გასულ კვირას არაერთი საინტერესო სიახლე გაჟღერდა ტექნოლოგიისა და სამართლის ინდუსტრიების გადაკვეთაზე: ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ჩინეთში მიკროჩიპებისა და მათი წარმოებისთვის განკუთვნილი აპარატურის ექსპორტზე დაწესებულ აკრძალვას გადახედა და ორ კომპანიას, Samsung-სა და TSMC-ს შეღავათები გაუწია, ხოლო ნიდერლანდების სასამართლომ სამუშაო საათებში ვიდეოკამერის მუდმივად ჩართვის მოთხოვნა დაუშვებლად ცნო. ამასთანავე, გასულ კვირას Meta-ს ყოველწლიური ღონისძიებაც ჩატარდა, რომელზეც ტექნოლოგიურმა გიგანტმა არაერთი საინტერესო სიახლე, მათ შორის უახლესი XR-სათვალე, Meta Quest Pro წარმოადგინა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
Samsung-სა და TSMC-ს ჩინეთში ნახევარგამტარების ექსპორტთან დაწესებული შეზღუდვები გადაუვადეს
მას შემდეგ, რაც გასულ კვირას პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ იმ ამერიკულ კომპანიებს დაუწესა შეზღუდვები, რომლებიც ჩინეთში ნახევარგამტარებს და მათ დასამზადებელ აპარატურას ყიდიან, გამოაშკარავდა იმ კომპანიების სია, რომელთაც აღნიშნული შეზღუდვები ერთი წლით გადაუვადეს – საუბარია მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტექნოლოგიურ კომპანიაზე, კორეულ Samsung-ზე და მიკროჩიპების უდიდეს მწარმოებელზე, ტაივანურ TSMC-ზე.
როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტმა Samsung-ს მიკროჩიპების მწარმოებელი აპარატურისა და სხვა პროდუქტების ჩინეთში ექსპორტის უფლება მისცა – მიზეზად სამხრეთკორეული კომპანიის ორი ჩინური ქარხანა სახელდება. მსგავსი უფლება Taiwan Semiconductor Manufacturing Corporation-მაც მიიღო, რაც ტაივანურ კომპანიას ჩინეთის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ნანჭინგში გაფართოების შესაძლებლობას მისცემს.
ფოტო: Alex Castro / The Verge
პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის წინა კვირის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის – ის ნათლად ეხმიანება ამერიკაში მიკროჩიპების წარმოების გაფართოების ხედვას, რომელსაც აგვისტოში მიღებული „ჩიპებისა და მეცნიერების აქტი“ ითვალისწინებს. როგორც ირკვევა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტ ბაიდენსა და კონგრესის წევრებს შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ – პოლიტიკოსები ბჭობდნენ, თუ როგორ უნდა გამხდარიყო ამერიკის შეერთებული შტატები ტექნოლოგიურად მეტად კონკურენტუნარიანი ჩინეთთან შედარებით.
ცნობისთვის გეტყვით, რომ დღევანდელ სამყაროში მიკროჩიპები ერთ-ერთი უმთავრესი საქონელია, რომელსაც იყენებენ როგორც ვიდეობარათებში, ასევე ელექტრომანქანებში და სამხედრო შეიარაღებასა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისას. ამგვარად, თეთრი სახლის გადაწყვეტილება ამერიკულ ტექნოლოგიაზე ჩინეთის წვდომის შემცირებას ისახავს მიზნად, რაც ამერიკულ ტექნოლოგიურ ინდუსტრიას ამოსუნთქვისა და განვითარების საშუალებას მისცემს.
სამუშაო საათებში ვიდეოკამერის მუდმივად ჩართვის მოთხოვნა დაუშვებელია – ნიდერლანდების სასამართლო
გასულ კვირას ნიდერლანდების სასამართლომ დაუშვებლად ცნო ფლორიდაში დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიის, Chetu-ს მიერ დისტანციურად მომუშავე თანამშრომლის მიმართ წამოყენებული მოთხოვნა, რომლის თანახმად, სამუშაო საათებში მას ვიდეოკამერა მუდმივად ჩართული უნდა ჰქონოდა, – ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს.
