გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები           

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები           

მიმდინარე წლის მეორე კვირაც მიილია და კომპანიებმა, როგორც ამ პერიოდში სჩვევიათ, მომავალი წლის გეგმების შესახებ საუბარი დაიწყეს. გასულ კვირას განსაკუთრებით ბევრი სიახლე გაჟღერდა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიასთან, ამერიკულ Apple-თან დაკავშირებით – ავტორიტეტული ანალიტიკოსების შეფასებით, 2025 წლიდან MacBook-ებს სენსორული დისპლეი ექნებათ. საინტერესო სიახლე გააჟღერა YouTube-მაც, რომელიც ამიერიდან კრეატორებს Shorts-იდან მიღებულ შემოსავალს გაუნაწილებს. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

პირველი თებერვლიდან კრეატორები YouTube Shorts-იდან შემოსავლის მიღებას შეძლებენ

მიმდინარე წლის 1-ელი თებერვლიდან კრეატორები YouTube Shorts-იდან სარეკლამო შემოსავლის მიღებას შეძლებენ, – ამის შესახებ თავად კომპანიამ განაცხადა. შემოსავლის გენერირება YouTube-ის კრეატორებს ამ დრომდეც შეეძლოთ, მათ შორის ვიდეოებში შოპინგის ფუნქციონალის ინტეგრირებით, მაგრამ აღნიშნული მიდგომა არაფრით განსხვავდებოდა ამერიკული კომპანიის პირდაპირი კონკურენტის, ჩინური TikTok-ის მიერ შემოთავაზებული სქემისგან, რაც, ხშირ შემთხვევაში, კრეატორებს ჩინური აპლიკაციის გამოყენებისაკენ უბიძგებდა.

ფოტო: YouTube

თუმცა ამიერიდან YouTube Shorts-ის კრეატორები სარეკლამო შემოსავალს ისევე მიიღებენ, როგორც ამას YouTube-ის კრეატორები წლების განმავლობაში იღებდნენ – მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკული კომპანია მათ საკუთარი სარეკლამო შემოსავლის კონკრეტულ პროცენტს მისცემს, რასაც TikTok-ი დღემდე არ აკეთებს.

აღსანიშნავია, რომ მონეტიზაციის სქემაში ჩასართავად, მომხმარებლებმა განახლებული პირობები უნდა დააკმაყოფილონ: თუ ამ დრომდე სარეკლამო შემოსავლის წილის მისაღებად კრეატორის ვიდეოებზე თორმეტი წლის განმავლობაში ოთხი ათასი საჯარო საათი უნდა დაგროვებულიყო, ამიერიდან საჭიროა ოთხი ათასი საათის დაგროვება ან ათი მილიონი ნახვის დაგროვება Shorts-ებზე, უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მომხმარებელს, სულ მცირე, ათასი გამომწერი უნდა ჰყავდეს.

Airbus-ი ავტონომიური მართვის ტექნოლოგიას DragonFly-ს ტესტავს

თვითმფრინავთმშენებლობის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, ევროპული Airbus-ი საკუთარ საფრენ აპარატებში ავტონომიური მართვის უახლეს ტექნოლოგიას, DragonFly-ს ტესტავს, რომელმაც კომპანიის თვითმფრინავების მიერ შესრულებული რეისები მეტად უსაფრთხო და ეფექტიანი უნდა გახადოს, – ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა, The Verge-ი წერს. აქვე უნდა ითქვას, რომ თვითმფრინავებში ამ ტექნოლოგიის გამოყენება არახალია – ათწლეულებია, რაც ფრენის უდიდესი ნაწილი ავტონომიურად, ბორტკომპიუტერის მიერ იმართება, მაგრამ DragonFly-ის ინოვაციაა ისაა, რომ ის უზრუნველყოფს როგორც თვითმფრინავის აფრენასა და დაფრენას, ასევე მის ასაფრენ ბილიკამდე მიყვანის პროცესს.

A350-1000 DragonFly | ფოტო: Airbus

როგორც ჩანს, კომპანიის მიერ შერჩეული სახელი – DragonFly-ი, რომელიც ინგლისურიდან ქართულად ნემსიყლაპიას ნიშნავს, შემთხვევითი არ არის, რადგან ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, თვითმფრინავმა სწორედ მწერის მიერ კონკრეტული ადგილების დამახსოვრების უნარი უნდა შეიძინოს. „ბიომიმიკითა და ბუნებით შთაგონებულმა ამ ტექნოლოგიამ თვითმფრინავი ნემსიყლაპიად უნდა აქციოს, რომელსაც კონკრეტული ადგილების ამოცნობა შეუძლია. აღნიშნული სისტემა იწყობა ისე, რომ თვითმფრინავს მის გარშემო არსებულ ლანდშაფტში კონკრეტული თვისებების ამოცნობის საშუალება მისცეს, რათა მანევრირება მან თავად შეძლოს, თანაც უსაფრთხოდ“, – ვკითხულობთ Airbus-ის ოფიციალურ განცხადებაში.

როგორც ჩანს, ევროპული თვითმფრინავთმშენებლის ავტონომიური მართვის სისტემა გარკვეულ დონეზე ეფექტიანად ფუნქციონირებს, რაზეც Airbus-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები მიუთითებს, რომელთა დროს თვითმფრინავმა საფრენი ზოლების, ლანდშაფტისა და ამინდის ამოცნობა შეძლო, რომელთა საფუძველზე არსებულ მარშრუტში ცვლილებები შეიტანა და მათ შესახებ ავიადისპეტჩერებს მოახსენა, ყველაფერი ეს – ადამიანის ჩარევის გარეშე. ამგვარად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში ეს ტექნოლოგია Airbus-ის კომერციულ თვითმფრინავებშიც გადაინაცვლებს.

საინტერესოა, რომ DragonFly-ი ერთადერთი ფუტურისტული ტექნოლოგია არ არის, რომელზეც ევროპული თვითმფრინავთმშენებელი მუშაობს. ბოლო წლებში Airbus-მა ვერტიკალური აფრენის რეჟიმის მქონე მფრინავი სატრანსპორტო საშუალებების (eVTOL) არაერთი მწარმოებელი დააფინანსა, მათ შორის Vahana და CityAirbus-ი. პირველი ოთხ მგზავრზე გათვლილ სატრანსპორტო საშუალებებს აწარმოებს, რომელთაც 100 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლიათ, ხოლო მეორე – ერთ მგზავრზე გათვლილ თვითმფრინავებს. ამასთანავე, Airbus-ი ლიდარების წარმოების ინდუსტრიის ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშესთან, Luminar-თან თანამშრომლობს.

Tesla ტეხასის გიგაქარხნის გაფართოებას გეგმავს – ინვესტიცია $770 მილიონია

ელექტრომობილების მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მწარმოებელი, ამერიკული Tesla შტატ ტეხასის დედაქალაქ ოსტინში მდებარე გიგაქარხნის გაფართოებას გეგმავს, რისთვისაც, სულ მცირე, $770 მილიონს დახარჯავს, – ამ გადაწყვეტილების შესახებ კომპანიამ შტატის ლიცენზირებისა და რეგულირების დეპარტამენტს უკვე შეატყობინა. ქარხნის გაფართოების ფარგლებში, ავტომწარმოებელი ელექტრობატარეების შესამოწმებელი ლაბორატორიის, კათოდების და ავტომობილის სამართავი მოწყობილობების საწარმოებისა და საამქროს აშენებას გეგმავს. პროექტში ვხედავთ სამოცდაოთხი ათას კვადრატულ მეტრზე განლაგებულ ობიექტს, სახელწოდებით Cell 1-ს, რომლის დანიშნულება ჯერჯერობით უცნობია. როგორც ირკვევა, ტეხასის გიგაქარხნის დამატებითი მოდულების მშენებლობას Tesla რამდენიმე კვირაში დაიწყებს.

ფოტო: Electrek

შეგახსენებთ, რომ ტეხასის გიგაქარხანა, რომელიც Tesla-ს რიგით მეოთხე ქარხანაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გასული წლის აპრილში გაიხსნა – ქარხნის ფართობი დაახლოებით მილიონი კვადრატული მეტრია, რაც მას რიგით მეორე ყველაზე ფართო განლაგების მქონე შენობად აქცევს მსოფლიოში. დღეს აღნიშნულ ქარხანაში Tesla Model Y-ტიპის ავტომობილები იწარმოება, მაგრამ მიმდინარე წელს იქ Cybertruck-ის აწყობაც უნდა დაიწყოს.

აქვე უნდა ითქვას, რომ Tesla-ს მიერ ქარხნის გაფართოება მოულოდნელი გადაწყვეტილება არ არის, რადგან ბოლო დროს ამერიკულ ავტომწარმოებელს არაერთი პრობლემა დაატყდა თავს. 2021 წლის ნოემბერში დაფიქსირებული პიკური მაჩვენებლის შემდეგ, Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 71%-ით შემცირდა და მკვეთრი ვარდნის მიზეზებს შორის სწორედ ავტომობილების არასაკმარისი რაოდენობით წარმოება და შეკვეთების დროულად ვერშესრულება სახელდება. ცხადია, Tesla-ს აქციებზე გავლენა მოახდინა კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ილონ მასკის ბოლოდროინდელმა ქმედებებმაც.

2025 წლიდან MacBook-ებს სენსორული დისპლეი ექნებათ – Bloomberg-ის მარკ გარმენი

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია, ამერიკული Apple-ი MacBook-ებში სენსორული ეკრანის დამატებაზე მუშაობს, – ამის შესახებ Apple-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ანალიტიკოსი, მარკ გარმენი წერს. Apple-ის ინჟინრების აქტიურობიდან გამომდინარე, მარკ გარმენი ამ ფუნქციონალის დანერგვას 2025 წლიდან, MacBook Pro-ში პროგნოზირებს, მაგრამ დასძენს, რომ შესაძლოა, გეგმები შეიცვალოს. ანალიტიკოსის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სენსორული დისპლეის მქონე პირველ MacBook Pro-ს ჩვეულებრივი ლეპტოპის ფორმა და დიზაინი ექნება – უცვლელი დარჩება კლავიატურა და სენსორული პანელი.

ფოტო: Apple / Michael Crider

ცნობისთვის გეტყვით, რომ თავის დროზე ლეპტოპებში სენსორული დისპლეის ჩაშენებას Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი არაერგონომიკულ გადაწყვეტას უწოდებდა და თუ კომპანიის ამჟამინდელი მესვეურები ამ მიმართულებას განავითარებენ, გამოვა, რომ მათ სტივ ჯობსის ორთოდოქსულ ხაზს გადაუხვიეს. თუმცა საქმე მხოლოდ სტივ ჯობსში არ არის, რადგან ლეპტოპებში სენსორული დისპლეის ჩაშენებას თავად კომპანიაც ეწინააღმდეგებოდა, თანაც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. არსებობს ვარაუდიც, რომ სენსორული MacBook-ის გამოშვებით, Apple-ი iPad-ის გაყიდვებს რისკის წინაშე დააყენებს.

„სენსორული ეკრანი ვერტიკალური ვერ იქნება, რადგან გარკვეული დროის შემდეგ, უბრალოდ, ხელი ჩამოგივარდებათ“, – ასე ეხმიანებოდა ჯერ კიდევ 2010 წელს სტივ ჯობსი ლეპტოპებში და მსგავს, ნაწილობრივ დისტანციურ მოწყობილობებში სენსორული დისპლეის ჩაშენების იდეას. მოგვიანებით ამ იდეას, წლების განმავლობაში, იზიარებდა სტივ ჯობსის მემკვიდრე ტიმ კუკი, რომელიც პლანშეტებისა და ლეპტოპების გაერთიანებას, ტოსტერისა და მაცივრის გაერთიანებას ადარებდა.

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, სენსორული დისპლეის მქონე MacBook-ის იდეა არცთუ ისე არარეალისტურია, რადგან სტივ ჯობსისა და ზოგადად კომპანიის, ერთი შეხედვით, ორთოდოქსულ ხაზს Apple-მა ამ დრომდეც არაერთხელ გადაუხვია – იმის გახსენება რად ღირს, სტივ ჯობსი რომ ამბობდა, Apple-ი ტელეფონებს და პლანშეტებს არასდროს გაყიდისო. არადა, დღეს Apple-ის ბიზნესი სწორედ ამ ორ პროდუქტზე დგას.

კომპანიის მიერ კურსის ცვლილებაზე, ცხადია, სხვა ფაქტორებიც მიუთითებს. შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან Apple-მა აპლიკაციების სხვადასხვა ვერსიის გაერთიანება დაიწყო და მათი ურთიერთთავსებადობა დაუშვა – შედეგად, დღეს MacBook-ებზე iPhone-ებისა და iPad-ებისთვის შექმნილი აპლიკაციების გამოყენება არის შესაძლებელი. ისე კი, ეს ფუნქციონალი მომხმარებელთა უკმაყოფილებასაც ხშირად იწვევდა, რადგან სენსორული ეკრანის მქონე მოწყობილობებისთვის დაწერილი აპლიკაციების ლეპტოპში სრულყოფილად გამოყენება, უბრალოდ, შეუძლებელია. ცხადია, ეს პრობლემა Apple-მაც დაინახა და 2016 წელს Touch Bar-ის მქონე MacBook-ი გამოუშვა, მაგრამ ამ გადაწყვეტამ არ გაამართლა და ის 2021 წელს გაუქმდა.

Touch Bar-იანი MacBook Pro | ფოტო: 9to5mac

ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ Apple-ის კონკურენტებზე, მით უფრო, რომ მათთვის სენსორული ეკრანის მქონე ლეპტოპები სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს – ამ ტექნოლოგიის მქონე ლეპტოპებს Dell-ი, HP-ი, Microsoft-ი, Lenovo, Samsung-ი და Acer-ი უშვებენ და გამოდის, რომ რეალურად Apple-ი ერთადერთი ტექნოლოგიური გიგანტია, რომელიც ამ გადაწყვეტის დანერგვისგან თავს იკავებს.

აქვე უნდა ითქვას, რომ სენსორული დისპლეი ერთადერთი სიახლე არ არის, რომელზეც Apple-ი ახლა მუშაობს – მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია, რომელიც ლეპტოპებში თხევადკრისტალურ დისპლეებს იყენებს, OLED-დისპლეიზე გადასვლას გეგმავს. აღნიშნული ტექნოლოგია, რომელიც Apple-ის სმარტფონებსა და ჭკვიან საათებში უკვე გამოიყენება, ეკრანს მეტად კაშკაშას და ფერადს ხდის. მარკ გარმენის ინფორმაციით, OLED-დისპლეის მქონე პირველ iPad Pro-ს 2024 წლის პირველ ნახევარში უნდა ველოდოთ.

თუმცა ეს ყველაფერი როდია: საქმე ისაა, რომ 2024 წლიდან ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი მოწყობილობებში საკუთარი წარმოების დისპლეების გამოყენებას გეგმავს, რითაც Samsung-სა და LG-ზე დამოკიდებულებას შეამცირებს. მარკ გარმენის ინფორმაციით, Apple-ის მიერ წარმოებული დისპლეის მქონე პირველი მოწყობილობა Apple Watch-ი იქნება, რომელსაც კომპანია მომავალი წლის ბოლოსთვის გამოუშვებს. მოგვიანებით ახალი დისპლეები iPhone-ებშიც უნდა გამოჩნდეს.

მიხეილ ლომთაძემ Kaspi.kz-ში საკუთარი წილი გაზარდა

ქართველმა ანტრეპრენიორმა, მიხეილ ლომთაძემ ყაზახურ ფინტექ-კომპანია Kaspi.kz-ში საკუთარი წილი გაზარდა, – ამის შესახებ ყაზახური გამოცემა Kapital.kz-ი ყაზახეთის საფონდო ბირჟაზე დაყრდნობით წერს. 2023 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, მიხეილ ლომთაძის წილი 1.13%-ით გაიზარდა და ახლა 24.55%-ს შეადგენს – ამგვარად, ქართველი ანტრეპრენიორი კომპანიის უმსხვილესი ინდივიდუალური აქციონერი გახდა. საერთო ჯამში, კომპანიის წამყვანი აქციონერების განაწილება უცვლელი დარჩა –  მიხეილ ლომთაძე (24.55%), ვიაჩესლავ კიმი (23.55%) დაBaring Bostok Funds-ი (28.8%), კვლავაც კომპანიის უმსხვილესი აქციონერები არიან.

2023 წლის 1-ელი იანვრის მონაცემებით, Kaspi.kz-ს 216 742 000 ჩვეულებრივი აქცია აქვს გამოშვებული, რომელთა დიდი ნაწილი, 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე არის განთავსებული. ცნობისთვის გეტყვით, რომ გასული წლის ოქტომბერში Kaspi.kz-ის სამეთვალყურეო საბჭომ აქციების გამოსყიდვის ოთხთვიანი მექანიზმი დაამტკიცა – საერთო ჯამში, დღემდე კომპანიამ $96 მილიონის ღირებულების აქციები გამოისყიდა. დღევანდელი მდგომარეობით, Kaspi.kz-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 11.85 მილიარდ გირვანქა სტერლინგს, ანუ დაახლოებით $14.5 მილიარდს შეადგენს.

ფოტო: მიხეილ ლომთაძე

შეგახსენებთ, რომ Kaspi.kz-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი და თანამფლობელი – ერთ-ერთი უმდიდრესი ქართველი ანტრეპრენიორია, რომლის ქონებას Forbes-ი $3.4 მილიარდად აფასებს. ლომთაძის ქონების უდიდესი ნაწილი სწორედ ყაზახურ ფინტექ-კომპანიასთანაა დაკავშირებული – თავად Kaspi.kz-ი ყაზახეთისა და ცენტრალური აზიის ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექ-კომპანიად და Super App-ის კონცეფციის მქონე კომპანიის თვალსაჩინო მაგალითად მიიჩნევა, რომელიც აერთიანებს როგორც საბანკო სერვისებს, ასევე P2P-გადარიცხვებს, ონლაინმაღაზიასა და მიტანის სერვისს.

Apple-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ტიმ კუკის ანაზღაურება 40%-ით შემცირდა

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ამერიკელი ტიმ კუკი მიმდინარე წელს, ანაზღაურების სახით, ჯამურად, $49 მილიონს მიიღებს, რაც 40%-ით ნაკლებია, ვიდრე შარშან, – ამის შესახებ კომპანიის მიერ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) წინაშე წარდგენილ დოკუმენტში ვკითხულობთ. როგორც ირკვევა, ხელფასის შემცირების ინიციატივით თავად კუკი გამოვიდა, რასაც აქციონერებმა მხარი დაუჭირეს – ამასთანავე, შემცირდა გადავადებული აქციების (ინგლ. Restricted Stock) რაოდენობა, რომელთაც კუკი იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ პენსიაზე 2026 წლამდე გავა.

ფოტო: Getty Images / Inc.

ტიმ კუკის მიერ ანაზღაურების შემცირების მოთხოვნა ლოგიკურია, რადგან ის კომპანიის ინტერესებს ითვალისწინებს – საქმე ისაა, რომ გასულ წელს ამერიკელი აღმასრულებლის სახელფასო სტრუქტურას მხარი Apple-ის აქციონერების 64%-მა დაუჭირა, მაშინ როცა 2020 ფისკალური წლისთვის ეს მაჩვენებელი 95%-ს შეადგენდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანაზღაურების შემცირების მიუხედავად, ამერიკული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო ტიმ კუკის შედეგებით კმაყოფილია და მის გრძელვადიან ხედვებს ენდობა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ გასულ წელს, ანაზღაურების სახით, ტიმ კუკმა $83 მილიონის ღირებულების აქციები, $12 მილიონის მოცულობის ბონუსი და $3 მილიონის ხელფასი მიიღო. ფინანსური აქტივების გარდა, ტექნოლოგიური გიგანტი ტიმ კუკის საპენსიო დანაზოგს ავსებს და სხვადასხვა სერვისის, მათ შორის პირადი დაცვის, სატრანსპორტო საშუალებებისა და დასვენების ხარჯებს ფარავს.

როგორც უკვე აღინიშნა, ტიმ კუკის ანაზღაურების უდიდესი ნაწილი გადავადებულ აქციებზე მოდის, რომელთა რაოდენობა Apple-ის მიერ S&P 500-ის ინდექსის საპირწონედ დაფიქსირებულ შედეგებზე არის დამოკიდებული. გამომდინარე იქიდან, რომ აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოსტზე ტიმ კუკის დანიშვნის შემდეგ Apple-ის აქციების ღირებულება 1212%-ით გაიზარდა, ხოლო S&P 500-ის ინდექსი – 290%-ით, ტიმ კუკი, ყოველწლიურად, განსაზღვრული აქციების მაქსიმალურ რაოდენობას იღებს.

ტიმ კუკი პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი მენეჯერია, რომლის ქონებას ამერიკული Forbes-ი $1.7 მილიარდად აფასებს. საინტერესოა, რომ, ბევრი სხვა მილიარდერის მსგავსად, ტიმ კუკი საკუთარი ქონების ქველმოქმედებისთვის დახარჯვას გეგმავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *