გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით ჭიდაობის ტურნირის ფინალში გავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველ სპორტსმენს ოლიმპიური მედალი გარანტირებული აქვს.
გენომ 125 კილოგრამი წონითი კატეგორიის ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე გიორგი მეშვილდიშვილი დაამარცხა. პეტრიაშვილმა შეხვედრა ანგარიშით 7:0 მოიგო.
შეგახსენებთ, გენო პეტრიაშვილმა ტურნირზე გამოსვლა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც უკრაინელ სპორტსმენს, ოლექსანდრ ხოციანივსკის დაუპირისპირდა. ქართველმა მოჭიდავემ შეხვედრა დამაჯერებლად, ანგარიშით 11:0 მოიგო.
ამის შემდეგ, მეოთხედფინალში გენოს მეტოქე პოლონეთის წარმომადგენელი რობერტ ბარანი იყო. მან ეს შეხვედრაც დამაჯერებელი ანგარიშით, 9:2 მოიგო.
125 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალი ხვალ გაიმართება, სადაც პეტრიაშვილის მეტოქე ირანის წარმომადგენელი ამირ ჰოსეინ ზარე იქნება.
ცნობისთვის, გენო პეტრიაშვილი, რომელიც ტურნირზე მეორე ნომრად არის განთესილი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, ასევე მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონია.