კომპანია Rolls-Royce-ი ბირთვული რეაქტორების ბიზნესს იწყებს

კომპანია Rolls-Royce-ი ბირთვული რეაქტორების ბიზნესს იწყებს

ბრიტანული კომპანია Rolls-Royce-ი გაერთიანებულ სამეფოში ნახშირბადის ემისიის შემცირების მიზნით დაბალბიუჯეტიანი მცირე ზომის ბირთვული რეაქტორების აგებას გეგმავს. აღნიშნული განცხადების გავრცელების შემდეგ მწარმოებლის აქციების ფასი 4.2 პროცენტით გაიზარდა.

კომპანიის წარმომადგენლების ცნობით, ახალ ბიზნესში Rolls-Royce-ი კერძო ფირმებთან ერთად სამი წლის განმავლობაში 195 მილიონი გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით 263 მილიონი აშშ დოლარი) ინვესტირებას გეგმავს. ამას გარდა, მწარმოებელს 210 მილიონი გირვანქა სტერლინგით (დაახლოებით 284 მილიონი აშშ დოლარი) ბრიტანეთის მთავრობა აფინანსებს.

Rolls-Royce-ში იმედოვნებენ, რომ მცირე მოდულური რეაქტორების, იმავე SMR-ის წარმოებაში 2050 წლისთვის 40 ათასამდე ადამიანი იქნება დასაქმებული და ბიზნესი 52 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით 70 მილიარდი აშშ დოლარი) ოდენობის ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის გაზრდას პროდუქტის ექსპორტზე გატანა განაპირობებს.

მცირე ზომის ბირთვული რეაქტორების აგება ფართომასშტაბიანი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობასთან შედარებით გაცილებით იაფი დაჯდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ SMR-ის ძირითადი ნაწილი ქარხანაში აიწყობა და მისი განსაზღვრულ ადგილზე გადატანა ამის შემდეგ მოხდება. შედეგად, წარმოების დრო და ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება.

Rolls-Royce-ის ინფორმაციით, კომპანიის მიერ შექმნილი თითოეული მცირე მოდულური რეაქტორის სიმძლავრე 470 მეგავატი იქნება. ის ელექტროენერგიით დაახლოებით 1 მილიონ სახლს მოამარაგებს. წინასწარი გამოთვლებით, ერთი SMR-ის აგება კომპანიას 2 მილიარდი გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 2.7 მილიარდი აშშ დოლარი) დაუჯდება.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ამჟამად ფართომასშტაბიან პროექტ Hinkley Point C-ზე მუშაობს, რომელიც ინგლისში მდებარე სომერსეტის საგრაფოში 3,200 მეგავატი სიმძლავრის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. წინასწარი გამოთვლებით, გაერთიანებულ სამეფოს მისი აგება 22-დან 23 მილიარდ გირვანქა სტერლინგამდე (30-დან 31 მილიარდ აშშ დოლარამდე) დაუჯდება. ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, ის 2026 წლის ივნისიდან ამუშავდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *