთვის გამიზნულ ფესტივალზე 10,000-მდე ადამიანის დასწრება, აბონემენტის ძვირმა ფასმა – სამასმა ლარმა, დაუტრენინგებელი უსაფრთხოების პერსონალის გადამეტებულმა სიბეჯითემ, თუ სავაჭრო მიზნით ტერიტორიის არენდატორებისა და მოსახლეობის მიერ არარელევანტურად გაძვირებულმა პროდუქტმა, ფაქტია, “კაზანტიპის რესპუბლიკა”, რომელიც 22 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 20%-ით ზრდიდა საკუთარ აუდიტორიას, საქართველოში დაემხო. 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, “ლტოლვილი” “რესპუბლიკის” პრეზიდენტმა Forbes Georgia-ს აგვისტოს ნომრის (#33) სტატიისთვის მითხრა: “არ შეიძლება, კეთილგონიერების ზღვარს გადააბიჯო ფასებთან მიმართებით იმ მიზნით, რომ “ჩქარი ფული” გამოიმუშაო. ეს, პირველ რიგში, სამომავლო პერსპექტივას კლავს. მასაც კი, ვისაც ფული აქვს, არ უნდა, თავი იდიოტად იგრძნოს და გადაიხადოს იმაზე ათჯერ მეტი, ვიდრე მიზანშეწონილია ამა თუ იმ პროდუქტის სანაცვლოდ. ყველაფერს თავისი ფასი აქვს”. რამდენიმე დღეში მოხდა ის, რისიც მას ეშინოდა: ჭიქა ლუდი – 10 ლარი, 50 გრამი სპირტიანი სასმელი – 20 ლარი, ნესტიანი საწოლი გაურემონტებელ ოთახში – 100 ლარი, შეგონება-შეგინებანი – უფასო. “ღმერთმა იცის, შანსი მოგეცით, – შემოუთვალა საქართველოს კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ნიკიტა მარშუნოკმა საკუთრი FB-გვერდიდან. – ზოგი ფიქრობდა, რომ სატანამ გამოგვგზავნა, სხვები მშვიდობის მტრედებს ან უცხოპლანეტელებს გვეძახდნენ. ჩვენ ბევრი გვსმენოდა ქართულ სტუმართმოყვარეობაზე, მაგრამ არ გვეგონა, თუკი ის ასეთი ძვირი იყო”.

ამ ქედმაღლურ ნოტზე საქართველოდან გადაბარგებულმა რესპუბლიკამ კამბოჯას მიაშურა, თუმცა არც იქ დაუხვდათ დარი: ფესტივალის დაწყებამდე ორი კვირით ადრე სახელმწიფომ ორგანიზატორებს უარი სტკიცა. მიზეზი სავარაუდო “ზომაგადასული სექსუალური აქტივობა” იყო. ინვესტიციები იქაც დაიკარგა. ამით კაზანტიპმა არსებობა შეწყვიტა და BeFooz-ად გარდაისახა, რომელიც წელს ისევ სოფელ პოპოვკაში გაიმართება ივლისის ბოლოდან 16 აგვისტომდე. ფესტივალის დეტალები არ ხმაურდება.

ჩემდა გასაკვირად, გიორგი სიგუა შარშანდელ, როგორც თვითონ უწოდებს – ექსპერიმენტს – წარუმატებლობად არ მიიჩნევს: “ჩვენ მოგვეცა საშუალება, ვთქვათ, რომ ძალიან თავისუფლად შეიძლება ჩვენთან ასეთი ღონისძიების მასპინძლობა”. ხოლო როცა ფინანსურ ზარალზე ვეკითხები, კითხვითვე მპასუხობს:

– შენ რომ რესტორანს გახსნი, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ პირველივე შაბათ-კვირას უნდა ამოიღო ის ფული, რაც რესტორნის გახსნაზე დახარჯე?

– თუმცა შარშან მარშუნოკი ვარაუდობდა, რომ მოგებას ნახავდა – არ ვეშვები.

– რა ვიცი, მე მიმტკიცებდა, ფულის გულისთვის არ მოვდივარო…

 – მაშინ როგორ მოხდა, რომ დღეს იგი თქვენი პირდაპირი კონკურენტია?

 – ვინ? მარშუნოკი? რატოა მარშუნოკი ჩემი კონკურენტი?

– ყირიმში ხომ აკეთებს ახლა BeFooz-ს, რომელიც ზუსტად GEM Fest-ის თარიღებს ემთხვევა?

 – ყირიმში რაღაცას რომ აკეთებს, ჯერ ერთი, ჩემი კონკურენტი ვერანაირად ვერ იქნება. იქ რომ რუსის მეტი არავინ ჩამსვლელი არ არის, ხო გასაგებია? საერთაშორისო რეისი იქ არ არის, VISA და Mastercard-ბარათები იქ არ მუშაობს, სადავო ტერიტორიაა და ვერავინ ვერავის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. მარშუნოკი ყირიმში რაღაც რუსულ ტუსოვკას აკეთებს და ჩვენი კონკურენტი რატომ უნდა იყოს? თანაც, კაციშვილმა არ იცის, რას აკეთებს…

მიუხედავად მედიასთან ურთიერთობის პოლიტიკისა, რომელიც შარშანდელი ჩავარდნის “ნაწილობრივ წარმატებად” წარმოჩენას უბიძგებს, აშკარაა, რომ გიორგი სიგუა “კაზანტიპის” ხარვეზებს კარგად ხედავს, ისევე როგორც GEM Fest-ის გუნდი, რომელიც ინდუსტრიის ინსაიდერებით არის დაკომპლექტებული. პირველ რიგში, ყურადღებას იქცევს ფასების მეტად ხელმისაწვდომობა და, “კაზანტიპისგან” განსხვავებით, პაკეტების ელასტიკური დიფერენციაცია, რათა პოტენციური აუდიტორიის თითოეულმა სეგმენტმა ნახოს თავისი საკბილო: პრომო-პერიოდში, სანამ პირველი 1000 ბილეთი გაიყიდებოდა, Multi-Pass-ის ფასი 99 ლარს არ აღემატებოდა. Full House Pass-ი, ანუ კლასიკურ Multi Pass-ს დამატებული განთავსება კარვების ქალაქში, 250 ლარი ღირს, ხოლო ორ კაცზე – 400 ლარი. მოქმედებს სტუდენტური პაკეტიც, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა მსურველს სთავაზობს შესაძლებლობას, გაატაროს 9 დღე ზღვაზე სულ რაღაც 200 ლარად, ან 300 ლარად – ორ კაცზე, თავისი ტრანსპორტირებით. განსაკუთრებით პრეტენზიულებისთვის არსებობს $1000-იანი Diamond Pass-იც, რაც მოიცავს გარანტირებულ სასტუმროს ჯავშანს, ტერიტორიაზე ავტომობილით შესვლას, ბექსტეიჯზე მოხვედრას, VIP-ლოჟებს მთავარ სცენასთან, VIP -გასახდელებს აკვაპარკში და კიდევ ბევრ ბონუსს.

ამასთანავე, GEM Fest-ი ტერიტორიის არენდატორებს უწესებს პროდუქტებზე ფასთა ზედა ზღვარს და, შარშანდელი განუკითხაობის თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. ოთხენოვანი საიტი “კაზანტიპისაზე” გაცილებით მოქნილია, ლაინ- აპი ბევრად ხმაურიანი და, თუკი პოზიტიური გამოხმაურებებით ვიმსჯელებთ ისეთ, რბილად რომ ვთქვათ, კონსერვატორული სოციალური პოლიტიკის მომხრე მედიებში, როგორიც მაგალითად droni.ge გახლავთ, აშკარაა – PR-ი ზედაპირის მიღმაც მუშაობს, ანუ, წესით, შეჩვენებების ახალ ტალღას ნაკლებად უნდა ველოდეთ. მიუხედავად იმისა, რომ GEM Fest-ის საორგანიზაციო ჯგუფში “კაზანტიპის მთავრობის” ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანია, ფესტივალი მთელი ძალით ცდილობს, შარშანდელ ღონისძიებასთან არ ასოცირდეს. შესაძლოა, ამანაც გააღიზიანა ნიკიტა მარშუნოკი, როცა გასულ თვეში FB-ზე დაწერა: “ერთი ნაცნობი ქართველი, გიორგი სიგუა შარშანდელ რეზინს ახლად ასაღებს”.

“პირველი, ვისაც შევთავაზე საქართველოში GEM Fest-ზე მუშაობა – ნიკიტა იყო, – მხრებს იჩეჩს გიორგი სიგუა, – ფულის ჩამდები მე აღარ ვარ, როგორც მენეჯერი ისე დამიქირავეთო, მითხრა და არარეალური მოთხოვნები წამომიყენა. კარგად იყავი მაშინ-მეთქი, ასე ვუპასუხე”.

თუკი “კაზანტიპის” წარმატება-წარუმატებლობის საკითხი გიორგი სიგუასთვის სადავოა, GEM Fest-ის წარმატების გასაზომად მას მკაფიო კრიტერიუმი აქვს – 15,000 დამსწრე. ეს იოლი გამოწვევა არაა, მით უმეტეს, რომ ივლისის ბოლომდე GEM Fest-ს წინ სამი, აგრეთვე მასშტაბური მუსიკალური მოვლენა უსწრებს: Summer Set-ი, Batumi Jazz Fest–ი და Open Air-ი. “იცი რა, მე ვერ შევადარებ რაიმეს GEM Fest-ს, ძალიან შორს არის ყველაფრისგან, თავისი მასშტაბით. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ცუდია, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის არნახული, უბრალოდ არნახული. და ვინმეს თუ უნდა არნახულის ნახვა – მოვა”.

მივიდეთ, ვნახოთ.