როგორც ირკვევა, აღნიშნული თანამშრომელი ვალდებული იყო, მთელი სამუშაო დღე ვირტუალურ საკლასო ოთახში, ჩართული კამერით გაეტარებინა და მეტიც, მის სამუშაო პროცესს კომპანიის მესვეურები დისტანციურად, მისი კომპიუტერის ეკრანის მონიტორინგის საშუალებით აკვირდებოდნენ. აღნიშნულ კომპანიას ნიდერლანდების სასამართლომ, კომპენსაციის სახით, თანამშრომლისთვის €75 ათასის გადახდა დააკისრა.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ზემოხსენებულმა თანამშრომელმა კომპანიის მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა, რადგან ვიდეოკამერის დღეში ცხრა საათის განმავლობაში ჩართვა მისთვის არაკომფორტული და შემაწუხებელი იყო. თუმცა აღნიშნული ფაქტი კომპანიამ მუშაობაზე უარის თქმად და დაუმორჩილებლობად შეაფასა.
Chetu-ს სწორედ ამ ნაბიჯს უკავშირდება ნიდერლანდების სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ჰოლანდიური სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული მტკიცებულებები არასაკმარისია იმისთვის, რომ თანამშრომლის ქმედებები დაუმორჩილებლობად ჩაითვალოს. ამასთანავე, სასამართლომ დასძინა, რომ ვიდეოკამერის მთელი დღის განმავლობაში ჩართვის მოთხოვნა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის (ECHR) მე-8 მუხლს არღვევს, რომელიც მოქალაქეთა პირადი ცხოვრების უფლებას იცავს.
Sony-მ პირველი სასმენი აპარატი გამოუშვა, რომლის ყიდვა რეცეპტის გარეშე შეიძლება
მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა ყველაზე მკაცრმა მარეგულირებელმა ორგანომ, საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ სასმენი აპარატების გაყიდვა რეცეპტის გარეშე დაუშვა, მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა მათი წარმოება აქტიურად დაიწყეს. აღნიშნულ ტრენდს იაპონური Sony არ ჩამორჩა, რომელმაც ურეცეპტოდ გასაყიდი პირველი სასმენი აპარატის ორი მოდელი, $1000-იანი CRE-C10 და $1300-იანი CRE-E10 გამოუშვა.
აღნიშნული მოწყობილობები, რომლებიც იაპონურმა გიგანტმა დანიურ WS Audiology-სთან პარტნიორობით შექმნა, საშუალო სმენადაქვეითებულობის მქონე პირებისთვისაა განკუთვნილი. სასმენი აპარატები Sony-ის აპლიკაციით იმართება, რომელიც მათ მოწყობილობების მონაცემების პერსონალიზების საშუალებას აძლევს.
ფოტო: Sony Electronics Inc. | CRE-C10
Sony-ის შედარებით ბიუჯეტური სასმენი აპარატის, CRE-C10-ის ელემენტი, მუდმივი გამოყენების შემთხვევაში, სამოცდაათ საათს ძლებს – ამასთანავე, როგორც Sony იუწყება, ურეცეპტოდ გასაყიდი სასმენი აპარატების ბაზარზე ის ყველაზე მცირე ზომისაა. აღსანიშნავია, რომ Sony-ის სასმენი აპარატის შედარებით ძვირად ღირებული მოდელი, CRE-E10, რომელიც ჩვეულებრივ მცირე ზომის უკაბელო ყურსასმენს წააგავს, ელემენტის ერთი დამუხტვით მხოლოდ ოცდაექვს საათს ძლებს. ამასთანავე, მას Bluetooth-ის მხარდაჭერაც აქვს, რაც მომხმარებლებს სასმენი აპარატის სხვადასხვა მოწყობილობასთან დაკავშირებისა და მუსიკის მოსმენის საშუალებას მისცემს, მაგრამ, ამ ეტაპზე, მხოლოდ iOS-ის სისტემაზე.
როგორც უკვე მოგახსენეთ, Sony ერთადერთი დიდი და აუდიომოწყობილობების სფეროში სახელგანთქმული კომპანია არ არის, რომელმაც ბოლო დროს ურეცეპტოდ გასაყიდი სასმენი აპარატების წარმოება დაიწყო. რამდენიმე დღის წინ მსგავსი მოწყობილობა – $900-იანი B1-ი, Bose-მა და Lexie-მ წარმოადგინეს. გასულ წელს ამ ბაზარზე Jabra-ც გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ურეცეპტოდ გასაყიდ სასმენ აპარატებზე არსებულ ფასებს იაფს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, თუმცა ისინი გაცილებით ნაკლები ღირს, ვიდრე ტრადიციული, რეცეპტით გასაცემი სასმენი აპარატები, რომელთა ფასი, როგორც წესი, $1000-დან $4000-მდე შუალედში მერყეობს, თანაც მხოლოდ ერთი ყურის შემთხვევაში.
Nikola-ს დამფუძნებელი თაღლითობის საქმეზე სამი მუხლით დამნაშავედ ცნეს
ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის, Nikola-ს დამფუძნებელი და ყოფილი თავმჯდომარე, ტრევორ მილტონი თაღლითობის საქმეზე სამი მუხლით დამნაშავედ ცნეს – სასამართლოს გადაწყვეტილებით, მილტონმა ინვესტორები საკუთარი ბიზნესისა და კომპანიის ხელთ არსებული ტექნოლოგიების შესახებ შეაცდინა, – ამასთან დაკავშირებით გამოცემა Engadget-ი წერს. ტრევორ მილტონის ბოლო სასამართლო პროცესი 27 იანვარს არის დანიშნული – Nikola-ს დამფუძნებლისადმი წამოყენებული ბრალდება თავისუფლების აღკვეთას ოც წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ფოტო: Tim Pannell / Forbes
შეგახსენებთ, რომ ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიით ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) ჯერ კიდევ 2020 წელს, მას მერე დაინტერესდა, რაც Hindeburg Research-მა Nikola ინვესტორების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა – აღნიშნული საქმე Nikola-ს ელექტროტრაილერს, Nikola One-ს უკავშირდება. საინტერესოა, რომ Hindenburg-ის აღნიშნულ ბრალდებას Nikola მალევე გამოეხმაურა და ელექტროტრაილერის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის გზაზე დიდი სიჩქარით მოძრაობდა. თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, აღნიშნული ვიდეო დადგმული იყო – კომპანიის მესვეურებმა ავტომობილი დაღმართზე დააყენეს და გამოაგორეს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2021 წელს, SEC-სთან მოსალაპარაკებლად, Nikola-მ $125 მილიონი გადაიხადა.
საინტერესოა, რომ აღნიშნული საქმის მსვლელობისას ტრევორ მილტონის იურისტები იუწყებოდნენ, რომ ვიდეო დამატებითი ეფექტებით იყო შექმნილი, რაც, მათი თქმით, დანაშაულს არ წარმოადგენდა. თუმცა გამოძიებამ მილტონის დამატებით უამრავი მცდარი განცხადება მოიშველია, განსაკუთრებით Twitter-იდან, სადაც Nikola-ს დამფუძნებელი განსაკუთრებით აქტიურობდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მილტონმა მოიტყუა როგორც სატრაილერო გადაზიდვების კომპანიებთან არსებული შეთანხმებების, ასევე მწვანე წყალბადის წარმოების თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ Nikola ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც ელექტროტრაილერებს აწარმოებს – მსგავსი, მაგრამ მეტად წარმატებული მიმართულება აქვს მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ავტომწარმოებელ Tesla-საც, რომელმაც ამ ტიპის ავტომობილების წარმოება გასულ კვირას დაიწყო და ამ დრომდე არაერთი მსხვილი კლიენტის პოვნა მოახერხა.
2023 წლიდან Google Cloud-ის სერვისების გადახდა კრიპტოვალუტით იქნება შესაძლებელი
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანია, ამერიკული Google-ი და კრიპტობირჟა Coinbase-ი დამეგობრდნენ – 2023 წლის დასაწყისიდან Google Cloud-ის მომხმარებლების სერვისების ღირებულების გადახდას კრიპტოვალუტებით შეძლებენ, – ამის შესახებ ორთავე კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზებში ვკითხულობთ.
ფოტო: Coinbase
აღნიშნული ფუნქციონალისთვის Google-ი Coinbase Commerce-ის ხელსაწყოს გამოიყენებს, რომელიც ბიზნესებს კრიპტოვალუტებით გადასახადების მიღებისა და მათი გადაცვლის საშუალებას სთავაზობს. ამ ეტაპზე მომხმარებლები ბიტკოინის, ეთერის, USDC-ის, ტეთერის, დოჯკოინის, შიბა ინუს და რამდენიმე სხვა კრიპტოვალუტის გამოყენებას შეძლებენ.
როგორც ირკვევა, პარტნიორობის ფარგლებში Coinbase-ი ონლაინგადახდების გამტარებელი პლატფორმის ფუნქციას შეასრულებს და თითოეული ტრანზაქციიდან გარკვეულ სარგებელს მიიღებს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რადგან Google-თან პარტნიორობისთვის Coinbase-ს ქლაუდ-პროვაიდერის შეცვლა მოუწევს – მონაცემებთან დაკავშირებული აპლიკაციებისთვის, Amazon Web Services-ის ნაცვლად, ამიერიდან Coinbase-ი Google Cloud-ს გამოიყენებს.
„გვსურს, რომ Web3-ში სერვისებისა და პროდუქტების შექმნის პროცესი უფრო სწრაფი და მარტივი გავხადოთ და Coinbase-თან გაჩაღებული ეს პარტნიორობა დეველოპერებს ამ მიზანს ერთი ნაბიჯით დააახლოებს“, – განაცხადა Google Cloud-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, თომას კურიანმა. „ვამაყობთ, რომ Coinbase-მა ქლაუდის მიმართულებით საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორად Google Cloud-ი აირჩია – მზად ვართ, Web3-ინდუსტრიაში არსებულ მომხმარებელს და პარტნიორ ეკოსისტემებს ვემსახუროთ“.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელი წელი კრიპტოსამყაროსთვის არცთუ ისე სახარბიელო აღმოჩნდა, რაც, უმეტესწილად, ალგორითმული სტეიბლკოინის, UST-ის კოლაფსმა განაპირობა. ცნობისთვის გეტყვით, რომ ერთი წლის ჭრილში შემცირებულია ორი უმთავრესი კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციაც – ბიტკოინის შემთხვევაში ვარდნა 68.5%-ია, ხოლო ეთერის შემთხვევაში – 66%.
Amazon-ი პროტოტიპულ სატელიტებს ორბიტაზე 2023 წლის დასაწყისში გაუშვებს
ტექნოლოგიური კომპანია Amazon-ი საკუთარ პროტოტიპულ სატელიტებს, Kupersat-1-სა და Kuipersat-2-ს დედამიწის ორბიტაზე 2023 წლის დასაწყისში United Launch Alliance-ის მიერ წარმოებული რაკეტით გაუშვებს, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ვიგებთ. როგორც ირკვევა, აღნიშნული პროტოტიპების ორბიტაზე გაშვებით Amazon-ი დამატებითი მონაცემების მოგროვებას გეგმავს, რაც კომპანიას „კომერციული სატელიტური სისტემის დიზაინის, გაშვებისა და საოპერაციო გეგმების სისრულეში მოსაყვანად“ სჭირდება.
ფოტო: Amazon
აღსანიშნავია, რომ Amazon-ის მიერ გაცხადებული ეს თარიღი – მომავალი წლის დასაწყისი – ერთგვარი დაგვიანებაა ტექნოლოგიური გიგანტის წინარე პროგნოზთან შედარებით. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე პროტოტიპული სატელიტების გაშვებას ამერიკული კომპანია მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში გეგმავდა, თანაც სულ სხვა რაკეტით, რომელიც ABL Space Systems-ს უნდა აეწყო.
მიუხედავად იმისა, რომ Amazon-ის მიერ არჩეული თარიღი არცთუ ისე შორს არის, კომპანიას კიდევ ბევრი რამის გაკეთება მოუწევს: საქმე ისაა, რომ დღეს მზადყოფნაში არც Amazon-ის სატელიტებია და არც რაკეტა, რომლითაც ისინი დედამიწის ორბიტაზე უნდა გაიგზავნოს – ორთავე მიმართულებით, მოწყობილობები წლის ბოლომდე უნდა იყოს მზად. თუმცა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – United Launch Alliance-ი ახალბედა კომპანიაა და რაკეტა, რომელიც ამ პარტნიორობისთვის შეირჩა კოსმოსში არასდროს გაფრენილა.
ამასთანავე, ორთავე კომპანიას სხვა რთული გარემოებებიც აქვთ: ULA-მ 2023 წლის მეოთხე კვარტალამდე Vulcan-ის სულ მცირე ორი გაფრენა უნდა განახორციელოს, რათა აშშ-ის კოსმოსურ ძალებს დაუმტკიცოს, რომ მისიების შესრულება შეუძლია, ხოლო Amazon-მა 2026 წლამდე სატელიტების ნახევარზე მეტი უნდა განათავსოს, რათა კომუნიკაციების ფედერალური კომისიის მიერ მონიჭებული ლიცენზია არ დაკარგოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ Amazon-ის სატელიტური თანავარსკვლავედი 3236 სატელიტისგან შედგება, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ წლებში Amazon-ის კოსმოსური ვოიაჟების შესახებ არაერთხელ გავიგებთ. საინტერესოა, რომ ამ მიმართულებით Amazon-ი თანამშრომლობს როგორც United Launch Alliance-თან, ასევე Arianspace-სა და Blue Origin-თან.
ცნობისთვის გეტყვით, რომ სატელიტური ინტერნეტის ბაზარზე, რომელიც ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა, რამდენიმე მსხვილი მოთამაშეა – მათ შორის ორი, Starlink-ი და Kuiper-ი, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ევროპის ორი უდიდესი სატელიტური კომპანიის, OneWeb-ისა და Eutelsat-ის შერწყმით მიღებული კომპანია, რომლის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში გაუწყეთ.
Meta Connect: რა სიახლეები წარმოადგინა ტექნოლოგიურმა გიგანტმა?
გასული წლის შემდეგ, როცა Facebook-მა რებრენდინგი განიცადა და მეტავერსზე დაფუძნებულ კომპანიად, ანუ Meta-დ გადაკეთდა, ტექნოლოგიურ სამყაროში დიდი ძვრები დაიწყო. ეს სწორედ ის დროა, როცა ადამიანების უმეტესობამ სიტყვა „მეტავერსი“ პირველად გაიგო. ამის შემდეგ, Meta-ს, მის განახლებულ კონცეფციას და თავად მარკ ცუკერბერგს დიდი აჟიოტაჟი, აღფრთოვანება, ოპტიმიზმი, პესიმიზმი, კრიტიკა და სკეპტიციზმი ხვდა წილად.
თუმცა მას შემდეგ უკვე ერთი წელი გავიდა და Meta-მ მისი ყოველწლიური ღონისძიება, Meta Connect-ი კიდევ ერთხელ ჩაატარა. ღონისძიების ფარგლებში, Meta-ს მესვეურებმა მეტავერსის განვითარებაზე ისაუბრეს და ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეები წარმოადგინეს. განსაკუთრებულ მიმართულებებს შორის, Meta-მ ვიდეოთამაშები, ფიტნესი და ჯანმრთელობა, სამუშაო გარემო და მეტავერსის სოციალური ასპექტები დაასახელა.
როგორც პრეზენტაციიდან შევიტყვეთ, მეტავერსის სოციალური მხარე არის ის, რაზეც მარკ ცუკერბერგის კომპანია დიდ ფსონს ჩამოდის. როგორც Meta-ს დამფუძნებელი ამბობს, თავდაპირველად მეტავერსი ერთი ადამიანის მარტოსული გასართობი იყო, რომელსაც ის ფიზიკური სამყაროსგან დროებით თავშესაფრად იყენებდა, მაგრამ დღეს ის მონოლითურ სოციალურ პლატფორმად გადაიქცა, რომელსაც ადამიანები ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ იყენებენ.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს სოციალურობა არის მიზეზი იმისა, რომ სულ მალე, როგორც Meta-ს აღმასრულებლები ამბობენ, მეტავერსი ვირტუალურ რეალობას გასცდება და მისი შეცნობა და გამოყენება ყველა მოწყობილობიდან, მათ შორის ლეპტოპებიდან და სმარტფონებიდან იქნება შესაძლებელი. ამასთანავე, Meta-ს წარმომადგენლებმა მეტავერსის ელემენტების სხვადასხვა პლატფორმასთან ინტეგრაციაზე ისაუბრეს – უკეთ რომ მიხვდეთ, წარმოიდგინეთ, რომ Meta-ს ავატარების გამოყენებას ვიდეოზარებსა და Instagram-ის Reels-ებში შეძლებთ.
ცხადია, რომ Meta-ს ეს გადაწყვეტილება მოგებიანია როგორც ფინანსურად, ასევე პლატფორმაზე ახალი ადამიანების დამატების კუთხით, განსაკუთრებით იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ VR-სათვალე ჯერჯერობით საკმაოდ ძვირად ღირებული პროდუქტია. თუმცა ამ მიდგომას კიდევ ერთი საინტერესო მიმართულებაც აქვს – ყველა ასეთი აქტივობა საზოგადოებაში მეტავერსის პოპულარობას და მის მიმართ მიმღებლობას ზრდის.
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის მიერ დაანონსებულ სხვა სოციალურ პროექტებს შორისაა ფილმებისა და სერიალების სხვადასხვა მწარმოებელთან კოლაბორაციით შექმნილი ვირტუალური გამოცდილებები. ამ მიმართულებით, Meta ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ სტუდიასთან, NBCUniversal-თან თანამშრომლობს. ამგვარად, სულ მალე მომხმარებლები The Office-ის, Universal Monsters-ის, Dreamworks-ის, BlumHouse-ისა და Halloween Horror Nights-ის სხვადასხვა ფრენჩაიზის სამყაროში შესვლას ვირტუალურ რეალობაში შეძლებენ.
თუმცა ეს ყველაფერი როდია, რადგან გუშინდელ ღონისძიებაზე Meta-მ არაერთი სიახლე წარმოადგინა როგორც ვიდეოთამაშების, ასევე ფიტნესისა და ჯანმრთელობის მიმართულებით – ამ მხრივ, უახლოეს მომავალში ახალ ფრენჩაიზებს და განახლებულ მოწყობილობებს უნდა ველოდოთ.
ისე კი, Meta Connect-ის ფარგლებში გაჟღერებულ მესიჯებს შორის მთავარი მაინც მეტავერსში მუშაობას შეეხებოდა. როგორც Meta-ში ამბობენ, ვიდეოზარი არათუ რეალური ადამიანური გამოცდილება არ არის, არამედ, ხშირ შემთხვევაში, სამუშაო პროცესსაც კი აფერხებს. აი, სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ Meta-მ ვირტუალური ოფისების განვითარება გადაწყვიტა – ადგილების, სადაც ადამიანები ერთმანეთთან მუშაობას ვირტუალურ რეალობაში შეძლებენ, ყველა იმ ციფრული ხელსაწყოს გამოყენებით, რომელთაც მათ დღევანდელი ტექნოლოგია სთავაზობთ.
ვირტუალურ ოფისებსა და მეტავერსში მუშაობის გამოცდილება Meta-სთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გუშინდელ ღონისძიებაზე მარკ ცუკერბერგს ორი უზარმაზარი კომპანიის ხელმძღვანელები, Microsoft-ის თავმჯდომარე სატია ნადელა და Accenture-ის თავმჯდომარე ჯული სვიტი ჩაერთნენ. როგორც აღმოჩნდა, სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, Meta-ს მეტავერსულ პლატფორმებს Microsoft Teams-ი და პროდუქტიულობის აპლიკაციების პაკეტი, Microsoft 365 დაემატება. IT-სერვისებსა და საკონსულტაციო მიმართულებით მომუშავე Accenture-ი კი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია, Meta-ს მეტავერსთან დაკავშირებული ტექნოლოგიების პროფესიულ გარემოში დანერგვაში დაეხმარება და მეტავერსის მასშტაბირებას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული კომპანიების გარდა, Meta კიდევ ერთ კომპანიასთან იწყებს თანამშრომლობას– საუბარია Zoom-ზე, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ვიდეოსაკონფერენციო პლატფორმაა. ისე კი, აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ დიდ კომპანიებთან თანამშრომლობით მარკ ცუკერბერგმა კარგი სტრატეგია აირჩია, რომელიც, საბოლოო ჯამში, მის კომპანიას ერთ საერთო მეტავერსის შექმნამდე, ანუ Meta-ს კოლოსალურ მასშტაბებამდე გაზრდაში უნდა დაეხმაროს. თუკი მეტავერსი მართლაც „ხორცშესხმული ინტერნეტია“, როგორც მას ცუკერბერგი უწოდებს, მაშინ ის უამრავმა კომპანიამ ერთად უნდა შექმნას.
ღონისძიებაზე სატია ნადელას და ჯული სვიტის მოწვევას კიდევ ერთი, გაცილებით უფრო პრაგმატული მიზეზიც აქვს – ასე, მარკ ცუკერბერგი უშუალოდ მის ინვესტორებს ელაპარაკება, რომლებიც, ბოლო დროს, ტექნოლოგიურ გიგანტს საერთოდ არ სწყალობენ. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ ერთ წელიწადში Meta-ს აქციების ფასი 60%-ზე მეტადაა შემცირებული.
თუმცა დროა, გადავიდეთ გუშინდელი ღონისძიების მთავარ ღირსშესანიშნაობაზე – Meta-ს უახლეს VR-სათვალეზე, Oculus Quest Pro-ზე, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საქმე ისაა, რომ ტექნოლოგიური გიგანტის ამ მოწყობილობაზე ბევრი რამ, ასე თუ ისე, ცნობილი იყო, მაგრამ, როგორც იქნა, გუშინ ყველაფერს ნათელი მოეფინა. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ Oculus Quest Pro შერეული რეალობის სათვალეა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ვირტუალურ, ასევე რეალურ, ანუ ფიზიკურ გამოცდილებას.
პირველი, რაც Oculus Quest Pro-ს შემთხვევაში თვალში გვხვდება, XR-სათვალის შემცირებული ზომა და ძალიან დახვეწილი დიზაინია – რეალურად ეს Oculus Quest 2-სგან სრულიად განსხვავებული მოწყობილობაა. Meta-ს უახლეს მოწყობილობას ახალი ლინზები აქვს, რომელთა დახმარებით LCD-დისპლეის სიგანე 40%-ით შემცირდა, ხოლო თითოეულ კვადრატულ ინჩზე პიქსელების რაოდენობა 37%-ით გაიზარდა. რაც შეეხება პროცესორს, Meta-ს უახლესი მოწყობილობა Qualcomm-ის Snapdragon XR2 Plus-ითაა აღჭურვილი.
ცნობისთვის, Oculus Quest Pro-ს წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებულია – XR-სათვალე $1499 ღირს.
თუმცა გუშინდელი ღონისძიება ამით არ შემოფარგლულა, რადგან მის მიწურულს მარკ ცუკერბერგმა და მისმა გუნდმა ის ტექნოლოგიები წარმოადგინეს, რომლებზეც კომპანია ახლა მუშაობს. ჩამოთვლილთაგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფოტორეალისტური ავატარები, რომელთა შექმნას მომხმარებლები სმარტფონების გამოყენებით შეძლებენ. კიდევ ერთი ტექნოლოგია, რომელიც Meta-ს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ყურადღების ცენტრში მოექცა – ჰაპტიკური ამოცნობის ტექნოლოგიაა, რომლის დახმარებით, მომხმარებლები მესიჯების წერას და უამრავი სხვა რამის გაკეთებას, თითების მარტივი მოძრაობით შეძლებენ.
გუშინდელი ღონისძიების ბოლოს მარკ ცუკერბერგმა კომპანიის მთავარ ღირებულებებზე ისაუბრა, რაც ბოლო წლებში ერთგვარ ტრადიციად იქცა. ის, რაც მარკ ცუკერბერგს მეტავერსში ყველაზე მეტად მოსწონს და ის, რაც რეალურად მეტავერსის მთავარი დასაყრდენია – მისი ადამიანურობაა. როგორც ცუკერბერგი ამბობს, მეტავერსში ადამიანები თავს უფრო ბუნებრივად გრძნობენ, რადგან ადამიანური ურთიერთობების დღევანდელობა, ანუ სმარტფონების, კომპიუტერებისა და ტელევიზორების ბრტყელ ეკრანებზე არსებული ორგანზომილებიანი გამოსახულებების ცქერა, უინტერესო და არაბუნებრივი რამაა.
ცუკერბერგის ამ იდეას უკეთ რომ ჩავწვდეთ, უნდა გავიხსენოთ, რომ სოციალური ქსელები და მობილური ტელეფონები, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ერთი თაობისანი არიან. სწორედ ამის გამო, სმარტფონების შექმნასა და დახვეწაში Facebook-ს დიდი წვლილი არ შეუტანია, რაც სმარტფონების ევოლუციაზე ნამდვილად აისახა – ან პირიქით, არ აისახა. თუ Facebook-ის გარეშე სმარტფონის წარმოდგენა თეორიულად მაინც შეიძლება, ინტერნეტზე საუბრისას Facebook-ს გვერდს ვერაფრით ავუვლით – ეს ცუკერბერგმაც კარგად იცის და მეტავერსსაც სწორედ ამის გამო ქმნის.