გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასულ კვირას, ისევე როგორც ბოლო რამდენიმე თვე, ტექნოლოგიურ სამყაროში ყველაზე აქტუალური თემა – ხელოვნური ინტელექტია, რომელიც ყველას პირზე აკერია. საჯარო ინტერესთან ერთად, ამ მიმართულებით განსაკუთრებით დაინტერესებულნი არიან გლობალური ტექნოლოგიური გიგანტები, ყველაზე მეტად კი Microsoft-ი და Google-ი. გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მოვლენა სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება, რომელმაც ChatGPT-ის კონკურენტი ხელოვნური ინტელექტი, Bard-ი წარმოადგინა. გასულ კვირას სიახლეები იყო აპარატული უზრუნველყოფის მიმართულებითაც, რადგან Samsung-მა უახლესი თაობის სმარტფონები და ლეპტოპები წარმოადგინა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

Google-მა ChatGPT-ის კონკურენტი ხელოვნური ინტელექტი, Bard-ი წარმოადგინა

საუკეთესო ხელოვნური ინტელექტისთვის ბრძოლა, რომელიც, რეალურად, ათწლეულებია, რაც მიმდინარეობს, მაგრამ ფართო აუდიტორიის არეალში მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მოხვდა, მეტად საინტერესო ფაზაში შევიდა. საქმე ისაა, რომ გასულ კვირას Google-მა OpenAI-სა და Microsoft-ის კოლაბორაციით შექმნილი ხელოვნური ინტელექტის, ChatGPT-ის კონკურენტი, Bard-ი წარმოადგინა, რის შესახებაც ტექნოლოგიური გიგანტის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, სუნდარ პიჩაიმ ბლოგში დაწერა.

როგორც პიჩაი წერს, Bard-ი ექსპერიმენტული სასაუბრო ხელოვნური ინტელექტია, რომელიც ადამიანების შეკითხვებს უპასუხებს და მათთან საუბარს გამართავს. პირველ ეტაპზე პროგრამულ უზრუნველყოფას ნდობით აღჭურვილ ტესტერთა მცირე წრე გამოცდის, ხოლო რამდენიმე კვირაში Google-ი Bard-ის საჯაროდ გახსნასაც ვარაუდობს. ის, თუ Google-მა რამდენად მძლავრი და ტექნიკურად გამართული ხელოვნური ინტელექტი შექმნა, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ისეთივე მოქნილი იქნება, როგორიც OpenAI-ის ChatGPT-ია. როგორც Google-ის მიერ გავრცელებული სურათიდან ვიგებთ, Bard-ის გამოყენება შეიძლება როგორც წვეულებების დასაგეგმად, ასევე „ოსკარზე“ ნომინირებული ორი ფილმის შესადარებლად და კერძის რეცეპტის შედგენა იმ პროდუქტების გამოყენებით, რაც მაცივარში გაქვთ.

ფოტო: Google

სუნდარ პიჩაის შეფასებით, Google-ის ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს ცნობისმოყვარეობას აღუძრავს, რაშიც, დიდწილად, ინტერნეტი ეხმარება – ამგვარად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Bard-ი მეტად გარკვეული იქნება მცირე ხნით ადრე მომხდარ ამბებში, რადგან სწორედ ესაა ChatGPT-ის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი. „Bard-ი ადამიანებს შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენასა და ცნობისმოყვარეობის განვითარებაში დაგეხმარებათ – მისი გამოყენებით, ჯერ NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გაკეთებულ ახალ აღმოჩენას  აუხსნით ცხრა წლის ბავშვს, მერე კი გაიგებთ, ფეხბურთში საუკეთესო თავდამსხმელის ვინაობას და ვარჯიშს შეუდგებით“.

ფოტო: Google

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი: ყველაფერი ის, რასაც Google-ი აკეთებს, ნამდვილად საინტერესო და აუცილებელია, მაგრამ, როგორც ჩანს, ანალიტიკოსების შეფასება გამართლდა და ChatGPT-ის გამოჩენამ ტექნოლოგიური გიგანტი რთულ დღეში ჩააგდო. მარტო ის რად ღირს, კომპანიის თანადამფუძნებელმა, სერგეი ბრინმა კოდის წერა რომ განაახლა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ChatGPT-ის ტექნოლოგიაში არაფერი იყო რევოლუციური – უბრალოდ, ის პირველი ხელოვნური ინტელექტი გახდა, რომელიც ადამიანებმა მასობრივად, დედამიწის ყველა წერტილში გაიცნეს. შესაბამისად, გაჩნდა საუბრები ChatGPT-ის სამეცნიერო კვლევებსა და სწავლების პროცესში გამოყენებაზე, ზოგი კი საერთოდ მის აკრძალვაზე ალაპარაკდა.

ცხადია, აუცილებლად უნდა ვახსენოთ Google-ის ერთ-ერთი კონკურენტი, ბილ გეიტსის მიერ დაფუძნებული Microsoft-ი, რომელიც ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის ერთ-ერთი სტრატეგიული ინვესტორია. ამ თანამშრომლობას Microsoft-ი თავის სასიკეთოდ გამოიყენებს, რაზეც ორი აზრი არ არსებობს – ChatGPT-ის ინტეგრირება იგეგმება, როგორც საძიებო სისტემა Bing-ში, რისი დამადასტურებელი (ან, პირიქით) სურათები ინტერნეტში გასულ კვირას გავრცელდა, ასევე სხვა აპლიკაციებში, მათ შორის საოფისე ნაკრებში.

Bing-ის განახლებული ფუნქციონალის ფოტო, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა | ფოტო: Owen Yin

ისე კი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველას პირზე ChatGPT-ი აკერია, Google-ის შესაძლებლობები, ამ მხრივ, არანაკლებ საინტერესო და აღმაფრთოვანებელია. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ ტრანსფორმაციული, ან თუ გნებავთ, გარდამქმნელი ტექნოლოგია, რომელსაც ChatGPT-ი იყენებს, სწორედ Google-მა შექმნა და 2017 წელს გამოქვეყნებულ სამეცნიერო კვლევაში აღწერა. ცხადია, ამ ტექნოლოგიას Google-იც ავითარებდა და ადამიანური ენის მოდელი შექმნა, სახელწოდებით LaMDA, რომელიც დღეს Bard-ის საფუძვლად გვევლინება.

რაკიღა Google-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა მიმოვიხილოთ გარიგება, რომლის შესახებ გასულ კვირას Financial Times-მა დაწერა: როგორც ირკვევა, გასული წლის მიწურულს Google-მა $300 მილიონამდე თანხა დააბანდა ამერიკულ  სტარტაპ Anthropic-ში, რომელიც OpenAI-ის ყოფილმა თანამშრომლებმა დააფუძნეს. გამოცემის ინფორმაციით, ამ ინვესტიციის სანაცვლოდ Google-მა 10%-იანი წილი მიიღო – გამოდის, რომ კომპანია $3 მილიარდადაა შეფასებული. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ გასულ კვირას Anthropic-მა განაცხადა, რომ ქლაუდ-ტექნოლოგიას სწორედ Google-სგან იღებს და ისიც, რომ კომპანიები ხელოვნურ ინტელექტზე ერთობლივად მუშაობენ.

Google-ისა და Anthropic-ის შემთხვევა თითქმის ერთი-ერთში იმეორებს Microsoft-ისა და OpenAI-ის ურთიერთობას – ცხადია, Anthropic-ს ChatGPT-ის საკუთარი ანალოგიც აქვს, სახელწოდებით Claude-ი.

ზოგადად კი, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებას Google-ი, შეიძლება ითქვას, დაფუძნების დღიდან ავითარებს, მაგრამ OpenAI-სგან განსხვავებით, Google-ის ბევრი პროექტი საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი. ამ მიდგომის ერთ-ერთი მთავარი მდგენელი ის გახლავთ, რომ ხშირად სასაუბრო ხელოვნური ინტელექტის ფართომასშტაბიანი მოდელები საზოგადოებებში არსებულ სოციალურ შეთანხმებებს არ ითვალისწინებენ და, შედეგად, ტოქსიკურ კონტენტს, არასწორ ინფორმაციას და სიძულვილის ენას ავრცელებენ.

თუმცა, როგორც ჩანს, Google-ი ამ პრობლემის მოგვარებასაც გეგმავს. როგორც სუნდარ პიჩაი წერს, ტექნოლოგიური გიგანტი გამოიყენებს როგორც ტესტერთა უკუკავშირს, ასევე შიდა ტესტირების შედეგებს, რათა Bard-ი მაღალი ხარისხის ხელოვნურ ინტელექტად ჩამოყალიბდეს, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებას ხელს არ შეუწყობს.

დასასრულ, აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ Google-ი აქ არ ჩერდება და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი, როგორც ასეთი, რომელსაც კომპანიაში ათწლეულებია, რაც ავითარებენ, Google-ის სხვადასხვა პროდუქტში ინტეგრირდება, მათ შორის საძიებო სისტემაში. თავად ეს ტრენდი ახალი არ არის და ის ნამდვილად არ უკავშირდება ChatGPT-ის უეცარ გამოჩენას, რადგან ბოლო წლებში, სულ უფრო და უფრო ხშირად, ბმულების ამოყრის გარდა, რასაც Google-ის საძიებო სისტემა განვითარების ადრეულ ეტაპზე აკეთებდა, ის კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხების გაცემასაც ცდილობს.

ფოტო: Google

„სულ მალე, საძიებო სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონალს შეხვდებით, რომელიც მეტად რთულ ინფორმაციას მარტივ მამრავლებად დაგიშლით და რამდენიმე პერსპექტივას წარმოგიდგენთ, რათა საკითხში სწრაფად გაერკვეთ და ინტერნეტის გამოყენებით უფრო მეტი ისწავლოთ“, – წერს სუნდარ პიჩაი საკუთარ ბლოგში და იქვე, ახალ პროდუქტებს აანონსებს, რომელთაც მომხმარებლები უახლოეს კვირებში იხილავენ. მანამდე კი Google-ის ხელოვნური ინტელექტისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაველოდოთ, რომელიც 8 თებერვალსაა დანიშნული – Bard-ის ოფიციალური პრეზენტაციაც, სავარაუდოდ, სწორედ იქ შედგება.

Samsung-მა Galaxy Unpacked-ი გამართა და ახალი სმარტფონები და ლეპტოპები წარმოადგინა

გასული კვირის უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური ღონისძიება კორეულ გიგანტს, Samsung-ს უკავშირდება, რომელმაც ყოველწლიური ღონისძიება, Galaxy Unpacked-ი გამართა და დამსწრეებს  ახალი თაობის სმარტფონები და ლეპტოპები წარუდგინა. უპრიანი იქნება, თითოეულ მათგანს მოკლედ თუ მიმოვიხილავთ.

ახალი თაობის Galaxy S23 Ultra

წელს, როგორც მოსალოდნელი იყო, კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა თავისი ფლაგმანი სმარტფონი, Galaxy S23 Ultra განაახლა და მიუხედავად იმისა, რომ კარდინალური ცვლილება არ მომხდარა, სმარტფონი მაინც გაძლიერდა. სმარტფონი კამერის 200-მეგაპიქსელიანი სენსორით, Snapdragon 8-ის მეორე თაობის Galaxy-ის პროცესორით და მეტად ეფექტიანი დისპლეითაა აღჭურვილი. ამასთანავე, 256 გიგაბაიტამდე გაიზარდა Galaxy S23 Ultra-ს საბაზისო მოდელის შიდა მეხსიერება, რაც კარგია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, არასაკმარისი – განსაკუთრებით სმარტფონის 200-მეგაპიქსელიანი კამერის გათვალისწინებით.

ფოტო: Allison Johnson / The Verge

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის საპირწონედ, Samsung-მა თავისი ფლაგმანი სმარტფონი არ გააძვირა. Galaxy S23 Ultra-ს ფასი $1199.99-დან იწყება, ხოლო სმარტფონის გაყიდვა უკვე დაწყებულია.

ახალი თაობის Galaxy S23 და Galaxy S23 Plus-ი

ფლაგმან სმარტფონთან ერთად, კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა სხვა მოდელებიც განაახლა. საუბარია ახალი თაობის Galaxy S23-სა და Galaxy S23 Plus-ზე, რომელთა შემთხვევაში, კამერები უჩარჩოდაა განლაგებული – ისე, როგორც Ultra-ში. მსგავსებაა სმარტფონების ფერებშიც, რაც მიგვანიშნებს, რომ Samsung-ს ამ მოდელების ერთმანეთისათვის მიმგვანება სურს. თუმცა ეს მხოლოდ დიზაინია – სიმძლავრეს და სხვა მნიშვნელოვან პარამეტრებს რაც შეეხება, მსგავსება დიდი და საფუძვლიანია, მიუხედავად იმისა, რომ S23 და S23 Plus-იც Snapdrago 8-ის მეორე თაობის Galaxy-ის პროცესორითაა აღჭურვილი.

მარცხნიდან მარჯვნივ, S23 Ultra, S23 Plus, S23 | ფოტო: Allison Johnson / The Verge

ფასები  ამ შემთხვევაში შეცვლილა: Galaxy S23-ის საწყისი ფასი $799-ით, ხოლო S23 Plus-ის საწყისი ფასი $999-ით განისაზღვრა.

სრულიად ახალი Galaxy Book3 Ultra

სმარტფონებთან ერთად, კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა სრულიად ახალი ლეპტოპი, Galaxy Book3 Ultra წარმოადგინა, რომელიც, აშკარად, შემოქმედებით ადამიანებზე და ზოგადად, პრემიუმ-სეგმენტზე არის გათვლილი. Samsung-ის უახლესი ლეპტოპი ორი განსხვავებული კომპლექტაციით გვხვდება – საუბარია როგორც ცენტრალურ, ასევე გრაფიკულ პროცესორებზე. პირველის შემთხვევაში, მომხმარებელს არჩევა Intel Core i7-სა და Intel Core i9-ს შორის მოუწევს, ხოლო მეორის შემთხვევაში, ხელმისაწვდომია როგორც Nvidia RTX 4050, ასევე Nvidia RTX 4070. ამასთანავე, უახლეს Galaxy Book3 Ultra-ს, რომელიც სისქეში სულ რაღაც სანტიმეტრ-ნახევარია, 16-დუიმიანი და 120-ჰერციანი OLED-დისპლეი აქვს – ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ლეპტოპი 1.7 კილოგრამს იწონის.

ფოტო: Allison Johnson / The Verge

Samsung-ის უახლესი ლეპტოპის საწყის ფასად $2399.99 განისაზღვრა, მაგრამ მისი გაყიდვა კორეულ გიგანტს ჯერ არ დაუწყია.

ახალი Galaxy Book 3 Pro და Galaxy Book 3 Pro 360

პრემიუმ-სეგმენტზე გათვლილ ლეპტოპთან ერთად, Samsung-მა ახალი თაობის შედარებით ბიუჯეტური ლეპტოპებიც წარმოადგინა – ცხადია, საუბარია 14-დუიმიან და 16-დუიმიან Galaxy Book 3 Pro-სა და 16-დუიმიან Galaxy Book 3 Pro 360-ზე. ორთავე ლეპტოპი 120-ჰერციანი OLED-დისპლეით და მე-13 თაობის Gen Core-ის ტიპის პროცესორითაა აღჭურვილი.

14-დუიმიანი Galaxy Book3 Pro | ფოტო: Samsung

16-დუიმიანი Galaxy Book3 Pro 360, გაშლილ მდგომარეობაში | ფოტო: Samsung

კორეული ტექნოლოგიური გიგანტის ორთავე ახალი ლეპტოპი უკვე იყიდება. Book3 Pro-ს საწყისი ფასია $1449.99-ია, ხოლო Book3 Pro 360 – $1899 ღირს.

Apple-ის აქტიური მოწყობილობების რიცხვმა ორ მილიარდს მიაღწია

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია, ამერიკული Apple-ი ტექნოლოგიურ დომინაციას განაგრძობს – სწორედ ამაზე მიუთითებს კომპანიის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემები, რომელთა თანახმად, დღეს მსოფლიოში Apple-ის ორი მილიარდი მოწყობილობა გამოიყენება. აღნიშნული რიცხვი ხაზს უსვამს სწრაფ ზრდასაც, რომელიც კალიფორნიაში დაფუძნებულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ ბოლო წლებში განვლო, რადგან 2020 წლის დასაწყისში Apple-ის გლობალურად აქტიური მოწყობილობების რიცხვი ერთ-ნახევარ მილიარდს, ხოლო 2016 წლის დასაწყისში ერთ მილიარდს შეადგენდა.

ფოტო: TechJourneyMan

ტექნოლოგიური გიგანტის მიერ ამ მაჩვენებლის მიღწევაში განსაკუთრებული როლი პანდემიურმა 2021 წელმა შეიტანა, როცა Apple-მა გაყიდვების რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია  – საუბარია იმ დროზე, როცა მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემები საფუძვლიანად ჯერ არ იყო გამოკვეთილი.

კიდევ ერთი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Google-ის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული მონაცემებით, რომელიც მათ Google Play-თან წვდომის მიხედვით აღრიცხავს, მსოფლიოში Android-ის სისტემის მქონე სამი მილიარდი აქტიური მოწყობილობაა. თუმცა Apple-ის მიერ დაფიქსირებული შედეგი ამ რიცხვის ფონზეც კი შთამბეჭდავია, რადგან iOS-ის და მისი მრავალპროფილური პარალელური ოპერაციული სისტემების მქონე მოწყობილობებს  მხოლოდ Apple-ი უშვებს და არა მრავალი კომპანია, როგორც ეს Android-ის შემთხვევაში ხდება. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ Google-ის აღრიცხვაში არ მოხვდა ის მოწყობილობები, რომელთაც ჩინეთში იყენებენ, სადაც Google Play-თან წვდომა ადამიანებს, უბრალოდ, არა აქვთ.

ორმილიარდიანი ნიშნულის გადაკვეთის შესახებ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა კომპანიამ კვარტალური შედეგების გამოქვეყნებისას განაცხადა, რომლებიც არცთუ ისე სახარბიელო იყო. უკანასკნელ კვარტალში Apple-მა $117.2 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც წლიდან წლამდე 5%-იან კლებას ნიშნავს და უმეტესწილად სწორედ მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემებითაა გამოწვეული. საქმე ისაა, რომ Apple-ი მის ფლაგმან სმარტფონებს, iPhone 14 Pro-სა და iPhone 14 Pro Max-ს უბრალოდ ვერ ყიდის იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც ისინი მომხმარებლებს სურთ – ასე იყო საახალწლო სადღესასწაულო სეზონზეც, რის გამოც iPhone-ების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 8%-ით შემცირდა.

კიდევ უფრო დიდ კლებას ვხედავთ Apple-ის ლეპტოპების კატეგორიაში, რომლის შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში, ამას თავად ტექნოლოგიური კომპანიაც პროგნოზირებდა. ამასთანავე, შემცირდა Apple Watch-ისა და AirPods-ების გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალიც, მაგრამ მხოლოდ 8%-ით. თუმცა, პარალელურად ზოგადი კლებისა, მკვეთრად გაიზარდა iPad-ების გაყიდვები, რაც, ცხადია, უახლესი თაობის მოწყობილობების გამოშვებითაა განპირობებული – საერთო ჯამში, ზრდა 30%-იანია, რაც მიგვანიშნებს, რომ ახალი თაობის პლანშეტები მომხმარებლებმა კარგად მიიღეს.

Boeing-ი ლეგენდარულ Boeing 747-ს აღარ გამოუშვებს

დებიუტიდან ორმოცდათოთხმეტი წლის შემდეგ, ამერიკული Boeing-ი „ცის დედოფლად“ წოდებულ ლეგენდარულ Boeing 747-ს წარმოებიდან ამოიღებს, – ამის შესახებ კომპანიამ Twitter-ზე დაწერა. Boeing-ის ამ გადაწყვეტილებით, გლობალურ ავიაციაში კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა, რადგან 747 პირველი ფართო სამგზავრო თვითმფრინავი იყო, რომელმაც საჰაერო მგზავრობა თავდაყირა დააყენა და მგზავრობის ეს ტიპი, რომელიც ამ დრომდე ფუფუნებად ითვლებოდა, ყველანაირი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის გახადა ხელმისაწვდომი. ამგვარად, გლობალურ ავიაციაში კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა.

ფოტო: Leslie Josephs / CNBC

პირველი Boeing 747 ბაზარზე ჯერ კიდევ 1969 წელს გამოჩნდა და ამ 54-წლიანი პერიოდის განმავლობაში, ამერიკულმა გიგანტმა ამ მოდელის 1574 ერთეული თვითმფრინავი გამოუშვა. უკანასკნელი Boeing 747, რომელიც შტატ ვაშინგტონის ქალაქ ემერეტში მდებარე საწარმოში წელს აიწყობა, ამერიკულმა გადამზიდავმა კომპანიამ, Atlas Air Worldwide Holdings-მა იყიდა და მას 2024 წლის დასაწყისში მიიღებს. „ეს ყველაფერი მეტად სიურრეალისტურია“, – განაცხადა Boeing-ის 747-ისა და 767-ის პროგრამის ხელმძღვანელმა, კიმ სმიტმა. „ამ საწარმოში Boeing 747 უკანასკნელი ორმოცდაათი წლის განმავლობაში პირველად არ გვეყოლება“.

ცხადია, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ Boeing-ის ამ თვითმფრინავის უპირატესობებზეც, რომელთაც 747-ს „ცის დედოფლის“ სახელი მოუტანა. გასული საუკუნის 50-60-იან წლებში, თვითმფრინავების აბსოლუტური უმრავლესობა ვიწრო იყო და, შესაბამისად, ცოტა მგზავრს იტევდა. საპირწონედ ამისა, Boeing-მა ოთხძრავიანი განიერი თვითმფრინავი შექმნა, რომელშიც ადამიანები ორ რიგად სხდებოდნენ და საჭიროებისამებრ, რიგებს შორის სიარულიც შეეძლოთ. ისე კი, რაც ყველაზე საინტერესოა და როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ადამიანები ამ სიახლესაც ნეგატიურად შეხვდნენ – საავიაციო კომპანიები სერიოზულად ბჭობდნენ, ამდენი ადგილი როგორ შეევსოთ. თუმცა, როგორც ყველამ ვიცით, ადგილების შევსების პრობლემა არ დამდგარა და Boeing 747-მა თვითმფრინავით მგზავრობის კარი მსოფლიოს გარშემო მცხოვრებ მილიარდობით ადამიანს მისცა და ავიაციის „ოქროს ხანასაც“ კი დაუდო სათავე – ცხადია, ასე იყო გადაზიდვების მიმართულებითაც.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამერიკული გიგანტის მიერ ლეგენდარული თვითმფრინავის წარმოებიდან ამოღება მოულოდნელი და უცნაური სულაც არ არის, რადგან ამ გადაწყვეტილებას ერთდროულად რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. ამათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თვითმფრინავის ამ მოდელის შედარებითი არაეფექტიანობაა, რომელიც წლებია, რაც გაყიდვებზეც აისახება: Boeing 747-ის ყოველწლიური გაყიდვების მაჩვენებელმა პიკს 1990 წელს მიაღწია და მას მერე, წლიდან წლამდე, საგრძნობლად იკლებდა, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ჩანს.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ წლებია, რაც Boeing-ი 747-ის სამგზავრო მოდელებს აღარ აწარმოებს – უკანასკნელი თვითმფრინავი Korean Air-მა ჯერ კიდევ 2017 წელს შეიძინა. სულ მალე, 747-ის გამოყენება შეწყვიტეს Qantas-მა და Virgin-მა, ხოლო British Airways-მა განაცხადა, რომ 747-ს აღარ გამოიყენებდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება, თავდაპირველად, 2024 წლისთვის ჰქონდა დაგეგმილი. ცნობისთვის გეტყვით, რომ საავიაციო-ანალიტიკური კომპანიის, Cirium-ის შეფასებით, დღეს მსოფლიოში Boeing 747-ის 385 ერთეული დაფრინავს, რომელთა უმეტესობით გადამზიდავი კომპანიები ოპერირებენ – პარალელურად ამისა, სასაწყობე მზადყოფნაში 122 თვითმფრინავს ვხვდებით. Cirium-ის ვარაუდით, 2040 წლისთვის, გლობალურად, მხოლოდ ასი ერთეული 747 იქნება გამოყენებული.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Boeing-ი თვითმფრინავების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში და თან, რიგით მეორე მწარმოებელია ზოგადად აეროკოსმოსური ტექნოლოგიის მიმართულებით. 2001 წლის შემდეგ, როცა Boeing-ის აქციები საფონდო ბირჟაზე განთავსდა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ზრდის ტენდენციას ინარჩუნებდა და 2019 წლის თებერვალში პიკს მიაღწია – იმ დროს კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $248 მილიარდს აღემატებოდა. თუმცა მოგვიანებით Boeing-ის დაღმასვლა დაიწყო, რომელიც, უმეტესწილად, კომპანიის მიერ შექმნილი თვითმფრინავების რამდენიმე კატასტროფას უკავშირდება. დღეს Boeing-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $123 მილიარდს აღემატება.

Spotify-მ 200 მილიონი ფასიანი გამომწერი დააგროვა, რაც აბსოლუტური რეკორდია

შვედური ტექნოლოგიური გიგანტი, Spotify პირველი მუსიკალური სტრიმინგ-სერვისი გახდა ისტორიაში, რომელიც ორასი მილიონი ფასიანი გამომწერის ზღვარს გადაცდა, – ამის შესახებ Spotify-ის კვარტალური შედეგების ანგარიშში ვკითხულობთ, რომელიც კომპანიამ გასულ კვირას გამოაქვეყნა. რეალურად, გასული წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, კომპანიას 205 მილიონი ფასიანი გამომწერი ჰყავდა, რაც, თავისთავად, წლიდან წლამდე 14%-იან ზრდას ნიშნავს. მომხმარებელთა ბაზის ზრდის ფონზე, ცხადია, გაიზარდა პლატფორმის ყოველთვიურად აქტიურ მომხმარებელთა რიცხვიც, რომელმაც 489 მილიონი შეადგინა, რაც, თავის წილ, 20%-იანი ზრდაა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ აღნიშნული მონაცემები კომპანიის მიერ წინა კვარტალურ ანგარიშში ნავარაუდებ შედეგებსაც კი აღემატება.

შეგახსენებთ, რომ შვედური ტექნოლოგიური კომპანიის მიერ ფინანსური ანგარიშგების მაჩვენებლების გამოქვეყნებამდე ერთი კვირით ადრე, Spotify-მ ექვსასი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა, რაც კომპანიის სამუშაო ძალის 6%-ს შეადგენს. თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანიის მიერ დაფიქსირებული შედეგები, ბოლო თვეების განმავლობაში დიდად არ გაუარესებულა და არსებობს ვარაუდი, რომ თანამშრომლები კომპანიამ სხვა მიზნით დაითხოვა, კერძოდ იმიტომ, რომ ხარჯების შემცირების გზით ინვესტორებისთვის მოგების ზოგადი მაჩვენებელი გაეზარდა, რადგან მოგებიანობა ის საკითხია, რომელსაც Spotify-ის ინვესტორები, როგორც წესი, ყველაზე აქტიურად განიხილავენ.

რაკიღა საუბარი მოგებაზე ჩამოვარდა, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ გასულ კვარტალში  შვედურმა კომპანიამ დაახლოებით $250 მილიონის საოპერაციო წაგება დააფიქსირა. ასეთი შედეგი კომპანიისგან მოულოდნელი არ არის, რადგან Spotify თავს ჯერაც სტარტაპად თვლის და მთავარ პრიორიტეტად კომპანიის სწრაფ ზრდას ასახელებს და არა – მოგებიანობას. ცხადია, ამას კომპანიის მესვეურებიც ხვდებიან, რომლებიც წინა კვარტალში $325 მილიონის წაგებას ვარაუდობდნენ.

აღსანიშნავია, რომ Spotify-ის მიერ კვარტალური შედეგების გამოქვეყნების დროს არაფერი ითქვა მაღალი გარჩევადობის მქონე გამოწერის ახალ სერვისზე, სახელწოდებით Spotify HiFi, რომელიც შვედურმა კომპანიამ თითქმის ორი წლის წინ წარმოადგინა. თუმცა არც ეს არის მოულოდნელი, რადგან მას მერე დიდი დრო გავიდა და Spotify-ის კონკურენტებმა აღნიშნული სერვისი ინდუსტრიის სტანდარტად აქციეს, რომელსაც მომხმარებლებს უფასოდ სთავაზობენ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ მუსიკალურ სტრიმინგ-სერვისებს შორის, Spotify უდიდესი მოთამაშეა, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მისი პირდაპირი კონკურენტების, Apple Music-ისა და Amazon Music-ის მონაცემები საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი. შეგახსენებთ, რომ Spotify  საფონდო ბირჟაზე 2018 წლის აპრილში განთავსდა – მას მერე კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ჯერ $69 მილიარდამდე გაიზარდა, მაგრამ დღეს $23 მილიარდს შეადგენს, რაც ერთი მილიარდი დოლარით ნაკლებია, ვიდრე აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების დროს.

შიდა პოლიტიკური სტანდარტების გამო, Activision Blizzard-ი $35-მილიონიან ჯარიმას გადაიხდის

ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) შეფასებით, ვიდეოთამაშების მწარმოებელ ამერიკულ კომპანიას, Activision Blizzard-ს თანამშრომლების მიერ შეუფერებელი ყოფაქცევის განცხადების სისტემა არასათანადოდ იყო დაგეგმილი, რაც კომპანიას ასეთი შემთხვევების აღრიცხვის საშუალებას არ აძლევდა, – ამის შესახებ მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ. გამომდინარე იქიდან, რომ არასათანადო ყოფაქცევის შემთხვევების აღრიცხვა შეუძლებელი იყო, Activision Blizzard-მა მათ შესახებ ინვესტორებს არ შეატყობინა და სწორედ ამის გამო, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიისგან $35-მილიონიანი ჯარიმა მიიღო.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რადგან მარეგულირებელმა Activision Blizzard-ის მიერ თანამშრომლებთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულებებიც შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ ისინი ვალდებულნი იყვნენ, Activision Blizzard-ს იმ შემთხვევაში დაჰკავშირებოდნენ, თუ კომპანიიდან წასვლის შემდეგ თანამშრომლები ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიისგან ან სხვა გამომძიებელი უწყებისა თუ მარეგულირებლისგან ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნას მიიღებდნენ, რაც SEC-ის „მეგანგეშეების“ შესახებ კანონს ეწინააღმდეგება.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ჯარიმას გამოეხმაურა თავად ვიდეოთამაშების დეველოპერი. როგორც Activision Blizzard-ის წარმომადგენელი ჯო კრისტინატი გამოცემა  The Verge-თან საუბრისას აცხადებს, კომისიას არ ჰქონდა სამხილი იმისა, რომ კომპანია შრომის ხელშეკრულებაში გაწერილ ამ პუნქტს ოდესმე იყენებდა. „მოხარულნი ვართ, რომ ეს საკითხი ასე მშვიდობიანად მოვაგვარეთ“, – ამბობს კრისტინატი და დასძენს, რომ შიდა რეპორტინგთან და კონტრაქტში გამოყენებულ ენასთან დაკავშირებით SEC-ის მიერ წამოყენებული პრობლემები ამ ეტაპზე უკვე აღმოფხვრილია. თუმცა საინტერესოა ისიც, რომ ამ ჯარიმის გადახდას Activision Blizzard-ი ისე შეძლებს, რომ კომისიის მიერ წამოყენებულ ბრალდებაზე კომენტარი არ გააკეთოს.

შეგახსენებთ, რომ ეს ერთადერთი გამოძიება არ არის, რომელიც Activision Blizzard-თან დაკავშირებით მიმდინარეობს. როგორც ორი კვირის წინ ამავე ფორმატში მოგახსენეთ, Microsoft-ის მიერ Activision Blizzard-ის შესყიდვასთან დაკავშირებით, ევროკომისია Microsoft-ს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისთვის გააფრთხილებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *