გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული კვირა კულტურის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით იყო დასამახსოვრებელი. პიკასოს მიერ შესრულებული დორა მაარის პორტრეტი Sotheby’s-ის აუქციონზე $21.6 მილიონად გაიყიდა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ იტალიელი ოსტატის, ჯუზეპე გვარნერის მიერ 1736 წელს დამზადებული ვიოლინო შესაძლოა, Aguttes-ის აუქციონზე 10.5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდოს. ასევე აღსანიშნავია, რომ უკრაინის ოფიციალური პირები რუს სამხედროებს ოკუპირებული ქალაქ მარიუპოლის მუზეუმებიდან 2,000-ზე მეტი ექსპონატის მოპარვასა და რუსეთის მიერ კონტროლირებად დონბასის რეგიონში გადატანაში ადანაშაულებენ.

რაც შეეხება ბოლო დღეებში კულტურის სფეროში მომხდარ სხვა სიახლეებს: ამერიკელმა მოდელმა, რეპერმა და სატელევიზიო რეალიტი შოუს ვარსკვლავმა, სასცენო სახელით ბლეკ ჩაინამ, კარდაშიანების წინააღმდეგ წამოწყებული $108-მილიონიანი სასამართლო დავა წააგო; ჯონი დეპის აგენტმა, ჯეკ უიგჰემმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მსახიობი „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეექვსე ნაწილში როლის შესრულებისთვის $22,5 მილიონს მიიღებდა, თუმცა მისი ყოფილი ცოლის, ემბერ ჰერდის მიერ ოჯახურ ძალადობაში დადანაშაულების გამო დეპს ფილმში მონაწილეობის უფლება არ მისცეს; ფრანგული მოდის სახლის, Dior-ის მოდის ჩვენებას კი 30 აპრილს სამხრეთ კორეამ პირველად უმასპინძლა.

მოცემულ ბლოგში სწორედ ზემოხსენებული სიახლეებისა და მოვლენების შესახებ მოგითხრობთ.

ბლეკ ჩაინამ კარდაშიანების წინააღმდეგ $108-მილიონიანი სასამართლო დავა წააგო

ამერიკელმა მოდელმა, რეპერმა და სატელევიზიო რეალიტი შოუს ვარსკვლავმა, სასცენო სახელით ბლეკ ჩაინამ, კარდაშიანების წინააღმდეგ წამოწყებული $108-მილიონიანი სასამართლო დავა წააგო.

ჩაინა, რომელიც რობ კარდაშიანის ყოფილი საცოლეა, ოჯახს რეპუტაციის შელახვასა და 2016 წელს მისი რეალიტი შოუს „Rob & Chyna“ დახურვაში მონაწილეობის მიღებას ედავებოდა – გადაცემა მეორე სეზონიდან შეწყდა, წყვილი კი ერთმანეთს დაშორდა. 2 მაისს ლოს-ანჯელესის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა საქმეში კარდაშიანების ბრალეულობა ვერ გამოავლინეს და, შესაბამისად, დავა მათი გამარჯვებით დასრულდა.

ფოტო: Frazer Harrison/Getty Images

ბრალდებულებს შორის იყვნენ დები კიმ კარდაშიანი, ქლოი კარდაშიანი, კაილი ჯენერი და დედა – კრის ჯენერი. Buzzfeed News-ის ინფორმაციით, განაჩენის გამოცხადებას არც ერთი ბრალდებული არ ესწრებოდა, ვინაიდან ისინი ნიუ-იორკში, Met Gala-ზე დასასწრებად იმყოფებოდნენ. აქვე უნდა ითქვას, რომ კიმ კარდაშიანი სასამართლომ ბრალდებისგან 29 აპრილს გაათავისუფლა.

სასამართლო პროცესი დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასზე ყურადღება ასევე გამახვილდა 2016 წელს რობ კარდაშიანსა და ბლეკ ჩაინას შორის მომხდარ შელაპარაკებაზე, რა დროსაც, როგორც ცნობილი ოჯახის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ჩაინამ ყოფილ საქმროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მისი ქონება დააზიანა. მოდელმა ეს ბრალდება უარყო.

კიმ კარდაშიანის განცხადებით, ვერ იხსენებს, რომ ჩაინას შოუს გაუქმება ეცადა. ამის პარალელურად, აღიარებს, რომ მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა რობს შეურაცხყოფა მიაყენა, მოდელის სატელევიზიო სერიალ Keeping Up With The Kardashians-ში გამოჩენა არ სურდა.

286 წლის ვიოლინო შესაძლოა, აუქციონზე $10 მილიონზე მეტად გაიყიდოს

ცნობილი იტალიელი ოსტატის, ჯუზეპე გვარნერის მიერ 1736 წელს დამზადებული ვიოლინო შესაძლოა, Aguttes-ის აუქციონზე 10.5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდოს. როგორც ცნობილია, ინსტრუმენტს ვიოლინოების „ლეონარდო და ვინჩის“ უწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ჯუზეპე გვარნერის მიერ დამზადებული მხოლოდ 150-მდე ინსტრუმენტია შემორჩენილი. ისიც უნდა ითქვას, რომ იტალიელმა ოსტატმა ამ საქმეს მხოლოდ 16 წელი მიუძღვნა, ვინაიდან ადრეულ ასაკში, 46 წლის გარდაიცვალა. Aguttes-ის სააუქციონო სახლის წარმომადგენლების განცხადებით, 10 წელზე მეტი ხანია, რაც გვარნერის ვიოლინო აუქციონზე არ გამოჩენილა.

ფოტო: Benoit Tessier/Reuters

ინსტრუმენტს ფრანგი მევიოლინე რეჟის პასკიე ჰყიდის, რომელმაც ვიოლინო ორ ათწლეულზე მეტი ხნის წინ შეიძინა და მისი დახმარებით ნაწარმოებები ნიუ-იორკის კარნეგი-ჰოლში, სიდნეის ოპერის თეატრსა და პარიზის ოპერა გარნიეში გამართულ კონცერტებზე შეასრულა.

ცნობისთვის, 2011 წელს ლონდონში გამართულ აუქციონზე კიდევ ერთი იტალიელი ოსტატის, ანტონიო სტრადივარის მიერ შექმნილი ვიოლინო 15.8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. შედეგად, გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, ის აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ინსტრუმენტი გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ზაფხულში აუქციონზე სტრადივარის კიდევ ერთი ვიოლინოს 20 მილიონ აშშ დოლარად გაყიდვა იგეგმება. შესაბამისად, ვიოლინო, რომელიც „ოზის ჯადოქრის“ საუნდტრეკის შესრულებისას გამოიყენეს, აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ინსტრუმენტის სტატუსს ჩაიბარებს.

უკრაინა რუს სამხედროებს მარიუპოლის მუზეუმებიდან 2,000-ზე მეტი ექსპონატის გატანაში ადანაშაულებს

უკრაინის ოფიციალური პირები რუს სამხედროებს ოკუპირებული ქალაქ მარიუპოლის მუზეუმებიდან 2,000-ზე მეტი ექსპონატის მოპარვასა და რუსეთის მიერ კონტროლირებად დონბასის რეგიონში გადატანაში ადანაშაულებენ.

ფოტო: AP

„ოკუპანტებმა „გაათავისუფლეს“ მარიუპოლი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისგან. მათ 2,000-ზე მეტი უნიკალური ექსპონატი მოიპარეს მარიუპოლის მუზეუმებიდან და დონეცკში გადაიტანეს“, – ნათქვამია მარიუპოლის საკრებულოს განცხადებაში, რომელიც ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა.

საკრებულოს ინფორმაციით, რუსებმა მე-19 საუკუნის მხატვრების, მარიუპოლში დაბადებული არხიპ კუინჯისა და რუსი ფერმწერის, მარინისტ ივან აივაზოვსკის რამდენიმე ნამუშევარი, ასევე თორის უნიკალური ხელნაწერი გრაგნილი, ვენეციური სტამბის მიერ მარიუპოლში მცხოვრები ბერძნებისთვის 1811 წელს დაბეჭდილი სახარება და სხვა სამუზეუმო ექსპონატები წაიღეს.

„მარიუპოლის საკრებულო სამართალდამცავი ორგანოებისთვის მასალებს ამზადებს, რათა მათ სისხლის სამართლის საქმე აღძრან და ინტერპოლს მიმართონ“, – დასძინა საკრებულომ.

თუ აღნიშნული ფაქტი დადასტურდება, მარიუპოლიდან ხელოვნების ნიმუშების გატანა ომის დაწყების შემდეგ რუსული ძალების მიერ მასობრივი კულტურული ძარცვის პირველი ცნობილი შემთხვევა იქნება.

პიკასოს მიერ შესრულებული დორა მაარის პორტრეტი აუქციონზე $21.6 მილიონად გაიყიდა

პაბლო პიკასოს მიერ შესრულებულ ფრანგი მხატვრისა და ფოტოგრაფის, დორა მაარის პორტრეტი ჰონგ-კონგში გამართულ აუქციონზე 21.6 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. Sotheby’s-ის სააუქციონო სახლი ფერწერული ტილოს 17.6 მილიონ აშშ დოლარად გაყიდვას მოელოდა, თუმცა იაპონელმა კოლექციონერმა ნამუშევარში ამ თანხაზე $4 მილიონით მეტი გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ პიკასოსა და მაარს თითქმის ათწლეულის განმავლობაში სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ. ესპანელმა მხატვარმა მაარის შთაგონებით არაერთი ნამუშევარი შექმნა – მათ შორის 1937 წელს, ესპანეთის სამოქალაქო ომის პერიოდში, თავისი ერთ-ერთი ცნობილი ფერწერული ტილო „მტირალი ქალი“.

ფოტო: Sotheby’s

რაც შეეხება პორტრეტს „დორა მაარი“, ის პიკასომ 1939 წელს დახატა – პერიოდში, როდესაც ევროპა მეორე მსოფლიო ომის დაწყების ზღვარზე იყო. ნამუშევარი კუბისტურ სტილშია შესრულებული და, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ცეცხლოვანი წითელი ფონი ტილოზე გამოსახული ქალის ხასიათს გამოხატავს. აღსანიშნავია, რომ მაარი, პიკასოს მსგავსად, პოლიტიკურად აქტიური პიროვნება იყო.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პიკასოს ტილოები „Buste de matador“ (1970 წელი) და “Femme Accroupie“ (1954 წელი), ჰონგ-კონგში გამართულ აუქციონებზე, შესაბამისად, 14 და 24.6 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ეს უკანასკნელი ესპანელი მხატვრის ნამუშევრისთვის აზიაში გადახდილი რეკორდული ფასია.

Sotheby’s-ის სააუქციონო სახლი მაისში პიკასოს კიდევ ერთი ნამუშევრის “Femme nue couchée”-ს გაყიდვას გეგმავს. როგორც ცნობილია, ფერწერულ  ტილოს, რომელზეც მარი-ტერეზ ვალტერია დახატული, აუქციონზე 60 მილიონ აშშ დოლარად გაიტანენ.

ჯონი დეპის აგენტის თქმით, მსახიობი „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მე-6 ფილმში მონაწილეობით $22.5 მილიონს გამოიმუშავებდა

ჯონი დეპის აგენტის, ჯეკ უიგჰემის განცხადებით, მსახიობი „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეექვსე ნაწილში როლის შესრულებისთვის $22,5 მილიონს მიიღებდა, თუმცა ოჯახური ძალადობის ბრალდებების გამო მას ფილმში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ჯეკ უიგჰემმა დეპის ყოფილი მეუღლის, ემბერ ჰერდის წინააღმდეგ ჩვენება მისცა სასამართლო პროცესზე, სადაც განაცხადა, რომ ჰერდის მიერ 2018 წელს The Washington Post-ში გამოქვეყნებულმა ოპ-ედმა მსახიობის კარიერაზე „კატასტროფული“ გავლენა მოახდინა. შეგახსენებთ, ემბერ ჰერდმა დაწერა, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. აქვე უნდა ითქვას, რომ ოპ-ედში ჯონი დეპის სახელი ნახსენები არ იყო, თუმცა, მსახიობის ადვოკატების განცხადებით, სამიზნეს სწორედ ის წარმოადგენდა.

ფოტო: Samuel Corum

ცოტა ხნის წინ დეპმა ცილისწამების ბრალდებით ყოფილი ცოლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ის ემბერ ჰერდისგან კომპენსაციის სახით 50 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს. დეპის დაცვის მხარის მიერ დაქირავებული ბუღალტრის დათვლებით, აგორებული სკანდალის გამო მსახიობმა ჯამში $40 მილიონზე მეტით იზარალა. აღსანიშნავია, რომ დეპმა 2020 წელს ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში ბრიტანულ გამოცემა The Sun-საც უჩივლა, რომელმაც მსახიობი ცოლზე მოძალადე კაცად მოიხსენია. ჰოლივუდის ვარსკვლავმა ეს დავა წააგო.

თავის მხრივ, დეპის წინააღმდეგ სარჩელი ჰერდმაც შეიტანა. ის ყოფილი ქმრისგან, რომელსაც 2016 წელს დაშორდა, კომპენსაციის სახით 100 მილიონ აშშ დოლარს მოითხოვს.

ბოლო დღეებში სასამართლო პროცესზე საქმის ახალი დეტალები გამოიკვეთა – მოსამართლის წინაშე წარდგენილ ვიდეომასალაში ემბერ ჰერდი აღიარებს, რომ კონფლიქტების დროს ჯონი დეპზე ფიზიკურად ძალადობდა. გარდა ამისა, აუდიოჩანაწერში ჰერდი „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ვარსკვლავს მიმართავს, რომ არავინ დაუჯერებს, თუ იტყვის, რომ მას ცოლი სცემდა. ჰერდსა და დეპს შორის სასამართლო დავა გრძელდება.

სამხრეთ კორეამ „დიორის“ მოდის ჩვენებას პირველად უმასპინძლა

ფრანგული მოდის სახლის, Dior-ის მოდის ჩვენებას 30 აპრილს სამხრეთ კორეამ პირველად უმასპინძლა. კომპანიამ თავისი უახლესი კოლექცია სეულში, ვარსკვლავებით სავსე აუდიტორიას წარუდგინა.

მოდის გიგანტმა ჩვენება სამხრეთ კორეის დედაქალაქში მდებარე ეჰას ქალთა უნივერსიტეტში გამართა. პოდიუმზე მოდელების გამოჩენამდე დაქანებული ცენტრალური პანდუსიდან სკეიდბორდერები ეშვებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ბრენდი უნივერსიტეტთან ასევე თანამშრომლობს Women@Dior-ის მენტორობისა და განათლების პროგრამის ფარგლებში.

ფოტო: Vogue Business

Dior-ის კრეატიული დირექტორის, მარია გრაცია კიურის ხელმძღვანელობით შექმნილ 2022 წლის ქალთა შემოდგომის სამოსის კოლექციაში ყურადღება გამახვილებული იყო უნიფორმებზე, ასევე „პანკ-ტონალობაზე“, როგორც პრესრელიზში ბრენდმა განაცხადა.

ცნობილ ადამიანებს შორის, რომლებიც სეულში გამართულ Dior-ის ჩვენებას ესწრებოდნენ, იყო სამხრეთკორეული ჯგუფის, Blackpink-ის მომღერალი ჯისუ, რომელიც გასული წლიდან „დიორის“ ბრენდის გლობალური ელჩია. K-pop-ის ვარსკვლავის გარდა ღონისძიებაზე სხვა ცნობილი სახეებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის მოციგურავე კიმ იუნა და ამერიკაში მცხოვრები კორეული წარმოშობის რეპერი ჯეი პარკი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *