Gazprom-ის ექსპორტის მაჩვენებელი 26.4%-ით შემცირდა

Gazprom-ის ექსპორტის მაჩვენებელი 26.4%-ით შემცირდა

2022 წლის პირველ კვარტალში, Gazprom-ის მიერ შორეულ ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტი 26.4%-ით, ანუ 16 მილიარდი კუბური მეტრითაა შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  – ამის შესახებ Gazprom-ის მიერ გამოქვეყნებულ კვარტალურ მიმოხილვაში ვკითხულობთ. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში, 1.3%-ით, ანუ 2.1 მილიარდი კუბური მეტრით შემცირდა Gazprom-ის მიერ გაზის მოპოვების მაჩვენებელიც.

თავისთავად ცხადია, რომ რუსული გაზის ექსპორტის შემცირება დასავლური ქვეყნების მიერ რუსეთისადმი დაწესებულმა სანქციებმა განაპირობა – უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსული გაზისა და სხვა ენერგორესურსების შესყიდვაზე უარი განაცხადეს აშშ-მა, ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა, ხოლო სერბეთს, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს რუსულ გაზზე დამოკიდებულების ნელ-ნელა შემცირება სურთ. ამასთანავე, რუმინეთი შავ ზღვაში გაზის მოპოვებაზე დაწესებული მორატორიუმის გასაუქმებლად საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე Gazprom-ის მიერ წარმოებული გაზის 40% ევროპულ ბაზარზე გადიოდა – რუსული გაზის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 72%-ის ტოლი გახლდათ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ Gazprom-ის ცნობით, კომპანიამ ჩინეთში გაზის ექსპორტი გაზარდა, თუმცა კონკრეტულ მოცულობაზე ინფორმაცია მიმოხილვაში მოცემული არ არის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *