გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასულ კვირას გლობალურ ტექნოლოგიურ ბაზარზე არაერთი საინტერესო სიახლე ვიხილეთ. მათ შორის, პირველ რიგში უნდა ვახსენოთ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ზემძლავრი სუპერკომპიუტერი, რომელზეც Nvidia და Microsoft-ი ერთობლივად იმუშავებენ. ამასთანავე, სიახლეები მოვისმინეთ ტექნოლოგიური ავტომწარმოებლებისგანაც: General Motors-ის თქმით, მისი შვილობილი კომპანია BrightDrop-ი, 2023 წელს $1-მილიარდიან შემოსავალს მიიღებს. ამ და სხვა ამბებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ საკუთარი ქონების უდიდეს ნაწილს ქველმოქმედებას მოახმარს

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის, ამერიკული Amazon-ის დამფუძნებელმა და პლანეტის რიგით მეოთხე უმდიდრესმა ადამიანმა, ჯეფ ბეზოსმა, რომლის ქონებას ამერიკული Forbes-ი $117.5 მილიარდად აფასებს, CNN-თან საუბრისას განაცხადა, რომ საკუთარი ქონების უდიდეს ნაწილს ქველმოქმედებას თავის სიცოცხლეშივე მოახმარს.

ქონების რა ნაწილის გაცემას აპირებს ჯეფ ბეზოსი და როდის, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ, როგორც ჩანს, მილიარდერს ორი მიმართულება აინტერესებს – კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა და იმ ადამიანების ხელშეწყობა, რომლებიც ადამიანის მოდგმის გაერთიანების მიმართულებით მუშაობენ. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკელმა ანტრეპრენიორმა საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილის ქველმოქმედებისთვის გადაცემის შესახებ საჯაროდ განაცხადა.

ფოტო: Drew Angerer / Getty Images

CNN-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა მილიარდერი ამ ნაბიჯის გადადგმას, ჯეფ ბეზოსმა უპასუხა: „კი, ვაპირებ. ყველაზე რთული ამ პროცესის ეფექტიანად წარმართვაა… ეს სულაც არ არის მარტივი, ისევე, როგორც Amazon-ის შექმნა არ ყოფილა მარტივი – მას ბევრი დრო, დიდი შრომა და რამდენიმე ძალიან ჭკვიანი ადამიანი დასჭირდა და, როგორც ვხდები, ფილანთროპიაც ამის მსგავსია. ვფიქრობ, ლორენიც [ბეზოსის პარტნიორი] ასე ფიქრობს. ეს საკმაოდ რთული საქმეა“.

აღნიშნული განცხადებით, ჯეფ ბეზოსი იმ მილიარდერების სიას შეუერთდა, რომელთაც მსგავსი პირობა უკვე დადებული აქვთ – მათ შორის, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსნი არიან ლეგენდარული ინვესტორი, უორენ ბაფეტი და Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი. საინტერესოა, რომ ბილ გეიტსი საკუთარი ქონების უმეტეს ნაწილს „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდს“ დაუტოვებს, რომელიც მსოფლიოს უდიდესი კერძო საქველმოქმედო ორგანიზაციაა – ამ ფონდის უდიდესი ინდივიდუალური შემომწირველია უორენ ბაფეტიც.

„დროთა განმავლობაში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში დავქვეითდები და საბოლოოდ სიიდან ამოვვარდები კიდეც. ამ თანხის გაცემა ჩემი მხრიდან მსხვერპლის გაღება სულაც არ არის. თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ, რომ დიდ გამოწვევასთან გამკლავების შესაძლებლობა მაქვს – ამ საქმეს სიამოვნებით ვაკეთებ და მჯერა, რომ ვალდებული ვარ, ჩემი რესურსები საზოგადოებას იმგვარად დავუბრუნო, რომ ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად გავაუმჯობესო“, – წერს ბილ გეიტსი.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების მიერ საკუთარი ქონების ქველმოქმედებისთვის გაცემა ერთგვარი ტრენდია, რომელიც ბილ გეიტსის, ჯეფ ბეზოსისა და უორენ ბაფეტის თაობის მილიარდერებს ახასიათებთ. აღნიშნული ტენდენცია იმდენად მასშტაბური და მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს წამყვანმა ბიზნესგამოცემამ, ამერიკულმა Forbes-მა სპეციალური ხუთბალიანი ინდექსიც კი შეიმუშავა. აღნიშნულ სიაში მაქსიმალური ხუთი ქულით ის ადამიანები მოხვდნენ, რომელთაც საკუთარი ქონების ჯამური ღირებულების 20%-ზე მეტი აქვთ გაცემული, ესენი არიან – ბილ გეიტსი, მელინდა ფრენჩ გეიტსი, მაქკენზი სკოტი, უორენ ბაფეტი, ჯორჯ სოროსი, გორდონ მური, ამოს ჰოსტეტერ ჯუნიორი, ლინ შუსტერმანი და ჯონ არნოლდი.

აღნიშნულ ინდექსში ჯეფ ბეზოსის შემოწირულებები ორი ქულით შეფასდა, რადგან ინდექსის გასაჯაროების დროს, ქველმოქმედებისთვის ამერიკელს საკუთარი ქონების ჯამური ღირებულების 1%-4.99%-მდე ჰქონდა გაცემული. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის, მილიარდერმა Bezos Earth Fund-ის შექმნის შესახებ განაცხადა, რომლისთვისაც $10 მილიარდი გამოყო.

Nvidia და Microsoft-ი AI-ზე დაფუძნებულ ზემძლავრ სუპერკომპიუტერს ერთად შექმნიან

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ორ ამერიკულ გიგანტს, NVIDIA-სა და Microsoft-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა დაიწყო, რომლის ფარგლებში კომპანიები AI-ზე დაფუძნებულ სუპერკომპიუტერს შექმნიან, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დასწავლისა და მასშტაბირებისთვის საჭირო დიდ დატვირთვას გაუძლებს, – ამის შესახებ კომპანიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ პრესრელიზში ვკითხულობთ. როგორც ირკვევა, პარტნიორობის ფარგლებში, Nvidia Microsoft-ის მასშტაბირებად ვირტუალურ ხელსაწყოებს გამოიყენებს, რომელთა დახმარებით ხელოვნური ინტელექტის მოდელებს განავითარებს.

ფოტო: Nvidia / Microsoft

ტექნოლოგიური გიგანტების მიერ შექმნილი სუპერკომპიუტერი Microsoft Azure-ის ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაზე აეწყობა და Nvidia-ს მიერ წარმოებული მძლავრი მიკროჩიპებით, H100-თა და A100-ით, ასევე Quantum-2 InfiniBand-ის ქსელური პლატფორმით იქნება აღჭურვილი. როგორც პრესრელიზიდან ვიგებთ, Microsoft Azure-ისა და Nvidia-ს გრაფიკული პროცესორების გაერთიანებით შექმნილი ზემძლავრი სუპერკომპიუტერი ხელოვნური ინტელექტის დასწავლას, მასშტაბირებასა და გამოყენებას დააჩქარებს. ამასთანავე, კომპანიები ერთობლივად განავითარებენ DeepSpeed-ს – Microsoft-ის ღრმა დასწავლის ოპტიმიზაციის პროგრამულ უზრუნველყოფას.

„ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია და ინდუსტრიის მიერ მისი გამოყენების პროცესი საგრძნობლად დაჩქარებულია. გარღვევამ, რომელიც საბაზისო მოდელების გამოყენებამ შექმნა, კვლევისა და განვითარების ახალი ტალღა წარმოშვა, რის შედეგადაც ახალი სტარტაპები და ამ აპლიკაციების გამოყენების უახლესი გზები გაჩნდა“, – ვკითხულობთ Nvidia-ს კორპორაციული მიმართულების ვიცე-პრეზიდენტის, მანუვირ დასის განცხადებაში. „Microsoft-თან კოლაბორაციის შედეგად მკვლევრებსა და კომპანიებს უახლესი თაობის ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას და პროგრამულ უზრუნველყოფას შევთავაზებთ, რომელიც მათ ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალით კაპიტალიზაციის საშუალებას მისცემთ“.

როგორც პრესრელიზიდან ვიგებთ, უახლესი თაობის სუპერკომპიუტერი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის განვითარებაშიც – ცხადია, საუბარია DALL-E-სა და Stable Diffusion-ის მსგავს მოდელებზე, რომლებიც სხვადასხვა ტიპის კონტენტის, მათ შორის ტექსტის, კოდის, ციფრული სურათების, ვიდეო- და აუდიოწარმოებისთვის, თვითგანვითარებად ალგორითმებს იყენებენ. ბოლო წლებში ასეთი ტიპის ხელოვნური ინტელექტის მოდელების მიმართ არსებული მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა, ასე რომ დროა, მოთხოვნას ფეხი მიწოდებამაც აუბას.

Apple-ი აშშ-სა და ევროპაში დამზადებულ მიკროჩიპებზე გადასვლას გეგმავს – Bloomberg

აზიურ წარმოებაზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია, Apple-ი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში დამზადებულ მიკროჩიპებზე გადასვლას გეგმავს, – ამის შესახებ Bloomberg-ის ანალიტიკოსი, მარკ გარმენი წერს. როგორც ჩანს, პირველ რიგში, კომპანია მიკროჩიპებს შტატ არიზონაში მდებარე ქარხნიდან მიიღებს, რომელიც წარმოებას 2024 წლისთვის დაიწყებს – მსგავსი მოლოდინია ევროპულ ქარხნებთან დაკავშირებითაც, მაგრამ წარმოების დაწყების თარიღი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ფოტო: AFP

დღეს Apple-ის მიკროჩიპებს მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი, ტაივანური Taiwan Semiconductor Manufacturing Company-ი, ანუ TSMC-ი აწარმოებს. აღნიშნული კომპანიის საწარმოო ხაზის უმთავრესი ნაწილი სწორედ ტაივანში მდებარეობს, მაგრამ კომპანია ქარხანას ამერიკის შტატ არიზონაშიც აშენებს, რომელიც, სავარაუდოდ, ოპერირებას 2024 წელს დაიწყებს.

გამომდინარე იქიდან, რომ Apple-ი და TSMC-ი ამ დრომდეც აქტიურად თანამშრომლობდნენ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არიზონაში მდებარე ქარხანაში, რომელიც Apple-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ტიმ კუკმა დახურულ შეხვედრაზე ახსენა, სწორედ ტაივანური კომპანიის საწარმო იგულისხმება. თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ TSMC-ი ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც არიზონაში მიკროჩიპების ქარხანას აშენებს – მსგავსი გეგმები აქვს ამერიკულ Intel-საც, რომელსაც გაცხადებული აქვს, რომ მიკროჩიპებს სხვა კომპანიებისთვისაც დაამზადებს.

Apple-ის მიერ ამერიკულ და ევროპულ მიკროჩიპებზე გადასვლა მოულოდნელი არ არის – მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიას მომწოდებლების გეოგრაფიული დივერსიფიკაცია სურს. შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში Apple-მა საგრძნობლად გაზარდა წარმოება როგორც ინდოეთში, ასევე ვიეტნამში.

EV-ლოგისტიკური კომპანია, BrightDrop-ი $1-მილიარდიან შემოსავალს მიიღებს – General Motors

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა, ამერიკულმა General Motors-მა განაცხადა, რომ მისი შვილობილი კომპანია BrightDrop-ი, რომელიც გადაზიდვებს ელექტრომობილებით ახორციელებს, 2023 წელს მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს, – ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს. აღსანიშნავია, რომ თუ BrightDrop-მა დასახულ მიზანს მართლაც მიაღწია, ის ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი იმ კომპანიათაგან, რომელთაც შემოსავლის მილიარდიან ნიშნულს ყველაზე სწრაფად მიაღწიეს.

