გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პირობა დადო, რომ თავიდან აიცილებს მორიგ “ლოკდაუნს“ ქვეყნის მასშტაბით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გერმანიაში კვლავ მზარდია. ამის შესახებ CNBC წერს.
მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, გერმანიაში ვირუსის მეორე ტალღა შეიძლება ითქვას რომ ჯერ არ არის ისეთი მწვავე, თუმცა, ინფიცირების შემთხვევები მზარდია. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიამ ეკონომიკის გახსნა ზაფხულში დაიწყო, საფრანგეთის, ესპანეთისა და ბრიტანეთის მსგავსად ინფიცირებულთა შემთხვევების ზრდას არ განიცდის ჯერჯერობით.
პირველი ტალღის დროს, ქვეყანამ ასე თუ ისე მოახერხა ვირუსის მართვა და დაღუპულთა რაოდენობითაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა. ამჯერად საინტერესოა, როგორ გაუმკლავდება ქვეყანა მეორე ტალღას.
“ჩვენ გვინდა რეგიონულად მოქმედება, მიზანმიმართულად და წერტილოვნად, ვიდრე მთლიანი ქვეყნის დახურვა – ეს თავიდან უნდა ავიცილოთ ნებისმიერ ფასად“, – განაცხადა მერკელმა რამდენიმე დღის წინ რეგიონის ლიდერებთან შეხვედრისას.
“ჩვენ ბევრი ვისწავლეთ და ზაფხულის პერიოდს კარგად გავართვით თავი“, – დასძინა მან.
კანცლერის თქმით, ამჟამინდელი ინფიცირების დონიდან გამომდინარე, გერმანიაში წლის ბოლოს შესაძლოა დღეში ინფიცირების 19 000–ზე მეტი შემთხვევაც დაფიქსირდეს.
“ძირითადი სტრატეგია არის ის, რომ შევინარჩუნოთ ინფიცირების დაბალი დონე იმ ნიშნულზე, რომ შევძლოთ ინფექციის გავრცელების ჯაჭვის გამოკვლევა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ გვინდა სკოლები და ეკონომიკა დარჩეს ღია“, – განაცხადა JPMorgan-ის ეკონომისტმა ევროპაში გრეგ ფუზესიმ.
მისივე თქმით, სტრატეგიას აქვს სამი ელემენტი – ხელახალი აქცენტირება ჰიგიენასა და დისტანცირების წესებზე, ტესტირებისა და ინფიცირების წყაროების გამოკვლევის სისტემა, და “ცხელი წერტილის სტრატეგიის“ გაძლიერება.
რეგიონებს მოუწევს კერძო შეკრებებზე დამსწრეთა რაოდენობა 50-მდე შეზღუდონ თუ 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებელი 35-ს გადააჭარბებს. თუ 50-ს გადააჭარბებს, მაშინ შეკრებებზე ადამიანთა რაოდენობა 25-მდე უდა შეიზღუდოს. გარდა ამისა, 50 ევროთი დაჯარიმდება ის პირი, რომელიც ეპიდემიოლოგებს მიაწვდის არასწორ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვისთან ჰქონდა კონტაქტი.
ამგვარად, როგორც ჩანს, ევროპელი მეზობლებისგან განსხვავებით, გერმანია არ აპირებს მთლიანი ქვეყნის “ლოკდაუნს“, რაც ქვეყანას მორიგ გრძელვადიანი ეკონომიკურ ზიანს მოუტანს.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში გერმანიაში ინფიცირების 834 შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში დადასტურებულია კოვიდ-ინფიცირების 296 364 შემთხვევა, დაიღუპა 9 588 პაციენტი.