გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირა განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა ტექნოლოგიური ღონისძიებებით: Google-ის 2022 წლის I/O-ზე კომპანიამ, სხვა სიახლეებთან ერთად ახალი Pixel-ები წარმოადგინა, საქართველოს ბანკმა კი პირველი Update-ი ჩაატარა, სადაც სხვა ტექნოლოგიური სიახლეებთან ერთად სუპერაპად გარდაქმნის ხედვა წარმოადგინა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

Bank of Georgia Update: მოკლედ საქართველოს ბანკის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ

გასულ კვირას საქართველოს ბანკმა წლის მთავარ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Bank of Georgia Update-ს უმასპინძლა, რომელზეც არაერთი სიახლე წარმოადგინა, როგორც ინდივიდუალური, ასევე ბიზნეს-მომხმარებლისთვის. სიახლეების ჩამონათვალში მოხვდა, როგორც საქართველოს ბანკის სუპერ აპად გარდაქმნის და სკოლის მოსწავლეებზე ორიენტირებული ცალკე აპლიკაციის შექმნის ანონსები, ასევე არაერთი სხვა სიახლე ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა მეცნიერების, ინფორმაციული ტექნოლოგიების და დიზაინის სფეროებიდან.

საქართველოს ბანკის სუპერ აპი

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც საქართველოს ბანკმა გასულ კვირას წარმოადგინა – სუპერ აპად გარდაქმნის დაანონსება იყო. საქართველოს ბანკის სუპერ აპის კონცეფცია ხუთი ძირითადი კატეგორიისგან შედგება – ყოველდღიური ბანკინგი, ფინანსების მართვა, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ლაიფსტაილი და შოპონგი და გართობა და სიახლეები.

საქართველოს ბანკისთვის, „სუპერ აპი არის პროდუქტი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სერვისის ნაკრებს და აძლევს პარტნიორი კომპანიების დეველოპერებს მთავარ პროდუქტში მინი აპლიკაციების ინტეგრირების შესაძლებლობას“.

თავისთავად ეს კონცეპცია არახალია – მსოფლიოში სუპერ აპის ბიზნესმოდელის არაერთი წარმატებული მაგალითი არსებობს. განსაკუთრებით საინტერესოა ჩინური WeChat-ის მაგალითი, რომელიც ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა, როგორც საკომუნიკაციო პლატფორმა. დღეს, WeChat-ს 1.3 მილიარდი ადამიანი იყენებს და ამ აპლიკაციით თითქმის ყველაფერია შესაძლებელი, მესიჯის გაგზავნიდან – პროდუქტების ყიდვასა და ტაქსის გამოძახებამდე. მეტიც, დღეს, WeChat-ი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე აპლიკაცია – ის ჩინელების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

საქართველოს ბანკის გადახდების მართვის პლატფორმა

გასული კვირის ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ ბიზნესების მხარდაჭერის კუთხით, საქართველოს ბანკმა სრულად ციფრული მიდგომის დანერგვა განიზრახა, რისთვისაც გადახდების მართვის ერთიანი ციფრული პლატფორმის შექმნას აპირებს – ამ უნივერსალური პლატფორმისა და მასში ჩაშენებული ხელსაწყოების დახმარებით, მომხმარებელი შეძლებს, როგორც გადახდებთან დაკავშირებული ოპერაციების მართვას, ასევე ინდუსტრიის ანალიზის ჩატარებას. 

საქართველოს ბანკის Ads Manager-ი

საქართველოს ბანკის Ads Manager-ი იმგვარ პლატფორმას გულისხმობს, რომლის დახმარებით, ბიზნესი, საქართველოს ბანკთან ერთად, მომხმარებლებს მათთვის ყველაზე საინტერესო და ღირებულ ინფორმაციას მიაწვდის, საქართველოს ბანკის ციფრული არხებისა და სხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით. ამრიგად, ბიზნესი საკუთარი ციფრული კამპანიის დაგეგმვას, ბიზნესმიზნისა და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრას შეძლებს.

საინტერესოა, რომ კამპანიის დასრულების შემდეგ, ბიზნესი დეტალურ ანალიტიკასაც მიიღებს, სამომავლო განვითარებისთვის – ბიზნესის მმართველები გაიგებენ, თუ ვინ არის მათი მომხმარებელი და როგორია მათი ქცევის წესები და განაწილება ასაკის, სქესის, ლოკაციური და დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით.

ნაწილ-ნაწილ

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ბანკის პირველი ტექნოლოგიური ღონისძიების მთავარი ღირსშესანიშნაობა, სუპერ აპის კონცეპციასთან ერთად, ცხადია, ნაწილ-ნაწილ გადახდის ფუნქციონალის დაანონსება იყო. ამიერიდან, საქართველოს ბანკის მომხმარებლები პროდუქტებისა და სერვისების შეძენას ყოველგვარი პროცენტისა და საკომისიოს გარეშე, ნაწილ-ნაწილ შეძლებენ.

ამ დრომდე, ხშირად, კონკრეტული პროდუქტის შეძენისას მომხმარებელს უწევდა აერჩია სამომხმარებლო სესხი აეღო, განვადების სერვისით ესარგებლა, საკრედიტო ბარათი გამოეყენებინა თუ ნაღდი ფული დაეხარჯა. თუმცა, ნაწილ-ნაწილ გადახდის ფუნქციონალის დანერგვით, საქართველოს ბანკმა თვისობრივად ახალი საბანკო პროდუქტი შექმნა, რომელიც მომხმარებელს ზემოთხსენებულ პრობლემებს აარიდებს და მათ პროდუქტებთან და სერვისებთან წვდომას გაუმარტივებს.

ქართული მეტყველების ტექნოლოგიები

საქართველოს ბანკის მიერ წარმოდგენილ სიახლეებს შორის ერთ-ერთი მიმართულება ქართული მეტყველების ტექნოლოგიების განვითარება, ტექნოლოგიით დაინტერესებული ადამიანებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. ამ ინიციატივით, საქართველოს ბანკს სურს, რომ ქართული ენის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციასა და განვითარებას ხელი შეუწყოს. ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადაიდგა – საქართველოს ბანკის ჩატბოტი ამის ნათელი მაგალითია.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საბოლოო ჯამში, ეს ინივიატივა ხელს შეუწყობს აღნიშნული ტექნოლოგიების დახვეწას და შეიძლება, რომ სამომავლოდ, პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტის შექმნის საფუძველადაც კი იქცეს. აღსანიშნავია, რომ ამ ტექნოლოგიაში დახელოვნებული გლობალური ტექნოლოგიური კომპანიები ქართულ ენაზე მსგავსი პროდუქტის შექმნით არ არიან დაინტერესებულნი, ქართულად მოსაუბრე ადამიანიების რაოდენობრივი სიმწირიდან გამომდინარე.

 

ახალი აპლიკაცია სკოლის მოსწავლეებისთვის

საქართველოს ბანკის Update-ის ერთ-ერთი ნათელი მოვლენა, ღონისძიების დასასრულს მოხდა, როცა ბანკის საცალო სეგმენტის მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო ხორგუანმა სკოლის მოსწავლეებისთვის მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული ახალი საბანკო აპლიკაციის შექმნა დააანონსა.

ექსკლუზიურად სკოლის მოსწავლეებისთვის შექნილი უნიკალური საბანკო გამოცდილება ოთხ ძირითად ელემენტს ეფუძნება – გართობას, გემიფიკაციას, განათლებასა და სოციალიზაციას. ამასთანავე, საქართველოს ბანკი ბავშვების ფინანსურ განათლებაზეც იზრუნებს.

სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი აპლიკაციის ფუნქციონალს რაც შეეხება, ის საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება – ბავშვები შეძლებენ მშობლებს თანხა სთხოვონ, სახალისო დავალებები შეასრულონ და ფინანსური განათლება მიიღონ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აპლიკაციის შექმნის იდეის გაჩენიდან დღემდე, მისი განვითარების თითოეულ ეტაპზე, მის განვითარებასა და დახვეწაში თავად მოსწავლეები იყვნენ ჩართულები.

საქართველოს ბანკის ახალი აპლიკაციის დახურული ბეტა-ვერსია ამა წლის ზაფხულში იქნება ხელმისაწვდომი.

Google-ის I/O 2022: ხელოვნური ინტელექტი, ანდროიდი და Pixel-ი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური მოვლენა Google-ის ყოველწლიური ღონისძიება, I/O 2022-ი იყო, რომელზეც ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა არაერთი სიახლე წარმოადგინა ხელოვნური ინტელექტის, Android-ის ოპერაციული სისტემისა და Pixel-ის მიმართულებებით. რაკიღა ღონისძიება ტექნოლოგიური კომუნისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა, უპრიანი იქნება, თუ მნიშვნელოვან სიახლეს დეტალურად მიმოვიხილავთ.

Pixel 6A

Google-მა საშუალო-სეგმენტისთვის განკუთვნილი ახალი სმარტფონი, Pixel 6A წარმოადგინა, რომელიც ვიზუალურად შარშანდელ Pixel 6-სა და Pixel 6 Pro-ს ჰგავს, უკანა მხარეს ამოწეული კამერის ბლოკით. მე-6 თაობის სხვა სმარტფონებთან შედარებით, Pixel 6A-ის ეკრანი შედარებით უფრო მცირეა – მას 1080 პიქსელის მქონე 6.1-ინჩიანი OLED-დისპლეი აქვს.

აღსანიშნავია, რომ წინა თაობის სმარტფონებისგან განსხვავებით, Pixel 6A 12-მეგაპიქსელიანი ულტრაფართო გადაღების მექანიზმის მქონე უკანა კამერითა და 8-მეგაპიქსელიანი წინა კამერითაა აღჭურვილი, რაც უცნაურია, რადგან წინა თაობის A-მოდელებში Google-ი იმავე უკანა კამერებს იყენებდა, რასაც პრემიუმ-სეგმენტისთვის განკუთვნილ Pixel 6-სა და Pixel 6 Pro-ში.

კამერის გარდა, შეიცვალა სმარტფონის პროცესორიც – Pixel 6-ის მსგავსად, Pixel 6A-ც Google-ის Tensor-ის ტიპის მიკროჩიპითაა აღჭურვილი, რაც არანაკლებ უცნაურია, ვიდრე კამერის ცვლილება. საქმე ისაა, რომ წინა თაობის A-მოდელები Google-ის ფლაგმანი მოდელების კამერით, მაგრამ შედარებით სუსტი პროცესორით იყო აღჭურვილი, მაგრამ, როგორც ჩანს, Google-მა ამ ტრადიციის შეცვლა გადაწყვიტა.

საინტერესოა, რომ შეიცვალა სმარტფონში გამოყენებული ბატარეაც – წინა თაობის მოწყობილობასთან შედარებით, Pixel 6A-ს უფრო სუსტი ბატარეა აქვს, მაგრამ, Google-ის თქმით, ჩვეულებრივი გამოყენების შემთხვევაში სმარტფონი ერთ დღეს მაინც გაძლებს. ისე კი, Extreme Battery Saver-რეჟიმის გააქტიურებისას, სმარტფონის გამოყენება სამი დღის განმავლობაში არის შესაძლებელი, რაც ერთი დღით მეტია, ვიდრე Pixel 5A-ის შემთხვევაში.

ფოტო: Google

სმარტფონის მეხსიერებას რაც შეეხება, ის 128-გიგაბატიანია, 6-გიგაბაიტიანი RAM-ით, რაც Pixel 5A-ის მსგავსი კონფიგურაციაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Pixel 5A-სგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ აშშ-ისა და იაპონიის ბაზარზე იყიდებოდა, Pixel 6A კანადაში, გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიაში, გერმანიასა და საფრანგეთშიც გაიყიდება – საქართველო ოფიციალურ ჩამონათვალში არ არის.

დამატებითი სერვისებიდან უნდა აღინიშნოს, რომ Pixel 6A-ს 5G-ის მხარდაჭერა აქვს, მაგრამ არa აქვს ყურსასმენების პორტი და არ მოჰყვება დამტენი.

Google-ის უახლესი სმარტფონის, Pixel 6A-ის წინასწარი გაყიდვები 21 ივლისს დაიწყება – სმარტფონის საწყისი ფასი $449 იქნება.

ახალი თაობის Pixel 7, Pixel 7 Pro და სრულიად ახალი Pixel Watch-ი

საინტერესოა, რომ გასულ კვირას ჩატარებულ ღონისძიებაზე Google-მა ახალი თაობის სმარტფონების – Pixel 7-სა და Pixel 7 Pro-ს რენდერები წარმოადგინა. ვიზუალურად ისინი მე-6 თაობის სმარტფონებს ჰგავს, მაგრამ ერთი განსხვავებით – უკანა მხარეს ამოწეული კამერის ბლოკი ალუმინისგან იქნება დამზადებული. რაც შეეხება კამერებს, აქ ვიზუალური ცვლილება არ ფიქსირდება – წინა თაობის მოდელების მსგავსად, Pixel 7-ს ორი უკანა კამერა აქვს, ხოლო Pixel 7 Pro-ს – სამი, რომლიდანაც ერთი, როგორც ჩანს, ტელეფოტოლინზითაა აღჭურვილი.

ფოტო: Google

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ წინა ღონისძიებაზე Google-მა Pixel Watch-იც წარმოადგინა, რომელსაც მომრგვალებული გუმბათის ფორმის ეკრანი, გვირგვინის ფორმის ტაქტიკური ღილაკი და ჩვეულებრივი ტიპის ღილაკი აქვს, ხოლო ჭკვიანი საათის კარკასი გადამუშავებული ფოლადისგანაა დამზადებული. საათი Wear OS 3-ითაა აღჭურვილი, რაც მას ვიზუალურად კიდევ უფრო მომხიბვლელსა და ჭკვიანს ხდის – Google-ის აპლიკაციების გარდა, საათში Fitbit-ის აპლიკაციაც არის ჩაშენებული, რომელიც Google-მა $2.1 მილიარდად შეიძინა.

ფოტო: Google

Google-ის ახალი თაობის მოწყობილობების გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ისინი ამა წლის ოქტომბერში გამოვა, Android 13-თან ერთად.

სრულიად ახალი Pixel Buds Pro

სხვა სიახლეებთან ერთად, Google-მა პრემიუმ-სეგმენტისთვის განკუთვნილი ახალი ყურსასმენი, Pixel Buds Pro გამოუშვა – თავისთავად ცხადია, რომ ეს პროდუქტი შექმნილია იმისთვის, რომ Apple-ის AirPods Pro-ს პირდაპირი კონკურენცია გაუწიოს. ამიტომაც, Apple-ის ყურსასმენის მსგავსად, Google-ის უახლეს ყურსასმენს აქვს როგორც აქტიური ხმის ჩახშობის ფუნქციონალი, ასევე მრავალმხრივი Bluetooth-კავშირი და წყლის გაუმტარობის IPX4-კოეფიციენტი.

ფოტო: Google

ვიზუალურად, ახალი თაობის ყურსასმენები 2020 წელს გამოშვებულ Pixel Buds-ს ჰგავს – შეიძლება ითქვას, რომ ყურსასმენების ჩასადები წინა თაობის იდენტურია, ხოლო უშუალოდ ყურსასმენები კიდევ უფრო დახვეწილი – მათ პერიმეტრზე რამდენიმე მიკროფონი გამოჩნდა, ხოლო თვითონ ყურსასმენი ისე არის შექმნილი, რომ მსმენელის ყურში კიდევ უფრო კომფორტულად მოთავსდეს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ Google-ის აზრით, Pixel Buds Pro საუკეთესო მობილური აუდიომოწყობილობაა, რომელიც კომპანიას ოდესმე შეუქმნია – ახალი ყურსასმენი ასე კომპანიის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, რიკ ოსტერლომ დაახასიათა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს განცხადება, ნაწილობრივ მაინც, Pixel Buds Pro-ს წარმოუდგენელი გამძლეობით აიხსნება – აქტიური ხმის ჩახშობის რეჟიმში ყურსასმენი შვიდ საათს მუშაობს, ხოლო ჩვეულებრივი რეჟიმისას – თერთმეტს.

ფოტო: Google

სრულიად ახალი Pixel Buds Pro-ს წინასწარი გაყიდვები 21 ივლისს დაიწყება, ხოლო ყურსასმენის ფასი $199 იქნება.

Google-ი გაფართოებული რეალობის სათვალეზე მუშაობს

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიახლე Google-მა ღონისძიების ბოლოსთვის შეინახა – როგორც ჩანს, სხვა ტექნოლოგიური კომპანიების მსგავსად, გაფართოებული რეალობის სათვალეზე Google-იც მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დახასიათებებისაგან კომპანიამ თავი შეიკავა, მან AR-სათვალის ერთი საინტერესო გამოყენება წარმოადგინა – სინქრონული თარგმანი. როგორც Google-ის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, მათ სათვალეს მოსაუბრე მხარეების მოსმენის საშუალება ექნება, რის მერეც ის ამ ტექსტს Google Translate-ის მეშვეობით თარგმნის და თარგმნილ ტექსტს სათვალის შუშაზე გამოიყვანს.

ფოტო: Google
ფოტო: Google
Apple-ი USB-C-ტიპის პორტის მქონე iPhone-ებს ტესტავს – ცვლილება 2023 წლისთვის ჩაინიშნა

როგორც ირკვევა, Apple-ი USB-C ტიპის პორტის მქონე iPhone-ებზე მუშაობს, მაგრამ ამ ცვლილებას 2023 წლამდე არ უნდა ველოდოთ, – სიახლის შესახებ Bloomberg-ის ტექნოლოგიური მიმომხილველი, მარკ გარმენი წერს. საინტერესოა, რომ მანამდე, მსგავსი ინფორმაცია კიდევ ერთმა ანალიტიკოსმა, მინგ-ჩი კუომ გაავრცელა – მისი თქმით, USB-C-ტიპის პორტის მქონე პირველი iPhone-ი 2023 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება, რაც Apple-ის მიერ ახალი მოწყობილობების წარდგენის პერიოდს ემთხვევა.

ფოტო: WCCFTECH

თუკი ეს ინფორმაცია დადასტურდა, ის მოულოდნელი სულაც არ იქნება, რადგან ბოლო წლებში USB-C-ტიპის პორტი ინდუსტრიის ერთგვარ სტანდარტად იქცა – ამ ტენდენციას ფეხი Apple-მაც აუწყო და უახლესი თაობის iPad-ები სწორედ ასეთი ტიპის დასამუხტი პორტით აღჭურვა. ცხადია, რომ USB-C ტიპის პორტზე გადასვლის უნივერსალური ტენდენცია, ნაწილობრივ მაინც, ევროკომისიის ელექტრონულ ნარჩენებთან ბრძოლის მიზნით ერთიან სტანდარტზე გადასვლის ხედვით აიხსნება – „რადიომოწყობილობების შესახებ დირექტივაში“ შესატანი ცვლილებების პაკეტი ევროკომისიამ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში წარადგინა, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროკავშირის ბაზარზე არსებულ ყველა ტექნოლოგიურ კომპანიას თავიანთ სმარტფონებში, პლანშეტებში, კამერებში, ყურსასმენებში, დინამიკებსა და ხელის სათამაშო კონსოლებში ერთი და იმავე სტანდარტული პორტის – USB-C-ის გამოყენება მოუწევთ.

საინტერესოა, რომ შარშან Apple-ი ევროკომისიის ამგვარი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა: „ვფიქრობთ, რომ მკაცრი რეგულაცია, რომელიც მხოლოდ ერთი ტიპის გადამყვანის გამოყენებას გვავალდებულებს, ინოვაციას სტიმულს კი არ აძლევს, არამედ ახრჩობს, რაც საბოლოო ჯამში დააზიანებს არა მხოლოდ ევროპელ, არამედ მთელი მსოფლიოს მომხმარებლებს“, – აღნიშნა Apple-ის წარმომადგენელმა Reuters-თან საუბრისას, გასული წლის სექტემბერში. აღსანიშნავია, რომ ასეთ რეგულაციას Apple-ი მანამდეც ეწინააღმდეგებოდა, თუმცა სხვა საბაბით – მათი თქმით, ადამიანებისთვის Lightning-აქსესუარებზე უარის თქმა კოლოსალური მოცულობის ელექტრონულ ნარჩენებს წარმოქმნის.

როგორც ჩანს, Apple-მა საკუთარი მიდგომა შეცვალა, რადგან მარკ გარმენის აზრით, ახალ iPhone-ებში USB-C-ტიპის პორტის შესაძლო დამატების მთავარ მიზეზად სწორედ ევროკავშირის მიერ მიღებული კანონპროექტი იქცა. თუმცა საქმე მხოლოდ სამართლებრივ დეტალებში როდია – USB-C-პორტის მეშვეობით მონაცემების გადაცემა და მოწყობილობის დამუხტვა გაცილებით უფრო სწრაფადაა შესაძლებელი.

თუმცა ტექნოლოგიურ წრეებში განსხვავებული აზრიც არსებობს – საქმე ისაა, რომ რიგ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ iPhone-ების შემთხვევაში Apple-ი USB-C ტიპის პორტს არასდროს გამოიყენებს და Lightning-იდან პირდაპირ უპორტო, ანუ უკაბელო iPhone-ებზე გადავა.

აღსანიშნავია, რომ Lightning-პორტი, რომელიც დღეს iPhone-ებში გამოიყენება, Apple-მა ჯერ კიდევ 2012 წელს წარმოადგინა, iPhone 5-თან ერთად. საინტერესოა, რომ მეხუთე iPhone-ის წარდგენისას, ფილ შილერმა განაცხადა, რომ Lightning-ი შემდეგი ათწლეულის პორტი იყო და, როგორც ჩანს, ეს მართლაც ასეა.

Sony-მ პრემიუმ-კლასის ახალი ყურსასმენი WX-1000XM5  წარმოადგინა

გასულ კვირას Sony-მ პრემიუმ-კლასის ახალი ყურსასმენი WX-1000XM5 წარმოადგინა – ახალი თაობის ყურსასმენში გაუმჯობესდა ხმის ჩახშობის ტექნოლოგია და დაიხვეწა დიზაინი.

ფოტო: Sony

Sony-ის ახალი თაობის ყურსასმენების მთავარი ხიბლი – აქტიური ხმის ჩახშობის ტექნოლოგიაა, რომელიც, როგორც ჩანს, კიდევ უფრო გაუმჯობესდა, რადგან საშუალო და მაღალი სიხშირის ხმაურის ჩასახშობად, მოწყობილობას კიდევ ერთი პროცესორი დაემატა. ეს სწორედ იმ ტიპის ხმაურია, რომელსაც ქუჩაში და ადამიანების საუბრისას ვაწყდებით.

აქვე უნდა აღინიშნოს მოწყობილობის განახლებული დიზაინიც: ახალი თაობის ყურსასმენი გაცილებით უფრო თხელი, ელეგანტური და მოქნილია, ხოლო მიკროფონები, რომელთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა, ყურსასმენის ნიჟარის პერიმეტრზე არის განლაგებული – თავზე შემოსაკრავი ზონრისთვის Sony-მ ახალი ტიპის უფრო თხელი სინთეტიკური ტყავი გამოიყენა. მოწყობილობის სამართავ მექანიზმს რაც შეეხება, აქ ცვლილებები არ მომხდარა – აუდიოს მართვა მსმენელს ისევ დაკაკუნებითა და ხელის მოქნევით შეუძლია, ხოლო ხმის ჩახშობის სხვადასხვა რეჟიმის არჩევა ღილაკზე დაჭერითაა შესაძლებელი.

საინტერესოა, რომ ვიზუალურ მხარესთან ერთად ყურსასმენის შიდა აგებულებაც დაიხვეწა – წინა თაობის მოწყობილობაში გამოყენებული 40-მილიმეტრიანი ამძრავი Sony-მ უფრო მცირე, უფრო ბუნებრივი ჟღერადობის მქონე 30-მილიმეტრიანი ამძრავებით შეცვალა, რომლებიც აუმჯობესებს როგორც ბგერის სისუფთავეს, ასევე ბასის რეპროდუქციას.

აღსანიშნავია, რომ Sony-ის ახალი ყურსასმენი წინა თაობის მოწყობილობებზე უფრო ძვირი – $399.99 ეღირება და ბაზარზე 20 მაისიდან გამოჩნდება.

Netflix-ი ლაივ-სტრიმინგის ბიზნესში შესვლას განიხილავს

გასულ კვირას მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმად, ტურბულენტურ მდგომარეობაში მყოფ Netflix-ს სურს, ლაივ-სტრიმინგის ბიზნესშიც შევიდეს.

