გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

მიუხედავად იმისა, რომ გასული კვირა ტექნოლოგიური სიახლეებით დახუნძლული არ აღმოჩნდა, საინტერესო ამბები არ მოგვკლებია. Ford-მა ერთბაშად ორი სიახლის შესახებ გვაუწყა: პირველი იყო ის, რომ კომპანია ორ ნაწილად იყოფა და ელექტრო და შიგაწვის ძრავის მქონე მანქანებს ცალ-ცალკე შექმნის და მეორე კი ის, რომ Ford-ი ელექტროსკუტერების ბიზნესიდან გადის. ამასთანავე, გასულ კვირას, ნობელის პრემიის კომიტეტმა ტექნოლოგიური საგანმანათლებლო პროექტი წამოიწყო, Minecraft-თან ერთად. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

Ford-ი მანქანების წარმოებას ორ ნაწილად ყოფს – ელექტრომანქანებს ცალკე კომპანია გამოუშვებს

უკვე დიდი ხანია, რაც საერთაშორისო მედიაში Ford-ის ორ კომპანიად გაყოფის შესახებ იწერება და, როგორც იქნა, ეს ინფორმაცია ამერიკულმა ავტომწარმოებელმაც დაადასტურა. ამიერიდან, Ford-ი საკუთარ წარმოებას იმგვარად გაყოფს, რომ Ford Blue – შიგაწვის ძრავის მქონე მანქანებზე იქნება პასუხისმგებელი, ხოლო Ford Model E – ელექტრომანქანებზე.

ფოტო: Ford

როგორც განცხადებიდან ვიგებთ, Ford Blue-ს თანამშრომლები Ford-ის შიგაწვის ძრავის მქონე კლასიკად ქცეული ავტომობილების განვითარებას გააგრძელებენ, მათ გაამარტივებენ და გააუმჯობესებენ. Ford Model E-ს თანამშრომლები კი ისეთ ელექტრომანქანებს, პროგრამულ უზრუნველყოფასა და ტექნოლოგიას შექმნიან, რომელიც ინოვაციას დააჩქარებს.

აღსანიშნავია, რომ Ford Model E-ს სათავეში Tesla-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, დაგ ფილდი ჩაუდგება, რომელიც Ford-ში ელექტრომანქანებისა და ციფრული სისტემების მთავარი ოფიცერი იქნება. Ford-მა ის გასულ წელს გადმოიბირა, მანამდე კი ის Tesla-სა და Apple-ში მუშაობდა.

მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვებით ელექტრომანქანების ინდუსტრიაში დღესაც Tesla ლიდერობს, Ford-ი და სხვა ტრადიციული ავტომწარმოებლები ამ სხვაობის შემცირებას გეგმავენ. გასულ კვირას, მაგალითად, Stellantis-მა სრულად ელექტრო Jeep-ის სურათი გაავრცელა, ხოლო GM-მა განაცხადა, რომ 2025 წლამდე ელექტრო და თვითმართვადი მანქანების წარმოებაში $35 მილიარდს დააბანდებს.

Ford-ი ელექტროსკუტერების ბიზნესიდან გადის

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ საკულტო ამერიკული ავტომწარმოებელი, Ford-ი ელექტროსკუტერების ბიზნესიდან გადის და საკუთარ კომპანიას, Spin-ს, ამ სფეროში ევროპის ერთ-ერთ წამყვან კომპანიას, Tier Mobility-ს მიჰყიდის, რითაც უკანასკნელი შეეცდება, რომ ამერიკაში ფეხი მოიკიდოს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Spin-ი 2017 წლის მარტში, სიეტლში დაარსდა. თავის დროზე, კომპანიის დამაარსებლისთვის, ეივინ პუნისთვის ინსპირაციაც ქალაქი პეკინი იქცა, რომელშიც მიკრომობილობის ინდუსტრია საკმაოდ განვითარებულია – თავდაპირველად, კომპანია ელექტროველოსიპედებს აწარმოებდა, მაგრამ Bird-ის კალიფორნიული წარმატების შემხედვარე, ელექტროსკუტერების წარმოებაზე გადაერთო.

ერთი წლის თავზე Ford-მა Spin-ის სრული წილი $100 მილიონად შეიძინა – იმ დროს კომპანიას ჯიმ ჰეკეტი ხელმძღვანელობდა, რომელსაც სურდა, რომ მის კომპანიას ბედი ამ მიმართულებითაც ეცადა. თუმცა საქმე გეგმის მიხედვით არ წავიდა, რის გამოც, ერთი თვის წინ, კომპანიას თანამშრომელთა მეოთხედის გათავისუფლება მოუხდა.

რაც შეეხება Tier Mobility-ს, ის ევროპაში ელექტროსკუტერების ერთ-ერთ უდიდეს ქსელს ფლობს – ცოტა ხნის წინ კომპანიამ Vento Mobility შეიძინა და $200 მილიონიც მოიზიდა, კომპანიის $2-მილიარდიანი ვალუაციით. 2018 წელს დაარსებულ Tier-ს დღეს 250 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის ელექტროსკუტერები, ელექტროველოსიპედები და მოპედები ჰყავს, რომლებიც ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ცხრამეტი ქვეყნის ას ოთხმოც ქალაქში არის მიმოფანტული.

BlackRock-ი აშშ-ში Verizon-ის 5G ქსელის პირველი კერძო მომხმარებელი გახდება

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ კაპიტალის მართვის მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია, BlackRock-ი პირველი ამერიკული კომპანია იქნება, რომელსაც Verizon-ი კერძო 5G ქსელს შეუქმნის. მოსალოდნელია, რომ ეს ქსელი, რომელიც BlackRock-ის სათავო  ოფისში განთავსდება, WiFi-ს სრულად შეცვლის და BlackRock-ს ისეთი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს, რომლებსაც ინტერნეტის ქსელის მყისიერი რეაქცია სჭირდებათ – მათ შორის ვირტუალური რეალობითა და EDGE-ტექნოლოგიით.

აღსანიშნავია, რომ Verizon-ისთვის ეს პირველი ამერიკული კომერციული კლიენტია, რაც კომპანიას შესაძლებლობას მისცემს, მის პირდაპირ კონკურენტებს, AT&T-სა და T-Mobile-ს არ ჩამორჩეს. ცნობისთვის, ამგვარ ქსელს AT&T-იც ავითარებს – ამ კუთხით, კომპანია Amazon-თან თანამშრომლობს,

ნობელის პრემიის კომიტეტმა Minecraft-ში ინტერაქციული საგანმანათლებლო პროექტი შექმნა

გასულ კვირას ნობელის პრემიის კომიტეტმა Minecraft-თან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა – ერთობლივი პროექტი, სახელწოდებით „Active Citizen“, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატების ცხოვრების მაგალითებით, აქტიური მოქალაქეების აღზრდას ისახავს მიზნად.

„Minecraft-ის თამაში, სახელწოდებით „Active Citizenship“ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიითა და ნობელის პრემიის ოთხი ლაურეატის ცხოვრებითაა შთაგონებული. თამაშ-თამაშით, მოსწავლეები, საკუთარ თავს ლაურეატების ადგილას დააყენებენ, შეეცდებიან, მათ პრობლემებს გაუმკლავდნენ და ისწავლონ, თუ რა გავლენა მოახდინა სხვადასხვა გადაწყვეტილებამ მათ ცხოვრებაზე, მათ კომუნაზე და, რაც მთავარია, მსოფლიოზე“, – ვკითხულობთ პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის ფარგლებში, რომელიც, პირველ რიგში, სასწავლო პროცესში ინტეგრირებისთვის შეიქმნა, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, ხუთი კურსი გაიარონ, რომელთა ფარგლებში შეხვდებიან როგორც ნობელის პრემიის დამაარსებელს, ალფრედ ნობელს, ასევე მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ოთხ ლაურეატს – მალალა იუსაფზაის, ფრიტიოფ ნანსენს, ვანგარი მაატაისა და მე-14 დალაი-ლამას.

„Minecraft-ში აწყობილი ამ თამაშით, სტუდენტები გაიცნობენ იმ საოცარ ადამიანებს, რომელთაც კაცობრიობას დიდი სარგებელი მოუტანეს. მოგვიანებით, მოსწავლეები საკუთარი მცირე თუ მასშტაბური ხედვის სისრულეში მოყვანას შეძლებენ, რომელიც მათ კომუნაში მყოფ ადამიანებს გამოადგებათ – ხედვის, რომლის აღსრულება დემოკრატიულად იქნება შესაძლებელი და რომელიც მათ კომუნაში მცხოვრებ ადამიანებს სარგებელს მოუტანს. ამგვარად, ისინი ისწავლიან, თუ რას ნიშნავს, იყო აქტიური მოქალაქე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამერიკელი მთავარი პროკურორები ტინეიჯერების მენტალურ ჯანმრთელობაზე TikTok-ის გავლენას შეისწავლიან

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ კალიფორნიის, ფლორიდის, კენტუკისა და რამდენიმე სხვა შტატის მთავარი პროკურორებისგან შემდგარი ორპარტიული კოალიცია ტინეიჯერების მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე TikTok-ის გავლენას შეისწავლის. გამოძიების ფარგლებში, მთავარი პროკურორები შეისწავლიან, თუ რა მეთოდებს მიმართავს TikTok-ი ახალგაზრდა მომხმარებლების ჩართულობის გასაზრდელად, მათ შორის იმისთვის, რომ მათ აპლიკაცია უფრო ხშირად და უფრო დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენონ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს, სხვადასხვა სოციალური ქსელის  ტინეიჯერების მენტალურ ჯანმრთელობაზე გავლენა ვაშინგტონელი ბიუროკრატებისთვის მნიშვნელოვან თემად იქცა. გასული წლის შემოდგომაზე ამგვარ ხათაბალაში Facebook-ი გაეხვა, როცა The Wall Street Journal-მა გაავრცელა, რომ კომპანიაში იციან, რომ Instagram-ი ტინეიჯერი გოგონების მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს, მაგრამ შესაბამის ზომებს არ იღებენ. ამასთანავე, გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში ბავშვებისადმი მიზანმიმართული რეკლამირება უნდა აიკრძალოს.

აღსანიშნავია, რომ ამ გამოძიების მნიშვნელობა მხოლოდ TikTok-ით არ შეიძლება შემოიფარგლოს, რადგან თამამად შეიძლება ითქვას, რომ მას გავლენა ექნება მსგავსი პროდუქტის მქონე სხვა პლატფორმებზეც, მათ შორის Meta-სა და Snapchat-ზე, რომლებმაც, ბოლო დროს, საკუთარ პლატფორმებზე TikTok-ის მსგავსი მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების ფუნქციონალი დანერგეს.

Epic Games-მა მუსიკალური პლატფორმა Bandcamp-ი შეიძინა

გასულ კვირას ვიდეოთამაშების ერთ-ერთმა წამყვანმა მწარმოებელმა და მეტავერსის კონცეფციის დიდმა მოამაგემ, ამერიკულმა Epic Games-მა მუსიკალური პლატფორმა Bandcamp-ი შეიძინა. როგორც ოფიციალური პრესრელიზიდან ირკვევა, მიუხედავად ამ გარიგებისა, Bandcamp-ი დამოუკიდებელ სავაჭრო სივრცედ, ე.წ. „მარკეტპლეისად“ და მუსიკალურ კომუნად დარჩება, რომელიც Epic-ის რესურსების დახმარებით გლობალური ბაზრების ათვისებას შეძლებს.

„კრეატორული ეკონომიკის მომავლისთვის ღია და მიუკერძოებელი პლატფორმების არსებობა – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. Epic-სა და Bandcamp-ს საერთო მიზანი აქვთ – არტისტებზე ორიენტირებული პლატფორმის შექმნა, რომელიც კრეატორებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი შრომით ნაშოვნი ფულის უდიდესი ნაწილი თავად მიიღონ. Bandcamp-ი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს Epic-ის ხედვის აღსრულებაში – კრეატორებისთვის კონტენტის, ტექნოლოგიის, თამაშების, ხელოვნების ნიმუშებისა და მუსიკის გასაზიარებელი მარკეტპლეისის შექმნაში“, – ვკითხულობთ ოფიციალურ პრესრელიზში.

აღსანიშნავია, რომ Epic-ის მიერ ისეთი პლატფორმის შეძენა, რომელიც მის კონკურენტებთან კრეატორებს გაცილებით მეტ ძალაუფლებას აძლევს, ერთგვარი განაცხადია: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გასულ წლებში Epic-ს არაერთხელ გამოუცხადებია, რომ Apple-სა და Google-ის მიერ საკუთარ მარკეტპლეისებში დაწესებული შეზღუდვები ვიდეოთამაშების ინდუსტრიის განვითარებას დიდ საფრთხეს უქმნის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.