გასული კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. გაირკვა, რომ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მისი მკურნალი რვა ექიმი სასამართლოს წინაშე წარდგება. გარდა ამისა, მიუნხენის „ბაიერნმა“ სადიო მანე შეიძინა – ტრანსფერის ჯამური ღირებულება €41 მილიონია. ამასთანავე, ვაჭრობის მოცულობით მსოფლიოს უდიდესმა კრიპტობირჟა Binance-მა კრიშტიანუ რონალდუსთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. Goldman Sachs-ი კი McLaren-ის ფორმულა 1-ის გუნდის ოფიციალური პარტნიორი გახდა.
რაც შეეხება სხვა სიახლეებს: გასულ წელს ჩატარებული ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ღონისძიების საბოლოო ხარჯი დაასახელეს; ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ (FINA) კი ტრანსგენდერ სპორტსმენ ქალებს ცისგენდერ ქალთა შეჯიბრებებში ასპარეზობა აუკრძალა.
მოცემულ ბლოგში გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში მომხდარ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს მიმოვიხილავთ.
მარადონას ექიმები სასამართლოს წინაშე წარდგებიან
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მისი მკურნალი რვა ექიმი სასამართლოს წინაშე წარდგება. მედპერსონალს ბრალს მარადონას გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის წაუყენებენ, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, არგენტინის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მათ რვიდან 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
შეგახსენებთ, დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა. სიცოცხლის ბოლო პერიოდში ფეხბურთელს ღვიძლის, თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებდა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კი თავის ტვინზე ოპერაცია ჩაუტარდა. აღსანიშნავია, რომ მარადონა ათწლეულების განმავლობაში კოკაინსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ებრძოდა.
სასამართლოს დიეგო მარადონას მკურნალი ექიმების გასამართლების მოთხოვნით პროკურორებმა, რომლებიც ფეხბურთის ლეგენდის გარდაცვალების საქმეს იძიებენ, აპრილში მიმართეს. ბრალდების მხარის განცხადებაში ნათქვამია, რომ მარადონას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი რვა ექიმის არასწორმა მკურნალობამ და გადაწყვეტილებებმა ფეხბურთელი „უმწეო მდგომარეობაში“ ჩააყენა. ამასთანავე, პროკურორებისთვის გაურკვეველია მედპერსონალის გადაწყვეტილება, მძიმე მდგომარეობაში მყოფ მარადონას მკურნალობა სახლში გაეგრძელებინა.
აღსანიშნავია, რომ პროკურორების მიერ მოწვეულმა სამედიცინო ექსპერტების ოცკაციანმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ფეხბურთელს გადარჩენის უფრო დიდი შანსი ექნებოდა, „სათანადო სამედიცინო დაწესებულებაში ადეკვატური მკურნალობა რომ ჩასტარებოდა“.
ბრალდების მთავარი სამიზნეები ნეიროქირურგი და ოჯახის ექიმი ლეოპოლდო ლუკე, ასევე ფსიქიატრი აგუსტინა კოსაჩოვი არიან. სწორედ ისინი იყვნენ ფეხბურთელის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი მთავარი პირები. ბრალდებულია ექვსი სხვა ექიმიც, მათ შორის ფსიქოლოგი კარლოს დიასი და სამედიცინო კოორდინატორი ნენსი ფორლინი.
სასამართლო პროცესის ვადების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.
მიუნხენის „ბაიერნმა“ სადიო მანე შეიძინა – ტრანსფერის ჯამური ღირებულება €41 მილიონია
გერმანიის ბუნდესლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, მიუნხენის „ბაიერნმა“, სენეგალელი ფეხბურთელი, სადიო მანე შეიძინა. „ლივერპულის“ ყოფილმა თავდამსხმელმა გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.
როგორც ირკვევა, უშუალოდ მანეს სანაცვლოდ „ლივერპული“ „ბაიერნისგან“ 32 მილიონ ევროს, ხოლო ბონუსების სახით დამატებით 9 მილიონ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ინგლისურმა გრანდმა სენეგალელი თავდამსხმელი 2016 წლის საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დროს „საუთჰემპტონისგან“ 41.2 მილიონ ევროდ შეიძინა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს მიუნხენის „ბაიერნში“ ვიმყოფები. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და ამ შესანიშნავი კლუბის მხრიდან დიდი ინტერესი თავიდანვე ვიგრძენი. აქედან გამომდინარე, ეჭვი არ შემპარვია, ასე რომ მოხდებოდა. ვფიქრობ, ამ გამოწვევისთვის შესაფერისი დროა. კლუბთან ერთად ბევრი რამის მიღწევა მინდა. „ზალცბურგში“ ყოფნისას „ბაიერნის“ ბევრ თამაშს ვუყურებდი – ძალიან მომწონს ეს კლუბი!“ – განაცხადა სადიო მანემ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
მანეს „ლივერპულის“ მაისურით საერთო ჯამში 269 მატში აქვს ჩატარებული, რომელთა განმავლობაში სენეგალელმა 120 გოლის გატანა და 48 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. კლუბში გატარებული 6-წლიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მას ექვსი ტიტული: პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, უეფას სუპერთასი, ინგლისის თასი და კარაბაოს თასი აქვს მოგებული.
Goldman Sachs-ი McLaren-ის ფორმულა 1-ის გუნდის ოფიციალური პარტნიორი გახდა
საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-სა და McLaren Racing-ს შორის სპონსორობასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა. მრავალწლიანი კონტრაქტი ამერიკაში დაფუძნებულ კომპანიას „მაკლარენის“ ფორმულა 1-ის გუნდის ოფიციალურ პარტნიორად აქცევს.
შეთანხმების ფარგლებში McLaren Racing-ის გუნდის მანქანებზე Goldman Sachs-ის ლოგო გამოჩნდება, დაწყებული 2022 წლის ბრიტანეთის გრანპრიდან, რომელიც სტარტს 8 ივლისს აიღებს. თავის მხრივ, კონტრაქტი Goldman Sachs-ს ავალდებულებს, „მაკლარენს“ ნულოვანი ემისიის მიზნების მიღწევაში დაეხმაროს.
აღნიშნული სიახლე სწორედ McLaren Racing-ის მდგრადობის წლიური ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა. ანგარიშის მიხედვით, კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ 2030 წლისთვის გამონაბოლქვი გაანახევროს, 2040 წლისთვის კი წმინდა ნულოვან ემისიას მიაღწიოს.
აქვე შეგახსენებთ, რომ McLaren-მა სპონსორების პორტფოლიოს მიმდინარე წლის მაისში ტექნოლოგიური კომპანიები: Cadence-ი და Vmware-ი, ასევე კრიპტოპლატფორმა OKX-ი დაამატა.
ტოკიოს ოლიმპიადის საბოლოო ხარჯი $10.43 მილიარდად შეფასდა
გასულ წელს ჩატარებული ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორებმა, პანდემიის გამო ერთი წლით გადადებული თამაშების საბოლოო ხარჯი 1.42 ტრილიონ იენად ($10.43 მილიარდი) შეაფასეს. ხარჯები, 2013 წელს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ შეფასებულზე ორჯერ მეტი აღმოჩნდა, რასაც პანდემიის გავლენაც დაემატა.
ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ერთი წლის წინ ღონისძიების ოფიციალურ ღირებულებად $15.4 მილიარდი დაასახელეს. ოთხი თვის შემდგომ, მათივე განცხადებით, ხარჯები $13.6 მილიარდამდე შემცირდა. დანაზოგი უკავშირდებოდა თამაშებზე გულშემატკივრების დასწრების აკრძალვას, უსაფრთხოების, ადგილის მოვლისა და სხვა ხარჯების შემცირებას. თუმცა ბილეთების შემოსავლის დაკარგვის გამო ზარალმა $800 მილიონი შეადგინა.
გასულ წელს ჩატარებული ოლიმპიადის ხარჯების ნახევარზე მეტის დაფარვა სახელმწიფო ფულის – ტოკიოს მთავრობის, ეროვნული მთავრობისა და სხვა სამთავრობო უწყებების საშუალებით მოხდა. IOC-ის წლიური ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ტოკიოს თამაშების ხარჯების დასაფარად თითქმის $1.9 მილიარდის გაღება მოუწია. უკმაყოფილონი იყვნენ ადგილობრივი სპონსორები, რომელთაც ოლიმპიადასთან კავშირის სანაცვლოდ $3 მილიარდზე მეტი გადაიხადეს.
ხარჯების ზუსტი დათვლა ბოლო პერიოდში დოლარსა და იაპონურ იენს შორის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის გამო რთული აღმოჩნდა. 1 წლის წინ ოლიმპიადის გახსნისას $1-ად 110 იენის ყიდვა იყო შესაძლებელი, ბოლო მონაცემებით კი – 135 იენის. თუმცა ტოკიოს თამაშებამდე, ორგანიზატორები ხშირად გაცვლით კურსად 107 იენს იყენებდნენ, რა მოცემულობითაც ოლიმპიადის საბოლოო ღირებულება $13.33 მილიარდს უტოლდება.
FINA-მ ტრანსგენდერ ქალებს ცისგენდერ ქალთა შეჯიბრებებში ასპარეზობა აუკრძალა
ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ (FINA) ტრანსგენდერ ქალებს ცისგენდერ ქალთა შეჯიბრებებში ასპარეზობა აუკრძალა. FINA-ს წევრებმა გადაწყვეტილება ორგანიზაციის რიგგარეშე ყრილობაზე მიიღეს.
აკრძალვას მხარი ყრილობაზე დამსწრეთა 71,5%-მა დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა იმ სპორტსმენებს შეეხებათ, რომელთაც ტრანზიციის პროცესი 12 წლის ასაკის შემდეგ დაიწყეს.
FINA-ს წარმომადგენლების განმარტებით, ასაკი მეცნიერული დასკვნის საფუძველზე განისაზღვრა. სპეციალისტების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიციის პროცესი სქესობრივი მომწიფების დაწყების შემდეგ იღებს სათავეს, ტრანსგენდერ ქალს ცისგენდერ ქალთან შედარებით ფიზიკური უპირატესობა აქვს. ცურვის საერთაშორისო ფედერაციის მოსაზრებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი ერთ შეჯიბრებაში მონაწილეობა უსამართლოა.
აღსანიშნავია, რომ ფედერაციამ ასევე წამოაყენა წინადადება ახალი „ღია კონკურსის“ შექმნის შესახებ, რომელში მონაწილეობის მიღებასაც განურჩევლად ყველა შეძლებს. როგორც ირკვევა, FINA-ს მიერ დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფი ამ იდეის ხორცშესხმას ექვსი თვის ვადაში შეეცდება.
Binance-მა კრიშტიანუ რონალდუსთან ხელშეკრულება გააფორმა
Binance-მა, მსოფლიოს უდიდესმა კრიპტოვალუტის ბირჟამ ვაჭრობის მოცულობით, კრიშტიანუ რონალდუსთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. კომპანია ამ შეთანხმებით NFT-ის პოპულარიზაციის გაზრდას ისახავს მიზნად.
მრავალწლიანი შეთანხმების ფარგლებში, პორტუგალიელი ფეხბურთელი და Binance-ი NFT-კოლექციების სერიას შექმნიან და კომპანიის პლატფორმაზე გაყიდიან – ამის შესახებ კრიპტობირჟის წარმომადგენლებმა განაცხადეს. მათივე ცნობით, პირველი კოლექცია მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა.
სარისკო აქტივების მიმართ ინვესტორების უნდობლობის ზრდამ კრიპტოვალუტების, მათ შორის, ბიტკოინის გაუფასურება გამოიწვია. აღნიშნული ვითარება უარყოფითად აისახა NFT-ებზე, რომლებიც გასულ წელს დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
კრიპტოკომპანიები ცნობილ სახეებთან, მათ შორის სპორტსმენებთან თანამშრომლობით ცდილობენ, ციფრული აქტივების მიმართ ინტერესი და მათი პოპულარობა გაზარდონ.
მაგალითად, ამ მიზნით, გასულ წელს Crypto.com-მა 700 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარე სპორტული ცენტრისთვის, Staples Center-ისთვის სახელად Crypto.com Arena-ს დარქმევას ითვალისწინებდა. ამის პარალელურად, კრიპტობირჟა FTX-ის წილი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე ტომ ბრედიმ იყიდა.
შოთა არველაძე 64 ბიბლიოთეკის განახლებას სრულად დააფინანსებს
შოთა არველაძე საქართველოში არსებული საჯარო ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროგრამას გამოეხმაურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა განაცხადა, რომ წიგნის ფონდის შევსების პროექტში ერთვება და ბიბლიოთეკების განახლებას სრულად დააფინანსებს. ინგლისური საფეხბურთო კლუბის, „ჰალ სიტის“ მწვრთნელმა აღნიშნულის შესახებ Facebook-ში დაწერა.
„არცერთი მოზარდი და რეგიონში მცხოვრები ადამიანი არ უნდა დარჩეს განახლებული ლიტერატურის და საჭირო წიგნის გარეშე. რთულ პირობებში ცხოვრების პარალელურად, წიგნი შეიძლება ერთ-ერთ იშვიათ შესაძლებლობად ჩავთვალოთ, რაც ცხოვრებას უფრო ხალისიანს, საინტერესოს და იმედით სავსეს ხდის.
ამიტომ ვერთვები ბიბლიოთეკების წიგნის ფონდის შევსების პროექტში და ჩემი გადაწყვეტილებით, სრულად დაფინანსდება 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვის და განახლების პროგრამა, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს.
ჩემს ჩართულობას აქვს ორი მიზანი: გადარჩენა და წახალისება – გადარჩენა უმნიშვნელოვანესი პროექტის და წახალისება მკითხველისა და ახალი თაობის, რათა მეტი მოტივაციით გააგრძელონ სწავლა და შემეცნება“, – ვკითხულობთ არველაძის განცხადებაში.
ამ წამოწყებაში ფეხბურთელი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მხარდაჭერით ერთვება. არველაძემ პროექტში ჩართვისკენ სხვა სპორტსმენებსა და მწერლებსაც მოუწოდებს.