რუსული Forbes-ი პორტალ 47news.ru-ზე დაყრდნობით წერს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია „გაზპრომი“ ცენტრალურ ოფისში პერსონალის რაოდენობის თითქმის განახევრებას გეგმავს. თავის მხრივ, 47news.ru-მ ინფორმაცია კომპანიის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ელენა ილიუხინას წერილზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელიც დეკემბრის ბოლოს ხელმძღვანელს, ალექსეი მილერს გაუგზავნა.
როგორც 47news.ru-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, შესაძლოა, Gazprom-ის ადმინისტრაციაში (ცენტრალური ოფისი და ფილიალი 644 სანქტ-პეტერბურგში) დასაქმებულთა რაოდენობა 4100-დან 2500 ადამიანამდე შემცირდეს.
აღსანიშნავია, რომ „გაზპრომში“ რუსულ Forbes-ს წერილის ავთენტურობა დაუდასტურეს, თუმცა, როგორც გამოცემა წერს, დამატებითი დეტალების გამხელა არ ისურვეს.
მილერისთვის მიწერილ წერილში ილიუხინამ ხელმძღვანელს პერსონალის რაოდენობის ოპტიმიზაციასთან ერთად, ანაზღაურების სისტემაში ცვლილებები შესთავაზა. ის აღნიშნავს, რომ ამჟამად სახელფასო ფონდი წელიწადში 50 მილიარდ რუბლს (თითქმის 500 მილიონი აშშ დოლარი) აღემატება. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ „გაზპრომი“ თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას ფინანსური პრობლემების გამო განიხილავს.
შეგახსენებთ, 2023 წელი „გაზპრომმა“ $7-მილიარდიანი ზარალით დაასრულა. ამის მიზეზი კი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, კომპანიის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებია.