გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები         

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები         

გასული კვირა, ტრადიციულად,  დატვირთული იყო გლობალური ტექნოლოგიური სიახლეებით, რომელთა ნაწილი, კონკრეტული კომპანიებისთვის არც თუ ისე სახარბიელო აღმოჩნდა – პირველ რიგში, Google-ი უნდა ვახსენოთ, რომლის წინააღმდეგ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა და რვა შტატის ხელისუფლებამ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. კიდევ ერთი იურიდიული საკითხი ნიდერლანდებსა და იაპონიას ეხება, რომელთა ხელისუფლებებმა ჩინეთში მიკროჩიპებისა და მათ დასამზადებლად საჭირო ტექნოლოგიის ექსპორტზე გარკვეული შეზღუდვები დააწესეს. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი და რვა შტატის ხელისუფლება Google-ს სასამართლოში უჩივიან

გასული კვირის უმთავრესი სიახლე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიას, ამერიკულ Google-ს უკავშირდება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი და რვა შტატის ხელისუფლება ციფრული რეკლამის ბაზრის მონოპოლიაში ადანაშაულებენ და სასამართლოში უჩივიან. აღნიშნული საქმით, რომელიც ზოგიერთი ტექნოლოგიური კომენტატორის მხრიდან ამერიკული კომპანიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან ანტიმონოპოლიურ პროცესად შეფასდა, აშშ-ის ფედერალური და შტატების ხელისუფლება Google-ს ხელოვნური ბარიერების შექმნაში, კონკურენტების მოშორებაში და კომპანიებისთვის საკუთარი ხელსაწყოების გამოყენების იძულებაში ადანაშაულებს.

„Google-ის მონოპოლიურმა ქცევამ ბაზარზე შესვლის ბარიერები არაბუნებრივად მაღლა ასწია, მთავარ კონკურენტებს სარეკლამო ბაზრის დატოვება აიძულა, ახალ პოტენციურ კონკურენტებს ბაზარზე შემოსვლა გადააფიქრებინა და Google-ის რამდენიმე კონკურენტი კომპანია მარგინალიზებულ და შეზღუდულ პოზიციაში ჩააყენა“, – ვკითხულობთ ტექნოლოგიური გიგანტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში.

საინტერესოა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისა და რვა შტატის ხელისუფლების მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელს თავად Google-იც გამოეხმაურა. ტექნოლოგიური კომპანიის შეფასებით, იუსტიციის დეპარტამენტი Google-ის სარეკლამო ბიზნესს არასწორად წარმოაჩენს, როცა ამბობს, რომ ტექნოლოგიური გიგანტი ადამიანებს სწორედ მისი პროდუქტის გამოყენებისკენ უბიძგებს, რადგან კომპანიის შეფასებით, მათ მიერ შემოთავაზებული სერვისი კონკურენტებთან შედარებით გაცილებით ეფექტიანია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა Google-ს 2020 წელსაც უჩივლა – იმ დროს, ტექნოლოგიურ გიგანტს საძიებო სისტემისა და სარეკლამო ბაზრების მონოპოლიზება ედებოდა ბრალად. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო წლებში, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ ბრძოლა ერთგვარ ტენდენციად იქცა. გასული წლის მაისში, რესპუბლიკელ და დემოკრატ სენატორთა ჯგუფმა „ციფრული რეკლამის კონკურენციისა და გამჭვირვალობის აქტი“ მიიღეს, რომელიც Google-ისა და Meta-ს მსგავს კომპანიებს, რომლებიც ციფრული რეკლამებისა სახით ყოველწლიურად $20 მილიარდზე მეტი მოცულობის ტრანზაქციებს ამუშავებენ, ამ ბიზნესის შესაძლო მოშორებას აიძულებს.

აშშ-ის შემდეგ, ჩინეთში მიკროჩიპების ექსპორტზე შეზღუდვები იაპონიამ და ნიდერლანდებმაც დააწესეს

ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან მრავალწლიანი ლობირების შემდეგ, ჩინეთში მიკროჩიპების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიის ექსპორტზე შეზღუდვები იაპონიამ და ნიდერლანდებმაც დააწესეს, – ამის შესახებ რამდენიმე ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა წერს. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გასული წლის ოქტომბერში მიღებული გადაწყვეტილების იდენტურია, ჩინეთის მიერ მიკროჩიპების ადგილობრივი წარმოების ჩასაკლავადაა მიმართული, რაც, თავის წილ, ქვეყნის კომუნისტური მთავრობის ხელთ არსებული სამხედრო შეიარაღებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების შეზღუდვას ითვალისწინებს.

ფოტო: Getty Images

აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ფაქტობრივად არ აკეთებენ იაპონიისა და ნიდერლანდების ლიდერები, რადგან ამ საკითხის სამართლებრივი წესით ჩახურვას, შესაძლოა, თვეები დასჭირდეს. „ეს საკითხი იმდენად სენსიტიურია, რომ ნიდერლანდების ხელისუფლება სიფრთხილეს ამჯობინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კომუნიკაცია ლიმიტირებული იქნება“, – განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ.

ნიდერლანდების მთავრობის ეს გადაწყვეტილება ყველაზე მეტად სწორედ ნიდერლანდურ ASML-ზე აისახება, რომელიც მიკროჩიპების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია მსოფლიოში. ამასთანავე, ASML-ი ერთადერთი კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც მძლავრი ნახევარგამტარების წარმოებისთვის საჭირო ულტრაიისფერ ლითოგრაფიულ დანადგარებს აწარმოებს. ამგვარად, ამიერიდან, ნიდერლანდური კომპანია ჩინეთში ამ დანადგარების ექსპორტს ვეღარ განახორციელებს, არადა გასულ წელს, კომპანიის გაყიდვების 15% სწორედ ჩინეთზე მოდიოდა. იაპონიის შემთხვევაში, ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები, ყველაზე მეტად, Nikon-სა და Tokyo Electron-ს შეეხება.

ნიდერლანდების ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვას არაეფექტიანად მიიჩნევს ASML-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, პიტერ ვენიკი, რომლის თქმით, ექსპორტის შეზღუდვის ფონზე, ჩინეთი ამ მოწყობილობების შიდა წარმოებაზე გადაერთვება. „დრო დასჭირდებათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მიზანს მიაღწევენ“, – განაცხადა ვენიკმა Bloomerg-თან საუბრისას.

მიკროჩიპებისა და მათი წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიის ექსპორტის აკრძალვა აუცილებლად უნდა იქნას განხილული ამერიკის შეერთებული შტატების გადმოსახედიდან, რომელიც ამ საკითხს ყველაზე მეტად ლობირებს. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს $280-მილიარდიანი „ჩიპების აქტი“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი აგვისტოში მოაწერა. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა მიკროჩიპების შიდა წარმოების განვითარებისთვის $52 მილიარდის მოცულობის სუბსიდიებს ითვალისწინებს, რომელსაც აქტიურად იყენებენ, როგორც Intel-ი, ასევე TSMC-ი და Samsung-ი.

Mercedes-Benz-მა აშშ-ში მესამე თაობის თვითმართვადი ტექნოლოგიის გამოყენების უფლება მოიპოვა

გერმანული Mercedes-Benz-ი პირველი ავტომწარმოებელი კომპანია გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელმაც ქვეყნის ხელისუფლებისგან მესამე თაობის თვითმართვადი ტექნოლოგიის – Drive Pilot-ის ნევადის შტატის საჯარო გზებზე გამოყენების უფლება მოიპოვა, – ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Verge-ი წერს. მესამე თაობის თვითმართვადი ტექნოლოგია გულისხმობს, რომ ამიერიდან, Mercedes-Benz-ის თვითმართვადი ავტომობილები გადაადგილებას სრულად ავტონომიურად შეძლებენ, მაგრამ ამავდროულად, საჭესთან აუცილებლად უნდა იჯდეს ადამიანი მძღოლი, რომელსაც ავტომობილის მართვის კომპიუტერისგან გადმობარება საჭიროებისამებრ, მყისიერად უნდა შეეძლოს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Drive Pilot-ის ტექნოლოგიას Mercedes-Benz-ი წლებია, რაც ავითარებს და ის ბაზარზე არსებული სხვა თვითმართვადი სისტემების მსგავსად ფუნქციონირებს, ანუ კონკრეტულ მომენტებში, ადამიანს საჭიდან ხელებისა და პედლებიდან ფეხების აღების შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, მეორე თაობის ტექნოლოგიისგან განსხვავებით, რომელიც მოითხოვს, რომ მძღოლმა გზას მუდმივად უყუროს, მესამე თაობის თვითმართვადი ტექნოლოგია მას მეტ თავისუფლებას სთავაზობს.

როგორც ამერიკული გამოცემის, The Drive-ის მიერ ჩატარებული ტესტ-დრაივიდან ვიგებთ, Drive Pilot-ის გამოყენების დროს, მძღოლს მგზავრთან საუბარი და ავტომობილში ჩაშენებული გასართობი კონსოლის გამოყენება შეუძლია, მაგრამ დაძინება და უკანა სავარძელზე გადაჯდომა – არა. მარტივად რომ ვთქვათ, ავტომობილის სალონში დამონტაჟებული შიდა კამერები მძღოლის სახეს მუდმივად უნდა აფიქსირებდნენ.

ფოტო: Mercedes-Benz AG

აქვე ორიოდ სიტყვა ავტომობილის ტექნოლოგიურ აგებულებაზე: ავტონომიური მართვის რეჟიმში, Mercedes-Benz-ის ავტომობილები შიდა და გარე კამერებს, რადარებს, მიკროფონებსა და ლიდარებს იყენებენ. ეს უკანასკნელი, მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ლიდარების გამოყენებით, ავტომობილს მის გარშემო არსებული გარემოს სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა შეუძლია.

უნდა აღინიშნოს, რომ მესამე თაობის თვითმართვადი ტექნოლოგია პანაცეა არ არის, რადგან გარკვეულ რისკებს ისიც შეიცავს. მეტიც, ზოგიერთი კომპანიის, მათ შორის Waymo-ს და Cruise-ის განცხადებით, აღნიშნული ტექნოლოგია იმდენად სახიფათოა, რომ ისინი პირდაპირ მეოთხე თაობის ტექნოლოგიის განვითარებაზე გადაერთნენ. მესამე და მეოთხე თაობას შორის არსებული მთავარი განსხვავება – მძღოლის ყურადღებაში მდგომარეობს, რადგან მეოთხე თაობის ტექნოლოგია მძღოლის ყურადღებას საერთოდ არ მოითხოვს.

Mercedes-ი ერთადერთი ავტომწარმოებელი არ არის, რომელიც მესამე თაობის თვითმართვად ტექნოლოგიას ავითარებს – ამ მიმართულებით Ford-ი, Audi, BMW და Volvo მუშაობენ. მოსალოდნელია, რომ შემდეგი ადგილი, სადაც მესამე თაობის თვითმართვადი ტექნოლოგია საჯაროდ გამოიცდება – კალიფორნია იქნება.

$3.6-მილიარდიანი ინვესტიციით, Tesla ნევადაში მდებარე ქარხანას გააფართოებს

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებელი, ამერიკული Tesla შტატ ნევადას ქალაქ რენოში მდებარე გიგაქარხნის გაფართოებას გეგმავს, რისთვისაც $3.6 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, – ამის შესახებ Tesla-ს მიერ გასულ კვირას გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ. როგორც ირკვევა, აღნიშნული ინვესტიციით ამერიკული ავტომწარმოებელი ორი ქარხნის აშენებას გეგმავს – საუბარია ელექტრობატერეების ქარხანაზე და Tesla-ს ელექტროსატვირთოების, ე.წ. Semi Truck-ების ასაწყობ ცენტრზე. საერთო ჯამში, აღნიშნული ინვესტიციით, Tesla-ს გიგაქარხანაში სამი ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ნევადის გიგაქარხანა, რეკონსტრუქციის შემდეგ (რენდერი) | ფოტო: Tesla

ცნობისთვის გეტყვით, რომ პირველი ელექტროსატვირთო Tesla-მ გასული წლის დეკემბერში, PepsiCo-ს მიაწოდა, მაგრამ იმ დროსაც, კორპორაციული კლიენტების დიდი რიგი ჰქონდა, ასე რომ სატვირთოებისთვის ცალკე საწარმოს გახსნა, მოულოდნელი სულაც არ გახლავთ. ისე კი, მიუხედავად მოთხოვნისა, კონკრეტულად რამდენი ელექტროსატვირთოს აწყობას შეძლებს Tesla ყოველწლიურად, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ცნობილია ელექტრობატარეების ახალი ქარხნის დატვირთვა – ყოველწლიურად იქ ორი მილიონი მსუბუქი ავტომობილისთვის საჭირო ელექტრობატარეების გამოშვება იქნება შესაძლებელი. დღევანდელი მონაცემებით, ეს 100 გიგავატ-საათის სიმძლავრეს გულისხმობს.

ეს პირველი ინვესტიცია არ არის, რომელსაც Tesla ნევადის გიგაქარხანაში განახორციელებს – ამ დრომდე, ილონ მასკის კომპანიას ამერიკის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ამ ქარხანაში $6.2 მილიარდი აქვს ინვესტირებული. ნევადის გარდა, Tesla-ს გიგაქარხნები აქვს შტატ ნიუ-იორკში, ჩინეთში, გერმანიასა და ტეხასში. ამასთანავე, დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიგით მეექვსე გიგაქარხანას Tesla მექსიკის შტატ ნუევო-ლეონში ააშენებს, რისთვისაც $10 მილიარდის დახარჯვას გეგმავს.

ChatGPT-ი სამეცნიერო ნაშრომის ავტორად ვერ ჩაითვლება – Springer Nature

უკანასკნელი კვირების განმავლობაში, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში და პოპულარულ კულტურაში ყველაზე პოპულარულ მიმართულებად ხელოვნური ინტელექტი ჩამოყალიბდა, რასაც, უდავოდ, OpenAI-ის მიერ შექმნილ ჭკვიან ჩატ-ბოტს, ChatGPT-ის შექმნას უნდა ვუმადლოდეთ. ხელოვნური ინტელექტის უეცარ აღზევებას აკვირდებოდნენ აკადემიური კვლევის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანებიც, რომლებიც პროგრამული უზრუნველყოფის უნარებს, ხშირად, ერთგვარი შურით უყურებენ.

ასეთ სუბიექტებს შორისაა მსოფლიოს უმსხვილესი აკადემიური გამომცემლობა, Springer Nature-ი, რომელმაც განაცხადა, რომ ChatGPT-ის მსგავსი ხელოვნური ინტელექტი ნაშრომის ავტორად ვერ ჩაითვლება. თუმცა, აკადემიურ ინდუსტრიაში დასაქმებული ბევრი დაწესებულებისგან, მათ შორის იმ სკოლებისა და უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, რომლებმაც სასწავლო პროცესში ChatGPT-ის გამოყენება საერთოდ აკრძალეს, Springer Nature-ი მეცნიერების მიერ კვლევისა და წერისას ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამოყენებაში პრობლემას ვერ ხედავს, თუ მეცნიერი, ცხადია, ამას აღიარებს.

ფოტო: Johner Images / Getty Images

ცნობისთვის გეტყვით, რომ ChatGPT-ის ავტორად მოხსენების ან არმოხსენების საკითხი არც თუ ისე ტრივიალურია, რადგან ხელოვნური ინტელექტის ამ მოდელის ავტორობით არაერთ სამეცნიერო ნაშრომს ვხვდებით, მაგრამ, მისი კონტრიბუცია, ცხადია, არაერთგვაროვანია და ნაშრომებს შორის განსხვავდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის ავტორებს შორის მოხსენიებას მეტად უარყოფითად და შეიძლება ითქვას ცინიკურად შეხვდნენ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები, რომელთა თქმით, ეს აბსურდული, სასაცილო და სულელურია.

სამეცნიერო საზოგადოებაში გავრცელებულ არგუმენტებს, ნაწილობრივ მაინც, იზიარებს Springer Nature-იც: „სამეცნიერო ნაშრომების ავტორობა, ცხადია, არ გულისხმობს მხოლოდ ტექსტის დაწერას – ავტორს უამრავი სხვა მოვალეობებიც აქვს, რომელთა შესრულება ხელოვნური ინტელექტის ამ მოდელებს დღეს არ შეუძლიათ“, – აღნიშნა Springer Nature-ის ფლაგმანი გამოცემის, Nature-ის მთავარმა რედაქტორმა, მაგდალენა სკიპერმა, The Verge-თან საუბრისას. მისივე თქმით, ხელოვნურ ინტელექტს ნაშრომისთვის სრული პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია, რაც გულისხმობს, როგორც ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, ასევე სხვა მეცნიერებთან და მედიის წარმომადგენლებთან მრავალმხრივ კომუნიკაციას.

თუმცა, იმის ფონზე, რომ ხელოვნური ინტელექტისთვის ნაშრომის ავტორობის წოდების არმინიჭებაზე აკადემიური საზოგადოება ლამის ერთხმად თანხმდება, განსხვავებულია დამოკიდებულება ამ ტექნოლოგიის სტატიის წერის პროცესში გამოყენების თაობაზე. „ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა ნათელია: ნაშრომის წერისას ამ მოდელების ხელსაწყოებად გამოყენებას არ ვკრძალავთ. მნიშვნელოვანია ერთი რამ – გამჭვირვალობა. ავტორმა აუცილებლად უნდა ახსნას, თუ როგორ შეადგინა ნაშრომი და რომელი პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენა. გამჭვირვალობა აუცილებელია, რადგან სწორედ ის წარმოადგენს მეცნიერების ქვაკუთხედს“, – ამბობს მაგდალენა სკიპერი, რომლის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების აკრძალვა არაეფექტური იქნება.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული წლის მარტშიც მოხდა, როცა აშშ-ის ინტელექტუალური საკუთრების ოფისმა გადაწყვიტა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს საავტორო უფლება არ მიენიჭება.

2030 წლისთვის, Uber-ისა და Lyft-ის ნიუ-იორკის ავტოპარკი ელექტრომობილებით აღიჭურვება

ნიუ-იორკი, რომელიც სხვადასხვა კვლევების მიხედვით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქადაა მიჩნეული, დეკადის ბოლოდან კიდევ უფრო მწვანე გახდება. საქმე ისაა, რომ 2030 წლისთვის, Uber-ისა და Lyft-ის ათიათასობით ავტომობილი, რომლებიც ყოველდღიურად მილიონობით ნიუიორკელს ემსახურება, ელექტრომობილებით ჩანაცვლდება, – ამის შესახებ ნიუ-იორკ-სიტის მერმა, ერიკ ადამსმა გასულ კვირას განაცხადა. აღნიშნული ინიციატივა, რომელიც დაახლოებით ასი ათას ავტომობილს შეეხება, სრულ თანხვედრაშია ნიუ-იორკის მთავრობის ქალაქის ავტოპარკის ელექტრიფიკაციის გეგმასთან, რომელიც ქალაქში ელექტრომობილების დასამუხტი ინფრასტრუქტურის მოწყობასაც მოიაზრებს.

ტაიმს-სკვერი, ნიუ-იორკი | ფოტო: Bloomberg

აღსანიშნავია, რომ Uber-ი და Lyft-ი, რომლებიც ცნობილნი არიან, როგორც კომპანიები, რომლებიც რეგულაციებს ეწინააღმდეგებიან და ხშირად ბლოკავენ კიდეც, ერიკ ადამსის ამ ინიციატივას მეტად დადებითად აფასებენ და მზად არიან, ნიუ-იორკის მთავრობას მხარში ამოუდგნენ. კომპანიების წარმომადგენლების შეფასებით, ერიკ ადამსის პოლიტიკა ელექტრომობილებზე მდგრადი გადასვლის პროცესს დააჩქარებს.

სამთავრობო ცვლილებების მიერ არარსებული აგრესია აიხსნება იმით, რომ ელექტრიფიკაცია Uber-ისა და Lyft-ისთვის არახალი პროცესია. აღნიშნული კომპანიები ყველანაირად ცდილობენ, რომ მძღოლებს ელექტრომობილებზე გადასვლისაკენ უბიძგონ, იქნება ეს ავტომობილების გაქირავების კომპანიებთან თანამშრომლობით, თუ ელექტრომობილების მქონე მძღოლების ტარიფების გაზრდით. ამასთანავე, ორთავე კომპანიას სურს, რომ დეკადის ბოლოსთვის, მათი ავტოპარკები სრულად ელექტრიფიცირებული იყოს.

ნიუ-იორკის მერი, ერიკ ადამსი | ფოტო: Paul Martinka

აქვე უნდა ითქვას, რომ ნიუ-იორკის მერის აღნიშნული ინიციატივის აღსრულება არც თუ ისე მარტივია, რადგან მძღოლები, რომლებიც Uber-სა და Lyft-ის მსგავს კომპანიებში მუშაობენ, რეალურად, დამოუკიდებელი კონტრაქტორები არიან და არა თანამშრომლები, რომლებიც, როგორც წესი, სამუშაოდ საკუთარ ავტომობილებს იყენებენ. ამგვარად, გიგ-ეკონომიკის კომპანიების მიერ მძღოლებისათვის კონკრეტული მოთხოვნების დაწესება, შესაძლოა, მეტად არაეფექტური გამოსავალი იყოს, რადგან ელექტრომობილების ყოლა, როგორც წესი, ადამიანებისთვის გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე შიდაწვის ძრავიანი ავტომობილებისა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ნიუ-იორკი პირველი ქალაქი არ არის, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. Uber-ისა და Lyft-ის მსგავსი კომპანიებისთვის ავტოპარკის ელექტრიფიკაციის მოთხოვნის დაწესების გადაწყვეტილება შტატ კალიფორნიის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2021 წელს მიიღო. კალიფორნიაში, ისევე, როგორც ნიუ-იორკში, აღნიშნული მოთხოვნა 2030 წლისთვის ამოქმედდება, ანუ ხუთი წლით ადრე, ვიდრე აშშ-ის ყველაზე მდიდარ შტატში შიდაწვის ძრავების მქონე ახალი ავტომობილების გაყიდვა საერთოდ აიკრძალება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *