გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი, ომის შემდგომ უკრაინის აღსადგენად რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის უცხოური აქტივების ჩამორთმევას მხარს უჭერს. ამჟამად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით $300 მილიარდის რუსული ოქრო და სავალუტო რეზერვებია გაყინული, ხოლო მხოლოდ აშშ-ში – $100 მილიარდის.
ლინდნერის განცხადებით, ის პოლიტიკურად ღიაა რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური აქტივების ჩამორთმევის იდეისთვის. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობას G7-ისა და ევროკავშირის ქვეყნებთან. თუმცა პირადი აქტივების შემთხვევაში აუცილებელია, მხარეებმა ლეგალური გამოსავალი იპოვონ, რომელიც თანხვდენილი იქნება კანონის უზენაესობასთან.
ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების შედეგად, რუს ოლიგარქებს ჩამოერთვათ მათ საკუთრებაში არსებული იახტების, სასახლეების, საბანკო ანგარიშებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა. აპრილის მდგომარეობით, შავ სიაში შეყვანილ რუს და ბელარუს პირებს, EU-მ უკვე ჩამოართვა €30 მილიარდის კერძო აქტივები. თუმცა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივები ამ დრომდე ხელუხლებელია.
უკრაინის აღსადგენად გაყინული აქტივების გამოყენების იდეა უკვე გაჩნდა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტში. გასულ კვირას, ევროპარლამენტმა ევროკომისიას ჩამორთმეული აქტივების უკრაინის არმიის დასაფინანსებლად და ქვეყნის აღსადგენად გამოყენებისკენ მოუწოდა. მსგავსი მოწოდებები გააჟღერეს ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჟოზეპ ბორელმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.
შეგახსენებთ, რომ მაისის დასაწყისში ევროკომისიამ უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის გეგმა გამოაქვეყნა. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის აღსადგენად დაახლოებით $600 მილიარდია საჭირო, რასაც რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივები ($300 მილიარდი) ნახევრად აანაზღაურებს.