გაუტამ ადანი: ინდოეთი მშპ-ს ყოველ 12-18 თვეში $1 ტრილიონს შემატებს

გაუტამ ადანი: ინდოეთი მშპ-ს ყოველ 12-18 თვეში $1 ტრილიონს შემატებს

ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის გაუტამ ადანის ინფორმაციით, მის ბიზნესში ე.წ. საკრედიტო საზომები (credit metrics) უმჯობესდება, მისი სწრაფად მზარდი კონგლომერატი კი სესხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეშფოთებას მნიშვნელოვნად შეასუსტებს. ინდოელი მილიარდერის განცხადებით, კონგლომერატი ფინანსურად ძალიან ძლიერი და უსაფრთხოა, ძლიერი მოგების ტრაექტორია კი დაეხმარა, წმინდა დავალიანებისა და EBITDA-ის თანაფარდობა იმავე პერიოდში 7.6-დან 3.2-მდე შეემცირებინა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მილიარდერებს შორის ყველაზე დიდი მოგება Adani Group-ის დამფუძნებელმა, ინდოელმა მილიარდერმა გაუტამ ადანიმ მიიღო. გასული წელი გამორჩეული იყო მისი კონგლომერატისთვის, რომელიც უფრო მეტად ახალი ბიზნესების განვითარებასა და შესყიდვებზე იყო ორიენტირებული. ადანი ამჟამად მისი “იმპერიის” პორტებისა და ქვანახშირის ბიზნესის დივერსიფიცირებას გეგმავს და უფრო დიდ ყურადღებას მწვანე ენერგეტიკას, აეროპორტებს, ცემენტის ბიზნესს, მედიასა და მონაცემთა ცენტრებს დაუთმობს.

ადანის ბიზნესის ზრდის უდიდესი ნაწილი ვალით იყო გაჯერებული, რაც გარკვეულწილად აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა. თუმცა, მილიარდერის თქმით, უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში კონგლომერატის მოგება ორჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე მათი ვალი. წმინდა დავალიანებისა და EBITDA-ის თანაფარდობა კი საკმაოდ კარგი შედეგია ისეთი დიდი ჯგუფებისთვის, სადაც კომპანიების უმეტესობა ინფრასტრუქტურულ სივრცეშია.

ადანის ინფორმაციით, მის კომპანიებს ამჟამად კრედიტორების უფრო ფართო შემადგენლობაც ჰყავთ, უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში კი ინდოეთის ბანკების სესხების წილი კომპანიების მთლიან სავალო პორტფელში 86%-დან 32%-მდე შემცირდა. კონგლომერატის სესხების თითქმის 50% საერთაშორისო ობლიგაციებზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერი მის კორპორაციულ სტრატეგიას ფედერალური მთავრობის ერის აღმშენებლობის პრიორიტეტებთან ხშირად აერთიანებს და ინდოეთის სამომავლო შესაძლებლობებსაც აღმატებულ ხარისხში აფასებს. „ეს საუკუნე ინდოეთს ეკუთვნის“,- აღნიშნავს ადანი და აცხადებს, რომ ინდოეთი, მომდევნო ათწლეულში, ყოველ 12-18 თვეში მის მშპ-ს $1 ტრილიონს შემატებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *