გერმანია Uniper-ის ნაციონალიზაციას უახლოეს პერიოდში გეგმავს

გერმანია Uniper-ის ნაციონალიზაციას უახლოეს პერიოდში გეგმავს

ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, გერმანია ბუნებრივი აირის იმპორტიორი Uniper-ის ნაციონალიზაციას უახლოეს დროში აპირებს. როგორც ცნობილია, ევროპის უდიდესი ეკონომიკა Fortum-ისგან კომპანიის 78%-იანი წილის შესყიდვას გეგმავს, დამატებით $8 მილიარდი კი ენერგეტიკულ ჯგუფში შეიტანა, რომელიც ბერლინს, სავარაუდოდ, 90%-ზე მეტ წილს გადასცემს.

Uniper-მა, გერმანიაში რუსული გაზის უმსხვილესმა იმპორტიორმა, რუსეთის მიერ გერმანიისთვის ენერგონაკადის შეწყვეტის შემდგომ, ივლისში, მთავრობისგან $15-მილიარდიანი დახმარება მიიღო. თუმცა ბუნებრივი აირის არასტაბილური ფასებიდან გამომდინარე, კომპანიისთვის მთავრობის დახმარება საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა.

Uniper-ის ინფორმაციით, საბოლოო შეთანხმება ამ ეტაპისთვის მიღწეული არაა, თუმცა არსებული პირობებით, ფედერალური მთავრობა ფირმის უმრავლეს წილს მიიღებს. Fortum-ის განცხადებით, გარიგება „მათ მიერ Uniper-ისთვის გადაცემული დაფინანსების დაბრუნებას“ მოიცავს, რომელსაც ფინანსური ჯგუფი $8 მილიარდად აფასებს.

გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხით, Uniper-ის სტაბილიზაციისთვის საერთო ჯამში, მინიმუმ, 29 მილიარდი ევრო იქნება გამოყენებული. Uniper-ის ნაციონალიზაციის შესახებ საბოლოო შეთანხმება უახლოეს პერიოდში უნდა გამოქვეყნდეს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ომის შედეგად, ევროპასა და მთავარ ენერგომიმწოდებელ რუსეთს შორის დაპირისპირებამ გერმანიის ენერგეტიკის სექტორს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. გერმანიის მთავრობამ Gazprom Germania-სა და რუსული ნავთობკომპანია Rosneft-ის ნაციონალიზაცია უკვე განახორციელა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *