გასული კვირის მნიშვნელოვანი კრიპტოსიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი კრიპტოსიახლეები

ბოლო რამდენიმე დღე კრიპტოს ენთუზიასტებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით გამოირჩეოდა. ცნობილია, რომ დღემდე მაინერებმა ხელმისაწვდომი ბიტკოინების საერთო რაოდენობის უმეტესი ნაწილი უკვე მოიპოვეს. ასევე გაირკვა, რომ მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკი კი კლიენტებს კრიპტოვალუტებში ინვესტირების საშუალებას მისცემს. ამ და სხვა სიახლეებს კრიპტოსამყაროდან ამ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

დღემდე მაინერებმა, ხელმისაწვდომი 21 მილიონი ბიტკოინიდან, 19 მილიონის მოპოვება შეძლეს

ბიტკოინის მაინერებმა დღემდე ჯამში 19 მილიონი ბიტკოინი მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ 2 მილიონი ბიტკოინი დარჩა მიმოქცევაში გასაშვებად. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბიტკოინი ბევრი მიზეზის გამო შეიძლება დაიკარგოს (მაგალითად, Wall Street Journal-ის ანალიზით, ბიტკოინების დაახლოებით 20% დაკარგულია), ამიტომაც ზუსტად არავინ იცის, რამდენი ბიტკოინია მოცემულ მომენტში მიმოქცევაში.

ბიტკოინის მაინერი თითოეული ბლოკის ამოხსნაში მოიპოვებს 6.25 ბიტკოინს. ბლოკის ჯილდო, რომელიც აღნიშნავს იმ ჯილდოს, რომელსაც მაინერები იღებენ თითოეული ბლოკის ამოხსნაში, იყოფა შუაზე ყოველ 210,000  ბლოკზე. პირველი ბლოკი ამოხსნა “ნაკამატომ”, რომლის ჯილდოც 50 ბიტკოინი იყო. ამის შემდეგ ყოველი ამოხსნილი ბლოკი ნაკლებ ჯილდოს გასცემს მაინერისთვის. შესაბამისად, შესაძლოა 19 მილიონი ბიტკოინის ცირკულაციაში გაშვებას დაახლოებით 12 წელი დასჭირდა, მაგრამ დარჩენილი 2 მილიონი ბიტკოინის მოპოვება სავარაუდოდ 2140 წლამდე არ იქნება შესაძლებელი.

კრიპტოვალუტების სრული საბაზრო კაპიტალიზაცია არის იმის ინდიკატორი, თუ რა ღირებულება აქვს მომხმარებლებისთვის დაპროგრამებულ და რაოდენობრივად შეზღუდულ ფულს. ამჟამად გლობალური კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია აღემატება $2 ტრილიონს, ხოლო ბიტკოინის ფასი მერყეობს 40,000-დან – 48,000-იან ნიშნულებამდე. ბიტკოინის ფასს განსაზღვრავს მასზე არსებული მოთხოვნა – რაც უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს მას, შესაბამისად იზრდება მისი ფასიც. დედამიწის მოსახლეობის რაც უფრო  დიდი ნაწილი აღიარებს ბიტკოინის მნიშვნელობას ფინანსურ სისტემებში, აითვისებს მას, ან თუნდაც გამოიყენებს საინვესტიციოდ, მით უფრო გაიზრდება ბიტკოინის ფასიც.

Goldman Sachs- კლიენტებს ეთერიუმსა და ბიტკოინში ინვესტირების საშუალებას სთავაზობს

Goldman Sachs-მა, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა საინვესტიციო ბანკმა  –  კლიენტებს კრიპტოაქტივებში ინვესტირების საშუალება მისცა. საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც აქამდე მხოლოდ ინტერესს იჩენდა მსგავსი ინვესტიციების მიმართ, ეთერიუმსა და ბიტკოინს კრიპტოკომპანია Galaxy Digital-ის დახმარებით კლიენტებს უკვე სთავაზობს.

Goldman Sachs-მა Galaxy Digital-თან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისიდან დაიწყო, როდესაც Galaxy Digital-მა ეთერიუმის ფონდის შექმნა დააანონსა. მაშინ კრიპტოკომპანიამ პირველად გამოუშვა $50 მილიონზე მეტი ღირებულების კრიპტოაქტივები, Goldman Sachs-ის როლი კი ამ ტიპის აქტივებისთვის პოტენციური ინვესტორების მოძიება იყო.

Morgan Stanley იყო პირველი მსხვილი საინვესტიციო ბანკი ამერიკაში, რომელმაც კლიენტებს კრიპტოვალუტების შეძენა შესთავაზა. კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული რეგულაციები, რომლებიც უკვე ბევრმა ქვეყანამ მიიღო,  ბანკებსა და საინვესტიციო ფონდებს საინვესტიციო პორტფელში კრიპტოვალუტებისთვის ადგილის გასაჩენად თავდაჯერებულობას მატებს.

კრიპტოვალუტებს ასევე ბევრი რიტეილ-კომპანია ითვისებს და მომხმარებლებს ბიტკოინით ან სხვა კრიპტოთი გადახდის საშუალებას აძლევს. ცნობილი ადამიანებიც აქტიურები არიან კრიპტოვალუტების და კონკრეტულად ბიტკოინის მხარდაჭერაში, მათ შორის მაიკლ სეილორი, რომლის კომპანიას 129,218 ბიტკოინი აქვს შეძენილი (დაახლოებით $5.8 მილიარდი). მაიკლ სეილორი Microstrategy-ის აღმასრულებელი დირექტორია. კომპანია ალგორითმებს იყენებს სხვა ბიზნესების გასაანალიზებლად და ამის საფუძველზე სთავაზობს  ინფორმაციას/ანალიტიკას ბიზნესებს, რაც მათ  ზრდაში ეხმარება.

ავსტრალიის ერთერთი ყველაზე დიდი ბენზინგასამართი სადგურების ქსელი  მომხმარებლებს კრიპტოვალუტით გადახდის საშუალებას აძლევს

On The Run-ი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საცალო ვაჭრობისა და ბენზინგასამართი სადგურების ქსელი ავსტრალიაში, რომელიც 170-მდე ობიექტს ფლობს, მომხმარებელს გადახდის მეთოდად ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების გამოყენების შესაძლებლობას მისცემს ქვეყნის სამხრეთით მდებარე მის ყველა ობიექტზე. გარდა ამისა, ის ბიზნესები, რომლებიც On The Run-თან ახლოს მდებარეობენ, მათ შორის Subway, ასევე შეძლებენ ამ სისტემის გამოყენებას.

Finder-ის კვლევის მიხედვით, კრიპტოვალუტა ავსტრალიელების 18%-ს  აქვს შეძენილი,  რის გამოც ავსტრალია მსოფლიოში კრიპტოს ათვისებაში მესამე ადგილს იკავებს. On The Run-ის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების ფასისა და პოპულარობის ზრდას.

ამ გადაწყვეტილებით, Peregrine Corporation-ი – On The Run-ის მფლობელი კომპანია გახდება ყველაზე დიდი ბიზნესი ავსტრალიაში, რომელიც მომხმარებელს კრიპტოვალუტებით გადახდის საშუალებას მისცემს.   პროექტის განხორციელებაში ჩართულია ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიპტობირჟა – Crypto.com.

დიდ ბრიტანეთს სურსკრიპტოს ჰაბი გახდეს

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ წარადგინა გეგმა კრიპტოს ინდუსტრიისთვის ქვეყნის გლობალურ ჰაბად და მსოფლიო ლიდერად ქცევის თაობაზე. გეგმის მიხედვით, რეგულაციები წესდება სთეიბლ-კოინებისთვის, გამოიცემა NFT-ები და იგეგმება სხვა ცვლილებები იმ კომპანიების მოსაზიდად, რომლებიც ჩართულნი არიან ციფრული აქტივების მართვის სფეროში.

ფინანსთა მინისტრმა  რიში სუნაკმა Royal Mint-ს, სახელმწიფო კომპანიას, რომელიც ბრიტანეთში ხურდა ფულს გამოსცემს, NFT-ების შექმნა და მიმოქცევაში ჩაშვება დაავალა. NFT-ების შემოთავაზება არის პირველი ნაბიჯი ბრიტანეთის კრიპტობაზრის ლიდერად ჩამოყალიბებაში.

სთეიბლ-კოინების  ღირებულება დამოკიდებულია იმ სარეზერვო აქტივების ღირებულებაზე, რომლებზეც ის არის მიბმული. ერთ-ერთ ყველაზე დიდ სთეიბლ-კოინს – Tether-ს,  $80 მილიარდზე მეტი ღირებულების ასეთი აქტივი აქვს. კომპანიამ კრიტიკა დაიმსახურა იმის გამო, რომ საკმარისად გამჭვირვალედ არ საუბრობდა თავის რეზერვებზე. სწორედ ამიტომ   ბრიტანეთის მთავრობის მიერ ინიციირებული ერთ-ერთი რეგულაცია სთეიბლ-კოინის შემქმნელებს აიძულებს, ჰქონდეთ ანგარიშზე ზუსტად იმდენი გირვანქა სტერლინგი, რამდენი სთეიბლ-კოინიც ექნებათ გაშვებული მიმოქცევაში.  ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ დაანონსებული ცვლილებები კრიპტოვალუტების სფეროში მეტ სტაბილურობას და უსაფრთხოებას გააჩენს და რომ მალე სთეიბლ-კოინები (თუმცა კონკრეტულად რომელი, ჯერ არ ზუსტდება) ქვეყანაში გადახდის აღიარებული მეთოდი გახდება.