ფოტო: Andrew Hawkins / The Verge

თავად ეს განცხადება, ცხადია, უკავშირდება General Motors-ის ინვესტორთა დღეს, რომელზეც კომპანიას იმის ახსნა მოუწია, თუ როგორ აპირებდა კომპანიის ელექტრიფიკაციაში ჩადებული კოლოსალური ინვესტიციის ამოღებას. შეგახსენებთ, რომ BrightDrop-ი თითქმის ორი წლის წინ სწორედ ელექტრიფიკაციის პროექტის ფარგლებში დაფუძნდა და მას მერე  არცთუ ისე ბევრი პროდუქტი, მათ შორის Zevo 600-ის ტიპის ელექტროფურგონი, ფუთების გადასაზიდი ელექტროპალეტი და ლოგისტიკური მენეჯმენტის პროგრამული უზრუნველყოფა გამოუშვა. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ბაზარზე ოპერირების მცირე ვადის მიუხედავად, კომპანიას არაერთი მსხვილი პარტნიორი ჰყავს, მათ შორის FedEx-ი, Hertz-ი, Walmart-ი და Verizon-ი.

პანდემიამ სახლში მიტანის სერვისის განვითარება საგრძნობლად დააჩქარა – ექსპერტების ვარაუდით, შემდეგი ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიოს უდიდეს ას ქალაქში, შეკვეთების მიტანისთვის განკუთვნილი ავტომობილების რიცხვი 36%-ით გაიზრდება. ცხადია, რომ ავტომობილების რაოდენობის ზრდა პირდაპირპროპორციულია გამონაბოლქვის მოცულობისა – მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დათვლებით, საუბარია გამონაბოლქვის 36%-იან ზრდაზე. აი, სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად BrightDrop-ი, რომელსაც გადაზიდვების სერვისის ელექტრიფიცირება სურს.

BrightDrop-ი ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც ელექტროფურგონებს აწარმოებს – ამ სფეროში არიან Ford-ი, Rivian-ი და Arrival-იც, რომელთაც, კლიენტები უკვე ჰყავთ: Amazon-ი Rivian-თან და Stellantis-თან თანამშრომლობს, ხოლო UPS-ი – Arrival-თან. Ford-ი კი, როგორც ირკვევა, საკუთარი საკულტო ფურგონის, Transit-ის განახლებას გეგმავს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ათწლეულის ბოლომდე General Motors-ი BrightDrop-ის შემოსავლების $10 მილიარდამდე, ხოლო მოგების მარჟის 20%-მდე ზრდას პროგნოზირებს.

ციფრული ტანსაცმლის ყიდვა-გაყიდვისთვის Nike-მა საკუთარი Web3-პლატფორმა შექმნა

კრიპტოვალუტებისა და NFT-ების ბაზარზე არსებული “ცივი ზამთრის” მიუხედავად, სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ძვირად ღირებულმა მწარმოებელმა, გერმანულმა Nike-მა Web3-პლატფორმა შექმნა, სახელწოდებით, .SWOOSH, – ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Verge-ი წერს. აღსანიშნავია, რომ პლატფორმის შესახებ ჯერჯერობით თითქმის არაფერია ცნობილი, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ამ პლატფორმის გამოყენებით მომხმარებლები ციფრული ფეხსაცმლის ყიდვა-გაყიდვას და Web3-თან დაკავშირებული სხვა გამოცდილებების მიღებას შეძლებენ. როგორც ირკვევა, ციფრული ტანსაცმლის პირველი კოლექცია .Swoosh-ზე იანვარში გამოჩნდება.

ფოტო: Nike

„Web3-ით დაინტერესებული ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი პლატფორმის შექმნით მარკეტპლეისების მომავლის შექმნაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს“, – განაცხადა Nike Virtual Studios-ის ვიცე-პრეზიდენტმა, რონ ფერისმა, რომელმაც დასძინა, რომ აღნიშნული პარტნიორობა ორთავე მხარისთვის სასარგებლო იქნება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ეს პირველი ნაბიჯი არ არის, რომელიც Nike-მა Web3-ის სამყაროში გადადგა – გასულ დეკემბერს გერმანულმა გიგანტმა ციფრული ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია, RTFKT-ი შეიძინა. თავის დროზე, როცა NFT-ების ბაზარი პიკში იყო, აღნიშნული შესყიდვა საინტერესოდ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან გარიგებად მიიჩნეოდა, მაგრამ მას მერე ციფრულ აქტივებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა.

Lyft-ისა და Motional-ის რობოტაქსის სერვისი ლოს-ანჯელესის ქუჩებში იქნება ხელმისაწვდომი

ლას-ვეგასში ოპერირების წარმატებულად დაწყების შემდეგ, ორი ამერიკული კომპანიის, Lyft-ისა და Motional-ის მიერ შექმნილი რობოტაქსის, ანუ თვითმართვადი ტაქსის სერვისი ლოს-ანჯელესის ქუჩებშიც გახდება ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ გამოცემა Engadget-ი წერს. ლას-ვეგასის მსგავსად, ლოს-ანჯელესში მოძრავი რობოტაქსი Lyft-ის ქსელში იქნება ხელმისაწვდომი, რაც მომხმარებლებს ტაქსის მარტივად, სმარტფონის აპლიკაციით გამოძახების საშუალებას მისცემს.

ფოტო: Motional

აღსანიშნავია, რომ რობოტაქსის სერვისებისთვის, Lyft-ი და Motional-ი Hyundai IONIQ 5-ს იყენებენ – აღნიშნულ თვითმართვად ავტომობილს ოცდაათზე მეტი სენსორი, მათ შორის კამერები, რადარი და ლიდარი აქვს, რომლებიც მანქანას გარემოს სრულყოფილად აღქმასა და, შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში ეხმარება. ამას გარდა, მანქანა უზრუნველყოფილია უახლესი, მეოთხე დონის ავტონომიური მიმოსვლისთვის საჭირო პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფით.

„ლოს-ანჯელესი რიგით მეორე ქალაქი იყო, რომელშიც Lyft-მა ოპერირება ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო და ლოგიკურია, რომ ის რიგით მეორე ქალაქი იყოს, რომელშიც ჩვენს პარტნიორთან, Motional-თან ერთად თვითმართვად ავტომობილებს გავუშვებთ“, – ვკითხულობთ Lyft-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ლოგან გრინის განცხადებაში.

მსგავსი პათოსის განცხადება გაავრცელა Motional-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, კარლ იანემამ: „ლოს-ანჯელესი რიგით მეორე ყველაზე დასახლებული ქალაქია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც დიდ შესაძლებლობას ქმნის თვითმართვადი ავტომობილების ბაზრის განვითარების მიმართულებით“.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Lyft-ისა და Motional-ის თვითმართვადი ავტომობილების სერვისი საკმაოდ წარმატებულად მუშაობს – ლას-ვეგასში, კომპანიებს ასი ათასზე მეტი მგზავრობა აქვთ ჩატარებული, რომელთა 95%-ზე მეტი ხუთი ვარსკვლავით შეფასდა. ამასთანავე, კომპანიებმა ათწლიანი შეთანხმება გააფორმეს Uber-თან, რომელიც მიმდინარე წელს თვითმართვად ავტომობილებს ამერიკის სხვადასხვა ქალაქში გამოიყენებს. შეგახსენებთ, რომ Motional-ი კორეული გიგანტის, Hyundai-სა და Aptiv-ის ერთობლივი საწარმოა, რომელმაც თვითმართვადი ავტომობილების გამოცდა ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ Lyft-ისა და Motional-ის გარდა, მსგავსი ტექნოლოგიით აღჭურვილ ავტომობილებს Alphabet-ის შვილობილი Waymo და General Motors-იც აწარმოებენ. Waymo-ს თვითმართვადი ავტომობილები ფინიქსსა და სან-ფრანცისკოში არის ხელმისაწვდომი, ხოლო GM-ის Cruise-ს მხოლოდ სან-ფრანცისკოში ვხვდებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *