გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასულ კვირას გლობალურ მედიაში არაერთი საინტერესო სიახლე გავრცელდა ელექტრობატარეებსა და მზის პანელებთან დაკავშირებული ტექნოლოგიების შესახებ – 2025 წლიდან ტოკიოს ზოგიერთი ტიპის სახლებზე მზის პანელების მოწყობა აუცილებელი გახდება, ხოლო Redwood Materials-ი, რომლის დამფუძნებელი Tesla-ს ყოფილი აღმასრულებელია, აშშ-ში ელექტრობატერეების გადამმუშავებელ $3.5-მილიარდიან ქარხანას ააშენებს. ამასთანავე, საინტერესო სიახლეები წამოვიდა მსოფლიოს მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებისგან, მათ შორის ამერიკული Meta-სა და ჩინური TikTok-ისგან. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

Meta-ს VR-კონსულტანტი, ლეგენდარული ჯონ კარმაკი თანამდებობას ტოვებს

კომპანია Meta-ს ერთ-ერთი ტექნოლოგიური დირექტორი, ჯონ კარმაკი, რომელიც ბოლო წლებში ვირტუალური რეალობის მიმართულებით მრჩევლის როლს ასრულებდა, თანამდებობას ტოვებს, – ამის შესახებ პირველად Business Insider-მა დაწერა. შეგახსენებთ, რომ კარმაკი ვირტუალური რეალობის ერთ-ერთი პიონერია, რომელსაც კლასიკად ქცეული არაერთი ვიდეოთამაში, მათ შორის Doom-ი და Quake-ი უკავშირდება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Meta-ს და კარმაკის პროფესიული გზები, პირველად ჯერ კიდევ 2014 წელს გადაიკვეთა, როცა მარკ ცუკერბერგის ჰოლდინგურმა კომპანიამ VR-სათვალეების მწარმოებელი Oculus-ი შეიძინა – იმ დროს ჯონ კარმაკი Oculus-ის ტექნოლოგიური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამ თანამდებობზე კარმაკი 2019 წლამდე იყო, როცა კომპანიაში საკუთარი როლი მრჩეველი ტექნოლოგიური დირექტორის თანამდებობამდე შეამცირა. თავის დროზე ეს გადაწყვეტილება კარმაკმა იმით ახსნა, რომ სურდა, მეტი დრო ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობისთვის დაეთმო, მაგრამ არა Meta-ში, არამედ საკუთარ სტარტაპში, Keen Technologies-ში. საინტერესოა, რომ ბოლო წლებში კარმაკი Meta-ს საკუთარი დროის მხოლოდ 20%-ს უთმობდა.

ფოტო: dMagazine

თანამდებობის დატოვებას ჯონ კარმაკი შიდა წერილით გამოეხმაურა, რომელიც, მოგვიანებით, Facebook-ზე გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, კარმაკის გადაწყვეტილება შემთხვევითი არ არის – პირიქით, კომპანიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების მის განცხადებაში არდანახვა, უბრალოდ, შეუძლებელია. „წარმოუდგენლად ბევრი ადამიანური რესურსი და კაპიტალი გვაქვს, მაგრამ მუდმივი თვითსაბოტაჟის რეჟიმში ვიმყოფებით და შესაძლებლობებს ხელიდან ვუშვებთ. ამ ყველაფრის შეფუთვა შეუძლებელია – ვფიქრობ, კომპანია იმის ნახევარი ეფექტიანობითაც არ მუშაობს, რომელიც დამაკმაყოფილებდა“, – წერს ჯონ კარმაკი.

ისე კი, ყველაფერი ასე ნეგატიურად არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ჯონ კარმაკის განცხადებით, Oculus Quest 2, რომელიც Meta-მ (მაშინ კი, Facebook-მა) ჯერ კიდევ 2019 წელს წარმოადგინა, კარგი პროდუქტი იყო, რომელიც, მისი თქმით, „სწორ რაღაცასთან“ საკმაოდ ახლოს იყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, კარმაკი Meta-ს მაინც აკრიტიკებს, რადგან, მისი თქმით, კომპანია მილიარდობით დოლარს უშედეგოდ და უმიზეზოდ ფლანგავს. რეალურად, ეფექტიანობაა ის მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც კარმაკი Meta-ს აფასებს და ამ კომპონენტში, მისი აზრით, კომპანია მოიკოჭლებს – პრობლემებს კარმაკი კომპანიის შიგნით გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც ხედავს.

თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ პირდაპირი და ირიბი კრიტიკის ფონზე, ჯონ კარმაკი არ კარგავს იმედს თავად ვირტუალური რეალობისა და მის უკან მდგომი ტექნოლოგიისადმი. „ვირტუალური რეალობა გამოსადეგი იქნება ადამიანების უმეტესობისთვის, მაგრამ არ არსებობს კომპანია, რომელსაც მისი განვითარება Meta-ზე უკეთესად გამოუვა. შეიძლება, ეს დღეს არსებული პრაქტიკის გათვალისწინებითაც გამოვიდეს, მაგრამ შეიძლება გაუმჯობესებაც“, – წერს კარმაკი.

რაკიღა ჯონ კარმაკის მიერ Meta-ს მისამართით წამოსულ კრიტიკაზე ვწერთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ ასეთი განცხადებები მას წარსულშიც გაუკეთებია. ის დრო თუ გახსოვთ, Facebook-ი და Samsung-ი მობილური VR-სათვალის შექმნას რომ ფიქრობდნენ? – აი, სწორედ ამ პარტნიორობის ერთ-ერთი ლობისტი იყო კარმაკი, რომლის თქმით, Facebook-მა შესაძლებლობა გაფლანგა, როცა თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. კარმაკის მსგავსი განცხადებები უკავშირდება Facebook-ის კიდევ ერთ დაუსრულებელ პროექტს – ბიუჯეტურ VR-სათვალეს, Oculus Go-ს.

საინტერესოა ისიც, რომ ჯონ კარმაკი ბევრი მიმართულებით ეწინააღმდეგებოდა ამერიკული კომპანიის ყოველწლიურ ღონისძიებაზე, Meta Connect-ზე გატანილ სიახლეებს – კარმაკი უკმაყოფილო იყო როგორც Horizon Worlds-ის პროგრესით, ასევე $1500-იანი VR-სათვალის გამოშვებით, რადგან, მისი თქმით, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის ფართო აუდიტორიამდე მისატანად, პირველ რიგში, ბიუჯეტური მოწყობილობების შექმნა და განვითარება არის საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ჯონ კარმაკის კარიერა მხოლოდ Meta-თი არ შემოიფარგლება. თავის დროზე კარმაკი ვიდეოთამაშების დეველოპერულ კომპანიას, id Software-ს ხელმძღვანელობდა, რომელსაც არაერთი საკულტო ვიდეოთამაში ეკუთვნის, მათ შორის Doom-ი, Quake-ი და Commander Keen-ი – აღნიშნული კომპანია, 2009 წელს, ZeniMax Media-მ შეისყიდა.

Redwood Materials-ი აშშ-ში ელექტრობატარეების გადამმუშავებელ $3.5-მილიარდიან ქარხანას ააშენებს

ელექტრობატარეების გადამმუშავებელი ამერიკული კომპანია, Redwood Materials-ი, რომელიც Tesla-ს ყოფილმა ტექნოლოგიურმა დირექტორმა, ჯეი-ბი სტრაუბელმა დააფუძნა, სამხრეთ კაროლინაში $3.5-მილიარდიან ქარხანას ააშენებს, – ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს. როგორც ირკვევა, ქარხანა ქალაქ ჩარლტონის გარეუბანში, 240 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთზე აშენდება – იმ ადგილას, რომელსაც „ბატარეების სარტყლის“ შუაგულს უწოდებენ.

ფოტო: Redwood Materials

მომავალი ათი წლის განმავლობაში ქარხანაში 1500-მდე თანამშრომელი დასაქმდება, ხოლო თავად ქარხანა 100 გიგავატსაათის მოცულობის ენერგიის გამოსამუშავებლად საჭირო ელექტროდებს გამოუშვებს. პირველადი გათვლებით, ქარხნის მშენებლობა მომავალი წლის პირველ კვარტალში დაიწყება, ხოლო თავად გადამუშავების პროცესი წლის ბოლოს ამოქმედდება.

აღსანიშნავია, რომ Tesla-ს ყოფილი აღმასრულებლის ელექტრობატარეების წარმოების ჯაჭვის ამ რგოლში შემოსვლა მოულოდნელი არ არის – პირიქით, ამ მიმართულებით დიდი შესაძლებლობა არსებობს, რადგან დღეს ეს კომპონენტები ჩრდილოეთ ამერიკაში საერთოდ არ იწარმოება, რის გამოც კომპანიები იმპორტზე არიან დამოკიდებულნი. Redwood-ის შეფასებით, ელექტრობატარეების ადგილობრივი გადამუშავებით, არა მხოლოდ ატმოსფეროში გამოყოფილი გამონაბოლქვი შემცირდება, არამედ გაუმჯობესდება გლობალური უსაფრთხოება, რომლის მთავარი პრიორიტეტი განახლება იქნება  – აღნიშნული მიზნის მიღწევას კომპანია 100%-ით ელექტროწარმოების ამუშავებით აპირებს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ელექტრობატარებიის გადამმუშავებელი ქარხნისთვის, სამხრეთი კაროლინა – შემთხვევით შერჩეული ლოკაცია არ არის. საქმე ისაა, რომ ამ გადაწყვეტილებით, Redwood Materials-მა შტატის ხელისუფლებისგან $225 მილიონის მოცულობის სესხი მიიღო, რაც, დიდი ალბათობით, სამხრეთ კაროლინის ისტორიაში გაცემული უდიდესი საჯარო ვალია.

ხელსაყრელი ფინანსური პირობების გარდა, Redwood Materials-ის გამოჩენა კიდევ ერთ ძალიან მარტივ მიზეზს და ამ მიზეზით გაჩენილ შესაძლებლობას უკავშირდება. პირველი თაობის ელექტრომობილებში (მაგ. Nissan Leaf) გამოყენებული ელექტრობატარეების ექსპლუატაციის ვადა უახლოეს პერიოდში იწურება – ამგვარად, დიდი მოთხოვნა გაჩნდება მათ განახლებასა და გადამუშავებაზე. აი, სწორედ ამ პროცესს უზრუნველყოფს Redwood Materials-ი, რომლის თანამშრომლები ელექტრობატარეებს ქიმიურად შლიან და მნიშვნელოვან შემადგენელ ელემენტებს – ნიკელს, კობალტსა და სპილენძს აახლებენ.

როგორც უკვე გითხარით, Redwood Materials-ი Tesla-ს ყოფილმა ტექნოლოგიურმა დირექტორმა, ჯეფრი „ჯეი-ბი“ სტრაუბელმა  ჯერ კიდევ 2017 წელს დააფუძნა. მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებლის გარდა, Redwood-ი Ford-თან, Toyota-სთან, Nissan-თან, Specialized-თან, Amazon-სა და Lyft-თან თანამშრომლობს.

შეგახსენებთ, რომ Redwood Materials-ის უახლესი წამოწყება პირდაპირ კავშირშია ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო დროს დაძრულ პროცესებთან, რომლებიც ქვეყანაში ელექტრობატარეების წარმოების ლოკალიზებას ისახავს მიზნად. ამ მიზნის მისაღწევად, ქვეყნის ხელისუფლება კომპანიებს მსუყე შეღავათებს სთავაზობს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, თითოეულ ავტომობილზე $7500-საც კი აღწევს. შეთავაზებით დაინტერესდნენ წამყვანი ამერიკული და საერთაშორისო კომპანიებიც: Ford-ი, მაგალითად, ქვეყანაში სამ ქარხანას ააშენებს, რომლებითაც წელიწადში 129 გიგავატსაათის სიმძლავრის ელექტრობატარეების წარმოებას უზრუნველყოფს. მსგავსი გეგმა აქვს General Motors-საც, რომელიც LG Chem-თან პარტნიორობით ოთხ ქარხანას ააშენებს, რომელთა საერთო გამომუშავება 140 გიგავატსაათი იქნება. ამავე მიმართულებით მუშაობენ Stellantis-ი, BMW, Hyundai და Honda.

ამ ყველაფრის ფონზე, 2024 წლისთვის, ელექტრობატარეების ჯამური სიმძლავრე 410.5 გიგავატსაათამდე გაიზრდება – მაშინ როცა 2020-ში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 95.3 გიგავატსაათი იყო. თუმცა გასათვალისწინებელია ნედლეულის მზარდი ფასიც, რომელმაც შესაძლოა, ელექტრომობილებზე მასობრივი გადასვლის პროცესი შეანელოს.

2025 წლიდან ტოკიოს ზოგიერთი ტიპის სახლებზე მზის პანელების მოწყობა აუცილებელი გახდება

2025 წლის აპრილიდან იაპონიის დედაქალაქის, ტოკიოს ზოგიერთი ტიპის ახალაშენებულ სახლებზე მზის პანელების დამონტაჟება აუცილებელი იქნება, – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ქალაქის საკრებულომ, რომლის შესახებ იაპონური გამოცემა Kyodo News-ი წერს. როგორც ირკვევა, საუბარია ახალ კანონმდებლობაზე, რომელიც დეველოპერებს დაავალდებულებს, რომ 2000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის მქონე სახლები მზის პანელებით ან განახლებადი ენერგიის გამომმუშავებელი სხვა ტიპის დანადგარებით აღჭურვონ.

ტოკიო პირველი იაპონური ქალაქია, რომელშიც მსგავსი გადაწყვეტილება ამოქმედდება – აღნიშნული პროექტით, ქალაქის ხელისუფლება გამონაბოლქვის განახევრებას გეგმავს. ტოკიოს ხელისუფლების შეფასებით, ეს კანონი რენტაბელურია და მომხმარებლებს ფინანსურ წნეხს არ შეუქმნის. ცნობისთვის, 4-კილოვატიანი მზის ბატარეის მონტაჟი 980 ათასი იენი, ანუ დაახლოებით $7200 ჯდება – ტოკიოს საკრებულოს წინასწარი დათვლებით, კილოვატზე $728-იანი გრანტისა და ენერგიის დაზოგვის ფონზე, ამ თანხას მომხმარებლები დაახლოებით ექვს წელიწადში ამოიღებენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, იაპონიის დედაქალაქის ხელისუფლება დამატებითი სუბსიდიების ამოქმედებასაც გეგმავს.

ფოტო: Bloomberg

როგორც ჩანს, აღნიშნული კანონი მხოლოდ ორმოცდაათ დეველოპერულ კომპანიას ეხება, რომლებიც ბაზარს ყოველწლიურად ოცი ათასამდე კვადრატული მეტრის ჯამური ფართობის მქონე სახლებით ამარაგებენ. ასე რომ, კონკრეტულად რამდენ სახლს შეეხება ახალი კანონმდებლობა, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, წინასწარი დათვლებით, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლიანი შედეგი უნდა მოჰყვეს, რადგან 2050 წლისთვის ტოკიოში არსებული შენობების განახლება იგეგმება – ამ შენობების 70%-ს სწორედ საცხოვრებელი სახლები შეადგენს.

ნახშირორჟანგის გამოყოფის კუთხით, იაპონია რიგით მეხუთე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც 2050 წლისთვის ნახშირბადნეიტრალურობის პირობა აქვს დადებული – ამგვარად, 2025 წლიდან, ტოკიოს ზოგიერთი ტიპის სახლებზე მზის პანელების მოწყობის ვალდებულების შექმნა მოულოდნელი გადაწყვეტილება არ არის. აქვე გეტყვით, რომ იაპონია ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც მსგავს პრაქტიკას მისდევს: ცოტა ხნის წინ  საფრანგეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ღია პარკინგები, რომლებიც, სულ მცირე, ოთხმოც ავტომობილზე არის გათვლილი, მზის პანელებით უნდა დაიფაროს.

TikTok-ი ეკრანის სრული დაფარვის მქონე ჰორიზონტალურ განლაგებას ტესტავს

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელი, ჩინური TikTok-ი ეკრანის სრული დაფარვის მქონე ჰორიზონტალურ განლაგებას ტესტავს, – ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Tech Crunch-ი წერს, რომელსაც სიახლე თავად ჩინურმა კომპანიამ დაუდასტურა.

არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, ჩინურმა სოციალურმა ქსელმა მეტად შეაბიჯა მისი ერთ-ერთი პირდაპირი კონკურენტის, YouTube-ის ტერიტორიაზე, რომლის დაპყრობას რახანია, ცდილობს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში TikTok-ზე ათ წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეოების განთავსება გახდა შესაძლებელი, რაც ასევე YouTube-ის ფუნქციონალის აშკარა კოპირებაა.

მომხმარებლის მიერ მოწოდებული მასალა | ფოტო: TechCrunch

TikTok-ი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სოციალური ქსელია, რომელმაც გამოჩენის დღიდან აღნიშნული ბაზარი თავდაყირა დააყენა. სწორედ ჩინურ სოციალურ ქსელს უკავშირდება Facebook-ზე, Instagram-ზე, YouTube-სა და Snapchat-ზე მცირე ქრონომეტრაჟის ვიდეოების გასაზიარებელი პლატფორმების გამოჩენა, ასევე Amazon-ის ერთგვარი გარდაქმნაც, რომელმაც გასულ კვირას საყიდლების ველში ჩინური სოციალური ქსელის მსგავსი ფუნქციონალი დანერგა.

საინვესტიციო რაუნდის წინ SpaceX-ის ღირებულება $140 მილიარდად შეფასდა – Bloomberg

მორიგი საინვესტიციო რაუნდის წინ, მსოფლიოს რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი $140 მილიარდადაა შეფასებული – ამგვარად, ის ყველაზე ძვირად ღირებული ამერიკული კერძო კომპანია გახდა, – ამ ინფორმაციას სანდო წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg-ი ავრცელებს. როგორც ირკვევა, მასკის კომპანიის ამგვარ შეფასებას ამყარებს ის, რომ კომპანიის შიდა აქციები $77-ად იყიდება. საინტერესოა, რომ აღნიშნული შეფასება თავსებადია კომპანიის მიერ ივლისში დაფიქსირებულ $127-მილიარდიან ღირებულებასთან, რომელიც PitchBook-მა დაითვალა.

ფოტო: FT/Getty/Dreamstime

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ კალიფორნიის ქალაქ ჰოუთორნში დაფუძნებული SpaceX-ი დომინანტური მოთამაშეა კომერციული კოსმოსური ფრენების ბაზარზე – ილონ მასკის კომპანია თანამშრომლობს როგორც კერძო სექტორთან, ასევე NASA-სთან და სხვა სახელმწიფო სააგენტოებთან. ამასთანავე, კომპანია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურსა და დედამიწას შორის ასტრონავტების ტრანსპორტირებას და ორბიტაზე ტურისტების მოგზაურობას უზრუნველყოფს. ამასთანავე, SpaceX-ი აქტიურადაა ჩართული დედამიწის ორბიტაზე სატელიტების განთავსების ბიზნესში.

რესპუბლიკელ მარკო რუბიოს აშშ-ში TikTok-ის საკანონმდებლო დონეზე აკრძალვა სურს

ფლორიდის რესპუბლიკელ სენატორს, მარკო რუბიოს ამერიკის შეერთებულ შტატებში TikTok-ის საკანონმდებლო დონეზე აკრძალვა სურს, რისთვისაც მან შესაბამისი კანონპროექტიც მოამზადა. დოკუმენტი, საკმაოდ გრძელი სახელწოდებით „ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ალგორითმული დასწავლის, ცენზურის, დესპოტური გავლენებისა და ინტერნეტის თვალთვალის ეროვნული საფრთხისაგან დაცვის დოკუმენტი“ (შემოკლებით, ANTI-SOCIAL CCP) ქვეყნის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დაავალდებულებს, რომ TikTok-ისა და მისი მფლობელი კომპანიის, ByteDance-ის ამერიკული ტრანზაქციები დაბლოკოს.

აღნიშნული დოკუმენტის სამართლებრივ საფუძვლად მარკო რუბიოს „საერთაშორისო გადაუდებელი ეკონომიკური სიძლიერის აქტი“ მოჰყავს, რომლითაც ჩინეთის ხელისუფლება ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედაა მიჩნეული. საინტერესოა, რომ მარკო რუბიოს ამ ინიციატივას მხარდამჭერები ჰყავს წარმომადგენელთა პალატაშიც, საუბარია რესპუბლიკელ მაიკ გალაჰერზე და დემოკრატ რაჯა კრიშნამურტიზე. საკუთარი საკანონმდებლო პროექტის არგუმენტებად პოლიტიკოსებს რუბიოს მსგავსი შინაარსის წინადადებები მოჰყავთ: „TikTok-ი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მილიარდ გლობალურ მომხმარებელზე, მათ შორის ამერიკელი ტინეიჯერების ორ მესამედზე თვალთვალის შესაძლებლობას აძლევს“, – ვკითხულობთ მათ განცხადებაში.

ფოტო: Octavio Jones/Getty Images

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან ჩინური სოციალური ქსელის და მისი მფლობელი კომპანიის, ByteDance-ის მიმართ ამგვარი კრიტიკა გაჟღერდა – ჯერ კიდევ 2020 წელს იმჟამინდელი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებულ შტატებში TikTok-ისა და WeChat-ის აკრძალვის გადაწყვეტილებამდე მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეამ დღის შუქი ვერ იხილა, TikTok-ი ამერიკაში ნაწილობრივ მაინც აიკრძალა, თუმცა მხოლოდ ჯარში, ისიც სახელმწიფო ტელეფონებზე.

ამასთანავე, გვახსოვს ამერიკის შეერთებული შტატების კომუნიკაციების ფედერალური კომისიის ერთ-ერთი წევრის, ბრენდან კარის Apple-ისა და Google-ის მისამართით გაჟღერებული მოწოდება, რომლის თანახმად, მათ საკუთარი მარკეტპლეისებიდან TikTok-ი უნდა წაეშალათ. კომისიის წევრის აზრით, TikTok-ი ვიდეოების გასაზიარებელი პლატფორმა კი არ არის, არამედ ჩინეთის სახელისუფლებო თვალთვალის პლატფორმაა – ეს პათოსი სამხრეთ დაკოტის გუბერნატორის მიერ გავრცელებული მოთხოვნის მსგავსია.

სენატორ მარკო რუბიოს მიერ წამოწყებული ეს ინიციატივა ამერიკის რამდენიმე შტატის ხელისუფლებების მიერ წამოწყებულ ერთგვარ ანტი-TikTok-ურ კამპანიას ებმის – შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სმარტფონებში TikTok-ის გამოყენება იუტის, ტეხასის, სამხრეთ დაკოტისა და მერილენდის ხელისუფლებებმა აკრძალეს.

აღსანიშნავია, რომ წარმომადგენელთა პალატის შემთხვევაში, რომელშიც უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია ფლობს, მარკო რუბიოს და მისი კოლეგების მიერ მომზადებული დოკუმენტის ამა თუ იმ ვერსიის დამტკიცება რეალურად შესაძლებელია, მაგრამ მისი მიღების შანსები მცირეა სენატში, რომელსაც დემოკრატები მართავენ. ამასთანავე, ნაკლებსავარაუდოა, რომ მსგავსი ტიპის კანონს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაუჭიროს მხარი.

ბეზოსმა და გეიტსმა Neuralink-ის კონკურენტ Synchron-ში ინვესტიცია განახორციელეს

მსოფლიოს  უმდიდრესმა ადამიანებმა, ჯეფ ბეზოსმა და ბილ გეიტსმა Neuralink-ის მთავარ კონკურენტ კომპანიაში, ამერიკულ Synchron-ში ინვესტიცია განახორციელეს, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

როგორც ირკვევა, უკანასკნელი საინვესტიციო რაუნდის შედეგად, ამერიკულმა სტარტაპმა, ჯამში, $75 მილიონი მოიზიდა – ინვესტორებს შორისაა Khosla Ventures-იც. დაფუძნებიდან დღემდე, Synchron-მა $145 მილიონი მოიზიდა, რაც ჩამორჩება როგორც Neuralink-ის, ასევე Science Corporation-ის მიერ მოზიდულ კაპიტალს.

Syncron-ის დამფუძნებელი, ტომ ოქსლი | ფოტო: Ryan Lash/Synchron

აღსანიშნავია, რომ Synchron-ი Neuralink-ის მსგავსად ტვინის იმპლანტებს აწარმოებს, თუმცა, მასკის კომპანიისგან განსხვავებით, მისი მოწყობილობა ადამიანზე უკვე გამოიცადა. მიმდინარე წლის ივლისში ნიუ-იორკის Mount Sinai-ის საავადმყოფოს ექიმებმა Synchron-ის მიერ წარმოებული იმპლანტი ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის(ALS) მქონე ადამიანს ჩაუნერგეს. აღნიშნული მოწყობილობით, პაციენტმა, რომელსაც სიარულისა და კომუნიკაციის უნარი აქვს დაქვეითებული, ფიქრების კომპიუტერულ ბრძანებებად გარდაქმნა უნდა შეძლოს, რაცმას ინტერნეტის გამოყენების და შეტყობინებების გაგზავნის საშუალებას მისცემს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ლიცენზია Synchron-მა ჯერ კიდევ 2021 წელს მოიპოვა – ეს ლიცენზია Neuralink-ს ჯერჯერობით არა აქვს.