ერთი წლის წინ, როდესაც 2020 წლის გამოწვევებზე ვწერდი, კორონავირუსისგან მომდინარე საფრთხე ჯერ კიდევ არ იყო გააზრებული. გასული წელი როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ისე საქართველოსთვისაც იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერ პესიმისტურ ეკონომიკურ სცენარში წარმოგვედგინა. ბოლო წლებში საქართველოში ლარის კურსის დაცემა, ინფლაცია, ინვესტიციების შემცირება და სახელმწიფო ვალის ზრდა აღარ გვიკვირს, მაგრამ პანდემიამ ეკონომიკის კლება გამოიწვია და კიდევ უფრო გაამძაფრა ლარის კურსის, ინფლაციის, ინვესტიციებისა და სახელმწიფო ვალის პრობლემები. ექსპორტისა და ტურიზმის ზრდაში ბოლო წლებში არსებული დადებითი ტენდენცია კი შეწყდა.
ეკონომიკური ზრდა
2019 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობა პროგნოზირებდა, რომ 2020 წელს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრ დებოდა. იანვარში ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, მაგრამ თებერვლიდან უკვე პანდემიის გავლენა დაეტყო და ზრდის ტემპი 2.2%-მდე შემცირდა. 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და აქედან გამომდინარე, მარტ ში ეკონომიკა 2.7%-ით შემცირ და. შეწყდა ტურიზმი, მნიშვნელოვნად შემცირდა ექსპორტი და ფულადი გზავნილები, ქვეყნის შიგნით გარკვეული ეკონომიკური საქმიანობები სრულიად შეჩერდა. შედეგად, აპრილ – ივნისში ეკონომიკა 13%-ით შემცირდა. შეზღუდვების თანდათან მოხსნის შედეგად, ივლის – სექტემბერ ში ეკონომიკის კლების ტემპი 3.8%-მდე შემცირდა. თუმცა სექტემბრიდან პანდემიის მეორე ტალღა დაიწყო და მთავრობამ ისევ გაამკაცრა შეზღუდვები, განსაკუთრებით – 28 ნოემბრიდან, როდესაც ფაქტობრივად კომენდანტის საათი დაწესდა. შეზღუდვები არ არის ისეთი მკაცრი, როგორიც გაზაფხულზე იყო, მაგრამ მთელი წელი ზარალზე მყოფი ბიზნესის თვის რთული გადასატანია.
საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ – ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა. 2020 წელს ეკონომიკის შემცირების მთავრობის პროგნოზი – 5%-ია. საქსტატი იანვრის ბოლოს გამოაქვეყნებს გასულ წელს ეკონომიკის შემცირების წინასწარ მაჩვენებელს, რომელიც 5-5.5%-ს შორის იქნება.
2020 წლის 9 თვის მონაცემებით, ყველაზე დიდი კლება სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში იყო – 32%. 20%-იანი კლება იყო ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში. 15%- ით შემცირ და გართობა-დასვენების სექტორის მომსახუ რებები.
ინფლაცია და ლარის კურსი
წლიურმა ინფლაციის დონემ იანვარ-ნოემბერში 3.8% შეადგინა, თუმცა აპრილში 6.9%-მდე იყო გაზრდილი. ყველაზე მეტად ავეჯი და საოჯახო ნივთები გაძვირდა – 10.2%-ით. ჯანმრთელო ბის დაცვის ფასი კი 8.8%-ით გაიზარდა. ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 7.6%-ით გაძვირდა, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები კი 6%-ით.
ინფლაციის გამომწვევ მთავარ ფაქტორად ლარის კურსის ვარდნა დასახელდა. ერთი მხრივ, კურსის ვარდნამ გააძვირა იმპორტირებული პროდუქცია და ამასთან, შექმნა ნეგატიური მოლოდინები ფასების კიდევ უფრო ზრდის მიმართულებით, თუმცა მაღალი ინფლაცია პანდემიამდეც პრობლემა იყო. 2019 წელს ფასები 7%-ით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, 2020 წლის დასაწყისში ეროვნულ ბანკს უკვე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ჰქონდა, რეფინანსირების განაკვეთი 9% იყო. ზაფხულში რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე შემცირდა და სექტემბრიდან დაწყებული ლარის გაუფასურების ახალი ტალღის გამო, წლის ბოლომდე 8%-ზე დარჩა.
2019 წლის დასაწყისში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.87 იყო. პანდემიის გამო დაწესებულმა ეკონომიკურმა შეზღუდვებმა, ტურიზმის შეჩერებამ, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირებამ მარტში ლარის სწრაფი გაუფასურება გამოიწვია. 27 მარტს კურსმა რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია – ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 3.48 ლარი ღირდა. შემდეგ, ეროვნული ბანკის მიერ გაყიდული დოლარისა და პანიკის გარკვეულწი ლად ჩაცხრობის გამო ლარი 3.04-მდე გამყარდა. სექტემბრიდან ისევ გაუფასურება დაიწყო და დეკემბრის ბოლოს საშუალოდ 3.27-ზე შეჩერდა. ევროს მიმართ ლარის კურსმა რეკორდულ მაჩვენებელს 5 დეკემბერს მიაღწია, როცა ერთი ევრო 4.03 ლარს გაუტოლდა.
რადგან ლარის გაუფასურება ინფლაციაში გადაიზარდა, ეროვნულმა ბანკმა კურსის გაუფასურების შესაჩერებლად მარტიდან წლის ბოლომდე სავალუტო აუქციონზე 843 მლნ დოლარი გაყიდა. ამ თანხით ნაწილობრივ დაიფარა უცხოური ვალუტის ის დანაკლისი, რაც საქართველოს საგარეო წყაროებიდან (განსაკუთრებით ტურიზმიდან) დააკლდა.
საგარეო ვაჭრობა და ტურიზმი
2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.6%-ით შემცირდა. ექსპორტი 11.3%-ით შემცირდა და 3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 16%-ით შემცირდა და 7.2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ექსპორტის შემცირება ძირითადად შემდეგმა პროდუქტებმა განაპირობა: მსუბუქი ავტომობილები (-269 მლნ დოლარი), სამკურნალო საშუალებები (-73 მლნ დოლარი), ფეროშენადნობები (-30 მლნ დოლარი) და მინერალური წყლები (-19 მლნ დოლარი). მნიშვნელოვნად გაიზარდა ძვირფასი ლითონების (+86 მლნ დოლარი) და სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (+78 მლნ დოლარი) ექსპორტი. ქვეყნების მიხედვით ექსპორტი ყველაზე მეტად შემცირდა სომხეთში (-206 მლნ დოლარი), რუსეთში (-57 მლნ დოლარი) და აზერბაიჯანში (-53 მლნ დოლარი). ყველაზე მეტად გაიზარდა ჩინეთში (+253 მლნ დოლარი) და ესპანეთში (+43 მლნ დოლარი).
იმპორტის შემცირება ძირითადად მსუბუქი ავტომობილების (-326 მლნ დოლარი), და ნავთობპროდუქტების (-235 მლნ დოლარი) შემოტანის კლებამ განაპირობა.
ქვეყნების მიხედვით იმპორტი ყველაზე მეტად თურქეთიდან (-194 მლნ დოლარი), ჩინეთიდან (140 მლნ დოლარი) და აშშ- დან (-119 მლნ დოლარი) შემცირდა.
საბოლოოდ, ექსპორტზე მეტად იმპორტის შემცირების გამო, იანვარ- ნოემბერში სავაჭრო დეფიციტი 971 მლნ დოლარით შემცირდა და 4.2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2020 წელი ტურიზმის ზრდით დაიწყო. იანვარში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 19%- ით გაიზარდა, თუმცა თებერვლიდან უკვე პანდემიის გავლენა დაეტყო და შემცირება დაიწყო. 18 მარტიდან საქართველოს საზღვრები ჩაიკეტა და ვიზიტორების შემოსვლა შეწყდა. აგვისტოში საჰაერო საზღვრები ნაწილობრივ გაიხსნა, თუმცა ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია და იანვარ- ნოემბერში ვიზიტორების რაოდენობა 81%-ით შემცირდა. 11 თვეში სულ 1.7 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, აქედან 1.1 მლნ იანვარ- თებერვალში შემოვიდა. მარტ- ნოემბერში ვიზიტორების სტატისტიკა ძირითადად საერთაშორისო გადაზიდვებში დასაქმებულ მძღოლებს მოიცავს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
დღეისათვის 2020 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პირველი სამი კვარტალის (იანვარ- სექტემბრის) სტატისტიკაა ცნობილი, რომლის მიხედვით საქართველოში 719 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის ინვესტიციებზე 24%-ით ნაკლებია. ჯამში, 9 თვეში 227 მლნ დოლარით ნაკლები ინვესტიცია შემოვიდა.
ინვესტიციები ყველაზე მეტად ირლანდიიდან (-133 მლნ დოლარით), აზერბაიჯანიდან (-64 მლნ დოლარით) და თურქეთიდან (-48 მლნ დოლარი) შემცირდა. ყველაზე მეტი ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან (250 მლნ დოლარი), ნიდერლანდებიდან (149 მლნ დოლარი) და აშშ- დან (73 მლნ დოლარი) შემოვიდა.
სექტორების მიხედვით, 2020 წლის 9 თვეში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში შემოვიდა – 302 მლნ დოლარი. შემდეგ მოდის სამთომოპოვებითი მრეწველობა 69 მლნ დოლარით და დამმუშავებელი მრეწველობა 65 მლნ დოლარით. ყველაზე მცირე ინვესტიცია ტრანსპორტსა და ჯანდაცვის სექტორში განხორციელდა – 4 და 7 მლნ დოლარი. ინვესტიციების ყველაზე დიდი კლება ენერგეტიკის (-162 მლნ დოლარი) და სასტუმროებისა და რესტორნების სექტორშია (-87 მლნ დოლარი).
სახელმწიფო ბიუჯეტი და ვალი
პანდემიის გამო, ივნისში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შეიცვალა. ცვლილების შედეგად შემოსულობები 3.9 მილიარდი ლარით გაიზარდა და 18.4 მილიარდი ლარი შეადგინა. შემოსულობების ზრდა მთავრობის მიერ მეტი ვალის აღებამ განაპირობა. ბიუჯეტის გადასახდელები 1.5 მილიარდი ლარით გაიზარდა და 15.9 მილიარდი ლარი შეადგინა. ხარჯების ზრდა ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების, ასევე ბიზნესის სუბსიდირების ზრდამ განაპირობა. 24 დეკემბრის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტში 17.2 მილიარდი ლარის შემოსულობები იყო მობილიზებული (წლიური გეგმის 93.5%), ხოლო დახარჯული იყო 15.2 მილიარდი ლარი (წლიური გეგმის 95.6%).
ბიუჯეტის შეცვლის შედეგად ყველაზე მეტად სამი სამინისტროს ხარჯები გაიზარდა – ჯამში 1.7 მლრდ ლარით. ესენია: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (1,152 მლნ ლარით), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (458 მლნ ლარით) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (128 მლნ ლარით).
2020 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 4.3 მლრდ ლარი იყო, რაც მოსალოდნელი მშპ-ის მიმართ 8.4%-ია. ცვლილებამდე, 2020 წლის ბიუჯეტში ანალოგიური მაჩვენებელი მშპ-ის 3.2%-ზე იყო დაგეგმილი.
2020 წლის 11 თვეში (იანვარ-ნოემბერში) სახელმწიფო ვალი 9.5 მილიარდი ლარით გაიზარდა და 30 ნოემბრის მდგომარეობით 30.2 მილიარდი ლარი შეადგინა. სახელმწიფო ვალის ზრდა ახალი 7 მილიარდი ლარის ვალების აღებამ და ლარის გაუფასურებამ გამოიწვია. 11 თვეში საშინაო სახელმწიფო ვალი 1.9 მილიარდი ლარით, ხოლო საგარეო სახელმწიფო ვალი 7.6 მილიარდი ლარით გაიზარდა. სახელმწიფო ვალი მშპ-ის მიმართ 61%- ია. 2019 წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი მშპ- ის მიმართ 42% იყო.
2021 წლის გამოწვევები
2021 წლის მთავარი ეკონომიკური გამოწვევა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების რაც შეიძლება მალე და ეფექტიანად მოხსნაა, რომ პროგნოზირებული 4.5%-იანი ეკონომიკური ზრდა მიიღწეს. ეკონომიკა იანვარ- თებერვალშიც შემცირდება. მარტიდან ან, ყველაზე გვიან, აპრილიდან ზრდას დაიწყებს. აპრილიდან ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი დაფიქსირდება, რაც პირველ რიგში ე.წ. საბაზისო ეფექტით იქნება განპირობებული.
გასული წლის აპრილში მკაცრი შეზღუდვები იყო დაწესებული და ეკონომიკა 17%- ით შემცირდა.
თუ პანდემია ისევ მოულოდნელ “სიურპრიზებს“ არ გვიმზადებს, გაზაფხულზე ლარის კურსზე გაუფასურების კუთხით ზეწოლა შემცირდება. ეკონომიკაში გაზრდილ მოთხოვნას გაზრდილი მიწოდება უპასუხებს და ეროვნულ ბანკს საშუალება მიეცემა, მონეტარული პოლიტიკა შეარბილოს, კონკრეტულად, შეამციროს რეფინანსირების განაკვეთი.
ძალიან რთული იქნება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2016-2019 წლების საშუალო მაჩვენებელს – 1.6 მილიარდ დოლარს დაუბრუნდეს. უფრო რეალურია 1.3 მილიარდის ფარგლებში იყოს, როგორც ეს პანდემიის წინა წლებში – 2018-სა და 2019-ში იყო.
საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის აღდგენა, კერძოდ, უცხოელი ვიზიტორების შემოსვლა. 2019 წელს საქართველოში 9.4 მლნ ვიზიტორი შემოვიდა. ამ მაჩვენებელს საქართველო 2021 წელს ვერ დაუბრუნდება. დაახლოებით რამდენი ვიზიტორი შემოვა, რთულად პროგნოზირებადია, რადგან ეს მხოლოდ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე არაა დამოკიდებული. ქვეყნებში, საიდანაც საქართველოში ვიზიტორების დიდი ნაკადები შემოდიოდა, მძიმე ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური სიტუაციაა. თუმცა წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმის მხრივ 2021 წელი 2020 წელზე უკეთესი იქნება.
საქართველოს სახელმწიფო ვალი გადასცდა ე.წ. კრიტიკულ ზღვარს (მშპ-ის 60%-ს), ამიტომ ვალის მშპ-თან ფარდობის შემცირება წელს ერთ- ერთი მთავარი გამოწვევა იქნება.
2020 წელმა მოგვცა იმის გარანტია, რომ 2021 წელიც პოლიტიკურად დაძაბული იქნება. მით უმეტეს, 2021 წელიც საარჩევნო წელია, შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს. პოლიტიკური დაძაბულობა და დესტაბილიზაციის მოლოდინი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.