გერმანია ვიზალიბერალიზაციით უკმაყოფილოა და რიგ ქვეყნებზე ზომების მიღებას მოითხოვს, სიაშია საქართველოც

გერმანია ვიზალიბერალიზაციით უკმაყოფილოა და რიგ ქვეყნებზე ზომების მიღებას მოითხოვს, სიაშია საქართველოც

გამოცემა EU Observer-ი მის მიერ მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით აქვეყნებს სტატიას, რომლის მიხედვითაც გერმანია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან, ასევე ბალკანეთის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით უკმაყოფილოა და ევროკომისიას აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას თხოვს.

დოკუმენტში, რომელიც გამოცემამ მოიპოვა, საუბარია, რომ ბალკანეთის წევრი ქვეყნები – ალბანეთი და სერბეთი, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები – უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ლიდერობენ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების რაოდენობით, რაც ქვეყნისთვის სამიგრაციო თვალსაზრისით, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

ბალკანეთთან მიმართებით ევროკავშირში ვიზალიბერალიზაცია – 2009 წელს, მოლდოვასთან – 2014-ში, უკრაინასა და საქართველოსთან კი 2017 წელს ამოქმედდა.

EU Observer-ი წერს, რომ გერმანიის მიერ ევროკომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტი 27 სექტემბრით თარიღდება. ამასთან, გამოცემის თანახმად, გერმანიის მსგავსად ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მზარდ იმედგაცრუებას გამოხატავენ იტალია და საფრანგეთიც.

დოკუმენტის მიხედვით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ალბანეთი – მეორე; უკრაინა – მეხუთე, სერბეთი – მეშვიდე, მოლდოვა – მეცხრე, საქართველო კი მეათე ადგილზეა.

EU Observer-ის თანახმად, უშუალოდ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 2019 წლის დონესთან შედარებით ბოლო სამ თვეში 51%-ით გაიზარდა.

უვიზო მიმოსვლა ევროპული კომისიის მიერ ითვლებოდა მნიშვნელოვან მიღწევად ევროკავშირსა და ბალკანეთის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შორის ურთიერთობების მხრივ. თუკი ქვეყნიდან თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნებისა და არალეგალური ცხოვრების შემთხვევები 50%-ზე მეტით გაიზრდება, მაშინ ვიზის შეჩერების მექანიზმის მიხედვით, მსგავს ქვეყანას შესაძლოა მოეხსნას უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *