გასული კვირა მეცნიერების სფეროში განსაკუთრებით გამორჩეული აღმოჩნდა, სიახლეების ეპიცენტრში კი ამერიკის შეერთებული შტატებია. აშშ-ში მეცნიერებმა ბირთვული სინთეზის ექსპერიმენტისას მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს – მათ პროცესში დახარჯულზე მეტი ენერგიის გამომუშავება შეძლეს, რაც ისტორიაში პირველად მოხდა. კიდევ ერთი საყურადღებო მოვლენა NASA-ს პროგრამა „არტემისის“ პირველი მისიის წარმატებით დასრულებაა – აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს კაფსულა Orion-ი დედამიწაზე დაბრუნდა.
მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდა ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ კიბოს მკურნალობის კუთხით: აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ორი მედიკამენტი დაამტკიცა – შარდის ბუშტის სიმსივნის სამკურნალოდ გენური თერაპია Adstiladrin-ი და ფილტვის კიბოს სამკურნალოდ Adagrasib-ი. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ Moderna-სა და Merck-ის კანის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების კომბინაციამ კვლევისას დამაიმედებელი შედეგი აჩვენა.
წინამდებარე მიმოხილვაში გასული ერთი კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მომხდარ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გაეცნობით.
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ბირთვული სინთეზით დახარჯულზე მეტი ენერგია მიიღეს
რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა საზოგადოებას ბირთვული სინთეზის გზით ენერგიის მიღების კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატების შესახებ ამცნო. გავრცელებული ინფორმაციით, კალიფორნიაში მდებარე ლოურენსის სახელობის ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერებმა, ისტორიაში პირველად, ლაზერების გამოყენებით თერმობირთვული სინთეზის ექსპერიმენტის დროს დახარჯულზე მეტი ენერგიის მიღება შეძლეს.
როგორც სპეციალურად გამართული პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი, მეცნიერებმა წარმატებას 5 დეკემბერს ჩატარებული ექსპერიმენტისას მიაღწიეს. მათ თერმობირთვული სინთეზის პროცესში 192 მაღალენერგეტიკული ლაზერი დაახლოებით პილპილის მარცვლის ზომის სამიზნისკენ მიმართეს. ლაზერების დახმარებით დეიტერიუმისა და ტრიტიუმის კაფსულები სამ მილიონ გრადუს ცელსიუსამდე გააცხელეს და ვარსკვლავებში მიმდინარე პროცესის სიმულაცია შეძლეს.
მოკლე პერიოდში, რომელიც წამის 100 ტრილიონედზე ნაკლებს გაგრძელდა, 2.05 მეგაჯოული ენერგიის დახარჯვის წყალობით, მეცნიერებმა დაახლოებით 3 მეგაჯოული ენერგია მიიღეს.
ცნობისთვის, თერმობირთვული სინთეზი არის რეაქცია, რომელიც ჩვენს მზესა და კოსმოსში არსებულ სხვა ვარსკვლავებს ენერგიით ასაზრდოებს. აღნიშნული პროცესის დროს ორი ატომის ერთმანეთთან შეჯახებით უფრო ძლიერი ბირთვი ყალიბდება, შედეგად კი დიდი რაოდენობით ენერგია გამოთავისუფლდება. სწორედ ეს რეაქცია გაიმეორეს ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერებმა.
თერმობირთვული სინთეზის ენერგიის წყაროდ გამოყენებით წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირება და კლიმატის ცვლილების შენელება-შემსუბუქებაა შესაძლებელი, ვინაიდან აღნიშნულ პროცესში ნახშირორჟანგი ან სხვა მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვი არ გამოიყოფა. გარდა ამისა, ენერგიის იაფი წყარო მსოფლიოს ღარიბი ნაწილისთვისაც შვების მომტანი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში მომუშავე მეცნიერებმა სუფთა, იაფი და პრაქტიკულად ამოუწურავი ენერგიის მიღების კუთხით წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს, მის კომერციულ ათვისებამდე, სპეციალისტების შეფასებით, ჯერ კიდევ ათწლეულები გვაშორებს.
Moderna-სა და Merck-ის კანის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების კომბინაციამ კვლევისას დამაიმედებელი შედეგი აჩვენა
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილმა, mRNA-ტექნოლოგიაზე დაფუძნებულმა მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინამ კვლევისას დამაიმედებელი შედეგი აჩვენა. სიახლის გავრცელების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი 20%-ზე მეტით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ Moderna-ს პერსონალიზებული ვაქცინა, mRNA-4157/V940, ფარმაციის სფეროს გიგანტ Merck-ის მიერ შექმნილ მონოკლონური ანტისხეულების თერაპია Keytruda-სთან კომბინაციაში გამოიცადა.
კომპანიების მიერ სამშაბათს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მედიკამენტების კომბინაციამ კანის ყველაზე მომაკვდინებელი კიბოს რეციდივის ან სიკვდილის რისკი 44%-ით შეამცირა მხოლოდ Keytruda-ს გამოყენებისას მიღებულ შედეგებთან შედარებით.
აქვე გეტყვით, რომ Merck-ის თერაპია აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოს, FDA-ს მიერ სხვადასხვა ტიპის კიბოს საწინააღმდეგოდ გამოსაყენებლად უკვე დამტკიცებულია.
კვლევაში 157 პაციენტი მონაწილეობდა, რომლებიც III/IV სტადიის მელანომით იყვნენ დაავადებულნი, თუმცა კომბინირებული მეთოდით მკურნალობამდე, რომლის მიზანსაც კიბოს რეციდივის შეფერხება წარმოადგენდა, სიმსივნე ქირურგიული გზით ჰქონდათ მოშორებული.
ამჟამად Merck-ი და Moderna გეგმავენ, განიხილონ ტესტირებისას მიღებული შედეგები მარეგულირებელ ორგანოებთან ერთად და 2023 წლიდან მელანომის მქონე პაციენტებზე მასშტაბური, III ფაზის კვლევა დაიწყონ.
კიბოს პერსონალიზებული ვაქცინები შექმნილია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, რათა პაციენტში სიმსივნის მუტაციის შემთხვევაში შესაბამისი იმუნური პასუხის გამოწვევა იყოს შესაძლებელი. mRNA-4157/V940-მა უნდა უზრუნველყოს იმუნური პასუხის სტიმულირება T-უჯრედების პასუხების გენერირებით, პაციენტის სიმსივნის მუტაციური სახესხვაობის საფუძველზე.
რაც შეეხება Keytruda-ს, ის ხელს უწყობს ორგანიზმის იმუნური სისტემის უნარის გაზრდას სიმსივნის უჯრედების გამოვლენასა და მათთან ბრძოლაში.
NASA-ს კაფსულა Orion-ი დედამიწაზე დაბრუნდა
პროგრამა „არტემისის“ ფარგლებში აშშ-ის კოსმოსური სააგენტოსა (NASA) და მისი პარტნიორების მიერ განხორციელებული პირველი მისია წარმატებით დასრულდა – მსოფლიოში უმძლავრესი რაკეტა Space Launch System-ით (SLS) მთვარისკენ გაშვებული კაფსულა Orion-ი დედამიწაზე დაბრუნდა.
2.3 მილიონი კილომეტრის დაფარვის შემდეგ, Orion-ი წყნარ ოკეანეში, ქვემო კალიფორნიის სანაპიროსთან პარაშუტების დახმარებით წარმატებით დაეშვა. მისია Artemis 1-ის მიზანი დაახლოებით 50-წლიანი პაუზის შემდეგ ადამიანის მთვარეზე დაბრუნებამდე, NASA-ს კოსმოსური ხომალდის გამართულობისა და უსაფრთხოების შემოწმება იყო.
მომდევნო მისია, გეგმის მიხედვით, 2024 წელს შესრულდება და მასში მონაწილეობას ეკიპაჟიც მიიღებს. Artemis 2-ის ფარგლებში კოსმოსური ხომალდით ასტრონავტები ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრს შემოუვლიან და კვლავ დედამიწაზე დაბრუნდებიან. ამის შემდეგ კი, წინასწარი ინფორმაციით 2025 წლისთვის, NASA ასტრონავტების მთვარის ზედაპირზე დასმას ეცდება.
ფრენის არაერთხელ გადადების შემდეგ, NASA-მ Orion-ი მთვარისკენ ფლორიდის შტატში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან 16 ნოემბერს გაუშვა. ხომალდი მთვარეს 21 ნოემბერს მიუახლოვდა, შემდეგ კი მისია Apollo 13-ის რეკორდი გააუმჯობესა და ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრს 430,000 კილომეტრის მანძილზე დაშორდა. ეს არის მთვარიდან მაქსიმალური დისტანცია, რაც კი ოდესმე ეკიპაჟისთვის განკუთვნილ კოსმოსურ ხომალდს დაუფარავს.
FDA-მ შარდის ბუშტის კიბოს სამკურნალოდ პირველი გენური თერაპია დაამტკიცა
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) შარდის ბუშტის კიბოს სამკურნალოდ პირველი გენური თერაპია, Adstiladrin-ი დაამტკიცა. პრეპარატი შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Ferring Pharmaceuticals-ის მიერ იწარმოება.
თერაპია დაავადების აგრესიული ფორმის მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი. Adstiladrin-ით მკურნალობა, რომელიც ყოველ სამ თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს, ორგანიზმს კიბოს საწინააღმდეგო ცილის გამომუშავებაში ეხმარება.
FDA-ს ინფორმაციით, Adstiladrin-ის უსაფრთხოება და ეფექტიანობა კლინიკური კვლევით შეფასდა, რომელიც საერთო ჯამში 157 ცდისპირს მოიცავდა.
Ferring Pharmaceuticals-ის თერაპია კომერციულად ხელმისაწვდომი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2023 წლის მეორე ნახევრიდან იქნება. კომპანია Adstiladrin-ის ღირებულებაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა აცხადებს, რომ სურს, პრეპარატი ფართოდ იყოს ხელმისაწვდომი.
მთვარისკენ გაშვებული პირველი სამხრეთკორეული ზონდი ციური სხეულის ორბიტაზე შევიდა
სამხრეთ კორეის მიერ მთვარისკენ გაშვებული პირველი ზონდი, სახელწოდებით Danuri, კოსმოსში ოთხთვიანი მოგზაურობის შემდეგ, ჩვენი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრის ორბიტაზე შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია კორეის კოსმოსურმა კვლევითმა ინსტიტუტმა (KARI) გაავრცელა.
Danuri, რომელსაც Korea Pathfinder Lunar Orbiter-საც (KPLO) უწოდებენ, მთავრისკენ ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხზე განლაგებული ბაზიდან SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ით გაუშვეს. როგორც ცნობილია, ამის შემდეგ ზონდმა დაახლოებით 5.4 მილიონი კილომეტრი იფრინა.
678-კილოგრამიანი Danuri არის სამხრეთ კორეის პირველი აპარატი, რომელიც სამეცნიერო მისიის ფარგლებში დედამიწის ორბიტის ფარგლებს გასცა. აღნიშნული მისიის ღირებულება 180 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
Danuri ექვსი სამეცნიერო ხელსაწყოთი არის აღჭურვილი, რომელთა დანიშნულება მთავრის შესახებ სხვადასხვა მონაცემის შეგროვებაა. ამ ინსტრუმენტებიდან ხუთი – რელიეფის გამოსახულების კამერა, ფართოკუთხიანი პოლარიმეტრიული კამერა, მაგნიტომეტრი, გამა-სხივების სპექტრომეტრი და ახალი, ქსელური ტექნოლოგიის სატესტო მოწყობილობა – კორეის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ორგანიზაციების მიერ არის შექმნილი.
სამხრეთ კორეას კოსმოსის ათვისების კუთხით სამომავლოდაც ამბიციური გეგმები აქვს. ის 2032 წელს მთვარეზე რობოტული აპარატის დასმას, 2045 წელს კი მარსზე მისიის განხორციელებას გეგმავს.
FDA-მ ფილტვის კიბოს სამკურნალოდ Mirati-ის მედიკამენტი დაამტკიცა
ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კომპანია Mirati Therapeutics-ის პრეპარატი „ადაგრასიბი“ დაამტკიცა, რომელიც ფილტვის კიბოს სამკურნალოდაა შექმნილი. მედიკამენტი იმ ონკოლოგიური პაციენტებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაც მის მიღებამდე, სულ მცირე ერთი სისტემური თერაპია აქვთ ჩატარებული.
„ადაგრასიბი“ შექმნილია KRAS-ის სახელწოდებით ცნობილი გენის მუტაციური ფორმისთვის, რომელიც ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) დაახლოებით 13%-ში გვხვდება. მედიკამენტის ფასი, 200-მილიგრამიანი ტაბლეტისთვის/180 ცალი ბოთლში, $19,750 იქნება.
ცნობისთვის, KRAS-ის კიდევ ერთი ინჰიბიტორი, კომპანია Amgen-ის მედიკამენტი Lumakras-ი, უკვე ხელმისაწვდომია ფილტვის კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის. Lumakras-ი გამოიყენება როგორც მეორე რიგის თერაპია, მას შემდეგ რაც საწყისი თერაპია წარუმატებელი იქნება ან მოქმედებას შეწყვეტს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს დამტკიცებული Lumakras-ის გაყიდვებმა, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში $75 მილიონი შეადგინა.
Amgen-ი Horizon Therapeutics-ს $27.8 მილიარდად შეიძენს
ამერიკული ბიოფარმაცევტული კომპანია Amgen-ის განცხადებით, Horizon Therapeutics-ს 27.8 მილიარდ აშშ დოლარად შეიძენს, რაც მიმდინარე წელს ჯანდაცვის სფეროში უდიდესი გარიგება იქნება.
გარიგების პირობების მიხედვით, რომელთან დაკავშირებით ინფორმაცია პირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა, Amgen-ი Horizon Therapeutics-ის თითო აქციაში $116.50-ს გადაიხდის.
ძვირად ღირებული შეთანხმებით, Amgen-ის პორტფოლიოში ორი მნიშვნელოვანი მედიკამენტი მოხვდება. ესენია: თვალის დაავადების სამკურნალო Tepezza და ანთებითი ართრიტის ერთ-ერთი ფორმის სამკურნალო Krystexxa.
Amgen-ი იმედოვნებს, რომ მის ართრიტის წამალ Enbrel-თან დაკავშირებით მზარდი კონკურენციის ფონზე, ზემოხსენებული მედიკამენტები კომპანიის დასაყრდენად იქცევიან. გარდა ამისა, ეს პრეპარატები Amgen-ის პორტფოლიოში არსებული სხვა საკვანძო მედიკამენტების ჩანაცვლებას შეძლებენ, მაგალითად, როგორიცაა ფსორიაზის თერაპია Otezla, რომლის პატენტსაც კომპანია რამდენიმე წელიწადში დაკარგავს.
ცნობისთვის, Amgen-ის Enbrel-ის გაყიდვები ბოლო კვარტალში 14%-ით შემცირდა და 1.1 მილიარდ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება Horizon Therapeutics-ის მედიკამენტებს: 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, Tepezza-ს გაყიდვები გაორმაგდა და 1.66 მილიარდ დოლარს მიაღწია – 2028 წლისთვის ამ მაჩვენებლის $3.85 მილიარდამდე გაზრდაა მოსალოდნელი; ხოლო Krystexxa-ს გაყიდვებმა გასულ წელს $565.5 მილიონი შეადგინა – 2028 წლისთვის მაჩვენებლის $1.36 მილიარდამდე ზრდაა პროგნოზირებული.
Amgen-ის განცხადებით, Horizon Therapeutics-თან გარიგება, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ ნახევარში დაიხურება, ფინანსური სარგებლის მიღებას კი, ამერიკული კომპანია უკვე 2024 წლიდან ელის.