ფოტო: Alex Castro / The Verge

როგორც ჩანს, მომხმარებლებისთვის ამგვარი სერვისის შემოთავაზებით Netflix-ს სტენდაპების, ლაივ-კონცერტებისა და სხვა უსცენარო გადაცემების შემოთავაზება სურს. საინტერესოა, რომ ამგვარი ფუნქციონალი Netflix-ის მიერ ფიზიკურ გარემოში ჩატარებული ფესტივალების ანალოგად მივიჩნიოთ – შეგახსენებთ, რომ წელს Netflix-მა პირველად ჩაატარა კომედიური ფესტივალი, სახელწოდებით „Netfli is a Joke Fest“, რომელზეც 130-ზე მეტი კომედიანტი გამოვიდა. ამგვარად, თუკი Netflix-ი ასეთი ტიპის ღონისძიებების ლაივ-ჩვენებას დაიწყებს, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ღონისძიებებს სახლიდან გაუსვლელად დაესწრონ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თუკი Netflix-ი ამ ბიზნესმოდელს მართლა განავითარებს, ის არ იქნება პირველი სტრიმინგ-კომპანია, რომელიც ამ მიმართულებით გაიზარდა, რადგან ლაივ-ჩვენებების ტრანსლირება წელს Disney Plus-მა უკვე დაიწყო – თებერვალში, მაგალითად, ამ სტრიმინგ-პლატფორმის მომხმარებლებს „ოსკარების“ ყურება შეეძლოთ, ხოლო მალე ისინი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ამერიკული ვერსიის ხილვასაც შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, Netflix-მა 200 ათასი მომხმარებელი დაკარგა და წლის განმავლობაში დამატებით 2 მილიონი მომხმარებლის დაკარგვას ვარაუდობს – ამგვარად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი სერვისების დამატება სწორედ მომხმარებლების შენარჩუნებასა და ახალი მომხმარებლების მოზიდვაზე არის ორიენტირებული.

OpenSea ორფაქტორიან ავთენტიფიკაციას და NFT-ასლების ამომცნობ ტექნოლოგიას დანერგავს

მსოფლიოს უდიდესი NFT-მარკეტპლეისი, OpenSea ყალბ და მოპარულ NFT-ებთან ბრძოლას განაგრძობს, რისთვისაც პლატფორმაზე ავთენტიფიკაციის ორფაქტორიან სისტემას და NFT-ასლების ამომცნობ ტექნოლოგიას დანერგავს, – ამის შესახება გასულ კვირას უშუალოდ კომპანიამ განაცხადა. NFT-ნამუშევრების სიყალბის პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია – ამა წლის იანვარში OpenSea-მ განაცხადა, რომ კომპანიის მიერ წაშლილი ნამუშევრების 80% ყალბი იყო. ამასთანავე, შარშან პლატფორმიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული NFT-კოლექციის, Bored Ape Yacht Club-ის ორი ყალბი კოლექცია წაიშალა – თაღლითები ორიგინალი ნამუშევრების შემობრუნებულ ვერსიებს ყიდდნენ და ამით მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავდათ.

ფოტო: Alex Castro / The Verge

ამ პრობლემასთან საბრძოლველად OpenSea ნამუშევრების შემოწმების ორეტაპიან სისტემას დანერგავს – პირველ ეტაპზე ნამუშევრებს სურათების ამომცნობი ტექნოლოგიის მეშვეობით შეამოწმებენ და ბაზაში არსებულ ავთენტურ ნამუშევრებს შეადარებენ, ხოლო მეორე ეტაპზე ავთენტიკაციის პროცესში ადამიანებიც ჩაერთვებიან.

თუმცა ეს ერთადერთი სიახლე არ არის, რომელსაც OpenSea ყალბ NFT-ნამუშევრებთან საბრძოლველად დანერგავს – მაშინ როცა ზემოხსენებული მიდგომა პრობლემის პოსტფაქტუმ გადაჭრას გულისხმობს, პლატფორმაზე რეგისტრირებული მომხმარებლების ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია ამ პრობლემის პრევენციაზე არის ორიენტირებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.