Forbes Georgia მიმდინარე კვირის საავტომობილო ბლოგში კვლავინდებურად უმნიშვნელოვანეს სიახლეებს წარმოგიდგენთ. 2022 წელიც ნელ-ნელა მთლიანად დაიქოქა და ავტოინდუსტრიული რბოლა პირვანდელი სახით განახლდა. უკვე გამოიკვეთა სიახლეები ფორმულა 1-ის ახალი სეზონიდანაც, რომელიც ბევრ სიურპრიზს გვპირდება. Tesla-ს კი პროგრამულ უზრუნველყოფაში ისევ პრობლემები აქვს. სანაცვლოდ Aston Martin-მა, მისი მტკიცებით, ყველაზე მძლავრი SUV წარადგინა. ამ და სხვა სიახლეებს მიმდინარე კვირის ავტობლოგში გაეცნობით.
მომავალი წლიდან Lamborghini სრულად შიდაწვისძრავიან ავტომობილებს აღარ გაყიდის
Volkswagen Group-ის ყველაზე მდიდრული ბრენდი, Lamborghini მომავალი წლიდან სრულად შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვას შეწყვეტს. სანაცვლოდ, ის დაიწყებს საკუთარ მოგზაურობას მწვანე სამყაროში და საკუთარ მომხმარებლებს ელექტროსუპერქარებსა და ჰიპერქარებს შესთავაზებს.
გამოდის, რომ 2022 წელი ტრადიციული სულის მქონე შიდაწვისძრავიანი Lamborghini-ებისათვის ბოლო წელია. კომპანიის პრეზიდენტის განცხადებით კი ამჟამად არსებული ყველა ერთეული უკვე გაყიდულია.
აღნიშნული ინფორმაცია Lamborghini-ის პრეზიდენტმა, სტივენ ვინკელმანმაც დაადასტურა. მისი ინფორმაციით, შიდაწვის ძრავის მქონე Aventador-ები და Huracan-ები მომავალი წლიდან ჰიბრიდული და დამუხტვადი ე.წ. ფლაგ- ინ ჰიბრიდული მოდელებით ჩანაცვლდება.
შეგახსენებთ, რომ Lamborghini-ის ამჟამად მხოლოდ სამი მოდელის საწარმოო ხაზი აქვს. იგი დღესდღეობით მხოლოდ Aventador, Huracan და SUV Urus მოდელებს აწარმოებს. ეს უკანასკნელი კი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. მისი გაყიდვების რაოდენობამ რეკორდულ რიცხვებს მიაღწია და 8405 ერთეული შეადგინა.
ცნობისათვის, 2022 წელს Lamborghini-ის 4 ახალი მოდელის პრეზენტაცია აქვს დაგეგმილი. საინტერესოა, რომ ოთხივე მათგანი ელექტრიფიცირებული ავტომობილი იქნება. მათ შორის კი ყველაზე საინტერესო დამუხტვადი ჰიბრიდის Urus-ის ხილვა იქნება. Audi-ის მიერ მართულმა ბრენდმა ელექტრიფიკაციისათვის 1.5 მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიციის მობილიზება შეძლო. სრულიად ელექტრო Lamborghini-ის ხილვა კი მომხმარებლებს ათწლეულის მეორე ნახევრისათვის შეეძლება და, როგორც ამბობენ, იგი ოთხკარიანი სედანი იქნება.
ევროპაში თვითდამუხტვადი ავტომობილების გაყიდვებმა დიზელისძრავიანი ავტომობილების გაყიდვებს პირველად გადაასწრო
2021 წელს ისტორიაში პირველად თვითდამუხტვადმა, ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვებმა ევროკავშირის ტერიტორიაზე, დიზელის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვებს გადაასწრო. მართალია, მათ შორის სხვაობა ძალიან მცირე იყო, თუმცა ეს მაინც ისტორიული მოვლენაა. ბუნებრივია, რომ ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა ძალიან იზრდება და უახლოეს მომავალში მათი სრული დომინაცია გარდაუვალია.
ავტომწარმოებელთა ევროპული ასოციაციის მონაცემებით, ყოველი გაყიდული 11 ავტომობილიდან, ერთი სრულად ელექტრომობილი გახლდათ, რაც ასევე საინტერესო მოცემულობაა. ჯამში, გაყიდული ელექტრომობილების რაოდენობამ 880 000 ერთეული შეადგინა.
რაც შეეხება ჰიბრიდულ ავტომობილებს, მათი წილი გაყიდულ ავტომობილებში ბევრად მაღალი იყო. შეგახსენებთ, რომ ჰიბრიდულ ავტომობილს თვითდამუხტვადი მისი ორი ძრავის გამო ეწოდება. ავტომობილში ორი ძრავა დევს, ერთი შიდაწვის, ხოლო მეორე ელექტრო. ელექტროძრავა კი შიდაწვის ძრავის ენერგიით იტენება. ჰიბრიდული ავტომობილის მთავარი პლუსი მის ეკონომიურობაშია. თუმცა, მხოლოდ ელექტროძრავით ავტომობილს ძალიან შეზღუდული მანძილის გავლა შეუძლია.
2021 წელს ევროპაში ჯამურად 1 901 239 თვითდამუხტვადი, ჰიბრიდული ავტომობილი დარეგისტრირდა. 2020 წელს კი იმავე მაჩვენებელმა 1.1 მილიონი შეადგინა. საინტერესოა, რომ დიზელზე მომუშავე შიდაწვისძრავიანი ავტომობილების რეგისტრაციამ მხოლოდ 48 ერთეულით ნაკლები შეადგინა, თუმცა ისტორიული შედეგის დასაფიქსირებლად ესეც საკმარისი აღმოჩნდა.
ბენზინზე მომუშავე ავტომობილები კვლავ უდიდეს წილს იკავებს საერთო გაყიდვებში. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მისი გაყიდვების რაოდენობაც შემცირებულია. 2021 წელს მისმა წილმა საერთო რაოდენობაში მხოლოდ 40% შეადგინა, რაც 8%-ით ნაკლებია 2020 წლის მაჩვენებელზე.
Toyota მსოფლიო ავტომწარმოებლებს შორის გაყიდვებით კვლავ ლიდერია
გასულ კვირას იაპონურმა ავტომწარმოებელმა, Toyota Motor Co-მ, ანგარიში წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, კომპანიის გაყიდვები 2021 წელს 10%-ით გაიზარდა. შედეგად, მას უკვე ზედიზედ მეორე წელია, ავტომწარმოებლებს შორის ყველაზე მეტი გაყიდვები აქვს. Toyota-მ კიდევ უფრო გაზარდა საკუთარი უპირატესობა გერმანულ კონკურენტთან, Volkswagen-თან.
Toyota-ს განცხადებით, Daihatsu Motors-ისა და Hino Motors-ის ავტომობილების ჩათვლით, კომპანიის გაყიდვებმა 2021 წელს 10.5 მილიონი ერთეული ავტომობილი შეადგინა. გერმანულმა Volkswagen-მა კი 2021 წელს 8.9 მილიონი ერთეული ავტომობილი გაყიდა, რაც 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ავტომწარმოებლებს გასულ წელს საკუთარი საწარმოო შესაძლებლობების მნიშვნელოვანად შემცირება მოუხდათ. ამის მიზეზი უმთავრესად მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემები და ნახევარგამტარების დეფიციტი გახლდათ. ბუნებრივია, რომ ამ ორ გარემოებაზე გავლენა პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა მოახდინა.
თუმცა, როგორც ჩანს, პანდემიისაგან ყველაზე ნაკლებად სწორედ Toyota დაზარალდა. ამის მიზეზი მისი ადგილობრივი ბაზარი, იაპონია და აზიური სახელმწიფოები გახლავთ, რომლებიც ევროპასთან შედარებით, პანდემიისაგან უფრო მსუბუქად დაზარალდნენ.
შეგახსენებთ, რომ Toyota მესამე კვარტალის მონაცემებს 9 თებერვალს გამოაქვეყნებს და კომპანიის 9-მილიონიანი გეგმის შესახებ უფრო მეტი დეტალი სწორედ ამ პერიოდში გაირკვევა. ცნობისათვის, კომპანიის ბიზნესწელი 31 მარტს მთავრდება.
Aston Martin-მა ახალი ყველაზე ძლიერი მდიდრული SUV – DBX707 წარადგინა
ბრიტანულმა მდიდრული ავტომობილების მწარმოებელმა, გასულ კვირას, საზოგადოებას ახალი არაელექტრო SUV – DBX707 – წარუდგინა. Aston Martin-ის აღმასრულებელი თავმჯდომარის, ლოურენს შტროლის განცხადებით, ეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და მაღალი გამავლობის SUVგახლავთ.
Aston Martin-ის ახალ ავტომობილს 4.0 ლიტრის მოცულობის ტვინ-ტურბო-ძრავა ექნება და 700 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლება. ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს 3.3 წამში განავითარებს, რაც SUV-ის კატეგორიისათვის შთამბეჭდავი შედეგია.
აღმასრულებელი თავმჯდომარის განცხადებით, უკვე 102 წლის ავტომწარმოებელი წელიწადში მხოლოდ 4000 ერთეული DBX707-ის წარმოებას გეგმავს. მათი მოსაზრებით, ყველაზე დიდი მოთხოვნა მდიდრულ SUV-ზე ჩინეთისა და შეერთებული შტატების ბაზარზე იქნება.
საინტერესოა, რომ DBX707-ის წარდგენა სტანდარტული DBX-ის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ მოხდა. ამ უკანასკნელმა შარშან უკვე შეძლო ბაზრის საკმაოდ მნიშვნელოვანი წილის ათვისება. Aston Martin-ის მონაცემებით, წინამორბედმა მოდელმა 2021 წელს მდიდრული SUV-ების კატეგორიის ბაზრის 20% აითვისა, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.
მოგეხსენებათ, მდიდრული SUV-ების კატეგორიაში ძალიან დიდი კონკურენციაა. საკუთარი მოდელები აქ ისეთ სახელოვან ავტომწარმოებლებს აქვთ წარდგენილი, როგორიც Bentley, Rolls Royce-ი, Lamborghini და Ferrari არიან.
Aston Martini-ის ინფორმაციით, ახალი DBX707-ის წარმოება 2022 წლის პირველ კვარტალშივე დაიწყება, ხოლო მომხმარებლები მის შეძენას უკვე მეორე კვარტალიდან შეძლებენ. მიუხედავად ასეთი მოკლე ვადებისა, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რა იქნება ავტომობილის ღირებულება ან რა კომპლექტაციებით იქნება იგი წარმოდგენილი. თუმცა ერთი რამ ცნობილია: იგი უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.
Tesla-ს პროგრამულ უზრუნველყოფას ისევ პრობლემები აქვს, ავტომწარმოებელი 54 000 ავტომობილს გამოიწვევს
ამერიკული ავტომწარმოებლის, Tesla-ს პროგრამული უზრუნველყოფა კვლავ განაგრძობს კომპანიისათვის პრობლემების შექმნას. ამჯერად საქმე 54 000 უკან გამოხმობილ ელექტრომობილს ეხება, რომელთა პროგრამული უზრუნველყოფაც შეჩერების ნიშნებს უგულებელყოფს. საქმე ისაა, რომ ავტომწარმოებლის სრულად თვითმართვადი მოდელების, ბეტა-ვერსიის პროგრამული უზრუნველყოფა ზოგიერთი შეჩერების ნიშნის დანახვისას, ნაცვლად სრულად გაჩერებისა, მცირე სიჩქარით მოძრაობას მაინც განაგრძობს. ეს კი უსაფრთხოების რისკის შემცველი ქმედებაა. აქედან გამომდინარე, ავტომწარმოებელს ელექტრომობილების უკან გამოხმობა მოუწევს.
შეერთებული შტატების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, კომპანია 2016-2022 წლებში გამოშვებულ ზოგიერთ Model S-სა და Model X-ს, 2017-2022 წლებში გამოშვებულ Model 3 და 2020-2022 წლებში გამოშვებულ Model Y ავტომობილებს გამოიხმობს. როგორც ხედავთ, პრობლემა საკმაოდ დიდია და ის სხვადასხვა მოდელის ელექტრომობილებს ეხება, რაც შესაძლოა, Tesla-ს კიდევ უფრო ძვირი დაუჯდეს. მარეგულირებელი ორგანოს თანახმად, Tesla აღნიშნულ მოდელებში პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას ჩაუშვებს, რაც პრობლემას აღმოფხვრის. თუმცა მოგვიანებით საკითხი ყველა მსხვილ მწარმოებელთან უნდა გაირჩეს, რათა მათ სამომავლო რისკები თავიდან აიცილონ.
როგორც ჩანს, მარეგულირებლის მკაცრ პოზიციას არ ეთანხმება თავად Tesla-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი. მასკმა ტვიტერის ანგარიშზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც განმარტავს, რომ ელექტრომობილის აღნიშნული ფუნქციონალი საფრთხის შემცველი არ იყო. ნაცვლად სრულად გაჩერებისა, ელექტრომობილი სიჩქარეს 3 კმ/სთ-მდე აგდებდა, თუკი ირგვლივ არანაირი ავტომობილი არ შეიმჩნეოდა. შესაბამისად, რისკებიც არ არსებობდა. საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის განმარტებით კი ფედერალური კანონი კრძალავს ნებისმიერი სახის დეფექტის მქონე ავტომობილის გაყიდვას, რამაც შეიძლება უსაფრთხოებას ნებისმიერი სახის რისკი შეუქმნას.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ელექტროსკუტერების ახალ სატრანსპორტო კლასად გამოყოფას გეგმავს
უკანასკნელ პერიოდში, საქართველოსა და მსოფლიოს მრავალ წერტილში ელექტროსკუტერებმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. დღითი დღე ქუჩაში სულ უფრო მეტი მათგანი ჩნდება, რაც პოზიტიურ ტენდენციას წარმოადგენს. ის ბევრად უფრო ეკონომიურია, უფრო კომპაქტურიც და, რა თქმა უნდა, ეკომეგობრული. თუმცა, როგორც ჩანს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ელექტროსკუტერებს დიდად არ წყალობს. ცნობისათვის, გაერთიანებულ სამეფოში ელექტროსკუტერებით საზოგადოებრივ, საჯარო გზებზე გადაადგილება აკრძალულია. თუმცა ტენდენცია და მათი მომრავლება ადასტურებს იმას, რომ ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
სწორედ ამიტომ, გაერთიანებული სამეფოს სატრანსპორტო დეპარტამენტის მინისტრის განცხადებით, თუკი ელექტროსკუტერებით საჯარო გზებზე გადაადგილება სრულად დასაშვები გახდება, მაშინ საჭიროა, რომ ისინი სრულიად ცალკე სატრანსპორტო კატეგორიად დარეგისტრირდეს, თავისი წესებითა და რეგულაციებით.
ამ საკითხს ბრიტანელი პარლამენტარები ლორდთა პალატაში განიხილავენ. თუმცა სატრანსპორტო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილის გამოსვლისას აღინიშნა, რომ ჯერჯერობით არაფერი გადაწყვეტილა და მისი საჯარო გზებზე გადაადგილების დასაშვებად ცნობის მიახლოებითი თარიღიც უცნობია. თუმცა, თუკი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაშინ მათთვის ახალი სატრანსპორტო კატეგორიის ჩამოყალიბება იქნება საჭირო.
ბრიტანეთის მთავრობაში აღიარებენ, რომ სწორი რეგულაციების პირობებში ელექტროსკუტერების ბენეფიტი მრავალმხრივი შეიძლება იყოს. მას მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი სიკეთეების მოტანა შეუძლია, განსაკუთრებით ნულოვანი გამონაბოლქვის სახით. თუმცა საკითხს ყველა ასე არ უყურებს. ლორდთა პალატაში ელექტროსკუტერებს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება განსაკუთრებით საინტერესო იმ გარემოების გათვალისწინებითაა, რომ ის შესაძლოა სხვა სახელმწიფოებისათვის მნიშვნელოვანი პრეცედენტი გახდეს.
Haas-ი პირველი გუნდია, რომელმაც 2022 წლის ფორმულა 1-ის ავტომობილი წარადგინა
Haas-ი ფორმულა 1-ზე მოასპარეზე ათი გუნდიდან პირველია, რომელმაც 2022 წლის სეზონის ავტომობილი წარადგინა. გუნდმა ახალ ავტომობილს VF-22 Challanger-ი დაარქვა და ის ახალი რეგულაციების მიხედვითაა აწყობილი, რათა სპორტი უფრო მეტად კონკურენტული გახდეს.
2022 წლის ფორმულა 1-ის ავტომობილების ფორმა რადიკალურად განსხვავებული იქნება. მას უფრო გამარტივებული წინა ფრთა, ფორმაშეცვლილი უკანა ფრთა და 18-ინჩიანი დისკები ექნება დაბალი პროფილის მქონე საბურავებით. ეს კი, Haas-ის განცხადებით, გადახურების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯია.
Haas-ის მიერ წარდგენილ VF-22-ს 1.-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი Ferrari-ს ტურბო-ძრავა ექნება და ის 10%-ით ბიოკომპონენტის მქონე საწვავზე იმუშავებს. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ გახლავთ ავტომობილის საბოლოო ვერსია. კომპანიის წარმომადგენლებმა გავრცელებული რენდერიდან აეროდინამიკის რამდენიმე კონკრეტული დეტალი ამოიღეს, რათა საიდუმლო დროზე ადრე არ გაემჟღავნებინათ. მანქანის საბოლოო ვერსიას გუნდი პრესეზონის სატესტო ეტაპზე, თებერვლის ბოლოს წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ გუნდმა 2021 წლის სეზონი ბოლო ადგილზე დაასრულა და ვერც ერთი ქულა ვერ დააგროვა. მიუხედავად ამისა, გუნდი საკუთარი მძღოლების ერთგული დარჩა და 2022 წელს მას ისევ იგივე მრბოლელები, ნიკიტა მაზეპინი და მიკ შუმახერი წარადგენენ.
Haas-ს მტკიცედ სჯერა, რომ ახალი წესები და რეგულაციები ფორმულა 1-ს უფრო კონკურენტულს გახდის. შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის ახალი სეზონი 20 მარტს ბაჰრეინის საერთაშორისო ავტოდრომზე განახლდება. წინ კი საოცარი სანახაობები გველის ლეგენდარული მრბოლელების შესრულებით.