Ryanair-ი ზაფხულში ევროპულ სანაპიროებზე მოგზაურების რაოდენობის ზრდას ელოდება

Ryanair-ი ზაფხულში ევროპულ სანაპიროებზე მოგზაურების რაოდენობის ზრდას ელოდება

ავიაკომპანია Ryanair-ის ხელმძღვანელი, მაილ ო’ლირი მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე ევროპულ სანაპიროებზე მოგზაურების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას ელოდება. ამის მიზეზად კი ვაქცინაციის პროგრამას ასახელებს.

მისივე თქმით, სამოგზაურო შეზღუდვების შემსუბუქებაა მოსალოდნელი მაშინვე, როგორც კი კორონავირუსის წინააღმდეგ მაღალი რისკის ჯგუფები აიცრებიან. ეს კი თავის მხრივ გაზრდის მოგზაურობის მაჩვენებლებს.

როგორც Ryanair-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მას ამის იმედი მიეცა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ 50 წელს ზემოთ მყოფ ყველა მოქალაქეს აცრის მარტის ბოლომდე, რასაც ევროპის სხვა ქვეყნებიც აპირებენ ივნისის ბოლომდე.

ცნობისთვის, Ryanair-ის განცხადებით, პანდემიის წელი ბოლო 35 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე წელი იყო. ის 2021 წლის მარტისთვის ფისკალური წლის მაჩვენებლებში 1 მილიარდი ევროს ოდენობის წლიურ ზარალს ელოდება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც კი მოხუცები, ექიმები და თავშესაფრების ბინადრები აიცრებიან, სამოგზაურო შეზღუდვებიც შემსუბუქდება, განსაკუთრებით კი ევროპის შიგნით მოგზაურობაზე, ამიტომაც ველოდებით, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება იმ ბრიტანელი ოჯახების რაოდენობა, რომლებიც ამ ზაფხულს ესპანეთის, პორტუგალიის, იტალიის და საბერძნეთის სანაპიროებს მიაშურებენ“, – განაცხადა Ryanair-ის ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს, ავიაკომპანია EasyJet-მა განაცხადა, რომ ზაფხულის პერიოდზე ჯავშნები 250%-ით არის გაზრდილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *