გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

გასულ კვირას კლიმატის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტის ახალი წიგნი გამოჩნდა, რომელიც მსოფლიოს მილიონობით ადამიანის შესაძლო მიგრაციის შესახებ აფრთხილებს. Nomad Century: How Climate Migration Will Reshape Our World-ის თანახმად, მასობრივი მიგრაციის მიზეზად სწორედ კლიმატური ცვლილებები იქცევა, თუმცა მსოფლიომ უნდა მოახერხოს და ეს ფაქტი მისთვის სასიკეთოდაც კი გამოიყენოს. წყალდიდობებისა და ხანძრების გახშირებასთან, ასევე სიცხის მომატებასთან ერთად, კლიმატური ცვლილებების შედეგები შემაშფოთებელია, მიგრაცია კი უკვე დიდი ხანია, დაწყებულია. დღევანდელ მიმოხილვაში შესაძლო კლიმატური მიგრაციისა და ქვეყნებზე მისი გავლენის შესახებ გიამბობთ.

გასულ კვირას ახალი მონაცემებიც გამოქვეყნდა, რომელთა მიხედვითაც 2022 წლის პირველ ნახევარში ენერგიის განახლებადმა წყაროებმა ელექტროენერგიის გლობალური მოთხოვნის ზრდა 100%-ით დააკმაყოფილა. შედეგად მსოფლიომ წიაღისეული საწვავის ხარჯი და დიდი მოცულობის ემისიების გამოყოფა აიცილა თავიდან.

საინტერესოა სიახლეები ბიზნესსექტორის მიმართულებითაც. მიმდინარე მიმოხილვაში გაეცნობით ინფორმაციას Nestle-ს ყავის ინდუსტრიის მდგრადი განვითარების გეგმის, ბეზოსის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის მოწოდებისა და გერმანიის ელექტროენერგიის უმსხვილესი მწარმოებლის გადაწყვეტილების შესახებ.

შესაძლოა, კლიმატური ცვლილება მილიონობით ადამიანის მიგრაციის მიზეზად იქცეს?

კლიმატის საკითხების მიმომხილველი ჟურნალისტის, გაია ვინსის ახალი წიგნის თანახმად, დედამიწის პოლუსებისკენ მასობრივი მიგრაცია კაცობრიობას დაეხმარება, გადაურჩეს კლიმატურ კრიზისს. მასზევე დაყრდნობით, ოცდამეერთე საუკუნის ბოლოსთვის ჩვენი პლანეტა ოთხ გრადუს ცელსიუსზე მეტით გათბება, რად დედამიწის უდიდეს ტერიტორიებს დაუსახლებელს გახდის და აიძულებს მილიონობით ადამიანს, ახალი საცხოვრებლის ძიება დაიწყოს.

თავისი ახალ წიგნის, Nomad Century: How Climate Migration Will Reshape Our World-ის ავტორი მასობრივი მიგრაციის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამტკიცებს, რომ ადამიანებს თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან გადაადგილება მოუწევთ. „ჩვენ მიგრაციის მართვა ისე უნდა შევძლოთ, რომ ის არა კატასტროფა, არამედ პროდუქტიული გადასვლა იყოს მდგრად მომავალზე“, – განაცხადა ვინსმა Royal Society of Arts-ის დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ცვალებადი კლიმატი უკვე აიძულებს ადამიანებს სახლების დატოვებას. გაეროში ლტოლვილთა საკითხების უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) მონაცემებით, 2008 წლიდან კლიმატთან დაკავშირებული მოვლენების გამო იძულებით დაახლოებით 21.5 მილიონი ადამიანი გადაადგილდა. ლონდონში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, Institute for Economics and Peace-ის თანახმად, მომდევნო 30 წლის განმავლობაში კლიმატური კრიზისის გამო შესაძლოა, დაახლოებით 1.2 მილიარდი ადამიანი გადაადგილდეს.

წყალდიდობისა და ხანძრის გახშირებასთან, ასევე სიცხის მატებასთან ერთად, პლანეტის ზოგიერთი რეგიონი დაუსახლებელი დარჩება. ვინსს მაგალითად მუმბაი მოჰყავს, სადაც ღარიბი უბნების მოსახლეობა ცხრა მილიონ ადამიანს აღწევს. „არანაირი საშუალება არ არსებობს, რომ ამ ცხრა მილიონ ადამიანს სიღარიბეში კონდიციონერი ჰქონდეს“, – ამბობს ვინსი და დასძენს. ეს ეხება ბანგლადეშის დიდ ნაწილსაც, ასევე აფრიკასა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნების რიგს, რომლებიც ვერ შეძლებენ ექსტრემალურ ტემპერატურასთან ადაპტირებას.

და მაინც, როგორ უნდა გავუმკლავდეთ კლიმატურ მიგრაციას?

ვინსი თვლის, რომ ჩრდილოეთ განედებზე მიგრაცია გარდაუვალია და ეს სულაც არ უნდა შეფასდეს ცუდ ფაქტად. ავტორის აზრით, პოპულისტური მთავრობები მიგრანტებს ძირითადად განტევების ვაცებად იყენებენ ყველაფრისთვის, დაწყებული სამუშაო პრობლემებით, დასრულებული სოციალური უზრუნველყოფისა და კეთილდღეობის სისტემის ჩავარდნებით. თუმცა, როგორც ბევრი კვლევა აჩვენებს, კარგად ინტეგრირების შემთხვევაში, მიგრანტები სიმდიდრისა და ქალაქის პროდუქტიულობის ზრდის მიზეზიც ხდებიან.

ადამიანთა ეს ნაკადი გაამდიდრებს ქალაქებს პლანეტის ჩრდილოეთში და ევროპის რიგი ქვეყნების დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მიზეზიც შეიძლება გახდეს.

ამ ყველაფრისთვის კი ჟურნალისტი გადაწყვეტის რამდენიმე გზას გვთავაზობს. ერთი ვარიანტი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ადამიანებისთვის „გლობალური მოქალაქეობის“ შეთავაზებაა. კატეგორია, რომელიც არსებულ ეროვნულ მოქალაქეობასთან ერთად იმოქმედებს. ეროვნულ დონეზე, მთავრობებმა ახალ ჩამოსულებს მუშაობის, გადასახადების კანონიერად გადახდისა და საზოგადოებრივ საკითხებში მონაწილეობის უფლება უნდა მისცენ.

დათბება დედამიწა ოთხი გრადუსით?

2015 წლის პარიზის შეთანხმებით, საერთაშორისო საზოგადოება პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით, ტემპერატურული მატების 1.5 გრადუსამდე შეზღუდვაზე შეთანხმდა. Climate Action Tracker-ის მონაცემებით, 2030 წლისთვის 2.7 გრადუსით დათბობის გზაზე ვართ.

მუდმივად მზრალი ნიადაგის დათბობის შემთხვევაში, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მიწის მასის მეოთხედს მოიცავს, უზარმაზარი მოცულობის CO2 და მეთანი გამოიყოფა ატმოსფეროში. ვინსი ამ კატასტროფული შედეგის მიღწევის რისკს საკმაოდ სერიოზულად მიიჩნევს და თვლის, რომ მოსახლეობასთან ამ საკითხზე გულწრფელები უნდა იყვნენ და ინფორმაცია მიაწოდონ. ეს რისკები კი უფრო აქტუალურს ხდის ჩვენი მიგრაციის სისტემების გადახედვას.

ენერგიის განახლებადი წყაროები გლობალური ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდას სრულად აკმაყოფილებს

2022 წლის პირველ ნახევარში ენერგიის განახლებადმა წყაროებმა ელექტროენერგიის გლობალური მოთხოვნის ზრდა 100%-ით დააკმაყოფილა. Ember-ის Global Electricity Mid-Year Insights-ის ანგარიშის მიხედვით, შედეგად მსოფლიომ ნახშირიდან და გაზიდან ელექტროენერგიის წარმოების შესაძლო 4%-იანი ზრდა, წიაღისეული საწვავის $40-მილიარდიანი ხარჯი და 230 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის ემისია აიცილა თავიდან.

ანგარიში ჯამში 75 ქვეყნის მონაცემებს აანალიზებს, რომლებიც ელექტროენერგიის გლობალური მოთხოვნის 90%-ს წარმოადგენს და 2022 წლის პირველი ექვსი თვის მაჩვენებელს, 2021 წელთან ადარებს. როგორც ცნობილი ხდება, ელექტროენერგიაზე გლობალური მოთხოვნა 2022 წლის პირველ ნახევარში 389 ტერავატ/საათით (3%), ხოლო ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის გამომუშავება 416 ტერავატ/საათით (12%) გაიზარდა.

განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის ზრდა მცირედით აღემატება ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდას. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში ქარისა და მზისგან ელექტროენერგიის გამომუშავებამ 300 ტერავატ/საათით იმატა და ელექტროენერგიის გლობალური მოთხოვნის ზრდის 77% შეადგინა. დანარჩენი უკვე ჰიდროელექტროსადგურებიდან წარმოებულ ელექტროენერგიაზე მოდის.

საინტერესოა, რომ ჩინეთში ქარისა და მზის ენერგიის წარმოების მატებამ ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდის 92% დააკმაყოფილა, ამერიკის შეერთებულ შტატებში –  81%, ხოლო ინდოეთში – 23%. Ember-ის უფროსი ანალიტიკოსის განცხადებით, პირველი ნაბიჯი ძვირად ღირებული და დამაბინძურებელი წიაღისეული საწვავის ჩასანაცვლებლად სწორედ მსოფლიოში ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საკმარისი სუფთა ენერგიის გამომუშავებაა.

ბეზოსის გარემოსდაცვითი ფონდი COP27-ის ფარგლებში ქვეყნებს აფრიკის მიწის აღდგენისკენ მოუწოდებს

მილიარდერი ჯეფ ბეზოსის გარემოსდაცვით ფონდს, გაეროს კლიმატის წლევანდელი სამიტის ფარგლებში, ევროპისა და აფრიკის სახელმწიფოებთან კოალიციის შექმნა სურს. მიზანი აფრიკის მიწის აღსადგენად ძალისხმევის გაძლიერებაა.

ფილანთროპიული ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მაშინ როდესაც ეგვიპტის COP27-ის სამიტამდე სულ რაღაც ერთი თვე რჩება, Bezos Earth Fund-ი 2030 წლისთვის აფრიკაში 100 მილიონ ჰექტარზე ტყის გაჩეხისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ იბრძვის. სტიერის თქმით, კლიმატურ ცვლილებას აფრიკელი ფერმერებისთვის მძიმე შედეგები მოაქვს, ორგანიზაციის გეგმით კი აღდგენის მიზანი ატმოსფეროში ნახშირბადის შემცირება და „ფერმერებისთვის უკეთესი შემოსავლის, საკვები უსაფრთხოებისა და გამძლე ნიადაგის“ უზრუნველყოფა იქნება.

შეგახსენებთ, რომ ღარიბი ქვეყნები უკვე წლებია, მსოფლიოს მდიდარი ნაწილისგან მათ მიერ გამოყოფილი ემისიებით გამოწვეული კლიმატური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. განვითარებადი ქვეყნების მოთხოვნა ეგვიპტეში მომავალ თვეში გასამართ COP27-ის სამიტზე შესაძლოა, კვლავ ერთ-ერთ მთავარ საკითხად იქცეს. სტიერმა Bezos Earth Fund-ის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა რეპარაციის თემასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მდიდარ ქვეყნებს ბევრად დიდი როლის შესრულება მოუწევთ ღარიბი ქვეყნებისა და მათი მოსახლეობისთვის კლიმატთან ადაპტაციაში დასახმარებლად.

ბეზოსის საქველმოქმედო ორგანიზაციამ მისი $10-მილიარდიანი ფონდიდან 30%-ის გაღების პირობა დადო. თანხა ძირითადად ბუნების დაცვის, აღდგენისა და კვების სისტემების ტრანსფორმაციის საკითხებს მოხმარდება.

Nestle ყავის ინდუსტრიის მდგრადი განვითარებისთვის $1 მილიარდს გამოყოფს

კვების პროდუქტების კომპანია Nestle-მ 2030 წლისთვის ყავის ინდუსტრიის მდგრადი განვითარებისთვის $1 მილიარდის გამოყოფა დააანონსა. Nestle-ს ნაბიჯი ძირითადი სამომხმარებლო საქონლის ბიზნესებში ცვლილების ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც კლიმატურ კრიზისთან ადაპტირების პროცესთანაა დაკავშირებული.

კვლევების თანახმად, 2050 წლისთვის მიწის დაახლოებით ნახევარი, რომელიც ამჟამად ყავის მოსაყვანად გამოიყენება, შეიძლება არაპროდუქტიული გახდეს. მიზეზი ტემპერატურის ზრდა, გვალვების მატება და დაავადებებია. ამავდროულად, კომპანიები მომხმარებლებისა და მთავრობების მხრიდან ზეწოლას აწყდებიან, რაც მათი მხრიდან გლობალური მიწოდების ჯაჭვების ემისიებისგან გათავისუფლების მოწოდებაში გამოიხატება.

ცნობისთვის, Nestle-მ 2025 წლისთვის მისი ყავის სრული რესურსის მდგრადობის პირობა დადო. გარდა ამისა, კომპანია ამავე თარიღისთვის „რეგენერაციული“ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის გამოყენებით ყავის წარმოების 20%-ით ზრდას პროგნოზირებს. კომპანია ნიადაგის დაცვის მიზნით სპეციალური საფარი კულტურების დარგვას გეგმავს, ასევე ორგანული სასუქების გამოყენებას ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად და ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად ურთიერთგადამუშავებას. ამ გეგმით, 2030 წლისთვის სათბური აირების ემისიები უნდა განახევრდეს.

კომპანიის მიზანი მხარდაჭერა და შემოსავლის ზრდაა ფერმერებისთვის, რომლებსაც რეგენერაციულ სოფლის მეურნეობაზე გადასასვლელად გაზრდილ რისკებსა და ხარჯებთან გამკლავება უწევთ. არაკომერციული ორგანიზაციების Fairtrade-ისა და Technoserve-ის მონაცემებით, გლობალურად დაახლოებით 125 მილიონი ადამიანის საარსებო წყაროს ყავის მოყვანა წარმოადგენს, ხოლო ყავის ფერმერთა ოჯახების დაახლოებით 80% სიღარიბის ზღვარზე ან მის ქვემოთ ცხოვრობს.

გერმანიის უმსხვილესი ენერგომწარმოებელი ნახშირის გამოყენებას 2030 წლამდე ეტაპობრივად შეამცირებს

გერმანიის ელექტროენერგიის უმსხვილესი მწარმოებელი RWE-ის განცხადებით, კომპანია მომავალი რვა წლის განმავლობაში ქვანახშირზე დამოკიდებულებას ეტაპობრივად შეამცირებს. ამასთან ერთად კი RWE, მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, 2030 წლისთვის მზადაა, ლიგნიტის (მურა ნახშირი) ელექტროენერგიის გამომუშავება სრულად შეწყვიტოს.

თუმცა უკრაინის ომის შედეგად დამდგარი ევროპის ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, RWE-მა დროებით იმ ელექტროსადგურების გამოყენების გაძლიერებაც გადაწყვიტა, რომლებიც დამაბინძურებელ ლიგნიტსა და ყავისფერ ქვანახშირს იყენებს. „მიმდინარე კრიზისის პირობებში, ჩვენი მიზანი გერმანიაში მიწოდების უსაფრთხოების ხელშეწყობაა, ლიგნიტზე მომუშავე ელექტროსადგურების გამოყენების ზრდა კი სწორედ ამას ემსახურება“, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკუს კრებერმა.

კრებერის ინფორმაციით, ამავდროულად კომპანია მილიარდობით ევროს ინვესტიციას ახორციელებს ენერგეტიკული ტრანზიციის პროცესის დასაჩქარებლად და 2030 წლისთვის ლიგნიტზე დამოკიდებულების ეტაპობრივად შემცირებისთვისაც მზადაა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გერმანიამ ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნობრივი თარიღი 2038 წლიდან 2030 წლამდე გადმოწია.

გადაწყვეტილების ფარგლებში, RWE-ის Neurath D და E ელექტროსადგურების ექსპლუატაცია, რომელიც თავდაპირველად ამ წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა, 2024 წლის 31 მარტამდე გადაიდება. ბერლინს, ბლოკების სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივების ანდაც მათი ელექტროსადგურის რეზერვში გადატანის ვადა 2023 წლამდე აქვს. რეგიონზე ზემოქმედების კომპენსაციის მიზნით, გერმანიის უმსხვილესი ენერგეტიკული მწარმოებელი 3-გიგავატიანი მოცულობის გაზზე მომუშავე ელექტროსადგურის აშენებასაც გეგმავს, რომელსაც წყალბადზე მუშაობაც შეეძლება.

უკრაინის შეფასებით, რუსეთის შეჭრის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზარალი $35 მილიარდს უტოლდება

უკრაინის გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის გარემოსდაცვითი ზარალი, გამოწვეული რუსეთის უკრაინაში შეჭრით, $35.3 მილიარდს უტოლდება. ბუნებრივი რეზერვების მილიონობით ჰექტარი კი კვლავ საფრთხის ქვეშ იმყოფება.

მინისტრის ინფორმაციით, ამ დრომდე გარემოსთვის ზიანის მიყენების 2,000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, უკრაინის დაცული ტერიტორიების მეხუთედი კი განადგურების საფრთხის წინაშეა. მინისტრმა, რუსლან სტრილეცმა მონაცემები ევროკავშირის დეპუტატებს სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას წარუდგინა.

უკრაინული მხარის შეფასებით, ზარალი ჰაერის დაბინძურებიდან, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია, დაახლოებით 25 მილიარდი ევროა, დამატებით 11.4 მილიარდი ევრო კი ნიადაგის დაზიანების აღმოსაფხვრელადაა აუცილებელი. მინისტრის შეფასებით, ომის დროს განადგურებული ინფრასტრუქტურისა და შენობების რეკონსტრუქციისთვის შესაძლოა, კიდევ 79 მილიონი ტონა სათბურის გამონაბოლქვი წარმოიქმნას.

უკრაინის მთავრობის მიერ ზარალის გამოსათვლელად შემუშავებულ ახალ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, სტრილეცის განცხადებით, მხოლოდ შვიდთვიანმა ომმა გამოიწვია 31 მილიონი ტონა CO2-ის გამოყოფა, რაც, ფაქტობრივად, ახალ ზელანდიაში ყოველწლიურად გამოყოფილი ნახშირორჟანგის ემისიის ტოლფასია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *